საქართველოს მოქალაქე ერასტი ჯაკობია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N739 |
ავტორ(ებ)ი | ერასტი ჯაკობია |
თარიღი | 22 მარტი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ; 2015 წლის 25 მარტს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის #074011114802 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ (იხილეთ დანართი). დადგენილებიდან ირკვევა: 2014 წლის 28 ოქტომბერს, შსს სსიპ ,,112“-ში, 13:19 სთ-ზე მიხეილ ფანჩულიძის მიერ დაფიქსირდა შეტყობინება ქ. თბილისში, ზ.ფალიაშვილის ქუჩის კუთხეში, ვაკის პარკის შესასვლელთან, თავისი კუთვნილი ა/მანქანის, სახ. ნომერი JJO-183 გარეთა სარკის ქურდობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტზე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა ქ. თბილისის მთ. სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ერასტი ჯაკობია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ მიხეილ ფანჩულიძისაგან მიიღო შეტყობინება დანაშაულის - ქურდობის ფაქტზე, გაუხსნელი დანაშაულის შემცირების მიზნით, არ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე და არ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მისი ქმედებით არსებითად დაირღვა როგორც მიხეილ ფანჩულიძის, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. ე.ი მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი კვალიფიკაციით 332-1.
ერასტი ჯაკობიას ადვოკატმა 2015 წლის 8 აპრილს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე (იხილეთ 006 აუდიოჩანაწერი) განაცხადა: ,,ვშუამდგომლობ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ერთი ცალი ლაზერული დისკი და ერთი ცალი კრებსი 6 ფურცლად ნომერი ორმოცდათვრამეტი ცხრამეტი და მათ საფუძველზე შექმნილი შემდეგი მასალები. 26.03.2015 წლის დადგენილება ფონო ვიდეოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. 31.03.2015 წლის მიმართვა საექსპერტო მთავარი სამმართველოს უფროსს 02.04.2015 წლის 50 ფ-1 ექსპერტის დასკვნა. 2014 წლის 3 ნოემბერს მოწმის სახით დაკითხულმა მიხეილ ფანჩულიძემ განაცხადა, რომ 2014 წლი 1 ნოემბერს ერასტი ჯაკობიასთან შეხვედრისას გააკეთა ჩანაწერი, რაც წარმოუდგინა გამოძიებას CD დისკზე ჩაწერილი სახით. ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციით, მასზე ასახულია ერასტი ჯაკობიასა და მიხეილ ფანჩულიძეს შორის არსებული საუბარი. თუმცა გარდა საქმის შედეგით დაინტერესებული მიხეილ ფანჩულიძის ჩვენებისა, რა აძლევს ბრალდების მხარეს ამის თქმის საფუძველს, წარმოდგენილი არ არის. თუნდაც რომ დავუშვათ, რომ ჩანაწერში არსებული საუბარი ეკუთვნის ერასტი ჯაკობიას, ბუნებრივია აღნიშნული საუბრის ჩაწერა განხორციელდა კანონის გვერდის ავლით. .. თუკი აღნიშნულ ჩანაწერში დაფიქსირებულია ერასტი ჯაკობია, ბუნებრივია, ასეთი საუბრის ჩაწერის უფლება პირადი ინიციატივით მიხეილ ფანჩულიძეს არ ჰქონდა. არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის თანხმობა და არც კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების სხვა შემთხვევა. მით უმეტეს, იმ მომენტისათვის ერასტი ჯაკობია იყო საჯარო მოხელე და ეს საუბარი, მიხეილ ფანჩულიძის მტკიცებით, შედგა პოლიციის განყოფილებაში. სასამართლოს ყურადღებას მივაქცევთ იმ ფაქტსაც, რომ მითითებულ ჩანაწერზე დაფიქსირებულია არა მხოლოდ ორი მამაკაცის საუბარი, როგორც ბრალდება ირწმუნება, ერასტი ჯაკობიასა და მიხეილ ფანჩულიძეს შორის, არამედ ერასტი ჯაკობიად მიჩნეულ სუბიექტსა და სულ სხვა მამაკაცს შორის, ვინმე მალხაზს შორის. სამსახურებრივ საქმეზე. რაც იმ შემთხვევაშიც წარმოადგენს დარღვევას, ჯაკობიასა და ფანჩულიძეს შორის საუბარი კანონიერადაც რომ მივიჩნიოთ.“
ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით წინასასამართლო სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილი) მიიღო განჩინება (იხილეთ აუდიოჩანაწერი 000). მოსამართლემ აღნიშნა: ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. ამავე კანონის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით პერსონალური მონაცემი განმარტებულია, როგორც ნებიემიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია პირდაპირ ან არაპირდაპირ კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის დამახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით; ამავე ნორმის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემთა დამუშავება ნიშნავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერ მოქმედებას, მათ შორის პერსონალური მონაცემების აუდიოჩაწრას და ვიდეოჩაწერას. განსახილველი საქმის მასალების მიხედვით უდავოა, რომ დაზარალებული მიხეილ ფანჩულიძის მიერ სწორედ პერსონალური მონაცემების მოპოვებას ჰქონდა ადგილი. როდესაც მან ჩაიწერა თავისი და ერასტი ჯაკობიას საუბარი. რაც შემდგომში გადაიტანა CD დისკზე და წარუდგინა გამოძიებას. მიუხედავად ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიხეილ ფანჩულიძის ამ ქმედებაზე ვერ გავრცელდება საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნები, რამდენადაც მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ მონაცემთა აშკარად პირადი მიზნებისათვის დამუშავებაზე, როდესაც მათი დამუშავება დაკავშირებული არ არის მის სამეწარმეო ან პროფესიულ საქმიანობასთან; კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა მოცემულობა, როდესაც მიხეილ ფანჩულიძეს ჩანაწერის გაკეთებისას არ ამოძრავებდა სამეწარმეო ან პროფესიული საქმიანობისათვის ჩანაწერის გამოყენების მიზანი. ის მოქმედებდა როგორც ფიზიკური პირი და სურდა ჩანაწერის პირადი მიზნით გამოყენება. ფანჩულიძეს მიაჩნდა, რომ მოხდა მისი პირადი ქონების ქურდობა, რაზედაც სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის ზომებს არ იღებდნენ. შესაბამისად, ფანჩულიძის განზრახვა მოიცავდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულების მხილებას. ამ საქმის ირგვლივ მტკიცებულებების მოპოვებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის ან მიყურადებისთვის, თუმცა ამავე მუხლის შენიშვნის მეორე პუნქტის თანახმად, ამ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებით მოპოვებული, შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი (მოსალოდნელი) სხვა დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა. ამრიგად, დადგენილია, რომ ინფორმაციის მოპოვებისას, რომლის დაუშვებლად ცნობასაც დაცვის მხარე ითხოვს, კანონის დარღვევა არ მომხდარა.“
ამგვარად, სადავო ნორმამ უშუალოდ შელახა ერასტი ჯაკობიას კონსტიტუციის მე-20, მე-16 მუხლების და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით გარანტირებული უფლებები.
გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით და მე-20 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე მე-16 მუხლით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის პირის პასუხისმგებლობისაგან გათავისულებას ითვალისწინებს ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტი. როგორც ერასტი ჯაკობიას სისხლის სამართლის საქმიდან ირკვევა, სადავო ნორმაში საერთო სასამართლოები კითხულობენ იმგვარ შინაარსს, რომ უნებართვო ჩაწერა და მიყურადება, არ იქნება დანაშაულებრივი და უკანონო, თუკი უნებართვო ჩაწერის ან მიყურადების განმახორციელებელი პირი ჩანაწერს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს. ვინაიდან სადავო ნორმა ასეთი ჩანაწერის ლეგალიზებას ახდენს, პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების გზით, დასაშვები ხდება ამგვარი ჩანაწერის გამოყენება სისხლის სამართლის საქმეზე, სწორედ ამ მიზნით ხდება ამ ჩანაწერის გადაცემა საგამოძიებო ორგანოებისათვის (რომელებიც დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულების მოძიებით არიან დაკავებულნი) და არა სხვა სახელმწიფო ორგანოებისათვის. ამგვარად, შესაძლებელი ხდება, ამგვარი ჩანაწერის გამოყენება სისხლის სამართლის საქმეზე, თუნდაც ეს ჩანაწერი მოპოვებული იყოს კონსტიტუციის დარღვევით.
ნორმა, რაც კანონიერად აცხადებს მტკიცებულებას, მოპოვებულს კონსტიტუციის მე-20 მუხლის საწინააღმდეგოდ, არა მარტო პირადი ცხოვრების უფლებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, არამედ არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებასაც. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი აღიარებს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთ კომპონენტს, არამედ იმავდროულად ადგენს სანქციას, რაც მოჰყვება კონსტიტუციის მე-20 მუხლის დარღვევას. ამ სარჩელის მიზანია დავადგინოთ, რამდენად მოდის შესაბამისობაში სადავო ნორმა პირადი ცხოვრების უფლებასთან და ამ უკანასკნელის დარღვევის მიუხედავად, მოდის თუ არა შესაბამისობაში სადავო ნორმა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტთან?
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა პირადი ცხოვრების უფლების არსი საქმეში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თამარ ჩუგოშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 პარაგრაფში: ,, პირადი ცხოვრებით დაცულია პირების კერძო სფერო (სივრცე). აქ იგულისხმება როგორც კონკრეტული ტერიტორია, ადგილი (მაგალითად, საცხოვრებელი სახლი, პირადი ავტომანქანა ან სხვა პირადი მფლობელობა), ისე განსაზღვრულ პირთა წრე, ვისთანაც პირს სურს კომუნიკაცია, ვისაც ის ირჩევს კონკრეტული ურთიერთობისათვის, ასევე საკითხები, რომელთა ანონიმურობა და ხელშეუხებლობა ან პირთა მხოლოდ კონკრეტულ წრეში განსაჯაროებაც სურს პირს. კერძო, პირად სივრცეს (სფეროს) ადამიანი თავად ქმნის და აქვს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ მის მიერ შერჩეულ, სასურველ ან მისთვის საჭირო საკითხებზე კომუნიკაცია მიუწვდომელი, ანონიმური, ხელშეუხებელი დარჩება ყველა იმ პირისათვის, რომელიც მან საკუთარი პირადი სივრცის მიღმა დატოვა.“
ამგვარად, როდესაც ადამიანი კომუნიკაციას ამყარებს სხვა პირთან და აწვდის მას კონკრეტულ ინფორმაციას, ასეთ ადამიანს არავითარი გონივრული მოლოდინი არა აქვს იმისა, რომ კომუნიკაციის ადრესატი ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებს, მესამე პირებს არ მიაწვდის. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარი მიმდინარეობს ორ ადამიანს შორის და მესამე პირი, რომელიც ორმა ადამიანმა კომუნიკაციის მიღმა დატოვა, ახდენს ამ საუბარზე ფარულ დაკვირვებას ან მის ჩაწერას, ამით ხდება ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრა, ვინაიდან საუბრის მონაწილეებს აქვთ მათი პირადი კომუნიკაციის გონივრული დაცვის მოლოდინი.
სადავო ნორმა ერთმანეთისაგან არ განასხვავებს ამ ორ შემთხვევას. სადავო ნორმა დანაშაულად არ მიიჩნევს მესამე პირის მიერ სხვისი საუბრის ჩაწერას, ისევე როგორც საკუთარი საუბრის ჩაწერას და ამგვარი ჩანაწერის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემას. ორივე შემთხვევაში საუბრის ჩაწერა და მისი საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემა კანონიერია. მაშინ, როდესაც სხვა ადამიანთან საკუთარი საუბრის ჩაწერა შესაძლოა არ მოექცეს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში. კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში არა მხოლოდ ექცევა, არამედ ამ დებულებას არღვევს კიდეც მესამე პირის მიერ სხვა პირების იმ კომუნიკაციის ჩაწერა, როდესაც კომუნიკაციის მონაწილეებს ჰქონდათ იმის გონივრული მოლოდინი, რომ მათი საუბარის შინაარსი, ერთმანეთის გარდა, ფარული იქნებოდა დანარჩენებისათვის, თუკი ამგვარი საუბრის ჩასაწერად არ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა იმაზე, რამდენად ჰქონდა ერასტი ჯაკობიას და მის თანამოსაუბრე მალხაზს მათი საუბრის საიდუმლოების დაცვის გონივრული მოლოდინი, როდესაც ფანჩულიძემ ამ საუბრის შინაარსი ჩაიწერა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საუბრის ჩაწერა გაათანაბრა ფანჩულიძისა და ჯაკობიას საუბართან, როდესაც ფანჩულიძე საკუთარ საუბარს იწერდა და ჯაკობიას არ ჰქონდა გონივრული მოლოდინი, რომ ფანჩულიძესთან გაჟღერებულ ინფორმაციას, ეს უკანასკნელი არ გაასაჯაროებდა. ამ ორი შემთხვევის გამიჯვნის შესაძლებლობას არ იძლევა თავად სადავო ნორმა, რაც წარმოადგენს ამ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს.
ამგვარად, სადავო ნორმა გადაუდებელი აუცილებლობის ან სასამართლოს გადაწყვეტილების არარსებობის მიუხედავად, უფლებას აძლევს პირს, ჩაიწეროს მესამე პირების საუბარი ფარულად. ეს ქმედება ეწინააღმდეგება კონსტიტუციის კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან საუბრის მონაწილეებმა მათი პირადი სივრცის მიღმა დატოვეს ის პირი, ვინც მათი საუბრის ჩაწერა განახორციელა და კომუნიკაციის მონაწილეებს ჰქონდათ გონივრული მოლოდინი, მათი საუბრის შინაარსის საიდუმლოება დაცული ყოფილიყო როგორც ჩაწერის ან მიყურადების განმახორციელებელი პირისაგან, ისე დანარჩენი საზოგადოებისაგან.
ის, გარემოება, რომ ადამიანი თანამოსაუბრისგან ფარულად იწერს სატელეფონო საუბარს, არ კარგავს კონსტიტუციურ დაცვას მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდება სხვა პირისათვის, რომელმაც თავის მხრივ, ნდობა ბოროტად გამოიყენა და ფარულად გადაწყვიტა საუბრის ჩაწერა. პირადი ცხოვრების უფლების ეს ასპექტი არ არის დაცული კონსტიტუციის მე-20 მუხლით, ეს უკანასკნელი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დახურულ ინსტიტუციებს უკავშირდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე დავით სართანია და ალექსანდრე მაჭარაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული განჩინების მე-16 პარაგრაფში შემდეგნაირად განმარტა მე-20 მუხლით დაცული სფერო: ,,პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ხშირად ასოცირდებოდა ინდივიდის იზოლირებულ სფეროსთან, რაც გამოხატულებას პოვებდა გარკვეულ ინსტიტუციონალურ სტრუქტურებში: სახლის, ოჯახის და შეტყობინებების საიდუმლოების დაცვაში” ამგვარი სტრუქტურების რიცხვი თანდათან გაიზარდა (ტელეკომუნიკაციები...)“
თუკი ადამიანი იზოლირებულ სფეროში, მაგალითად, საცხოვრებელ სახლში ნებაყოფლობით უშვებს გარეშე პირს, არ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ შეიზღუდა კონსტიტუციის მე-20 მუხლით დაცული ისეთი დახურული ინსტიტუტი, როგორიცაა საცხოვრებელი სახლი. ანალოგიურად, როდესაც ადამიანი ტელეფონით უკავშირდება სხვას, საუბრის შინაარსობრივი მონაცემი, მხოლოდ ზარის ადრესატისათვის არის ცნობილი და სხვა ნებისმიერი მესამე ყური გამორიცხულია აღნიშნული დახურული სტრუქტურიდან - სატელეფონო კომუნიკაციიდან. ამის მიუხედავად, ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება არ ხდება სრულიად დაუცველი იმ ადამიანისაგან, რომელიც მესაკუთრემ საკუთარ სახლში ნებაყოფლობით დაუშვა ან იმისგან, ვისთან ტელეფონზე საუბარიც პირმა საკუთარი სურვილით გადაწყვიტა. სტუმრისაგან და ტელეფონზე მოსაუბრისაგან ბინის მფლობელი ან ტელეფონით მოსარგებლე პირი არ სარგებლობს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის გარანტიით - გადაუდებელი აუცილებლობით ან სასამართლოს გადაწყვეტილების პროცესუალური დაცვის საშუალებით. ასეთ შემთხვევაში ბინის მესაკუთრე ან ტელეფონით მოსარგებლე სტუმრის ან თანამოსაუბრისაგან დაცულია კონსტიტუციის მე-16 მუხლით, რაც მე-20 მუხლისაგან განსხვავებით იზოლირებეულ სფეროებს არ უკავშირდება.
ამის მიუხედავად უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც ორ ადამიანს შორის საუბარი ნებაყოფლობით მიმდინარეობდეს, ერთი პირი მეორეს ინფორმაციას ნებაყოფლობით უზიარებდეს და ეს მეორე ადამიანი ამ ინფორმაციას სპეციალური აპარატურით ჩუმად იწერდეს, ამით ის ადამიანი, რომელმაც არ იცის, რომ მისი საუბარი იწერება, კარგავს საკუთარი პიროვნების ისეთ ასპექტთან დაკავშირებით კონტროლის შესაძლებლობას, როგორიც ამ ადამიანის ხმაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 პარაგრაფში განაცხადა: ,,საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. აღნიშნული უფლება იცავს ... პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო … საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება.“
როდესაც ადამიანის ხმა ამ პირისაგან ფარულად გადადის ჩამწერ აპარატზე და ხდება ამ ხმის ამსახველი აუდიომასალის შენახვა, მონაცემის სუბიექტის სურვილის მიუხედავად, ადამიანი კარგავს საკუთარ ფიზიკურ სფეროზე კონტროლის შესაძლებლობას. როდესაც ეს ხმა ესმის მოსამართლეს ან სხვა პირებს, ადამიანი ასევე კარგავს შესაძლებლობას, გააკონტროლოს ის, თუ როგორ წარმოჩინდება საზოგადოების წინაშე. სწორედ კონსტიტუციის მე-16 მუხლი იცავს ინდივიდს მაშინ, როცა მომსახურების მიმწოდებელი სერვისის გაუმჯობესების მიზნით იწერს ამ პირის საუბარს. ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარი სურვილით რეკავს და ნებაყოფლობით ამყარებს კომუნიკაციას აღნიშნულ კომპანიასთან. ამ საუბრის ჩასაწერად აუცილებელი არ არის კონსტიტუციის მე-20 მუხლით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის სტანდარტის დაკმაყოფილება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილში აღნიშნულია: ,,თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.“ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ტარდება საგამოძიებო მოქმედება, რაც ზღუდავს პირადი ცხოვრების უფლებას. ეს ნორმა ითვალისწინებს შეუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე. შუამდგომლობა განიხილება 24 საათის ვადაში. ეს წესი - პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვაზე წინასწარი სასამართლო კონტროლი - არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როდესაც სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციის საშუალების ერთ-ერთი მონაწილე თანახმაა, განხორციელდეს მიყურადება სატელეფონო ან სხვა კომუნიკაციის საშუალებაზე. ამ დროს მეორე თანამოსაუბრისათვის უცნობია ფარული ჩაწერის ფაქტი. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილი ეხება პირადი ცხოვრების უფლების შეზღუდვას გადაუდებელი აუცილებლობისას. ამ დროს საგამოძიებო მოქმედება იწყება სასამართლოს თანხმობის გარეშე, თუმცა პროკურორმა სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში. დაწყებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას სასამართლო ამოწმებს შემდგომი 24 საათის განმავლობაში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მეხუთე წინადადება გამორიცხავს როგორც წინასწარი, ისე შემდგომი სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას.
ამგვარად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი ანიჭებს პირს სრულ, უკონტროლო უფლებამოსილებას, ჩაიწეროს კომუნიკაციაში მონაწილე სხვა პირის საუბარი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეში ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ (http://hudoc.echr.coe.int/eng?i=001-91704) მომჩივანმა სავარაუდოდ შეუკვეთა თავისი ბიზნესპარტნიორის მოკვლა. ამ დავალების შესრულება მომჩივანმა მიანდო ადამიანს, რომელიც მომჩივანისაგან მალულად თანამშრომლობდა სამართალდამცავებთან (გადაწყვეტილების მე-10 პარაგრაფი). აგენტი, დამონტაჟებული ჩამწერი მოწყობილობით, შევიდა მომჩივანის სახლში. აგენტმა მომჩივანს განუცხადა, რომ მისი დავალებით მოკლა მისი ბიზნეს-პარტნიორი და გადასცა მას ბიზნეს-პარტნიორის კუთვნილი ნივთები (მე-14 პარაგრაფი). ამ მტკიცებულების საფუძველზე ბიკოვს წაუყენეს ბრალი მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვისათვის. ამ საქმეში რუსეთის მთავრობა აცხადებდა, რომ მართალია გადაღება ბიკოვის საცხოვრებელ სახლში მიმდინარეობდა, თუმცა აგენტის სახლში შესვლა მოხდა მომჩივანის თანხმობით (74-ე პარაგრაფი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ მიიჩნია საჭიროდ ემსჯელა იმის თაობაზე, სახლის ჩაწერით რამდენად მოხდა საცხოვრებელის ხელშეუხებლობის დაღვევა (82-ე პარაგრაფი).
მიუხედავად ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ საქმეში დაადგინა, რომ მომჩივანის ფარული ჩაწერა წარმოადგენდა კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ პირადი ცხოვრების უფლებაში შეჭრას (72-ე პარაგრაფი). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსული კანონმდებლობა არ აკმაყოფილებდა განჭვრეტადობის მოთხოვნას. ბიკოვის საუბრის ჩაწერა არ იყო დაკავშირებული რაიმე პირობის არსებობასთან (მე-80 პარაგრაფი). არ არსებობდა დეტალური და სპეციფიკური რეგულაციები, რაც შესაძლებლობას მისცემდა მომჩივანს ემტკიცებინა, რომ მისი გადაღება მოხდა უკანონოდ და ამის გამო, მოეთხოვა ამ ჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობა (80-81 პარაგრაფები).
ამგვარად, როცა ერთი პირი საკუთარი სურვილით საუბრობს მეორესთან და ეს უკანასკნელი ფარულად იწერს პირველის საუბარს, ეს საკითხი ექცევა კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ სფეროში. მართალია, არ არის აუცილებელი ამ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობის ან წინასწარი სასამართლო კონტროლის არსებობა, მაგრამ ამგვარი ჩაწერა უნდა ემსახურებოდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას. ამავე დროს კანონმდებლობით ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ის შემთხვევები და პირობები, როცა ამგვარი ჩაწერა იქნება ნებადართული. თუკი ჩაწერისას არ იქნება დაცული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, უნებართვო ჩაწერის განმახორციელებელი პირი არც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უნდა თავისუფლდებოდეს და არც ეს ჩანაწერი უნდა იქცეს კანონიერ მტკიცებულებად.
როგორც ერასტი ჯაკობიას წინასასამართლო სხდომიდან გახდა ნათელი, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი არ არეგულირებს შემთხვევას, როდესაც ადამიანი იწერს თანამოსაუბრეს მისი დანაშაულის ჩადენაში მხილების მიზნით. სადავო ნორმა კი ეხება ჩანაწერის გაკეთების შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობას - ათავისუფლებს უნერბართვო ჩანაწერის განმახორციელებელს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და საგამოძიებო ორგანოსათვის ჩანაწერის გადაცემის გზით მტკიცებულებას დასაშვებად აცხადებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მეხუთე წინადადება სრულ თავისუფლებას ანიჭებს ადამიანს ჩაიწეროს ან განუცხადოს თანხმობა სხვა პირს ჩაიწეროს თანამოსაუბრესთან ნებისმიერი კომუნიკაცია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი არ განსაზღვრავს, რაიმე შეზღუდვას, მაგალითად, პირობას იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ დანაშაულის შედეგად დაზარალებულმა ან დანაშაულის ადგილას შემთხვევით მოხვედრილმა პირმა ჩაიწეროს ან სხვაზე გასცეს თანხმობა ჩაწერილ იქნას კომუნიკაცია. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლი იძლევა შესაძლებლობას, ჩაწერილი იქნეს კომუნიკაციაში მონაწილე ყველა პირი იმის მიუხედავად, ყველა პირი არის თუ არა დანაშაულთან დაკავშირებული. მაგალითად, როდესაც ადამიანს აქვს მოლოდინი, რომ შეხვდება მის მიმართ დანაშაულის ჩამდენი პირი, ამიტომ დაზარალებულს ერთი დღის განმავლობაში მუდმივად აქვს ჩართული ჩამწერი მოწყობილობა და იწერს ყველას, ვინც ამყარებს მასთან კომუნიკაციას. ასევე აღნიშნული მუხლი საერთოდ არ ზღუდავს პირებს რა კატეგორიის დანაშაულებისთვისაა შესაძლებელი კომუნიკაციის მიყურადება ან ჩაწერა ფარულად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მეხუთე წინადადება იძლევა შესაძლებლობას განხორციელდეს კომუნიკაციის მიყურადება ან ჩაწერა კომუნიკაციის რომელიმე მონაწილისაგან ფარულად, რაც არ წარმოადგენს ამავე კოდექსის 1431-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების რომელიმე სახეს.
რა სამართლებრივი საფუძვლები უნდა არსებობდეს მანამ, სანამ ადამიანი ჩამწერი მოწყობილობის ღილაკს თითს დააჭერს, ამას კანონმდებლობა არ განსაზღვრავს. ამით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის მეხუთე წინადადება, უპირობოდ აძლევს საუბრის ერთ მონაწილეს უფლებას, ჩაიწეროს მეორე თანამოსაუბრესთან კომუნიკაცია. მეორე სადავო ნორმა ნებისმიერი საფუძვლით მოპოვებულ ჩანაწერს დასაშვებ მტკიცებულებად აცხადებს. ამით კი ირღვევა კონსტიტუციის მე-16 მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან ის პირი, ვისი საუბარიც ჩაიწერეს, მოკლებული ხდება შესაძლებლობას, იდავოს იმაზე, რომ არ არსებობდა ჩაწერის კანონით დადგენილი საგამონაკლისო წინაპირობები.
კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით დაცულ სფეროზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა საქმეში მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილების მეორე თავის მე-3 პარაგრაფში: ,,მტკიცებულების უტყუარობა უკავშირდება, პირველ რიგში, მისი მოპოვების ხერხის კანონიერებას. კონსტიტუციით დადგენილი ღირებულებათა სისტემა მოითხოვს, მართლმსაჯულების განხორციელებას პიროვნული თავისუფლების და ადამიანის ღირსების პატივისცემით, კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ხერხითა და საშუალებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისხლის სამართალწარმოების და მტკიცებულებათა მოპოვების წესის მკაცრი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე, იქმნება სახელმწიფოს მხრიდან თვითნებობის საფრთხე.“ ამგვარად, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტი გულისხმობს იმ მტკიცებულების დაუშვებლობასაც, რომელიც მართალია, მოპოვებულია კანონით დადგენილი წესით, მაგრამ ის კანონი რომლის დაცვითაც არის მტკიცებულება მოპოვებული, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. წინა ორ თავში საუბარი გვქონდა იმაზე, რომ სადავო ნორმა არ პასუხობს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლით დადგენილ სტანდარტებს. როდესაც დადგინდა ის, რომ სადავო ნორმა არღვევს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლით დაცულ პირადი ცხოვრების ორ სხვადასხვა კომპონენტს, ამ არაკონსტიტუციური ნორმის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე უნდა გავრცელდეს ის სანქცია, რაც დადგენილია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით - კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არა აქვს იურიდიული ძალა. აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ სადავო ნორმით, თუკი ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში შეჭრა ხდება, ეს ქმედება შეიძლება ხორციელდებოდეს კერძო პირის და არა სახელმწიფოს მიერ (თუმცა სადავო ნორმა არც იმას, გამორიცხავს, რომ პირმა სახელმწიფოს დავალებით უნებართვოდ ჩაწეროს კერძო საუბარი და წარუდგინოს სამართალდამცავ ორგანოებს). ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ სახელმწიფოს დავალების გარეშე კერძო პირის მიერ სხვისი საუბრის უნებართვო ჩაწერა არ ჩაითვლება იმგვარ ქმედებად, რის გამოც სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება? საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრებით ადამიანის კონსტიტუციური უფლებები შეიძლება დააღვიოს მხოლოდ სახელმწიფომ. იმ შემთხვევაში კი, როცა სახელმწიფო არ ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას და არ აღკვეთს კერძო პირის ქმედებას, რომელიც იჭრება სხვის კონსტიტუციურ უფლებაში, საბოლოო კონსტიტუციურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა არა კერძო პირს, არამედ სახელმწიფოს ეკისრება. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობა წარმოადგენს დავის საგანს. კერძოდ სადავო ნორმით საგამოძიებო ორგანოები პირისაგან იღებენ კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ მოპოვებულ ინფორმაციას და სასამართლო პროცესზე სარგებელს იღებენ კერძო პირის მიერ კონსტიტუციური უფლების დარღვევის შედეგით. სადავო ნორმით სახელმწიფო ლეგიტიმაციას უკეთებს კერძო პირის მიერ კონსტიტუციური უფლების ხელყოფას, ვინაიდან სარგებელს იღებს კონსტიტუციის დარღვევის შედეგით - ანტიკონსტიტუციური მტკიცებულებით, იმის ნაცვლად რომ სახელმწიფომ დაგმოს და აღკვეთოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლების შელახვა სხვა კერძო პირის მხრიდან. მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-19 პარაგრაფში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,,საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, იმის მიუხედავად, თუ რომელი სუბიექტის მიერ არის იგი მოპოვებული... იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციური დაცვა გავრცელდება მხოლოდ კონკრეტულ ეტაპზე ან მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებზე ... წარმოიშობა თვითნებობისა და კონსტიტუციური გარანტიის არაეფექტიანობის საფრთხე. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტის სულისკვეთებიდან გამომდინარე, კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებას არ გააჩნია იურიდიული ძალა, იმის მიუხედავად, თუ რომელი სუბიექტის მიერ არის იგი მოპოვებული...წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესის მწარმოებელ ორგანოს ექნებოდა შესაძლებლობა, თვითნებურად აერიდებინა თავი კანონმდებლობის მოთხოვნებისათვის მტკიცებულებების მოპოვების ამა თუ იმ ეტაპზე ან/და ამა თუ იმ ღონისძიების ჩატარება მიენდოთ სხვა პირებისთვის და ამ გზით იურიდიული ძალა მიენიჭებინათ კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებებისთვის, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით განმტკიცებული გარანტიის ქმედითობას.“ ამის გარდა, მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის მე-4 პარაგრაფში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: ,, კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების აკრძალვით საქართველოს კონსტიტუცია მიზნად ისახავს ... მართლმსაჯულებისადმი მოსახლეობის და პროცესის მონაწილეების ნდობის და სისხლისსამართლებრივი დევნის მწარმოებელი ორგანოების პასუხისმგებლობის ამაღლებას.“ მოსახლეობას და პროცესის მონაწილე მხარეებს მართლმსაჯულების მიმართ დაეკარგება ნდობა, თუკი სამართალდამცავი ორგანოები, და მათ შორის სასამართლო, კანონიერ სახეს მისცემს კერძო პირის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შედეგეს - არაკონსტიტუციური საშუალებით მოპოვებულ მტკიცებულებას, მაშინ როდესაც თავად სასამართლოს კონსტიტუციის განუხრელი დაცვის ვალდებულება ეკისრება. მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში მიღებულ გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის დაგმობილი და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით აკრძალული კერძო პირის მიერ კონსტიტუციური უფლებების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების სახელმწიფოს მიერ გამოყენება. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 თვის 27-ე პარაგრაფში აღნიშნულია: ,,თუ კანონმდებლობა შექმნის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის გზით მოპოვებული ინფორმაციის სამართალწარმოებაში მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, ის წააქეზებს კერძო პირების მხრიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას და შექმნის მხარეების მიერ აღნიშნული შესაძლებლობით მანიპულირების საფრთხეს.” ამავე გადაწყვეტილების 29-ე პარაგრაფში ნათქვამია: ,,თუ კერძო პირების მიერ არაკანონიერი გზით მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებად დაშვება ბრალდებულის ფუნდამენტურ უფლებებს არსებით ზიანს მიაყენებს, ასეთი ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია.“ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებისათვის იურიდიული ძალის დაკარგვის წესი არ არის აბსოლუტური და შესაძლებელია გამონაკლის შემთხვევაში უტყუარი, მაგრამ არაკანონიერი მტკიცებულების კონსტიტუციურად ცნობა. ამის მიუხედავად, ეს გამონაკლისი ვერ გავრცელდება მტკიცებულებაზე, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევის ხარჯზე არის მოპოვებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადავო ნორმები იძლევა შესაძლებლობას დაირღვეს კონსტიტუციის მე-16 და მე-20 მუხლის მოთხოვნები, ამის მიუხედავად, სადავო ნორმები ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ ამ კონსტიტუციური დებულებების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება გადაეცეს საგამოძიებო ორგანოებს და ამის შემდეგ ეს მტკიცებულება დასაშვები იყოს სისხლის სამართლის პროცესში. სადავო ნორმაში არსებული ამგვარი შესაძლებლობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 33-ე პუნქტში აღნიშნულია: ,,როგორც აღინიშნა, კანონის დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადება, ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია, იწვევდეს უტყუარი მტკიცებულებების იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადებას. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, რიგ შემთხვევებში, დადგინდეს გამონაკლისები და კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს მიენიჭოს იურიდიული ძალა. მაგრამ აღნიშნული არ უნდა ახდენდეს პროცესის მონაწილეების ან/და მესამე პირების კონსტიტუციური უფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას.“ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადავო ნორმები ახდენენ კონსტიტუციით დაცული ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. ამგვარად სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, მე-20 მუხლის პირველ პუნქტს და 42-ე მუხლის მე-7 პუნქტს და უნდა მოხდეს მისი ძალადაკარგულად ცნობა იმ ნორმატიული შინაარსით, რაც ითვალისწინებს ამგვარი მტკიცებულების გამოყენებას სისხლის სამართლის პროცესში. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი