საქართველოს მოქალაქე დიმიტრი როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N706 |
ავტორ(ებ)ი | დიმიტრი როსტომაშვილი |
თარიღი | 24 დეკემბერი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ)შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; ლიზი როსტომაშვილი დაიბადა 2009 წლის 25 ოქტომბერს ბელგიის ქალაქ სინტ-ნიკლაასში (დანართის სახით იხილეთ აპოსტილით დამოწმებული სინტ-ნიკლაასის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის ასლი). ქალაქ ასენტის სკოლის ხელმძღვანელის ტიმ ვანდერბიესენის მიერ გაცემული დოკუმენტით (დანართის სახით იხილეთ დოკუმენტის ორიგინალის და მისი ნოტარიალური თარგმანის ასლები): ,,იგი (ლიზი) ჯეროვნად ფლობს ენას. კარგად საუბრობს ჰოლანდიურ ენაზე და ამასთან ფლობს მეორე ენას. 2015 წლის ბოლოსთვის ლიზი (Lizzie) მზად იყო დაწყებითი სკოლის პირველ კლასში შესასვლელად. მან 2015 წლის სექტემბერში დაიწყო სწავლა პირველ კლასში და დაეუფლა ცოტა კითხვას, წერას და დათვლას.“ 2015 წლის 9 ოქტომბერს ლიზი როსტომაშვილის მამამ დიმიტრი როსტომაშვილმა განცხადებით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თამარ სანიკიძეს (დანართის სახით იხილეთ განცხადების ასლი). განცხადებაში დიმიტრი როსტომაშვილი მიუთითებს, რომ ოჯახის საქართველოში გადმოსვლამდე ლიზი სწავლობდა ქ. ასენტის დაწყებითი სკოლის პირველ კლასში ... ლიზიმ გასაუბრება გაიარა საერო სასწავლებელ ,,მარჯში“ (საქართველო), სადაც აღნიშნეს მისი გამორჩეული უნარ-ჩვევები და სწავლისადმი განსაკუთრებული მოტივაცია. რის გამოც, განათლების სამინისტროს ნებართვის შემთხვევაში, მზად არიან მობილობის წესით იგი (ლიზი) ჩარიცხონ პირველ კლასში.“ დავით როსტომაშვილისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თამარ მალაზონიას 2015 წლის 21 ოქტომბრის #MES 2 15 01088785 წერილიდან ირკვევა (წერილის ასლი იხილეთ დანართის სახით): ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი... მოქმედი კანონმდებლობა ზემოაღნიშნული წესიდან გამონაკლისს არ ითვალისწინებს.“ ამგვარად, სადავო ნორმამ უშუალოდ შელახა ლიზი როსტომაშვილის განათლების კონსტიტუციური უფლება და ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, უშუალოდ იდავოს გასაჩივრებული ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი; დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 35-ე მუხლით; ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში; ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის; |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმის არსი
სადავო ნორმა ადგენს ბლანკეტურ ნორმას, რომლის მიხედვითაც სასკოლო ასაკი იწყება 6 წლის ასაკიდან. ამ წესიდან არ არსებობს არავითარი გამონაკლისი. ეს ნორმა არ ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალურ გარემოებას, კერძოდ იმას, რომ ბავშვს სხვა იურისდიქციაში შესაძლოა დაწყებული ჰქონდეს განათლების მიღება 6 წლის ასაკს მიღწევამდე, ან ამ ასაკამდე დამთავრებული ჰქონდეს ერთი კლასი და უცხო ქვეყნის იურისდიქციიდან საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში გადანაცვლების შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს სწავლას იმ საფეხურიდან, რაც შეწყვიტა უცხო ქვეყანაში. სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს იმ პირის უწყვეტ, რეგულარულ განათლებას, რომელმაც სხვა ქვეყანაში დაიწყო ზოგადი განათლების მიღება. თუკი ბავშვმა სხვა ქვეყანაში დაამთავრა პირველი კლასი და მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე არ უსრულდება 6 წელი, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასეთი მოსწავლე მეორე კლასში სწავლის გაგრძელებას ერთი წელიც რომ ელოდეს, პრობლემა მაინც სახეზე გვექნება. ამ ერთწლიანი ლოდინის გამო სახეზე არ გვექნება უწყვეტი და განგრძობადი განათლების უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა. სრულიად ნათელია ლიზის შემთხვევა, რომელმაც დაიწყო პირველი კლასის საფეხურის გავლა სხვა ქვეყანაში, სწავლის პერიოდში მშობლებმა ლიზის შეუცვალეს იურისდიქცია და ახალ სახელმწიფოში ასეთი მოსწავლე ვეღარ აკმაყოფილებს პირველი კლასელისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას - არ შესრულებია 6 წელი. ლიზის, და მის მსგავს ბავშვებს, უწევს ერთწლიანი ლოდინი. ამის მიუხედავად, იმ ბავშვებისაგან განსხვავებით, რომლებმაც უცხო იურისდიქციაში დაამთავრეს პირველი კლასი და საქართველოში ერთწლიანი ლოდინის შედეგად შედიან მეორე კლასში, ლიზის მდგომარეობაში მყოფ ბავშვს, რომელმაც სხვა ქვეყანაში დაიწყო პირველი კლასის დაწყებითი განათლების მიღება, მაგრამ ვერ დაასრულა ეს უკანასკნელი, ხელახლა მოუწევს პირველი კლასის საფეხურის გავლა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთი ბავშვები ხელახლა დაესწრებიან იმ გაკვეთილებს, რომლებიც ეხება წერას, კითხვას და ელემენტარულ მათემატიკას. ეს გაკვეთილები ამ ბავშვებმა ერთხელ უკვე გაიარეს სხვა სახელმწიფოში, მათ შესაძლოა უკვე იციან წერა, კითხვა ელემენტარული მათემატიკა. ამის მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო ვერ ხედავს, არ ესმის, არ აღიარებს იმ ბავშვების მიერ პირველი კლასის მასალის გავლის ფაქტს და ერთი წლის გასვლის შემდეგ ხელახლა აკისრებს ვალდებულებას, დაესწრონ იმავე შინაარსის გაკვეთილებს. პირველი კატეგორიის ბავშვებისაგან განსხვავებით (რომლებმაც უკვე დაამთავრეს პირველი კლასი, ჩამოვიდნენ საქართველოში და ელოდებიან ერთ წელში 6 წლის ასაკის შესრულებას, რათა სწავლა განაგრძონ მეორე კლასიდან), როდესაც სახეზეა, უწყვეტი და რეგულარული განთლების უფლების შეზღუდვა, ლიზის კატეგორიის ბავშვს უწყვეტ და რეგულარულ დაწყებითი განათლებასთან ერთად ერღვევათ, სახელმწიფოს მიერ მათ მიერ მიღებული განათლების აღიარების, ასევე წარსულში მიღებული განათლებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა. ამ დავის ფარგლებს არ წარმოადგენს ზოგადად 6 წლიანი ასაკობრივი ცენზის არაკონსტიტუციურად ცნობა. ამ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ის, რომ 6 წელს მიუღწეველი ლიზი თავის საქართველოში დაბადებული თანატოლებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში იმყოფება იმით, რომ 6 წლის მიღწევამდე დაიწყო დაწყებითი განათლების მიღება. ამის მიუხედავად, ლიზის სახელმწიფო ეპყრობა ისევე, როგორც მის საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ თანატოლებს, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ დაწყებითი განათლების მიღება. ერთწლიანი წყვეტის შედეგად ლიზი საკლასო ოთახში აღმოჩნდება იმ ბავშვებთან ერთად, რომლებმაც მისგან განსხვავებით არ იციან წერა-კითხვა, ელემენტარული მათემატიკა. ლიზის სასტარტო პირობები უპირატესია თავისი ქართველი თანატოლების სასტარტო პირობებთან შედარებით. ეს განსხვავება საზიანოა არა მხოლოდ ლიზისათვის, არამედ ასევე მისი პოტენციური თანაკლასელებისათვის. სასტარტო პირობებს შორის განსხვავებებს თან ახლავს სტრესი, გაუცხოება, კონფლიქტები, უპირატესობისა და ჩამორჩენის შეგრძნება როგორც ამ უპირატესობის მატარებელ ბავშვს, ასევე თანაკლასელებს შორის. მოზარდები უფრო მძიმედ რეაგირებენ ამგვარ განსხვავებაზე, ვიდრე ეს უფროსების შემთხვევაში ხდება. ამგვარი განსხვავება შესაძლოა გაუმართლებელი აღმოჩნდეს პედაგოგიური მიზნებისთვისაც კი. მასწავლებელი იძულებული ხდება ერთ მოსწავლესთან მიმართებაში დანარჩენი კლასისაგან განსხვავებული პედაგოგიური მეთოდები გამოიყენოს. ერთწლიანი წყვეტის შემდეგ, რაც უკვე წარმოადგენს უწყვეტი განათლების უფლების დარღვევას, ლიზის ელის მისგან გაუცხოებული კლასი და პედაგოგი სპეციალურად მისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მეთოდებით (რასაც თან ახლავს დანარჩენი კლასისაგან ლიზის პერმანენტული საგანგებო გამორჩევა. ხანგრძლივი დროით ასეთი მოპყრობის გაგრძელება წარმოშობს სტიგმას), ასევე განმეორებით იმავე შინაარსის გაკვეთილების გავლა, მხოლოდ იმისა გამო, რომ საქართველოს სახელმწიფომ არ აღიარა თავისი იურისდიქციის ფარგლებს გარეთ ლიზის მიერ მიღებული განათლება და ბელგიაში გავლილი გაკვეთილებით თავად ლიზიმაც ვერ მიიღო სარგებელი. ამგვარად, ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ ის, თუ რა პრობლემებს წარმოშობს სადავო ნორმა. ამჯერად ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის, იცავს თუ არა სახელმწიფო ლიზის და მის მგავს მდგომარეობაში მყოფ პირს სადავო ნორმით წარმოშობილი პრობლემებისაგან.
2) საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტები
საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით გარანტირებულია დაწყებით განათლებაზე უფლება. კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ზოგადი განათლების უფლების ფარგლები საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა საქმეზე ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-15 პუნქტში: ,,საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი უზრუნველყოფს განათლების მიღების შესაძლებლობას ყველა ადამიანისთვის. განათლების, როგორც ადამიანის ძირითადი უფლების, კონსტიტუციურ რანგში აყვანა ხაზს უსვამს მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში. განათლება წარმოადგენს სოციალური ცხოვრების განუყოფელ პროცესს, რომლის საშუალებითაც ინდივიდები თავიანთი შესაძლებლობებით და უნარებით სწავლობენ თვითგანვითარებას და ასევე სარგებლის მოტანას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის.” ,,ზოგადი განათლების ძირითადი მიზანია ინდივიდის უნარებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი განვითარება, პირისთვის კრიტიკული ანალიზის უნარისა და შეხედულებების ჩამოყალიბება, ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი პატივისცემის გაძლიერება, პირის ეფექტური ინტეგრირება თავისუფალ საზოგადოებაში, ურთიერთგაგებისა და ტოლერანტობის გაღვივება ყველა ერს, რასას, ეთნიკურ, რელიგიურ თუ სხვა ჯგუფებს შორის. (ოგანეს დარბინიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გადაწყვეტილების მე-16 პარაგრაფი). რაც შეეხება დაწყებით განათლებას, რაც პირდაპირ არის გარანტირებული კონსტიტუციის 35-ე მუხლის მესამე პუნქტში, ამასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ ოგანეს დარბინიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების 29-ე პარაგრაფში განაცხადა: ,,დაწყებითი განათლების მიღების დროს პირი სწავლობს ელემენტარულ არითმეტიკას, წერა-კითხვას და სხვა ისეთ უნარებს, რომლებიც ფასდაუდებელია მისი აზროვნების ჩამოყალიბების პროცესსში. იგივე შეიძლება ითქვას მთლიანად საშუალო განათლებაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფოს მიზანია „ცოდნაზე დაფუძნებული“ საზოგადოების შექმნა, საშუალო განათლების როლი ინდივიდის განვითარებაში მნიშვნელოვნად იზრდება. ცხადია, რომ თანამედროვე საზოგადოებაში მხოლოდ ელემენტარული ცოდნისა და უნარების ქონა წარმატებული პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის დაბრკოლებას წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, პერსპექტივაში სახელმწიფოს სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ახდენს ნეგატიურ ზეგავლენას.” დაწყებითი და, ზოგადად, ზოგადი განათლების მნიშვნელობის გათვალისწინებით საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნულის დაფინანსება არ ჩათვალა უბრალო შემწეობად ან პრივილეგიად, რომლის შეზღუდვა სახელმწიფოს დაუსაბუთებლად არ შეუძლია: ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განათლების დაფინანსებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, როგორც განათლების სუბიექტისთვის, ისე თავად სახელმწიფოსთვის. განათლების დაფინანსებას ვერ განვიხილავთ როგორც სახელწიფოს მიერ პირისთვის მინიჭებულ პრივილეგიას ან შემწეობას. პირველ რიგში იმიტომ, რომ განათლების უფლების სრულფასოვანი რეალიზაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარებისთვის, ამავე დროს - განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა მთელი ცხოვრების განმავლობაში წაართმევს ადამიანს სრულფასოვანი არსებობის საშუალებას.” (ოგანეს დარბინიანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პარაგრაფი). ამავე გადაწყვეტილების მე-20 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,დღესდღეობით, შესაძლებელია ცალსახად ითქვას, რომ განათლების უფლების რეალიზაცია და საზოგადოებისთვის უფასო ზოგადი განათლების უზრუნველყოფა წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას. განათლებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს კულტურული ღირებულებების ჩამოყალიბების პროცესში, მომდევნო პროფესიული ზრდისთვის და გარემოსთან ნორმალურად შეგუების საკითხში. სახელმწიფოს მხრიდან დაწყებითი განათლების სავალდებულო დაფინანსების კუთხით საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული უფლების ფარგლები აღემატება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის ფარგლებს. თავად ეს დებულებაც კი ნეგატიური თვალსაზრისით არის ფორმულირებული: დამატებით ოქმში საუბარია არა იმაზე, რომ განათლების უფლება დაცულია, არამედ იმაზე, რომ არც ერთ ინდივიდს არ უნდა ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ამგვარი ნეგატიური კუთხით დებულების ფორმულირების მიზანი იყო ის, რომ სახელმწიფოს არ დაკისრებოდა ვალდებულება, დაეფინანსებინა განათლება ან მოეხდინა საგანმანათლებლო დაწესებულების სუბსიდირება. ამის მიუხედავად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამოიკითხა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებიც პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლში. პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით დაცული უფლების ფარგლები, მისი შექმნის ისტორია და მიზანი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა 1968 წელს მიღებულ ბელგიის საგანმანათლებლო სისტემაში ენის გამოყენების შესახებ კანონის ცალკეული ასპექტები ბელგიის წინააღმდეგ http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-57525 საქმეში. ეს საქმე ეხება იმ შეზღუდვებს, რაც არსებობდა ბელგიის ჰოლანდიურენოვან ქალაქებში, სადაც მაცხოვრებელ მოსახლეობას არ ჰქონდათ ფრანგულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. ჰოლანდიური რეგიონის ფრანგულენოვან მოსახლეობას სთხოვდნენ ბრუსელში ან ფრანგულენოვან რეგიონში გადასვლას, რათა ბავშვებისათვის შესაძლებელი ყოფილიყო ფრანგულ ენაზე სწავლა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის თანახმად, არც ერთ ინდივიდს არ უნდა ეთქვას უარი განათლების უფლებაზე. ამ მუხლის ნეგატიური ფორმულირების მიუხედავად, დებულება იყენებს ტერმინ ,,უფლებას“ და საუბრობს განათლების უფლებაზე. მსგავსად ამისა, ოქმის პრეამბულა აზუსტებს იმას, რომ პირველი დამატებითი ოქმის მიზანია ,,უფლებებისა და თავისუფლებების“ ერთობლივი განხორციელება. ამიტომ არავითარ ეჭვს არ იწვევს ის, რომ კონვენციის მე-2 მუხლით გარანტირებულია უფლება. დასადგენი რჩება პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით გარანტირებული უფლების შინაარსი და ამ ნორმით სახელმწიფოსათვის დაკისრებული ვალდებულების ფარგლები. მუხლის ნეგატიური ფორმულირება, როგორც ამაზე ნორმის შემუშავების ,,მოსამზადებელი სამუშაოც“ მიუთითებს, ადასტურებს იმას, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ აღიარებდნენ განათლების უფლებას იმგვარად, რომ მათ ეკისრებოდათ ვალდებულება, საკუთარი სახსრებით დაეფუძნებინათ ან მოეხდინათ განსაზღვრული ტიპის ან საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულების სუბსიდირება. ამ მოსაზრებიდან ის დასკვნა არ გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს არა აქვს არავითარი პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით გარანტირებული უფლების დაცვა. თუკი არსებობს უფლება, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ამ უფლების დაცვა თავისი იურისდიქციის ფარგლებში მოქცეული ნებისმიერი მოქალაქის მიმართ. დამატებითი ოქმის მეორე მუხლის პირველ წინადადებით დადგენილი განათლების უფლების ფარგლების განსაზღვრისათვის, ევროპული სასამართლო ითვალისწინებს ამ დებულების მიზანს. ამასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო შენიშნავს, რომ პირველი დამატებითი ოქმის ხელმოწერისა და რატიფიცირების პროცესში ევროპის საბჭოს ყველა ხელმომწერ ქვეყანას ჰქონდა ზოგადი და სახელმწიფო საგანმანათლებლო სისტემა. არც წარსულში, არც დღეს სახელმწიფოსათვის არავის მოუთხოვია ის, რომ ის, რომ შეექმნა ამგვარი სისტემა. რა ვალდებულებაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება პირველი დამატებითი ოქმის აღნიშნული მუხლით არის ის, რომ შეუქმნას თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ პირს მოცემულ დროს განათლების მიღების საშუალება. კონვენცია არ აკისრებს სახელმწიფოს კონკრეტულ ვალდებულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა საშუალებებისა და მეთოდების გამოყენებით უნდა მოახდინოს საგანმანათლებლო სისტემის ორგანიზაცია და სუბსიდირება. კონვენციის პირველი დამატებითი ოქმი არ შეიცავს კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლის მსგავს კონკრეტულ დებულებებს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარიმართოს სასწავლო პროცესი, მაგრამ განათლების უფლება ყოველგვარ აზრს იქნება მოკლებული, თუ ამ უფლებაში არ იქნება მოაზრებული ბენეფიციარების მიერ მიღებული განათლებით სარგებელის მიღების შესაძლებლობაც (გადაწყვეტილების B3 პარაგრაფი). კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით გარანტირებულია ადამიანის უფლება, ჰქონდეს წვდომა მოცემულ დროს არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე. ამის მიუხედავად საგანმანათლებლო დაწესებულებაზე ხელმისაწვდომობა არის უფლების მხოლოდ ნაწილი. იმისათვის, რომ განათლების უფლება იყოს ეფექტური, დამატებით აუცილებელია ის, რომ ინდივიდმა, როგორც სისტემის ბენეფიციარმა, მიიღოს სარგებელი მიღებული განათლებიდან. ეს უფლება გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების დაცვით ინდივიდმა მიიღო ამა თუ იმ ფორმით არსებული განათლება, რაც ოფიციალურად იქნება აღიარებული სახელმწიფოს მიერ (გადაწყვეტილების B4 პარაგრაფი). ამგვარად, კონვენციის დამატებითი ოქმი, საქართველოს კონსტიტუციისაგან განსხვავებით, არ ითხოვს საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებას, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსებას, პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლი სახელმწიფოსაგან ითხოვს იმას, რომ მოსწავლეს ჰქონდეს მიღებული განათლებით სარგებლობის შესაძლებლობა, რაც სახელმწიფოსაგან მოითხოვს ადამიანის მიერ მიღებული განათლების აღიარებას. საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად უნდა იქნეს განხილული ეროვნულ კანონმდებლობაში მოსწავლეთა მობილობის ინსტიტუტის აღიარების შესაძლებლობაც. საქართველომ ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით ეს ინსტიტუტი ნებაყოფლობით აღიარა. კერძოდ, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის მეორე მუხლის ,,ღ5“ პუნქტის თანახმად, ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობა – მოსწავლეთა თავისუფალი გადაადგილება სასწავლო პროცესში მონაწილეობის მისაღებად როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში, საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესებით, რასაც თან სდევს სწავლის პერიოდში მიღებული განათლებისა და შეფასებების აღიარება;“ ამგვარად, საქართველოს სახელმწიფომ, ისე რომ ამას კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლი არ ავალდებულებდა, აღიარა, მათ შორის, უცხო სახელმწიფოდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის ინსტიტუტი. ამის გამო, სახელმწიფოს მიმართ მოქმედებას იწყებს კონვენციის დამატებითი ოქმის მეორე მუხლი, რომელიც აკისრებს საქართველოს ვალდებულებას, არსებული სისტემის ფარგლებში აღიაროს სხვა ქვეყანაში მობილობას დაქვემდებარებული პირის მიერ მიღებული განათლება და მისცეს ასეთ პირს საზღვარგარეთ მიღებული განათლებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა. სადავო ნორმით 6 წლიანი ასაკობრივი ცენზის დაწესების გამო სახელმწიფო არ ასრულებს ამ ვალდებულებას. კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, ხელს უშლის 6 წელს მიუღწეველ მოსწავლეს, მობილობის წესით სწავლა განაგრძოს საჯარო ან კერძო დაწესებულებაში, ასევე კონსტიტუციის 35-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნის მიუხედავად, სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას დააფინანსოს მობილობის წესით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გადმოსვლის მსურველი 6 წელს მიუღწეველი პირი. სპეციფიკურ კონსტიტუციურ ვალდებულებას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მეორე პუნქტი: ,,სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.“ თანამედროვე სამყაროში მზარდი საგანმანათლებლო მობილობის, გაცვლითი პროგრამების გათვალისწინებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას სხვა ქვეყნებისაგან არ ჰყოფდეს ყრუ კედელი. საქართველომ სხვა, განსაკუთრებით კი განვითარებული დემოკრატიული ქვეყნებისაგან იზოლაციის ნაცვლად, უნდა შექმნას დამაკავშირებელი ხიდები ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემასთან. ტექნიკური პროგრესის, ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცების და ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნის მიზნით სახელმწიფომ უნდა წაახალისოს სხვა ქვეყანაში განათლებამიღებული პირის საქართველოში დაბრუნება და ამ პირის ცოდნის ჩვენს ქვეყანაში რეალიზება. ამისათვის აუცილებელია საქართველო აღიარებდეს ასეთი პირის მიერ საზღვარგარეთ მიღებულ განათლებას. საქართველოში დაბრუნებული პირი სხვა ქვეყნის სტანდარტებსა და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას შორის უფსკრულის არსებობის გამო არ უნდა ხვდებოდეს სამართლებრივ ვაკუუმში, რაც ცოდნის საქართველოში (საქართველოსათვის) რეალიზაციას შეუშლის ხელს. სხვაგვარად, საქართველო არათუ დააბალანსებს, არამედ პირიქით ხელს შეუწყობს ,,ტვინების გადინების“ გარდაუვალ პროცესს. კონსტიტუციის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის მიზანია ის, რომ სხვა იურისდიქციიდან საქართველოში დაბრუნებულ პირს, სხვა ქვეყანაში მიღებული განათლებისათვის დახარჯული დრო არ ჩაეთვალოს დაკარგულად და სწავლა განაგრძოს იმ ეტაპიდან, რაც სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეწყვიტა. ამისათვის აუცილებელია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის ადაპტირება სხვა იურისდიქციების საგანმანათლებლო სისტემებთან. დაწყებითი განათლების ასაკი არ უნდა იყოს იმგვარი, რაც კონსტიტუციის 35-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ ჰარმონიზაციას შეუშლის ხელს. იმის გამო, რომ სადავო ნორმა არავითარ გამონაკლისს არ ადგენს იმ პირებისათვის, რომლებმაც 6 წელს მიღწევამდე სხვა ქვეყანაში დაიწყეს განათლების მიღება, სადავო ნორმა კონსტიტუციის 35-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, ყრუ კედელს აშენებს ევროპულ და ქართულ საგანმანათლებლო სისტემას შორის, არ აძლევს 6 წელს მიუღწეველ მოსწავლეს ევროპულ დაწყებით საფეხურზე მიღებული განათლებით სარგებლობის და საქართველოში მისი აღიარების შესაძლებლობას. იმის გამო, რომ საქართველოს დაწყებითი განათლების სისტემა არ არის ჰარმონიზირებული ევროპული დაწყებითი განათლების სისტემასთან, საქართველოს იურისდიქციაში ახლადმოქცეული 6 წელს მიუღწეველი პირი, სამართლებრივი თვალსაზრისით, კარგავს იმას, რაც ევროპულ სკოლაში მიიღო, უწევს ერთი წლის განმავლობაში ლოდინი, რის შემდეგაც სუფთა ფურცლიდან უწევს დაწყებითი განათლების ხელახლა დაწყება. სწორედ ამგვარი სცენარის არსებობის გამო, რაც რეალური გახდა ლიზი როსტომაშვილის საქმეში, სადავო ნორმით საქართველოს სახელმწიფო არ ასრულებს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მეორე პუნქტით აღებულ ვალდებულებას, მოიყვანოს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა საერთაშორისო საგანმანათლებლო სისტემასთან ჰარმონიაში.
3) უწყვეტ და განგრძობად განათლებაზე უფლება
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი იცავს უწყვეტ, განგრძობად განათლებაზე უფლებას. ამ უკანასკნელის მნიშვნელობა ასევე ხაზგასმულია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში. კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის დარღვევა არა იმის გამო მოხდა, რომ დე-ფაქტო თურქული ხელისუფლება არ უზრუნველყოფდა კვიპროსელი ბერძენი ბავშვების უფლებას, ზოგადი განათლება მიეღოთ ბერძნულ ენაზე (რომელიმე, თუნდაც მშობლიურ, ენაზე განათლების მიღების ვალდებულება არ არის გარანტირებული პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლით), არამედ იმის გამო, რომ თურქულმა ხელისუფლებამ ნებაყოფლობით აიღო ვალდებულება, დაეშვა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე ბერძნულ ენაზე განათლების მიღების უფლება, ამის მიუხედავად, ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურებზე არ იყო უზრუნველყოფილი ბერძნულ ენაზე განგრძობადი და უწყვეტი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: ,,სასამართლო შენიშნავს, რომ ბერძენ კვიპროსელ მშობლებს სურდათ, მათ შვილებს განათლება მიეღოთ ბერძნულ ენაზე ჩრდილოეთ კვიპროსში. ამისათვის ისინი იძულებულნი ხდებოდნენ გადაეყვანათ მათი შვილები სამხრეთში, ვინაიდან ე.წ. ,,ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკაში“ ბერძნულენოვანი სკოლებისათვის შენობა არ იყო გამოყოფილი, მას შემდეგ, რაც კვიპროსის თურქულმა ხელისუფლებამ გააუქმა ისინი. შედეგად, ბავშვებს, რომელებსაც შეუსრულდათ 12 წელი, შესაძლებლობა ჰქონდათ ჩრდილოეთ კვიპროსში სწავლა გაეგრძელებინათ თურქულ ან ინგლისურ ენაზე. პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლიდან გამომდინარე ვალდებულების პირდაპირი გაგებით, თურქულ ხელისუფლებას არ მოუხდენია განათლების უფლებაზე უარის თქმა. უფრო მეტიც, კონვენცია არ ადგენს იმას, თუ რა ენაზე უნდა მიიღოს პირმა განათლება იმისათვის, რომ პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის მოთხოვნები დაცულად იქნეს მიჩნეული.“ (კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-59454 227-ე პარაგრაფი) ამის მიუხედავად, ევროპული სასამართლოს აზრით, კვიპროსელი ბერძნების შესაძლებლობა, გაეგრძელებინათ მათი შვილებისათვის განათლების მიცემა ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე, იყო არარეალისტური. ამის მიზეზი იყო ის, რომ ბავშვებმა განათლება უკვე მიიღეს კვიპროსის ბერძნულენოვან სკოლებში. ეჭვგარეშეა, ხელისუფლებამ იცოდა ის, რომ კვიპროსელ ბერძნებს სურდათ, მათ შვილებს სასკოლო განათლების მიღება დაესრულებინათ ბერძნულ ენაზე. ვინაიდან ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ აიღო ვალდებულება, ბავშვებისათვის განათლება უზრუნველყოფილი ყოფილიყო ბერძნულ ენაზე, თურქული ხელისუფლების უარი სასკოლო განათლების შემდგომ - საშუალო განათლების - საფეხურზე განათლების მიღება გაგრძელებულიყო ბერძნულ ენაზე, განათლების უფლების არსებით შემადგენელ ნაწილზე უარის თქმას წარმოადგენს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ საშუალო განათლების გასაგრძელებლად ბავშვის ბერძნულ ლინგვისტურ ანკლავში - სამხრეთ კვიპროსში გაგზავნა, საკმარისია პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით სახელმწიფოსათვის დაკისრებული ვალდებულების შესასრულებლად. ეს გარემოება ასევე გავლენას მოახდენდა ოჯახურ ცხოვრებაზე (კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ გადაწყვეტილების 278-ე პარაგრაფი). ამის გამო სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლის დარღვევა. სახელმწიფომ ნებაყოფლობით აიღო ვალდებულება მობილობის, მათ შორის, სხვა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობის თაობაზე. ამის მიზეზი იყო ის, რომ მოსწავლისათვის უზრუნველყოფილი ყოფილიყო უწყვეტი და განგრძობადი ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა. მშობლების გადაწყვეტილება საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თაობაზე არ უნდა იწვევდეს წყვეტას ბავშვის მიერ ზოგადი განათლების მიღების პროცესში. სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ასაკის გამო, შეუძლებელს ხდის ბავშვმა, საქართველოში, თავისი მშობლების ახალი საცხოვრებელი ადგილას, განაგრძოს ზოგადი განათლების მიღება. კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ საქმის მსგავსად, იმისათვის რომ ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს განგრძობადი განათლების უფლებით, მოსწავლემ სამსხვერპლოზე უნდა მიიტანოს ოჯახის ერთიანობის უფლება. ბავშვს ასეთ შემთხვევაში მოუწევს მშობლებისაგან მოშორებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნა. უწყვეტი და განგრძობადი განათლების მისაღებად ამგვარი საფასურის გადახდა პირველი დამატებითი ოქმის მეორე პუნქტთან შეუთავსებლად მიიჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კვიპროსი თურქეთის წინააღმდეგ საქმეში და ამას ვერც საქართველოს კონსტიტუცია ვერ დაუშვებს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 26-ე მუხლის, ეკონომიკურ სოციალურ და კულტურული უფლებების პაქტის მე-13 და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მეორე მუხლისაგან განსხვავებით უწყვეტი განათლების პრინციპი პირდაპირ გვხვდება ბავშვის უფლებების გაეროს კონვენციაში. აღნიშნული კონვენციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,e” ქვეპუნქტში აღნიშნულია: ,,ხელშემკვრელი სახელმწიფოები აღიარებენ ბავშვის განათლების უფლებას და ამ უფლების პროგრესული რეალიზების მიზნით, შესაძლებლობათა თანასწორობის დაცვის საფუძველზე, იღებენ ღონისძიებებს, რათა წაახალისონ, სკოლებში რეგულარული დასწრება და სკოლიდან გარიცხვის რაოდენობის შემცირება.“ ავტორთა ჯგუფის მიერ მომზადებულ 28-ე მუხლის კომენტარებში (34-ე გვერდი https://books.google.ge/books?id=5U-wCQAAQBAJ&pg=PA34&lpg=PA34&dq=UN+child+committee+on+regular+attendance+at+schools&source=bl&ots=wAENTgni75&sig=7B_vFVpgGeKPpvAiAMQ_H98ZyTE&hl=ka&sa=X&ved=0ahUKEwjxhui73rrJAhVMkCwKHaa9BwIQ6AEINzAD#v=onepage&q=mobility&f=false ) აღნიშნულია არ არის საკმარისი ის, რომ ბავშვი რეგისტრირებული იყოს სკოლაში, მონაწილე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ ბავშვი დე-ფაქტო რჩებოდეს და იღებდეს განათლებას სკოლებში. აქვე მოცემულია ბავშვის უფლებების კომიტეტის მონღოლეთის სახელმწიფოსათვის მიცემული რეკომენდაცია, რაც ითვალისწინებს სპეციფიკური უმცირესობების ჯგუფებისათვის, რომლებიც ხშირი გადაადგილებით ხასიათდებიან, მობილური განათლების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით (სახელმძღვანელოს 35-ე გვერდი). სახელმწიფო ვერ ასრულებს ბავშვის სკოლაში რეგულარული დასწრების ვალდებულებას იმით, რომ ბავშვის მშობლების სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის მობილობის გამო, არ იღებს ამ ბავშვის სპეციფიკური საგანმანათლებლო საჭიროების დასაკმაყოფილებლად სათანადო საკანონმდებლო ზომებს.
4) უნდა აგოს თუ არა ქმედუუნარო ბავშვმა პასუხი იმ სამართლებრივი შედეგისათვის, რაც მშობლის ქმედებით არის გამოწვეული
იურისდიქციის შეცვლა ადამიანის გააზრებული არჩევანის შედეგია. ხშირად გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანები ცდებიან და ირჩევენ ისეთი ტიპის სახელმწიფოს საცხოვრებლად, სადაც მათ მიმართ უარყოფითი სამართლებრივი შედეგების დადგომა არის მოსალოდნელი. ცხადია სრულწლოვანი ადამიანი თავად არის ასეთი შეცდომებისა თუ განზრახი ქმედების შედეგად წარმოშობილი უარყოფითი სამართლებრივი შედეგების მატარებელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს შედეგები წინასწარ განჭვრეტადია. იმავეს ვერ ვიტყვით, ბავშვზე, რომელის ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მშობელი. შესაბამისად, მშობლის მიერ გაკეთებული არასწორი არჩევანის შედეგების ტვირთის მატარებელი ვერ იქნება თავად ბავშვი. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე პლილერი დოს წინააღმდეგ ეხებოდა არალეგალურად მყოფი პირების შვილების განათლების უფლებას. აღნიშნულ საქმეში აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა: ,,მშობლებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ქმედება შეუსაბამოს საზოგადოებრივ ნორმებს და სავარაუდოდ, მათ აქვთ შესაძლებლობა, თავი დააღწიონ სახელმწიფოს იურისდიქციას. მაგრამ ბავშვებს, რომლებიც არიან მომჩივნები აღნიშნულ საქმეში, არ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ არც მშობლების ქცევაზე, არც საკუთარ სტატუსზე. მაშინაც კი, როცა სახელმწიფო საჭიროდ ჩათვლის აკონტროლოს სრულწლოვანის ქმედება, მშობლის ქმედების გამო, კანონმდებლის მიერ ტვირთის ბავშვისათვის დაკისრება, არ შეესაბამება სამართლიანობის ფუნდამენტურ კონცეფციას. უარყოფითი შედეგების ბავშვისთვის დაკისრება არალოგიკური და უსამართლოა. ბავშვისთვის უფლების შეზღუდვა კი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სისტემის საბაზისო პრინციპთან, რომლის თანახმადაც, სამართლებრივ ტვირთს კავშირი უნდა ჰქონდეს ადამიანის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასთან ან უკანონო ქმედებასთან. არც ერთი ბავშვი არ არის პასუხისმგებელი იმის გამო რომ დაიბადა, შესაბამისად, ბავშვის დასჯა იმის გამო, რომ ამით გავლენა იქნეს მოხდენილი მისი მშობლის ქმედებაზე, ერთდროულად არაეფექტურიც არის და უსამართლოც.“ კანონის არცოდნა არ ათავისუფლებს ადამიანებს პასუხისმგებლობისაგან. მაგრამ ისიც ფაქტია, მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლისას მშობლებმა ვერ განჭვრიტეს ის გარემოება, რომ საქართველოში დაწყებითი განათლების ასაკი იყო 6 წელი, ამ შეცდომის გამო პასუხისმგებლობა არ უნდა ეკისრებოდეს ქმედუუნარო ბავშვს. აქედან გამომდინარე, მშობლების განზრახი და დაუდევარი ქმედების გამო დაწყებითი განათლების ტვირთი არ შეიძლება დაეკისროს ბავშვს, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელეს აღნიშნულ საქმეში. პასუხისმგებლობის დაკისრება მით უფრო გაუმართლებელია, როცა მშობლები უცხო ქვეყანას ტოვებენ დეპორტაციის ან ვიზის მოქმედების ვადის გასვლის გამო. ამგვარად, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე პუნქტებთან და უნდა მოხდეს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი