სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/2/656 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 21 ივლისი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 21 ივლისი 2017 20:24 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენლები - ლერი გულედანი და ზვიად ბატიაშვილი, მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი - თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №656) მომართა სს “სილქ როუდ ბანკმა”. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2015 წლის 21 ივლისს. №656 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 3 თებერვალს. 2016 წლის 3 აგვისტოს №2/4/656საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული. საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 15 დეკემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საკუთრებისა და მემკვიდრეობის საყოველთაო უფლებას და ხელშეუვალ უფლებებად აცხადებს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
5. №656 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 24 მარტს გარდაიცვალა სს“სილქ როუდ ბანკის” მოვალე, რის შესახებაც კრედიტორმა შეიტყო 2014 წლის 7 აპრილს. მოსარჩელემ 2014 წლის 19 ივნისს მამკვიდრებლის სასესხო ვალდებულების შესახებ მემკვიდრის ინფორმირების მიზნით, გაგზავნა მოთხოვნის წერილი გარდაცვლილის საცხოვრებელ მისამართზე, რაც გარდაცვლილის დას ჩაბარდა. მოსარჩელის განცხადებით, მოგვიანებით დადგინდა, რომ სამკვიდრო გარდაცვლილის დას არ მიუღია. იმ დროს, როდესაც კრედიტორმა თავისი მოთხოვნის შესახებ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს აუწყა, უკვე გასული იყო სადავო ნორმით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა.
6. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვასიტყვითი განმარტების მიხედვით, მოთხოვნა კრედიტორმა უნდა წარუდგინოს საბოლოო მემკვიდრეს, ხოლო თუ კრედიტორი არ დაიცავს მოთხოვნის ხანდაზმულობის 6 თვიან ვადას (სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო), იგი დაკარგავს მოთხოვნის უფლებას. მხარის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლით დადგენილ 6 თვიან ვადაში, რიგ შემთხვევებში, კრედიტორის მიერ მემკვიდრეებისთვის მოთხოვნის წარდგენა ვერ ხდება, რადგან შესაძლებელია პირის გარდაცვალებით გაიხსნას სამკვიდრო და ეს კრედიტორისთვის იმავე დღეს გახდეს ცნობილი, თუმცა 6 თვის განმავლობაში ჯერ კიდევ არ იყოს გამორკვეული მემკვიდრეთა ვინაობა.
7. მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელობით მიღების შემთხვევაში, შესაძლოა კრედიტორისათვის ამგვარ მემკვიდრეთა ვინაობა იყოს უცნობი. შესაბამისად, მისთვის შეუძლებელია დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას მოთხოვნა.
8. მოსარჩელემ განაცხადა, რომ უმკვიდრო ქონების სახელმწიფოს მიერ მიღების მექანიზმი არ არის მისი პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა, რამდენადაც მემკვიდრეს უფლება აქვს ფაქტობრივი ფლობით მიიღოს სამკვიდრო ქონება და 6 თვის გასვლის შემდეგ მიმართოს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით. ამასთან, კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, სასამართლომ მემკვიდრეს აღუდგინოს სამკვიდროს მიღების ვადა ან გაუგრძელოს იგი. ასეთი შესაძლებლობები განაპირობებს სახელმწიფოს მიერ უმკვიდრო ქონების მიღების პროცესის შეფერხებას და კრედიტორის ინტერესების შელახვას. იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრე სამკვიდრო ქონებას იღებს 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, კრედიტორი კარგავს ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ მას წარუდგინოს მოთხოვნა.
9. მოსარჩელის აზრით, პრობლემას ასევე წარმოადგენს ნორმის ბუნდოვანება. კერძოდ, კრედიტორისათვის მკაფიოდ არ არის განსაზღვრული საპრეტენზიო ვადის დაწყების მომენტი და მისი წინაპირობები. მოსარჩელის პოზიციით, შესაძლებელია არსებობდეს სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა სადავო ნორმის სხვაგვარად განმარტების თაობაზე, თუმცა კრედიტორის სასამართლო პრაქტიკის ცვლილების ნეგატიური შედეგისაგან დაცვის მიზნით, უნდა არსებობდეს მკაფიო საკანონმდებლო რეგულაცია.
10. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველ ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი - სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეს მიზანი წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საჭიროებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის თანაზომიერების პრინციპი. პრობლემას წარმოადგენს ვადის გამოთვლა სამკვიდროს გახსნის თაობაზე კრედიტორის ინფორმირების მომენტიდან. 6 თვიანი ვადის ათვლის დაწყება მიბმული უნდა იყოს ორ კუმულაციურ წინაპირობასთან: 1) სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან და 2) იმ მემკვიდრის დადგენასთან, რომელმაც მიიღო სამკვიდრო.
11. ამასთან, მისი მოსაზრებით, კრედიტორისთვის ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული შესაბამისი მოვალის მიმართ მოთხოვნის წარდგენის ვადა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო პრაქტიკაში დამკვიდრებული მოთხოვნის წარდგენის ვადად განისაზღვრება გონივრული ვადა, ის ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. სადავო ნორმით ვერ ხდება ლეგიტიმური მიზნის მიღწევა და, ამასთანავე, არ არის დაცული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის, რის გამოც ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
12. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
13. მოპასუხე მხარის განცხადებით, სადავო ნორმების მიზანია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნება, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების კონკრეტულ სამართლებრივ წესრიგში მოქცევა და ურთიერთობის მონაწილე მხარეთა შეპირისპირებული ინტერესების დაბალანსება. ნებისმიერი ვადა, რომელიც დროში ზღუდავს ქონებრივი უფლების განხორციელებას, ახდენს 21-ე მუხლით გათვალისწინებულ საკუთრების უფლების შეზღუდვას, თუმცა ეს არ გულისხმობს მისი მოთხოვნების უპირობო დარღვევას. სადავო ნორმით განსაზღვრული დრო (6 თვე) წარმოადგენს სწორედ იმ გონივრულ ვადას, როდესაც კრედიტორს შეუძლია, გამოიყენოს ყველა საშუალება მემკვიდრეებისთვის მოთხოვნის წარსადგენად.
14. მოპასუხის განმარტებით, სადავო ნორმათა განხილვა უნდა მოხდეს სისტემურად, სხვა ნორმებთან მიმართებით. სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, კონკრეტულად არის განსაზღვრული სამკვიდროს გახსნის დრო და იგი დაკავშირებულია პირის გარდაცვალებასთან ან მისი გარდაცვლილად გამოცხადების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან. ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლი ადგენს მემკვიდრეების ვალდებულებას, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ. ერთი მხრივ, მემკვიდრეს ეკისრება ვალდებულება, შეატყობინოს კრედიტორს სამკვიდროს გახსნის შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორს ეძლევა შესაბამისი ვადა, რათა წარადგინოს საკუთარი მოთხოვნები.
15. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს პირდაპირი საკანონმდებლო რეგულირება საკითხისა, როდესაც კრედიტორი საპრეტენზიო ვადის გასვლის შემდეგ გაიგებს მემკვიდრის ვინაობას, აღნიშნული პრობლემა გადაწყვეტილია უზენაესი სასამართლო პრაქტიკით და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №ას-303-285-2014 განჩინებაზე. მითითებულ საქმეში აღნიშნულია, რომ, როდესაც კრედიტორი სამკვიდროს გახსნიდან პრეტენზიის წარდგენისათვის დადგენილი 6 თვის შემდეგ გაიგებს მემკვიდრის ვინაობას, მას ეძლევა გონივრული ვადა საკუთარი მოთხოვნის წარსადგენად. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორისათვის ობიექტურად ცნობილი არ იყო, თუ ვინ მიიღო სამკვიდრო (მაგალითად, სამკვიდროს მიღება მოხდა ფაქტობრივი ფლობით ან მემკვიდრემ სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადის ბოლო დღეს მიმართა ნოტარიუსს), მას ეძლევა გონივრული ვადა მოთხოვნის მემკვიდრისათვის წარსადგენად. გონივრული ვადის ათვლა კი იწყება საბოლოო მემკვიდრის შესახებ ინფორმაციის მიღების მომენტიდან.
16. მოპასუხეს მიაჩნია, რომ, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შინაარსი და სასამართლოს პრაქტიკა იძლევა გონივრული ბალანსის დაცვის შესაძლებლობას კრედიტორისა და მემკვიდრის ინტერესებს შორის, სადავო ნორმები შეესაბამება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნებს და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ერთი მხრივ, წარმოადგენს კერძო საკუთრების ინსტიტუტის კონსტიტუციურსამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, განამტკიცებს ძირითად უფლებას. საკუთრების ძირითადი უფლების დაცვა წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
2. ამავე დროს, საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება ეკონომიკური თავისუფლება და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმისათვის, რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძოსამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას. საკუთრების კონსტიტუციურსამართლებრივი გარანტია მოიცავს ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს საკუთრებითი უფლების პრაქტიკულ რეალიზებას და შესაძლებელს გახდის საკუთრების შეძენის გზით ქონების დაგროვებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად“. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული დებულება ავალდებულებს გარდაცვლილი პირის კრედიტორს, მოთხოვნა მემკვიდრეს წარუდგინოს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს მოთხოვნის უფლებას. იგი მიუთითებს, რომ ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში კრედიტორმა ვერ გაიგოს სამკვიდრო ქონების მიმღები მემკვიდრის ვინაობა, რაც მას ართმევს გარდაცვილი პირის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების რეალურ შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გარანტირებულ მისი, როგორც კრედიტორის, საკუთრების უფლებას.
4. უპირველესად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს და დაადგინოს სადავო ნორმის შინაარსი, რათა მოახდინოს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტისა და ფარგლების იდენტიფიცრება და ასეთის არსებობის შემთხვევაში შეაფასოს შეზღუდვის პროპორციულობა. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო, სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, მხედველობაში იღებს მისი გამოყენების პრაქტიკას. საერთო სასამართლოები, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან და, შესაბამისად, მის აღსრულებასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მიერ გაკეთებულ განმარტებას აქვს დიდი მნიშვნელობა კანონის რეალური შინაარსის განსაზღვრისას. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც წესი, იღებს და იხილავს საკანონმდებლო ნორმას სწორედ იმ ნორმატიული შინაარსით, რომლითაც იგი საერთო სასამართლომ გამოიყენა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 4 მარტის N1/2/552 გადაწყვეტილება საქმეზე: „სს „ლიბერთი ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაშიც, სადავო ნორმის შინაარსის განსაზღვრისას საკონსტიტუციო სასამართლო იხელმძღვანელებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებებით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმის შინაარსის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიდგომა ერთგვაროვანია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 30 ოქტომბრის №ას-303-285-2014 განჩინებაში განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას - თუ როდიდან იწყება სადავო ნორმით დადგენილი ექვსთვიანი ვადის დენა. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც კრედიტორებისთვის ცნობილი გახდება სამკვიდროს გახსნის შესახებ. ამასთან, სადავო ნორმის მიხედვით, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს პრეტენზიის სწორედ მემკვიდრეებისთვის წარდგენა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის დასაწყებად აუცილებელია, კრედიტორებისთვის ცნობილი იყოს როგორც სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ისე იმ მემკვიდრეების ვინაობა, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. გარდა ამისა, დასახელებულ განჩინებაში უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ კრედიტორებისათვის ცნობილია, როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე, იმ მემკვიდრეთა შესახებ, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, მაშინ კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ სამკვიდროს გახსნის შესახებ ცნობის მიღებიდან ექვს თვეში. ამასთან, შესაძლებელია, კრედიტორებმა იცოდნენ სამკვიდროს გახსნის თაობაზე მამკვიდრებლის გარდაცვალების დღესვე, მაგრამ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა შესახებ მათ ვერ შეიტყონ სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვს თვეში, ... ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე“. უზენაესი სასამართლო სადავო ნორმას სწორედ ამ შინაარსით იყენებს საკუთარ პრაქტიკაში (იხ. მაგ., საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 თებერვლის განჩინება Nას-968-1269-07; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინება Nას-952-990-2011; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 22 მაისის განჩინება Nას-1059-1014-2014). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიდგომის თანახმად, სადავო ნორმა ადგენს სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენის ვალდებულებას იმ შემთხვევაში, თუ, როგორც სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის ვინაობა ცნობილია კრედიტორისთვის. ხოლო, თუ მემკვიდრის ვინაობა ცნობილი არ არის, მაშინ მოთხოვნის წარდგენა უნდა მოხდეს მემკვიდრის ვინაობის გაგებიდან გონივრულ ვადაში.
6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც მემკვიდრე „სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო“. აღნიშნულიდან გამომდინარე სამკვიდროს მიღება შეიძლება ორი გზით, ნოტარიუსისთვის მიმართვის გზით ან კონკრეტულ ქონებაზე ფაქტობრივი მფლობელობით. სამოქალაქო კოდექსის მე-1500 მუხლი განსაზღვრავს სამკვიდრო მოწმობის გაცემის ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც, სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. თუმცა, ამავე მუხლიდან გამომდინარე, სამკვიდროს მოწმობის გაცემა სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლამდეც შესაძლებელია, თუ სანოტარო ბიუროს მოეპოვება ცნობა, რომ სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ. შესაბამისად, კრედიტორმა მემკვიდრის ვინაობა შეიძლება გაიგოს როგორც სამკვიდროს გახსნიდან 6 თვემდე პერიოდში, ასევე 6 თვის შემდეგ. უზენაესი სასამართლოს განმარტებით, თუ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლამდე გაიგო კრედიტორმა მემკვიდრის ვინაობა, მას მოთხოვნის წარდგენა შეუძლია სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში, ხოლო, თუ უფრო გვიან გაიგო მემკვიდრის ვინაობა, მაშინ ამ ფაქტის შეტყობიდან გონივრულ ვადაში. შესაბამისად, სადავო ნორმის სწორედ ამ შინაარსის კონსტიტუციურობას შეამოწმებს საკონსტიტუციო სასამართლო.
7. მოსარჩელე მხარემ უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საერთო სასამართლოების და, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მუდმივად განიცდის ცვლილებას და შესაძლოა, დროის განსხვავებულ პერიოდში ამ უკანასკნელის მიერ განსხვავებულად განიმარტოს სადავო ნორმის შინაარსი. მისი მოსაზრებით, ნორმის ადრესატი ამგვარი შემთხვევებისაგან უნდა იყოს დაზღვეული და ამისთვის გარანტიებს უნდა ქმნიდეს სადავო ნორმა. მოსარჩელე მხარის ხსენებული არგუმენტაცია არ გამოდგება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად. როგორც უკვე აღინიშნა, კანონის ნორმატიულ შინაარსთან, მის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას იღებენ საერთო სასამართლოები. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ სადავო ნორმის ერთგვაროვნად განმარტება და გამოყენება ცალსახად მიანიშნებს, რომ სადავო ნორმას სწორედ ზემოთ ხსენებული შინაარსი გააჩნია. ამ პირობებში საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტს, რომლის თანახმადაც, სადავო ნორმას ასევე გააჩნია მის მიერ შემოთავაზებული ნორმატიული შინაარსიც, რომელიც უზენაესი სასამართლოს განმარტების საწინააღმდეგოა. ზოგადად, ნორმა შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგადაც, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ჯერ მიუღებელი კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის არგუმენტად არ გამოდგება. საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს იმ შინაარსით, რომელიც მას გააჩნია საქმის გადაწყვეტის დროს.
8. სადავო ნორმის განმარტების არსებული პრაქტიკის ფარგლებში, მოსარჩელე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენისათვის გონივრული ვადის განსაზღვრას იმ პირობებში, როდესაც მისთვის სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის განმავლობაში არ არის ცნობილი მემკვიდრის ვინაობა. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, თავისთავად, გარკვეული ხანდაზმულობის ვადის დაწესებას მოვალის მემკვიდრისთვის საკუთარი მოთხოვნის წარდგენისას. მას მხოლოდ ის გარემოება მიაჩნია არაკონსტიტუციურად, რომ კანონი არ ადგენს კონკრეტულ, მკვეთრად განსაზღვრულ ვადას, რა დროშიც მას ექნება შესაძლებლობა, წარადგინოს საკუთარი მოთხოვნა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად გონივრული ვადის განსაზღვრა რამდენად იწვევს მოსარჩელის საკუთრების უფლების არაკონსტიტუციურ შეზღუდვას.
9. როგორც არაერთხელ აღინიშნა, სადავო ნორმა განსაზღვრავს კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენის წესს. შესაბამისად, იგი არეგულირებს სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნის უფლების რეალიზებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, უპირველესად უნდა დადგინდეს, რამდენად არის სამოქალაქო სამართლებრივი მოთხოვნები საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის 21-ე მუხლი „პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა და უზრუნველყოფას, იმისგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალოდ საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის №1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე: „„სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით შეფასებადია ნებისმიერი რეგულირება, რომელიც სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნის უფლებით სარგებლობასთან, რეალიზებასთან დაკავშირებით ადგენს გარკვეულ შეზღუდვას.
10. ზოგადად, უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით გარკვეული ბარიერების დაწესება, მათ შორის რეალიზების ვადის განსაზღვრა მის შეზღუდვას წარმოადგენს. სამოქალაქოსამართლებრივი მოთხოვნის უფლების რეალიზების შესაძლებლობის დროში შემოფარგვლით მცირდება საკუთრებით სარგებლობის ფარგლები სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების საფუძველზე. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი წესი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლების შეზღუდვას წარმოადგენს.
11. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ის შესაძლებელია დაექვემდებაროს თანაზომიერ ჩარევას. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს საკუთრების უფლებაში ჩარევის ფორმალურ და მატერიალურ საფუძვლებსა და ფარგლებს. უფრო კონკრეტულად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ისე, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
12. საქართველოს კონსტიტუცია არ იძლევა ტერმინ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ დეფინიციას. აღნიშნული ცნების ქვეშ შეიძლება მოექცეს სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორებით განპირობებული სხვადასხვა საჯარო ინტერესი. „მოქმედება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის არ ნიშნავს, რომ ის არის მიმართული საზოგადოებისათვის გარკვეული და გარდაუვალი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად. კანონმდებელი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეიძლება მოქმედებდეს, როდესაც მას ამოძრავებს საზოგადოებისათვის ან მისი ნაწილისათვის დადებითი შედეგების მომტანი მიზნები. ამასთანავე, არ არის აუცილებელი, რომ კანონმდებელმა კონკრეტულად მიუთითოს ნორმაში, თუ რა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ იღებს მას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ არსებობა შეიძლება გაირკვეს ნორმის ანალიზის, მისი განმარტების შედეგად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-15). აღნიშნულიდან გამომდინარე, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ ქვეშ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება მოაზრებულ იქნეს საჯარო ინტერესები, რომლის დაცვასაც სადავო ნორმა ემსახურება.
13. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობა, თავისთავად, ვერ ამართლებს უფლების შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის საკუთრების უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლებების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება №3/1/512 საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება სადავო რეგულირება და რამდენად დაცულია თანაზომიერების პრინციპი.
14. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების გარკვეულ სამართლებრივ წესრიგში მოქცევა, ამ ურთიერთობის მონაწილეთა დაპირისპირებული ინტერესების დაბალანსება. მისი განმარტებით, სადავო ნორმით დადგენილი საპრეტენზიო ვადა სწორედ ამგვარი ბალანსის მიღწევას ისახავს მიზნად.
15. სამოქალაქო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრა სამოქალაქო სამართლისათვის დამახასიათებელი ინსტრუმენტია. „ზოგადად, ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16).
16. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დაწესებით, კანონმდებელი უზრუნველყოფს მემკვიდრეთა დაცვას სამკვიდროს მიღებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებასთან დაკავშირებით მოთხოვნების წარდგენისაგან. ხსენებული ნორმის არარსებობის პირობებში, მემკვიდრეობის მიმღები პირი იქნებოდა მუდმივ გაურკვევლობაში სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნების შესახებ, რაც ნაკლებად მიმზიდველს გახდიდა როგორც ქონების მემკვიდრეობით მიღების პროცესს, ასევე მემკვიდრეობით მიღებული ქონებით სარგებლობასა და განვითარებას. ამდენად, აშკარაა, რომ სადავო ნორმა ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და კეთილსინდისიერი კონტრაგენტის ინტერესების დაცვა წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით განპირობებულ ლეგიტიმურ მიზნებს, რაც, ზოგადად, შესაძლებელია იყოს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გამამართლებული საფუძველი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის N1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ,,მეტალინვესტი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). ამავე დროს აშკარაა, რომ სადავო ნორმა უზრუნველყოფს მეტ სიცხადეს მემკვიდრეობის პროცესში არსებული უფლება-მოვალეობების შესახებ, შესაბამისად, იგი წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
17. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ასევე აუცილებელია, სადავო ნორმა წარმოადგენდეს უფლების შეზღუდვის ყველაზე ნაკლებად მზღუდველ საშუალებას და დაცული იყოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულსა და დაცულ ინტერესებს შორის. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში „„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შინაარსი უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაგებული, საკუთრების სოციალური ბუნებიდან გამომდინარე. თუ არ მოხდება 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ შედარებით ფართო და თავისუფალი ინტერპრეტაცია, მაშინ კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები მიიღებენ სიხისტის ისეთ მაღალ ხარისხს, რაც აქვს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმებს. ამ სფეროში კანონმდებელი გაცილებით უფრო თავისუფალია, ვიდრე საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების რეგულირების სფეროში. თუმცა ეს არ ნიშნავს კანონმდებლის სრულ თავისუფლებას და ამოვარდნას კონსტიტუციურ-სამართლებრივი ჩარჩოებიდან. კანონმდებლის მიერ გამოხატული პოზიცია უნდა იყოს დაბალანსებული, მკაფიო, გარკვეული და არ უნდა იძლეოდეს თვითნებობისა და ნორმის ბოროტად, არამიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის N2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ტერმინ „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან“ ერთად, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობის შეფასებისას შედარებით ფართო და თავისუფალია პროპორციულობის მოთხოვნებიც. კერძოსამართლებრივი კანონმდებლობის სიხისტის თავიდან ასაცილებლად და გონივრული ბალანსის დასადგენად აუცილებელია, კანონმდებელს მიეცეს უფრო მაღალი შეფასების ზღვარი, ვიდრე ეს საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვისას ხდება.
18. სამართლებრივი მოქმედების შესრულებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა უნდა პასუხობდეს გარკვეულ მოთხოვნებს. „ერთი მხრივ, კანონმდებელი არ უნდა აწესებდეს ხანდაზმულობის გაუმართლებლად ხანგრძლივ ვადას, რაც შემდეგ შექმნის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი გარიგება გახდეს სადავო და კეთილსინდისიერმა კონტრაგენტმაც კი ვერ შეძლოს თავის დაცვა. მეორე მხრივ, ის არ უნდა იყოს არაგონივრული, აშკარად მცირე, არ უნდა გამორიცხავდეს დაინტერესებული პირის კანონიერი ინტერესების დაცვის შესაძლებლობას“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის N1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ,,მეტალინვესტი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41). გაუმართლებელი იქნებოდა იმგვარი ვადის არსებობა, რომელის დაცვაც ობიექტურად შეუძლებელი ან შეუსაბამოდ რთული იქნებოდა მისი ადრესატისათვის.
19. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დადგენისას კანონმდებელი ვალდებულია, გაითვალისწინოს, რამდენად აქვს ხანდაზმულობის ვადის პერიოდში კრედიტორს მოთხოვნის წარდგენის რეალური შესაძლებლობა. უპირველს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს კრედიტორის მიერ იმ გარემოებების ცოდნას, რომლის არსებობასაც უკავშირდება ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყება. მაგალითად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის N1/1/543 გადაწყვეტილებით, ხანდაზმულობის ვადის დამდგენი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა მოხდა უმთავრესად იმის გამო, რომ ხსენებული ვადის მოქმედების პერიოდში შესაძლებელი იყო, მხარეს ვერც კი გაეგო მოთხოვნის წარდგენის საფუძვლის არსებობის შესახებ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 29 იანვრის N1/1/543 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს ,,მეტალინვესტი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-51). სადავო ნორმა კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენისთვის განსაზღვრავს გონივრულ ვადას მას შემდეგ, რაც იგი გაიგებს მოთხოვნის ადრესატის არსებობის შესახებ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენის საფუძვლის არცოდნის გამო ხანდაზმულობის ვადის გაშვების საფრთხე არ არსებობს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს უზენაესი სასამართლოს მიერ მითითებულ „გონივრული ვადაში“ ხომ არ შეიძლება მოიაზრებოდეს დროის იმდენად მოკლე პერიოდი, რომლის ფარგლებშიც შეუძლებელია ან გაუმართლებლად რთულია კრედიტორის მიერ ქონების მიმღები მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენა.
20. ხშირ შემთხვევაში კანონმდებელი ხანდაზმულობის ვადას განსაზღვრავს კონკრეტული დროის მონაკვეთით და, შესაბამისად, თვითონ წყვეტს ამა თუ იმ ურთიერთობებში რა შეიძლება იქნეს მიჩნეული საკმარის, ობიექტურად საჭირო ვადად, რომლის განმავლობაშიც მისი ადრესატი შეძლებს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედების განხორციელებას. ყველა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხთან მიმართებით შესაძლოა ვერ იქნეს და არც იყოს მიზანშეწონილი ხანდაზმულობის კონკრეტული პერიოდით განსაზღვრა და კანონმდებელმა შეიძლება ეს უკანასკნელი საქმის განმხილველ მოსამართლეს მიანდოს. განუსაზღვრელი ვადის არსებობა, მისი ადრესატებისთვის შესაძლოა იწვევდეს გარკვეულ დისკომფორტს, თუმცა კონსტიტუციის მოთხოვნები დაკმაყოფილებული იქნება, როდესაც ამგვარად განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადა პირს მისცემს ობიექტურ შესაძლებლობას, დაიცვას საკუთარი ინტერესები და შეასრულოს კანონმდებლობით მოთხოვნილი შესაბამისი მოქმედებები. ამგვარად, შესაძლებელი მკაცრად განსაზღვრული დროის პერიოდის ნაცვლად, ხანდაზმულობის ვადად დადგინდეს გონივრული ვადა, რაც, რა თქმა უნდა, თავისთავად, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ ვერ იქნება მიჩნეული. კონსტიტუციის 21-ე მუხლის მოთხოვნა იმგვარი ვადის დაწესებაში გამოიხატება, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის საკუთრების უფლების არსს, მისი დაცვისა თუ მისით სარგებლობის რეალურ, ქმედით შესაძლებლობას შექმნის.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოთ მითითებულ გადაწყვეტილებაში არ არის წარმოდგენილი მსჯელობა, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს გონივრულ ვადად. აღნიშნული მეტყველებს, რომ საკითხი, რამდენად არის დაცული (დარღვეული) გონივრული ვადა, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად, ყველა იმ რელევანტური გარემოების მხედველობაში მიღებითა და შესწავლით, რაც მის განსაზღვრასთან არის კავშირში. ამავე დროს, ხსენებული ვადა დადგენილია კრედიტორის მიერ მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარსადგენად. შესაბამისად, ის სწორედ მოთხოვნის წარდგენისთვის უნდა იქნეს გონივრული. ამდენად, ვადის გონივრულობის შემოწმებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვადასხვა ობიექტური ფაქტორი, მათ შორის, რამდენად გააჩნდა კრედიტორს ობიექტური შესაძლებლობა, განეხორციელებინა შესაბამისი სამართლებრივი მოქმედება. ამგვარი ობიექტური შესაძლებლობის არსებობა, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ნებისმიერი მოსამართლისათვის, რათა არ ჩათვალოს გონივრული ვადა დარღვეულად მაშინ, როდესაც კონკრეტულ პირს ობიექტურად არ ჰქონდა მისი დაცვის შესაძლებლობა.
22. სადავო ნორმის საფუძველზე გონივრულ ვადაზე მითითება მის ადრესატს აკისრებს ვალდებულებას, უსაფუძვლოდ, ობიექტური საჭიროების გარეშე არ გააჭიანუროს მემკვიდრისათვის მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, სადავო ნორმა, გონივრულად აბალანსებს, ერთი მხრივ, მემკვიდრის ინტერესს, დაცული იყოს სამკვიდროს მიღებიდან დიდი დროის გასვლის შემდეგ, სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისაგან, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესს, ჰქონდეს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების ეფექტური შესაძლებლობა. მსგავსი პასუხისმგებლობისა და სამართლებრივი ტვირთის დაკისრება სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებისათვის, როგორც წესი, მოჰყვება ნებისმიერი სახის ხანდაზმულობის ვადას. ამდენად, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ეფექტურად ასრულებს მის ფუნქციას, ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვას, ხოლო, მეორე მხრივ, გონივრულად აბალანსებს სამოქალაქო ურთიერთობის ორივე მხარის ლეგიტიმურ ინტერესებს.
23. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოთხოვნის მემკვიდრისათვის წარდგენის ვადად განისაზღვრება გონივრული ვადა მას შემდეგ, რაც კრედიტორმა შეიტყო მემკვიდრის არსებობის შესახებ, ვერ გამოდგება მისი საკუთრების უფლების დარღვევის დასადგენად საკმარის არგუმენტად. ამავე დროს, მოსარჩელის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არ ყოფილა წარმოდგენილი კონკრეტული საქმეები, რომლის ფარგლებშიც, საერთო სასამართლოებმა გონივრულ ვადად მიიჩნიეს დროის იმდენად ხანმოკლე პერიოდი, რომ კრედიტორს წაერთვა მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა. ამდენად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის შესახებ ჰიპოთეტურ საფრთხეებზე მითითებას, რომელსაც არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი.
24. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, იცავს მემკვიდრის ინტერესებს, არ იყოს მუდმივ გაურკვევლობაში სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორს აძლევს საკმარის ვადას, რათა წარადგინოს მოთხოვნები და მოახდინოს საკუთრების უფლების რეალიზება. ამდენად, სადავო ნორმა იცავს გონივრულ ბალანსს შეზღუდულ უფლებასა და დაცულ სიკეთეს შორის და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, რის გამოც, №656 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №656 („სს „სილქ როუდ ბანკი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი