სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/656 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 3 აგვისტო 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 3 აგვისტო 2016 17:06 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე; მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები „6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №656) მომართა სს “სილქ როუდ ბანკმა”. არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 21 ივლისს. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2016 წლის 3 აგვისტოს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვები ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
5. №656 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2014 წლის 24 მარტს გარდაიცვალა სს“სილქ როუდ ბანკის” მოვალე, რის შესახებაც კრედიტორმა შეიტყო 2014 წლის 7 აპრილს. მოსარჩელემ 2014 წლის 19 ივნისს მამკვიდრებლის სასესხო ვალდებულების შესახებ მემკვიდრის ინფორმირების მიზნით, გაგზავნა მოთხოვნის წერილი გარდაცვლილის საცხოვრებელ მისამართზე, რაც გარდაცვლილის დას ჩაბარდა. მოსარჩელის განცხადებით, მოგვიანებით დადგინდა, რომ სამკვიდრო გარდაცვლილის დას არ მიუღია. იმ დროს, როდესაც კრედიტორმა თავისი მოთხოვნის შესახებ სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეს აუწყა, უკვე გასული იყო სადავო ნორმით გათვალისწინებული 6 თვიანი ვადა.
6. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ მას და მემკვიდრეს შორის გაფორმდა მორიგების აქტი, რომლის მიხედვითაც კრედიტი ერთი წლის განმავლობაში გადანაწილდა პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების გარეშე. მოსარჩელის განმარტებით, სს „სილქ როუდ ბანკი“, როგორც წესი, არ დებს მსგავს გარიგებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში განპირობებული იქნა სადავო ნორმის არსებობით.
7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ფარგლებში თუ კრედიტორი არ დაიცავს მოთხოვნის ხანდაზმულობის 6 თვიან ვადას, იგი დაკარგავს მოთხოვნას საკუთრების უფლებაზე. მხარის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლით დადგენილ 6 თვიან ვადაში რიგ შემთხვევებში კრედიტორის მიერ მემკვიდრეებისთვის მოთხოვნის წარდგენა შეუძლებელია, რადგან შესაძლებელია პირის გარდაცვალებით გაიხსნას სამკვიდრო და ეს კრედიტორისთვის იმავე დღეს გახდეს ცნობილი, თუმცა 6 თვის განმავლობაში ჯერ კიდევ არ იყვნენ გამორკვეული, თუ ვინ არიან მემკვიდრეები.
8. მოსარჩელე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, „მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო“. მოსარჩელის განმარტებით, არსებობს რისკი, რომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებისას შესაძლებელია კრედიტორმა ვერ დაადგინოს მემკვიდრის ვინაობა, რაც შეუძლებელს ხდის მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენას. მოსარჩელე მხარე ასევე უთითებს სამოქალაქო კოდექსის 1425 და 1426-ე მუხლებზე და აცხადებს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო შეიძლება მიიღოს 6 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, რის შემდეგაც კრედიტორს ობიექტურად ვერ ექნება მემკვიდრისთვის მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა.
9. მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველ ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს ლეგიტიმური მიზანი - სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ეს მიზანი წარმოადგენდეს საზოგადოებრივ საჭიროებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის თანაზომიერების პრინციპი. სადავო ნორმით არ არის დაცული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ 6 თვიანი ხანდაზმულობის ვადა შეუსაბამოდ მცირეა და, ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ვადის გამოთვლა სამკვიდროს გახსნის თაობაზე კრედიტორის ინფორმირების მომენტიდან.
10. მოსარჩელე მხარე №656 კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის არაკონსტიტუციურობაზე კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა და მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „6 თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ“ არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
11. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
12. მოპასუხის აზრით, რადგან მთავარი არგუმენტაცია, სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობების კუთხით, სადავო ნორმების მიერ გამოწვეული სირთულეების არსებობაა, აუცილებელია, რომ სწორად იქნეს გაგებული სადავო ნორმის მიზანი და ის განიხილებოდეს სხვა საკანონმდებლო ნორმებთან ერთად. 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია სწორედ ის გონივრული ვადა, როდესაც კრედიტორს შეუძლია, გამოიყენოს ყველა საშუალება იმისათვის, რომ წარუდგინოს მოთხოვნა მემკვიდრეებს.
13. მოპასუხე მხარის განმარტებით, 1488-ე მუხლით გათვალისწინებულ ვადაზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ კრედიტორის უფლებები, არამედ მემკვიდრეების ინტერესი, შეუზღუდავად განახორციელონ მიღებული სამკვიდროთი სარგებლობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის შესაბამისად, ,,მემკვიდრეები ვალდებულები არიან, შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ“. მემკვიდრეების მიერ აღნიშნული ვალდებულების განხორციელების შემდეგ კრედიტორებს შეუძლიათ გამოიყენონ ე.წ საპრეტენზიო ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.
14. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ნებისმიერ სამოქალაქო-სამართლებრივ ნორმას, რომელიც ამა თუ იმ ქონებრივ ურთიერთობას დროში ზღუდავს, შეიძლება ჰქონდეს მიმართება კონსტიტუციის 21–ე მუხლთან და, თავისთავად, სადავო ნორმასაც აქვს შინაარსობრივი მიმართება საკუთრების უფლებასთან. თუმცა სადავო ნორმას არ გააჩნია ის შინაარსი, რომელზედაც მიუთითებს მოსარჩელე, შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელია და, მოპასუხის მოსაზრებით, №656 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №656 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №656 (სს “სილქ როუდ ბანკი” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი