სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N656 |
ავტორ(ებ)ი | სს "სილქ როუდ ბანკი" დირექტორი ირაკლი კაკაბაძე |
თარიღი | 20 ივლისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები, რადგან კონსტიტუციური სარჩელი სრულად შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 და მე-16 მუხლების მოთხოვნებს, კერძოდ:
სს "სილქ როუდ ბანკი"-ის კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით.
კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილია სს "სილქ როუდ ბანკი"-ის რისკების მართვის დირექტორის ირაკლი კაკაბაძის მიერ (იხ. დანართი, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან)
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია მოსარჩელე სს "სილქ როუდ ბანკისა" და მოპასუხე საქართველოს პარლამენტის დასახელებები და მისამართები
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო სამართლებრივი აქტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კერძოდ, 1488-ე მუხლი, ასევე, აქტის მიმღების საქართველოს პარლამენტის დასახელება და მიღების დრო 26.06.1997 წ. და გამოქვეყნების დრო 24.07.1997 წ.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომლითაც დაცულია საკუთრების უფლება და რომელსაც არ შეესაბამება და არღვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი.
კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის მტკიცებულებები (იხ. დანართი)
კონსტიტუციურ სარჩელში ჩამოყალიბებულია სს "სილქ როუდ ბანკი"-ის მოთხოვნა არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებადამრთველი საკანონმდებლო აქტების შესაბამისი ნორმები, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული თანდართული საბუთების სრული ჩამონათვალი
მოსარჩელე არ ითხოვს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვას.
კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის სადავო სამართლებრივი აქტის - სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის ტექსტი.
კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის სს "სილქ როუდ ბანკის" ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რითაც დასტურდება, რომ ირაკლი კაკაბაძე არის ბანკის რისკების მართვის დირექტორი. სარჩელს ასევე ერთვის, უფელაბამოსილი წარმომადგენლების ლერი გულედანისა და ზვიად ბატიაშვილის უფლებამოსილების დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, რომელშიც აღნიშნული წარმომადგენელთა მისამართები.
კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. დანართი)
კონსტიტუციურ სარჩელს ერთვის CD დისკი, რომელზეც ჩაწერილია ამ სარჩელის ელექტრონული ვერსია
კონსტიტუციური სარჩელი და მასზე დართული ყველა საბუთი შედგენილია ქართულ ენაზე.
კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ, კერძოდ, სს "სილქ როუდ ბანკი"-ის მიერ, რომელსაც აღნიშნულ უფლებამოსილებას ანიჭებს შემდეგი სამართლებრივი ნორმები: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
ამასთან, მოგახსენებთ, რომ სადავო ნორმით უშუალოდ და პირდაპირ ირღვევა სს "სილქ როუდ ბანკი"-ის უფლებები, კერძოდ, 2014 წლის 24 მარტს გარდაიცვალა სს "სილქ როუდ ბანკი"-ის მოვალე, რის შესახებაც ბანკისათვის ცნობილი გახდა 2014 წლის 07 აპრილს, გარდაცვლილის დის მიერ გაკეთებული განცხადების შედეგად. გარდაცვლილის და ასევე წარმოადგენს ბანკის მოვალეს, რომლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იპოთეკით დატვირთულია სს "სილქ როუდ ბანკი"-ის სასარგებლოდ გარდაცვლილი მოვალის სესხის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად "მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად". საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, „სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად“, ხოლო ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, „სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.“ შესაბამისად, აღნიშნული მუხლების ანალიზით დგინდება, რომ შესაძლებელია პირის გარდაცვალებით გაიხსნას სამკვიდრო და ეს კრედიტორისათვის იმავე დღეს გახდეს ცნობილი, მაგრამ 6 თვის განმავლობაში კიდევ არ იყოს ცნობილი ზუსტი მემკვიდრეების შესახებ. ამდენად, გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში შეუძლებელია გარდაცვლილი პირის ზუსტი მემკვიდრის დადგენა და მისთვის მოთხოვნის წაყენება, როგორც ამას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი მოითხოვს. სწორედ აქედან გამომდინარე, სს „სილქ როუდ ბანკმა“ 19.06.2014 წელს # 4/37559 მოთხოვნის წერილი გააგზავანა გარდაცვლილის საცხოვრებელ მისამართზე, იმ მიზნით, რომ იგი ჩაბარდებოდა ერთ-ერთ მემკვიდრეს და მემკვიდრისათვის ცნობილი იქნებოდა მამკვიდრებლის ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული მოთხოვნის წერილი ჩაბარდა გარდაცვლილის დას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად ითვლება კანონისმიერ მემკვიდრედ. სწორედ იმის გამო, რომ 6 თვის ვადაში მაინც შეუძლებელია ზუსტად განისაზღვროს მემკვიდრის ვინაობა, მოგვიანებით გაირკვა, რომ სამკვიდრო გარდაცვლილის დას არ მიუღია. მას შემდეგ რაც ბანკისათვის ცნობილი გახდა სამკვიდროს მიმღები ზუსტი ადრესატი ბანკმა ნამდვილ მემკვიდრეს წრუდგინა მოთხოვნა ზეპირი და შემდეგ წერილობითი ფორმით. თუმცა მოპასუხე არბიტრაჟში მიმდინარე დავის ფარგლებში მიუთითებს 1488-ე მუხლზე და აცხადებს, რომ კრედიტორის მოთხოვნა წარდგენილი უნდა ყოფილიყო სამკვიდროს გახსნიდან ანუ პირის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში იმ მემკვიდრის მიმართ რომელმაც მიიღოს სამკვიდრო. შესაბამისად, არსებობს ალბათობის საკმაოდ მაღალი შესაძლებლობა, რომ დავის განმხილველმა ორგანომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განმარტოს სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით და მიიჩნიოს, რომ კრედიტორს მოთხოვნა მემკვიდრესათვის უნდა წარედგინა სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 6 თვის განმავლობაში, რაც სს "სილქ როუდ ბანკი"-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდება. შესაბამისად, სსკ-ს 1488-ე მუხლის რეგულირება წარმოადგენს სს "სილქ როუდ ბანკისათვის" საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას და არღვევს მას, რითაც მოსარჩელეს კონკრეტული მატერიალური ზიანი ადგება. მოგახსენებთ, რომ არბიტრაჟში მიმდინარე დავის ფარგლებში მოპასუხე მხარე სწორედ საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლზე უთითებს (იხ. დანართი, შესაგებელი). განგიმარტავთ, რომ საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები გაფორმებულია სს "ბითიეი ბანკის" სახელით, რომელმაც 2014 წლის 03 დეკემბერს შეიცვალა სახელი და ამჟამად რეგისტრირებულია, როგორც სს "სილქ როუდ ბანკი" (იხ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და სს "ბითიეი ბანკის" საერთო კრების ოქმის ასლი სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით)
ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სრულად ერთვის სარჩელს (იხ. დანართი)
დამატებით, განვმარტავთ, რომ სს "სილქ როუდ ბანკი" წარმოადგენს კომერციულ ბანკს, რომლის მთავრი საქმიანობის სფერო სწორედ კრედიტების გაცემაა. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ გარდაიცვალოს არაერთი მსესხებელი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირების შედეგად ბანკმა დაკარგოს საკუთრების უფლება მოთხოვნაზე.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მოქმედების გამო ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება, რაც სს "სილქ როუდ ბანკს" ამჟამად აყენებს ზიანს და ამავე დროს არსებობს ალბათობის მაღალი შესაძლებლობა, რომ სადავო ნორმის მოქმედების შედეგად მოსარჩელემ მომავალში კვლავ განიცადოს ზიანი და დაკარგოს საკუთრების უფლება მოთხოვნაზე.
საკონსტიტუციო სასამართლო არის განსჯადი გადაწყვიტოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი.
კონსტიტუციური სარჩელით სადავოა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. აღნიშნულ საკითხზე არ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორს მიაჩნია, რომ დარღვეულია მისი საკუთრების უფლება, კერძოდ, იგი სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. უდავოა, რომ საკუთრების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუცია.
სადავო ნორმატიული აქტია საქართველოს კანონი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი. საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს არც ერთი უფრო იერარქიულად მაღლა მდგომი ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით განსაზღვრულ ფაბულას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად არმიღების საფუძვლები. შესაბამისად, სს "სილქ როუდ ბანკის" კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გთხოვთ, არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად ცნოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტთან მიმართებით შემდეგ გარემოებათა გამო:
იმისათვის, რომ დავადგინოთ არღვევს თუ არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს აუცილებელია განვმარტოთ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სფერო, შემდგომ უნდა დადგინდეს განხორციელდა თუ არა ჩარევა დაცულ სფეროში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით და ბოლოს გამართლებულია თუ არა ჩარევა.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად:
„1. საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. 2. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. 3. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.“
I. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული სფერო
საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა.
„ადამიანის ღირსება და მისი პიროვნული თავისუფლება, ძირითადად ბუნებით უფლებებში გამოიხატება. ეს უფლებები იმით გამოირჩევიან, რომ წარმოადგენენ ადამიანის თანდაყოლილ და არა ნაწარმოებ უფლებებს. ადამიანი იბადება ამ უფლებებით, რაც საფუძველშივე ავალდებულებს სახელმწიფოს, ადეკვატურად უზრუნველყოს ყოველი ადამიანის პიროვნული თავისუფლების სრული თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. იმავდროულად, ეს გარემოება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სახელმწიფოს უფრო მეტ სიფრთხილეს და ზომიერებას უფლებაში შესაძლო ჩარევისა და რეგულირების ფარგლების დადგენისას. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმოების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტის პირველი და მეორე აბზაცი.)
„... კერძო საკუთრება, როგორც ინსტიტუტი, საბაზრო ეკონომიკის ბირთვს წარმოადგენს. შესაბამისად, ის არის არა მხოლოდ მესაკუთრეებს შორის ეკონომიკური კონკურენციის, არამედ ასევე დემოკრატიული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაცული, გარანტირებული კერძო ინტერესი უზრუნველყოფს საჯარო ინტერესების დაკმაყოფილებასაც. ბუნებრივია, რაც უფრო მყარია საკუთრების უფლების სამართლებრივი გარანტიები, მით თავისუფალი და თამამია კერძოსამართლებრივი ურთიერთობები, შესაბამისად, უფრო რეალურად მიღწევადია დასახელებული საჯარო ინტერესებიც. იმავდროულად, კონკრეტული კერძო ინტერესების დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დაცულ საჯარო ინტერესებზე. საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. კერძოდ კი: ა) მისი ძირითადი პრინციპები, რომლებიც განსაზღვრავენ სახელმწიფოს განვითარების მიმართულებებს და ხელისუფლების ადამიანთან შესაძლო ურთიერთობის შინაარს. ეს პრინციპებია: დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლეაბა, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ხელისუფლების ადამიანთან ურთიერთობის შინაარსის განმსაზღვრელი ნორმა-პრინციპი მოცემულია ასევე კონსტიტუციის მე-7 მუხლში, რომლის თანახმადაც: „სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოვეთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალაქიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", სამოტივაციო ნაწილის მე-5 და მე-6 პუნქტები.)
„საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებიდან და ნორმებიდან გამომდინარე, საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის 21 ივლისის #1/51 გადაწყვეტილება საქმეზე ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება)
სახელმწიფოს ვალდებულება, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე, არის როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური. სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრების უფლების დაცვა და მიმდინარე კანონმდებლობაში გაითვალისწინოს ისეთი ნორმები, რომლებიც არ დაარღვევენ საკუთრების უფელებას.
„იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას...“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება #3/1/512 საქმეზე "დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის 33-ე პუნქტი.)
„ ... უნდა ითქვას, რომ მეწარმეობის თავისუფლება არ არსებობს თავისუფალი და გარანტირებული საკუთრების უფლების გარეშე. იმდენად მჭიდროა მათი კავშირურთიერთობა, რომ ერთი სამართლებრივი სიკეთის ყოფიერებას განსაზღვრავს მეორე სიკეთე, საკუთრების თავისუფლებაში ასოცირდება მეწარმეობის თავისუფლება. ეტყობა ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს ცალკე ნორმას მეწარმეობის თავისუფლების შესახებ და მას იქ მოიაზრებენ, სადაც საკუთრების უფლების გარანტიებზეა საუბარი. მართლაც მეწარმეობა საკუთრების თავისუფლების გამოვლენის, მისი შინაარსის დემონსტრირების საუკეთესო ფორმაა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საკუთრებაში ვლინდება ადამიანი, როგორც მეწარმე სუბიექტი. ქართულ სინამდვილეში სწორედ რომ ახალი საკუთრებითი წესრიგის ჩამოყალიბებამ გახადა შესაძლებელი, გზა გახსნოდა მეწარმეობის თავისუფლებას, შესაფერისი სამეწარმეო წესრიგის დამკვიდრებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის დაცვის სუბიექტია კერძო პირთა საკუთრება, როგორი ფუნქციური დატვირთვაც არ უნდა ჰქონდეს მას, სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად იქნება გამოყენებული თუ არასამეწარმეო მიზნებისათვის. საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე: "შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგიტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამნისტროს წინააღმდეგ“ სამოტივაციო ნაწილის 23-ე პუნქტი)
„.. საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა უცხოა ტოტალიტარული სახელმწიფოსათვის, ხოლო დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ - მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის #2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის მე-6 პუნქტი.)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს რეალურ და არა ილუზორულ უფლებას, რაც გულისხმობს უფლების არა მხოლოდ ნომინალურ დეკლარაციას, არამედ მისი შესაძლო აღსრულების შესაძლებლობას, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მიღებით გამოწვეული სინამდვილე აკნინებს სამოქალაქო ბრუნვის იმ ფუძემდებლურ პრინციპს, რომლის თანახმადაც ვალდებულება უნდა შესრულდეს. შესრულებას აზრი დაეკარგებოდა, თუკი არ იქნებოდა გარანტირებული მისი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის იძულებითი რეალიზაცია. მიუღებელია ისეთი მდგომარების შექმნა, როცა უფლება ფორმალურად აღიარებულია, მაგრამ გაუმართლებლადაა გართულებული მისი რეალიზაცია - მით უმეტეს, როცა საქმე შეეხება სასამართლოს მიერ აღიარებულ უფლებას. დაუშვებელია, როდესაც უფლება აღიარებულიცაა და იმავდროულად უარყოფილიც. ფუნდამენტური უფლებებისადმი ასეთი დამოკიდებულება აბრკოლებს სამოქალაქო ბრუნვას, რაშიც თავის სერიოზულ გამოვლინებას პოულობს საკუთრების კონსტიტუციით აღიარებული უფლება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის #1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე "სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" მე-4 პუნქტი)
„დაუშვებელია საკუთრების შინაარსის ისეთი რეგულირება, რომელიც დააზიანებს უფლების არსს და საფუძველს გამოაცლის უფლების არსებობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება #1/1/543 საქმეზე "შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".)
„უმთავრესი კონსტიტუციური ღირებულების, ადამიანის ღირსების პატივისცემა მისი სოციალური და ეკონომიკური კონტექსტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საკუთრების უფლების სრულფასოვან რეალიზებაზე. საკუთრება წარმოადგენს ადამიანის პირადი დამოუკიდებლობის, პიროვნული განვითარების ერთ-ერთ წყაროს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 38-ე პუნქტი)
„სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს საკუთრების უფლება, მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი წესრიგის მათ შორის კერძოსამართლებრივი წესრიგის შექმნას. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების კანონმდებელი ისევეა შებოჭილი კონსტიტუციის ნორმებითა და პრინციპებით, როგორც საჯაროსამართლებრივი ნორმების დადგენისას. აქედან გამომინარე, მოსაზრება, რომ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ ნორმაზე .. არ ვრცელდება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოქმედება და შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის შეფასება, მცდარია. ასეთი მიდგომა, კონსტიტუციური კონტროლის სფეროდან გამოიყვანდა სამართლის ნორმების დიდ ნაწილს და ამ სფეროში თვითნებობისათვის ნოყიერ ნიადაგს შექმნიდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება #2/1-370,382,390,402,405 საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის მე-7 პუნქტი)
საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე მოთხოვნის უფლებებზეც. (საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება #1/14/184,228, საქმეზე "სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ")
ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება, რომელიც ვრცელდება ასევე მოთხოვნის უფლებაზე. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრების უფლების მოქმედება მხოლოდ პირსა და სახელმწიფოს ურთიერთობის რეგულირებით არ შემოიფარგლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლის გარანტიები ასევე ვრცელდება კერძო სამართლის პირთა შორის ურთიერთობებზეც. საკონსტიტუციო სასამართლომ თავის პრაქტიკაში საკუთრების უფლება ბუნებით უფლებად აღიარა. იგი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს მის ფუნდამენტურ მნიშვნელობას და აღიარებს მას როგორც არსებობის ელემენტარულ საფუძველს.
საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია სს "სილქ როუდ ბანკის" საკუთრების უფლება.
II. ჩარევა დაცულ სფეროში
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ საკუთრების უფლებაში ჩარევა, კერძოდ, ნორმის რეგულირება, იწვევს საკუთრების უფლების დაკარგვას.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად: „1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.“
ნორმის ფორმულირებიდან ნათელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორმა არ დაიცვა ექვსთვიანი საპრეტენზიო ვადა, იგი დაკარგავს საკუთრების უფლებას მოთხოვნაზე. შესაბამისად, სახეზეა ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში.
III. დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება
ჩარევა კონსტიტუციურ-სამართლებრივად გაუმართლებალია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკუთრების უფლებაში ჩარევა გამართლებულია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვებში. წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის მიზნებისთვის მხოლოდ კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტია რელევანტური. შესაბამისად, განვიხილოთ 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზღვარი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრქტიკის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს იხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველს, სასამართლო განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევაში, თუ რამდენად არსებობს ლეგიტიმური მიზანი და იყო თუ არა მიზანი საზოგადოებრივად აუცილებლად საჭირო, ხოლო ამის შემდგომ კონკრეტული კანონის შეფასება ხდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით.
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირების ლეგიტიმური მიზანი
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია არსებობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირების მიზანი და ეს მიზანი იყოს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა.
ბ. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება
მოსარჩელე მხარეს ასევე მიაჩნია, რომ ზოგადად სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა წარმოადგენს საზოგადოებრივად აუცილებელ საჭიროებას, თუმცა რამდენად მიიღწევა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირებით სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა, ცალკე საკითხია.
გ. თანაზომიერების პრინციპი
„თანაზომიერების პრინციპი ... უზრუნველყოფს თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის ერთგვარ გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ადამიანის უფლებების იმაზე მეტად შეზღუდვას, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. თანაზომიერების პრინციპი ადამიანის უფლებათა შეზღუდვის მართლზომიერების შეფასების კონსტიტუციური კრიტერიუმია. ზუსტად ამიტომ მას კონსტიტუციური კონტროლისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონზომიერია იმის მოლოდინი, რომ კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთმიმართება სამართლიანი იქნება. რაც უფრო მეტად ერევა ხელისუფლება ადამინის თავისუფლებაში, მით მაღალია მოთხოვნები ჩარევის გამართლებისათვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 02 ივლისი #1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის მე-19 პუნქტი)
საკონსტიტუციო სასამართლო თანაზომიერების შეფასებისას მხედველობაში იღებს სამ კრიტერიუმს:
1. შეზღუდვის დასაშვებობა (მიზნის მისაღწევად გამოსადეგი საშუალება)
ამ შემთხვევაში სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საკანონმდებლო რეგულირებასა და კანონიერ მიზანს შორის. ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/515 გადაწყვეტილება, II. პ. 63)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით იზღუდება საკუთრების უფლება. საკითხავია დასაშვებია თუ არა საკუთრების უფლების შეზღუდვა და გამოსადეგია თუ არა მიზნის მისაღწევად ექვსთვიანი საპრეტენზიო ვადის დაწესება კრედიტორებისათვის და აღნიშნული ვადის დაუცველობით (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო) მოთხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირების შექმნისას, სავარაუდოდ, კანონმდებელი მოქმედებდა სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ნორმის რეგულირება არ შეესაბამება მიზანს და უფრო მეტიც, ეწინააღმდეგება მას შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად: „1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.“ ნორმა საკმაოდ ბუნდოვანი და გაუგებარია, რადგან კრედიტორები ვალდებულნი არიან სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან ექვსი თვის ვადაში წარუდგინონ მოთხოვნები მემკვიდრეებს, რაც შეიძლება მთელ რიგ შემთხვევებში შეუძლებელი იყოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, „სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად“, ხოლო ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, „სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.“ შესაბამისად, აღნიშნული მუხლების ანალიზით დგინდება, რომ შესაძლებელია პირის გარდაცვალებით გაიხსნას სამკვიდრო და ეს კრედიტორისათვის იმავე დღეს გახდეს ცნობილი, მაგრამ 6 თვის განმავლობაში კიდევ არ იყვნენ ცნობილები მემკვიდრეები.
გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ 1967 წლის 12 იანვრის განჩინებით საქმეზე # 1BvR 169/63 განმარტა, რომ "განუსაზღვრელი სამართლებრივი ცნებების ზოგადი დასაშვებობა კანონმდებელს არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან, რომლის მიხედვითაც, ნორმა უნდა ჩამოაყალიბოს ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს ნორმის სიცხადისა და სასამართლოს მიერ მისი განსჯადობის (Justiziabilität - გერმანული სამართლის მიხედვით, ნორმა იმდენად ნათლად უნდა განსაზღვრავდეს თავისი მოწესრიგების სფეროს, რომ შესაძლებელი იყოს სასამართლოს მიერ მისი გამოყენება) პრინციპს. მისი წინაპირობები და შინაარსი ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ პირები, რომლებსაც იგი ეხება, ჩასწვდნენ სამართლებრივ მდგომარეობას და და შეძლონ თავიანთი ქმედებების შესაბამისი განსაზღვრა." (გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1967 წლის 12 იანვრის განჩინება საქმეზე # 1BvR 196/63) სწორედ აღნიშნულ კონსტიტუციურ პრინციპს არ შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.“ შესაბამისად, არსებობს დიდი ალბათობა, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღოს ფაქტობრივი ფლობით და არა სანოტარო ორგანოში განაცხადის წარდგენით. ფაქტობრივი ფლობით მიღების შემთხვევაში კი შესაძლებელია კრედიტორმა ვერც კი დაადგინოს მემკვიდრის ვინაობა. ამდენად, გაუგებარია როგორ უნდა წარუდგინოს მოთხოვნა მემკვიდრეს. გარდა აღნიშნულისა მემკვიდრეობითი სამართლის მთელ რიგ ნორმებთან ლოგიკურ წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1425-ე მუხლის თანახმად, „თუ სამკვიდროს მიღების უფლება იმ შემთხვევაში წარმოიშობა, როცა სხვა მემკვიდრეები სამკვიდროს არ მიიღებენ, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის დარჩენილი დროის განმავლობაში, ხოლო, თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, - გაგრძელებულ იქნეს სამ თვემდე.“ სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.“
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა თავის არსით არ წარმოადგენს სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას, არამედ წარმოადგენს საპრეტენზიო ვადას, რომლის დაუცველობაც იწვევს მოთხოვნის უფლების დაკარგვას. სწორედ ასე განმარტავს ამ ნორმას სასამართლო პრაქტიკაც: "სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს არა სარჩელის სასამართლოში წარდგენის ხანდაზმულობას, არამედ კრედიტორის მიერ მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადას. კრედიტორს შეუძლია მემკვიდრისაგან უარის მიღების შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს, მისი უფლება ჩაითვლება დარღვეულად მემკვიდრისაგან უარის მიღების მომენტიდან და ამ დროიდან იწყება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ათვლა" (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 დეკემბრის #ას-952-990-2011 განჩინება)
ზოგადად ვადების მიზნები, რომელთა დაუცველობაც იწვევს მოთხოვნის უფლების დაკარგვას მსგავსია სასარჩელო ხანდაზმულობის, რადგან სამართლებრივი შედეგი საბოლოოდ მსგავსი დგება და ამ ვადების არსებობის მიზნებს ყოველთვის წარმოადგენს მტკიცებითი სამართლის სფეროში გაუმართლებელი სირთულეების თავიდან აცილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირება კი ამ მიზანსაც ეწინააღმდეგება. კერძოდ, არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ კრედიტორმა პირის გარდაცვალების შესახებ შეიტყოს გარდაცვალებიდან 1 წლის შემდგომ, ამ ფაქტიდან 6 თვის ვადაში წარადგინოს მოთხოვნა მემკვიდრეებთან, ხოლო მემკვიდრეებისაგან უარის შემდგომ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის ბოლო დღეს შეიტანოს სარჩელი სასამართლოში. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის რეალური ვადა გამოვა 4 წელი და 6 თვე, ნაცვლად სამი წლისა. ამდენად, ნათელია რომ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირება გამოუსადეგარია და ვერ აღწევს იმ მთავარ მიზანს, რასაც ზოგადად ხანდაზმულობის ინსტიტუტი ისახავს და რაც მტკიცებითი სამართლის სფეროში გაუმართლებელი სირთულეების თავიდან აცილებას ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი მხოლოდ გაუმართლებელ სირთულეებს ქმნის კრედიტორებისათვის დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნა და ამდენად, მისი რეგულირება სამოქალაქო ბრუნვის არასტაბილურობის გამომწვევია თავისივე მიზნის საწინააღმდეგოდ.
შესაბამისად, არ არსებობს ლოგიკური კავშირი საკანონმდებლო რეგულირებასა და კანონიერ მიზანს შორის და ამდენად, მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება არის გამოუსადეგარი და შეზღუდვა გაუმართლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს და იგი ცნობილ უნდა იყოს არაკონსტიტუციურად.
მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნოს, თუმცა ჰიპოთეტურად მივიჩნიოთ, რომ შეზღუდვა გამართლებულია და გავაგრძელოთ თანაზომიერების პრინციპის სხვა საკითხების შემოწმება.
2. შეზღუდვის აუცილებლობა
შეზღუდვის აუცილებლობის შეფასებისას სასამართლო ამოწმებს იმას, თუ რამდენად აუცილებელია სადავოდ გამხდარი ღონისძიების შინაარსი შესაბამისი კანონიერი მიზნების მისაღწევად. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის #1/14/184,228 გადაწყვეტილება, პ.3)
წინა პუნქტში წარმოდგენილი მოსაზრებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ არ არსებობს შეზღუდვის აუცილებლობა. მიუხედავად, ამისა მაინც განვიხილოთ კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობა, რადგან თუნდაც მივიჩნიოთ, რომ წინა პუნქტების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია სადავო ნორმით, არაა დაცული კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობა.
3. კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობა
„კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების, შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებულია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლებების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 60-ე პუნქტი)
„საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისათვის საჭიროა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებული შეზღუდვის წესის კანონით რეგლამენტირება. სწორედ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას. ამასთანავე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა საჯარო ინტერესის შემადგენელი კომპონენტები თითოეულ შემთხვევაში ნათლად და მკაფიოდ უნდა ჩამოაყალიბოს. მხოლოდ ამგვარი მიდგომის შედეგად არის შესაძლებელი ჩარევის თანაზომიერების დაცვა. დაუშვებელი უფლების უფრო მეტად შეზღუდვა, ვიდრე ამას თითოეულ, ცალკე აღებულ შემთხვევაში მოითხოვს საჯარო ინტერესი.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის 58-ე პუნქტი.)
საქმეზე ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ „.. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასვე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობით, შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე "ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის 21-ე პუნქტი.)
„ზემოაღნიშნული რისკები, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა მეტი საფრთხის მატარებელი აღმოჩნდეს მოპასუხე მხარისთვის. ხანგრძლივი დროის შემდეგ დავის განახლება მათ ავტომატურად აყენებს საჭიროების წინაშე, ხელახლა მოიძიონ მტკიცებულებები, რომლებიც მათი პოზიციის მართებულობას დაადასტურებდა, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა რთული ან შეუძლებელიც იყოს – მტკიცებულებები შესაძლოა ბუნებრივად აღარ არსებობდეს ან არასათანადო იყოს. შედეგად, მოპასუხემ შესაძლოა საკუთარი ინტერესი ვერ დაიცვას უტყუარი მტკიცებულებების არარსებობის გამო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ერთ-ერთი მიზანია მხარის ინტერესების დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის მიზეზით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე "ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის 22-ე პუნქტი.)
"ერთი მხრივ, კანონმდებელი არ უნდა აწესებდეს ხანდაზმულობის გაუმართლებლად ხანგრძლივ ვადას, რაც შემდეგ შექმნის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი გარიგება გახდეს სადავო და კეთილსინდისიერმა კონტრაგენტმაც კი ვერ შეძლოს თავის დაცვა. მეორე მხრივ, ის არ უნდა იყოს არაგონივრული, აშკარად მცირე, არ უნდა გამორიცხავდეს დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას." (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის # 1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე "შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის 41-ე პუნქტი)
„...ხანდაზმულობის ვადა დაარღვევდა ინტერესთა შორის სამართლიან ბალანსს დაინტერესებული პირების საზიანოდ, თუ ის იმდენად აშკარად, არაგონივრულად მცირე, ხანმოკლე იქნებოდა, რომ ობიექტურად არასაკმარისი აღმოჩნდებოდა უფლების გამოყენებისა და დაცვისადმი კეთილსინდისიერად განწყობილი პირებისათვის, რითაც მათ არათანაზომადად უფრო მძიმე ტვირთს დააკისრებდა...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე "ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის 34-ე პუნქტი.)
„....5 წელი შეიძლება ჩაითვალოს მინიმალურ, თუმცა ობიექტურად საკმარის, გონივრულ, განჭვრეტად ვადად დაინტერესებული პირებისთვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესაძლებლობის გამოყენებისთვის და, შესაბამისად, ინტერესთა შორის ბალანსის შენარჩუნებისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე "ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" სამოტივაციო ნაწილის 34-ე პუნქტი.)
„...საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ერთი მხრივ, არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნების მიღწევის თანაზომიერ საშუალებას, არ ადგენს რა სამართლიან ბალანსს და, ამგვარად, არაპროპორციულია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები და ლეგიტიმურ მიზნად განიხილება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ინტერესები. ხოლო, მეორე მხრივ, როდესაც სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, არ არსებობს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, რომლითაც გამართლებული იქნებოდა საკუთრების უფლების შეზღუდვა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა - „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.“ ( საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის # 1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე "შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" 63-ე პუნქტი)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ექვსთვიანი საპრეტენზიო ვადა შეუსაბამოდ მცირეა და შესაბამისად ირღვევა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობა. აღნიშნულის თქმის საფუძველს მით უფრო იძლევა ის ფაქტი, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით ექვსთვიანი საპრეტენზიო ვადა გამოითვლება კრედიტორის ინფორმირების მომენტიდან სამკვიდროს გახსნის თაობაზე. შესაბამისად, შესაძლებელია ექვსი თვის ვადაში მემკვიდრეები არც კი იყვენენ ცნობილნი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმის მოთხოვნათა დაცვას.
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის რეგულირებას შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეს მიზანი წარმოადგენდეს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, თუმცა დაცული არ არის თანაზომიერების პრინციპი. არ არსებობს ლეგიტიმურ მიზანსა და მიზნის მისაღწევად გამოყენებულ საშუალებას შორის ლოგიკური კავშირი, ირღვევა ასევე კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პროპორციულობა. სადავო ნორმა არ შეესაბამება ნორმის სიცხადისა და სასამართლოს მიერ მისი განსჯადობის კონსტიტუციურ პრინციპებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს და შესაბამისად, ცნობილ უნდა იყოს არაკონსტიტუციურად. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა