საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი კერესელიძის, მამედ გერგედავას, მალხაზ დოლიძის და მალხაზ დიასამიძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/12/234, 235, 237, 238 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 10 ივნისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლიკა ჯალაღონია
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი კერესელიძის, მამედ გერგედავას, მალხაზ დოლიძის და მალხაზ დიასამიძის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “იმ პირთა შეწყალების შესახებ, რომელთაც მისჯილი აქვთ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის №387 ბრძანებულების რიგი დებულებები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას 2003 წლის 20 და 28 მაისს გადმოეცა საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი კერესელიძის, მამედ გერგედავას, მალხაზ დოლიძის და მალხაზ დიასამიძის, შესაბამისად 234, 235, 237 და 238 ნომრებით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელები მათი საკონსტიტუციო სასამართლოში ერთობლივად არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის თავმჯდომარის რეზოლუციით განმწესრიგებელი სხდომა დაინიშნა მიმდინარე წლის 2 ივნისს. აღნიშნული კონსტიტუციური სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2003 წლის 15, 20 და 27 მაისს.
ოთხივე კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-18, 42-ე და 84-ე მუხლები, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი.
კონსტიტუციური სარჩელების შინაარსი არსებითად ერთნაირია. სარჩელების თანახმად სადავო ბრძანებულებით საქართველოს პრეზიდენტმა გადაამეტა საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და გარდა იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტით დადგენილი უფლების საფუძველზე შეიწყალა მოსარჩელეები სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯისაგან, ამავე ბრძანებულებით დაუნიშნა მათ სასჯელი და განუსაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციური სარჩელების ავტორებს განუსაზღვრა პატიმრობის ვადა, რითაც უგულებელყო საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა დაუშვებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. კონსტიტუციური სარჩელთა ავტორები, ასევე მიიჩნევენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებით აგრეთვე დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების, შეცვლის ან შეჩერების უფლებას მხოლოდ სასამართლოს ანიჭებს კანონით განსაზღვრული წესით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე კონსტიტუციურ სარჩელთა ავტორები სთხოვენ საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის №387 ბრძანებულება იმ ნაწილებში, რომლებიც შეეხება მოსარჩელეთათვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთას.
2003 წლის 2 ივნისს გამართულ განმწესრიგებელ სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ ერთ-ერთი მოსარჩელის მამედ გერგედავას წარმომადგენელი, რომელმაც უარი განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის განმარტებების მიცემაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ოთხივე კონსტიტუციურ სარჩელის გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია მათი არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
1. კონსტიტუციური სარჩელების თანახმად საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის გარდა, ასევე არ შეესაბამება კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტსაც, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების, შეცვლის ან შეჩერების უფლებას ანიჭებს მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოში მცხოვრებ სხვა ფიზიკურ პირებს და საქართველოს იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმატიული აქტით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლი განეკუთვნება კონსტიტუციის არა მეორე, არამედ მეხუთე თავს, რომელიც შეეხება საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სადავო აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2003 წლის 27 მაისის წერილის (რეგისტრაციის №01/23/11-3096) თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ივლისის ბრძანებულება №387 “იმ პირთა შეწყალების შესახებ, რომელთაც მისჯილი აქვთ სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა” რეგისტრირებულია ნორმატიული აქტების რეესტრში (რეგისტრაციის №080.050.000.05.002.000.737), სადავო აქტი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ინდივიდუალურია, კერძოდ:
სადავო აქტის მიღებისას მოქმედებდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 15 თებერვლის ბრძანებულება №20 “მსჯავრდებულთა შეწყალების წესის შესახებ”, რომლის მე-11 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულის შეწყალება ფორმდებოდა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით, ხოლო შეწყალებაზე უარის თქმა – განკარგულებით. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ვალდებული იყო შეწყალება გაეფორმებინა ბრძანებულებით. თუმცა იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა (იგულისხმება პერიოდი “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებამდე) არ განმარტავდა - ბრძანებულება ნორმატიული ხასიათის აქტი იყო თუ ინდივიდუალური, ასევე რა სხვაობა იყო ამ თვალსაზრისით ბრძანებულებასა და განკარგულებას შორის. შესაბამისად, არ ითვალისწინებდა იმპერატიულ მოთხოვნას ყველა ბრძანებულების ნორმატიულობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა ნორმის განმარტება მისი შინაარსის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულთა შეწყალების საკითხების ბრძანებულებით გაფორმება არ იძლევა ამ აქტის ნორმატიულობის მტკიცების საფუძველს.
სადავო აქტის მიღებისას მოქმედებდა ასევე საქართველოს კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ” (1996 წლის 29 ოქტომბერი). ამ კანონში 1997 წლის 27 ივნისს შეტანილი ცვლილებების შედეგად (ცვლილება წინ უსწრებდა სადავო აქტის მიღებას), პრეზიდენტის ბრძანებულება გამოცხადდა ნორმატიულ აქტად (მუხ. 11.1). ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ნორმატიული აქტია და საერთო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ)”. ასეთი საკანონმდებლო ბაზა იმის ვარაუდის უფლებას იძლევა, რომ პრეზიდენტის სადავო ბრძანებულება იმ დროისათვის ითვლებოდა ნორმატიულ აქტად. თუმცა იგივე კანონი “ნორმატიული აქტების შესახებ” ზუსტად განმარტავს, რა ნიშნებით უნდა მოხდეს სამართლებრივი აქტების დიფერენცირება ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებად. ამისათვის ის ითვალისწინებს ზოგად, საერთო წესს. კერძოდ: “ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოფენების ქცევის ზოგად წესს” (მეორე მუხლის მე-3 პუნქტი), ხოლო “ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიულ აქტს... “(მეორე მუხლის მე-4 პუნქტი). ზუსტად ამ იმპერატიული მოთხოვნების გათვალისწინებაა აუცილებელი სამართლებრივი აქტის ნორმატიულობის დადგენისას. ასე მაგალითად, ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “საქართველოს პრეზიდენტი, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, გამოსცემს ბრძანებებს”. ხოლო მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ბრძანება შეიძლება იყოს როგორც ნორმატიული, ისე ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი”. ანუ კანონი ამ შემთხვევაში არ აკონკრეტებს პრეზიდენტის რომელი ბრძანებაა ნორმატიული და რომელი – ინდივიდუალური. ბუნებრივია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პრეზიდენტის ბრძანების ნორმატიულობის შეფასებისათვის გამოიყენება კანონის მე-2 მუხლის მე-3-4 პუნქტები.
საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის №387 ბრძანება არ აკმაყოფილებს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მეორე მუხლის მესამე პუნქტის მოთხოვნებს, რადგან იგი ეხება კონკრეტულ პირებს და არ ადგენს მრავალჯერადი გამოყენების ქცევის წესს, ანუ სადავო აქტი, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, ინდივიდუალურია. ამიტომ ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, არ წარმოადგენს მისი ნორმატიულობის მტკიცების უდავო საფუძველს.
სადავო აქტის ინდივიდუალურობას მოწმობს “მსჯავრდებულთა შეწყალების გამოყენების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 13 მაისის №319 ბრძანებულებაც (რომლითაც ძალადაკარგულად ჩაითვალა “მსჯავრდებულთა შეწყალების წესის შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 15 თებერვლის №20 ბრძანებულება), რომლის მე-4 მუხლის თანახმად, “მსჯავრდებულთა შეწყალება ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ხოლო შეწყალებაზე უარის თმა – კომისიის გადაწყვეტილებით”. ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილი პრეზიდენტის შეწყალების უფლებას ასე განმარტავს: “შეწყალებას ახორციელებს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ”.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო აქტის შემოწმებისას ის მხედველობაში იღებს მასში გამოხატულ ნამდვილ აზრსა და მისი გამოყენების პრაქტიკას. შესაბამისად, სადავო ბრძანებულება, მისი შინაარსის მიხედვით, ინდივიდუალური აქტია.
სასამართლო კოლეგია მიუთითებს, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისადაც ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართო მხოლოდ ნორმატიულ აქტების ან მათი ცალკეული ნაწილების კონსტიტუციურობის თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკური პირის სარჩელის საფუძველზე ვერ იმსჯელებს საქართველოს პრეზიდენტის არანორმატიული შინაარსის ბრძანებულების კონსტიტუციურობის შესახებ.
3. კონსტიტუციურ სარჩელთა ავტორები ასაჩივრებენ სადავო აქტის იმ ნაწილებს, რომლითაც მოსარჩელეებს საქართველოს პრეზიდენტმა შეუცვალა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა – ოცი წლით იმ შემთხვევასთან, როდესაც სახელმწიფოში არსებობდა სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასცა, რაც თავის დროზე მოითხოვდა განსაკუთრებულ მოწესრიგებას, ამასვე ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის თანახმად “სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება – სიკვდილით დასჯა, მის სრულ გაუქმებამდე, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ორგანული კანონით სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის. ამ სასჯელის შეფარდების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს უზენაეს სასამართლოს”. საქართველოს კონსტიტუციამ მართალია სიკვდილით დასჯის სრულ გაუქმებამდე დაუშვა აღნიშნული სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიება, მაგრამ იქვე განასხვავა იგი სხვა სასჯელებისაგან და კონსტიტუციის ცალკე, განსაკუთრებული ნორმით განსაზღვრა როგორც მისი შეფარდების ისე გამოყენების წესი. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სიკვდილმისჯილთა შეწყალების წესიც, მაშინ მოქმედი ნორმატიული აქტების (“მსჯავრდებულთა შეწყალების წესის შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 15 თებერვლის №20 ბრძანებულების მე-2 მუხლი - “მსჯავრდებულთათვის შეწყალების შეფარდებისას შეიძლება გამოყენებულ იქნას: ა) სიკვდილით დასჯის შეცვლა თავისუფლების აღკვეთით... ”), საფუძველზე იყო განსაკუთრებული და საქართველოს პრეზიდენტს აძლევდა უფლებას შეეცვალა იგი სხვა უფრო მსუბუქი სასჯელით, რაც თავის მხრივ დასრულდა “სასჯელის განსაკუთრებული ღონისძიების – სიკვდილით დასჯის სრული გაუქმების შესახებ” საქართველოს კანონის მიღებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის სადავო ბრძანებულებასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს შორის არ არსებობს მიმართება, ვინაიდან საქმე გვაქვს ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ ურთიერთობასთან.
იხელმძღვანელა რა, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტით და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების – ირაკლი კერესელიძის, მამედ გერგედავას, მალხაზ დოლიძის და მალხაზ დიასამიძის კონსტიტუციური სარჩელები და საქმეზე შეწყდეს სამართალწარმოება;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”.
1. ოთარ ბენიძე, (თავმჯდომარე);
2. ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი),
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე);
4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი).