საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N717 |
ავტორ(ებ)ი | მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი, მარინა გლოველი |
თარიღი | 9 თებერვალი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელეები სრულად აკმაყოფილებენ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულ მოსამართლის თანამდებობის დაკავების ფორმალურ წინაპირობებეს და მონაწილეობენ მოსამართლის თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში ( იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებ გვერდზე მთვარისა კევლიშვილის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია http://hcoj.gov.ge/ge/informatsia-mosamartleobis-shesarchevi-konkursit-dainteresebuli-pirebisatvis/2634 ვებ. გვერდზე გამოქვეყნების თარიღი 2016 წლის 2 თებერვალი) (იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებ გვერდზე ნაზი დოთიაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია http://hcoj.gov.ge/ge/informatsia-mosamartleobis-shesarchevi-konkursit-dainteresebuli-pirebisatvis/2634 ვებ. გვერდზე გამოქვეყნების თარიღი 2016 წლის 2 თებერვალი) . (იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მარინა გლოველის შესახებ. http://hcoj.gov.ge/ge/informatsia-mosamartleobis-shesarchevi-konkursit-dainteresebuli-pirebisatvis/2627 ) თუმცა მათ მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ არ იქნა დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭოს მიერ არ მომხდარა იმის დასაბუთება, თუ რატომ ვერ გაიმარჯვეს მოსარჩელეებმა კონკურსში. ამასთან, გამომდინარე იქიდან რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება მოსარჩელეებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი დარღეული უფლება, ყოველივე აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
წარმოდგენილი სარჩელი ფორმითა და შინაარსით სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. სარჩელი ფორმალურად გამართულია და აკმაყოფილებს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მოთხოვნებს, ამასთან ერთად სახეზე არ გვაქვს ამავე კანონის მე–18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციურ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლები. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოსარჩელე მთვარისა კევლიშვილი თბილისის საოლქო სასამართლოში 1999 წლის 29 ივნისიდან 2006 წლის 7 ნოემბრამდე იკავებდა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობას. 2006 წლის 7 ნოემბრიდან 2009 წლის 29 ივნისამდე კი ირიცხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა რეზერვში. რეზერვში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას ღებულობდა საბჭოს მიერ გამოცხადებულ ყველა კონკურსში, მაგრამ უშედეგოდ. 2012 წლიდან, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 3 კონკურსში, მან სამჯერ გაირა გასაუბრება, თუმცა, კენჭისყრებზე ვერ მიიღო საკმარისი ხმები, შესაბამისად მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობის დანიშვნაზე. მოსარჩელე ამჟამად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებელ კონკურსში. ( იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებ გვერდზე მოსარჩელის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია http://hcoj.gov.ge/ge/informatsia-mosamartleobis-shesarchevi-konkursit-dainteresebuli-pirebisatvis/2634 ვებ. გვერდზე გამოქვეყნების თარიღი 2016 წლის 2 თებერვალი) მოსარჩელე ნაზი დოთიაშვილი თბილისის საოლქო სასამართლოში 1999 წლის 29 ივნისიდან 2005 წლის 1 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანამდებობას იკავებდა. 2005 წლის 1 ნოემბრიდან 2009 წლის 29 ივნისამდე კი ირიცხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა რეზერვში. რეზერვში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას ღებულობდა საბჭოს მიერ გამოცხადებულ ყველა კონკურსში, მაგრამ უშედეგოდ. 2012 წლიდან, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 4 კონკურსში, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელე ამჟამად მონაწილეობას ღებულობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებელ კონკურსში. (იხ. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ვებ გვერდზე მოსარჩელის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია http://hcoj.gov.ge/ge/informatsia-mosamartleobis-shesarchevi-konkursit-dainteresebuli-pirebisatvis/2634 ვებ. გვერდზე გამოქვეყნების თარიღი 2016 წლის 2 თებერვალი) მოსარჩელე მარინა გლოველი თბილისის საოლქო სასამართლოში 1999 წლის 15 მაისიდან 2005 წლის 7 ნოემბრამდე იკავებდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლის თანამდებობას. 2005 წლის 7 ნოემბრიდან 2009 წლის 29 ივნისამდე კი ირიცხებოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა რეზერვში. რეზერვში ყოფნის პერიოდში მონაწილეობას ღებულობდა საბჭოს მიერ გამოცხადებულ ყველა კონკურსში, მაგრამ უშედეგოდ. 2012 წლიდან, მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო 3 კონკურსში, მან სამჯერ გაირა გასაუბრება, თუმცა, კენჭისყრებზე ვერ მიიღო საკმარისი ხმები, შესაბამისად მას ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი ეთქვა მოსამართლის თანამდებობის დანიშვნაზე. მოსარჩელეს ბოლო გასაუბრება ქონდა 2015 წლის 11 დეკემბერს, რის შემდეგაც მან კენჭისყრაზე საკმარისი ხმები ვერ მიიღო. (იხ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემი. http://hcoj.gov.ge/files/images/11%20%E1%83%93%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98.pdf ) მოსარჩელეები სრულად აკმაყოფილებენ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლით განსაზღვრულ მოსამართლის თანამდებობის დაკავების ფორმალურ წინაპირობებეს, თუმცა მათ მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მთელი ამ პერიოდის მანძილზე არ იქნა დადებითი გადაწყვეტილება მიღებული. ამასთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საბჭოს მიერ არ მომხდარა იმის დასაბუთება, თუ რატომ ვერ გაიმარჯვეს მოსარჩელეებმა კონკურსში. ამასთან, გამომდინარე იქიდან რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება მოსარჩელეებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი დარღეული უფლება, ყოველივე აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან.
1. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის; 49-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის სიტყვების "თანამდებობაზე ნიშნავს" და 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის არაკონსტიტუციურობა 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის სიტყვები "თანამდებობაზე ნიშნავს” განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგად უფლებამოსილებას დანიშნოს პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლეები. ამავე კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტი კი ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიღების წესს. თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ორგანული კანონის არცერთი ნორმა და მათ შორის სადავო ნორმები სიტყვა-სიტყვით არ გამორიცხავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების არ დანიშვნაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლს. სწორედ ამიტომ, არსებული საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით, მოსარჩელეები სადავოდ ხდიან მთლიანად ინსტიტუტის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება დანიშნოს პირველი და მე-2 ინსტანციის მოსამართლეები) კონსტიტუციურობას, სასამართლო კონტროლის და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების არ არსებობის გამო. საკონსტიტუციო სასამართლოს თავის პრაქტიკაში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ “კონსტიტუცია არა მხოლოდ აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არამედ განსაზღვრავს მათ შინაარსსა და მოცულობას. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლება არსებობს კანონის მიერ მისი აღიარების, დეკლარირების გარეშეც, ის არსებობასა და მოქმედებას განაგრძობს მაშინაც, როდესაც კანონმდებლობით ამ უფლების რეალიზაციის საფუძვლები არ არის განსაზღვრული. კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი მხოლოდ უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული”. (2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმები სიტყვა-სიტყვით არ გამორიცხავს სასამართლო კონტროლს, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ მოსარჩელეებს კონსტიტუციაზე, როგორც უშუალოდ მოქმედ სამართალზე, დაყრდნობით შეუძლიათ სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი უფლებები. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინებაში ჩამოყალიბებული სტანდარტი ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამოყენებული. რიგ შემთხვევაში, კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა ვერ განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, თუნდაც პირდაპირი შემზღუდველი ნორმა არ არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში თუ თეორიულად დავუშვებთ რომ მოსარჩელეებმა კონსტიტუციაზე დაყრდნობით გაასაჩივრონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, გაურკვეველია თუ რომელ სასამართლოს უნდა მიმართონ მათ, ან რა პროცედურებით უნდა იხელმძღვანელოს საქმის განმხილველმა სასამართლომ. მიგვაჩნია, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში ვერცერთი სასამართლო ვერ მიიღებს მოსარჩელეთა სარჩელს განსახილველად. განსჯადობის მიხედვით იგი არ ექვემდებარება არც სისხლის, არც სამოქალაქო და არც ადმინისტრაციულ კოლეგიას, რადგან ამ შემთხვევაში იუსტიციის საბჭო კონტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს და არა ადმინისტრაციულ ან მითუმეტეს რომელიმე სხვა ფუნქციას, შესაბამისად გაუმართლებელი იქნებოდა მაგალითად საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის გასაჩივრება, რომელიც გამორიცხავს ზოგადი ადმისტრაციული კოდექსის (და შესაბამისად ადმინისტრაციული სასამართლოს იურისდიქციის) გავრცელებას იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. ასევე არასწორი იქნებოდა ყველა სასამართლო კოლეგიის განსჯადობის მუხლების გასაჩივრება, რადგან არც ისინი წარმოადგენენ უშუალოდ შემზღუდველ ნორმებს, რომლებიც თავისთავად გამორიცხავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაზე სასამართლო კონტროლს, ამის დასტურად ისიც გამოდგება რომ მაგალითად იუსტიციის საბჭოს მიერ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის უვადოდ არ დანიშვნა საჩივრდება არა რომელიმე სასამართლო კოლეგიაში არამედ, კანონმდებლობით სპეციალურად შექმნილ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში, ხოლო მოსამართლის მიმართ დისციპლინური საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ერთადერთი შესაძლებლობა მოსარჩელეთათვის არის იმ მთლიანი ინსტიტუტის გასაჩივრება, რომელიც ადგენს საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას და წესს. ზემოაღნიშნული ნორმები, კანონმდებლობის ერთობლიობაში წაკითხვის შემთხვევაში, ქმნიან საბჭოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას, რომელიც არ ექვემდებარება სასამართლო კონტროლს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ნორმის სრულყოფილი განმარტებისათვის იგი უნდა განიმარტოს როგორც სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ასევე სხვა ნორმებთან კონტექსტში, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით. ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას მისი გონივრული განმარტება მოითხოვს, რომ “„...სადავო ნორმა არ იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის N2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე «საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ»). სწორედ არსებული კანონმდებლობის ერთობლიობაში წაკითხვის შემთხვევაში იღებს სადავო ნორმები შემზღუდველ ხასიათს. ამგვარი განმარტება ემსახურება როგორც ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას და შესაბამისად კონსტიტუციის უზენაესობის დაცვის იდეას, ასევე მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების პრაქტიკული რეალიზების ინტერესს. ამასთან, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისთვის არ არის უცხო შემთხვევები, როცა კონსტიტუციური უფლება თავისთავად არსებობს, თუმცა ვერ ხდება უფლების პრაქტიკული რეალიზება შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში. ვფიქრობთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ რიგ შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება სწორედ ამის გამოვლინებაა. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზოგადად თვითაღსრულებადია, რიგ შემთხვევაში არსებობს გარემოებები, როცა შესაბამისი საკანონმდენლო აქტების არ მიღების შემთხვევაში სათანადოდ ვერ განხორციელდება კონსტიტუციური უფლების პრაქტიკული რეალიზება. (მაგ: იხ. 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) გარდა ზემოთგანხილული არგუმენტაციისა, ცალკე ყურადღება უნდა გამახვილდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. აღნიშნული ნორმით დადგენილი გადაწყვეტილების მიღების წესი თავისთავად გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას, რაც თავისთავად აზრს უკარგავს მოსარჩელეების მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1) განსახილველ შემთხვევაში გამომდინარე იქიდან, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არ მოეთხოვება მოსამართლის დანიშვნაზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება, მოსარჩელეები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას სასამართლო წესით ეფექტურად დაიცვან მათი კონსტიტუციური უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ილუზორული გახდება თუ პირს მხოლოდ ფორმალურად შეეძლება მიმართოს სასამართლოს თუ შემდგომ სასამართლო ვერ შეძლებს შეაფასოს შეზღუდული უფლების მართლზომიერება. შეუძლებელია ვილაპარაკოთ სასამართლოს მიერ უფლების შეზღუდვის მართლზომიერების შეფასებაზე თუ კანონმდებლობით გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება არ მოეთხოვება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14). ამასთან, “ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს.”(2014 წლის გადაწყვეტილება საქმეზე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.) ამ შემთხვევაში მოსარჩელეების კონსტიტუციურ უფლებას წარამოადგენს დაიკავონ მოსამართლის თანამდებობა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით არის დაცული. საქმეში საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართვველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ “საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამდენად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც დააკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლია დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი - გახდეს მოსამართლე. “ სასამართლოს განმარტებით, “სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით, საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად.” (2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებაზე საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი მელაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც ინსტრუმენტული უფლება, სწორედ საქართველოს კონსტიტუციით 29-ე მუხლით დაცული უფლების რეალიზებას და დაცვას ემსახურება. მოსარჩელეებს სადავო ნორმებით ერთმევათ შესაძლებლობა სასამართლოს წესით ამტკიცონ რომ მათი უფლების შეზღუდვა არამართლზომიერად განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის წესი კონსტიტუციიც 86(1) მუხლის პირველი პუნქტის თანახმად წარმოადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას, მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ავტომატურად არ გამორიცხავს მთელ ამ პროცესზე სასამართლო კონტროლს. ამის დასტურად გარკველწილად მოქმედი კანონმდებლობაც გამოდგება, კერძოდ, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36 (5) მუხლი ითვალისწინებს გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის მიერ, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლებას თუ მას უარი ეთქვა უვადოდ გამწესებაზე. ამასთან, 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო შეზღუდულია ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით, ხელისუფლების უფლებამოსილება, საბოლოო ჯამში, ემსახურება ამ უფლებების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში სრულად და ადეკვატურად განხორციელებას, ეს არის ხელისუფლების, მისი სამივე შტოს უმთავრესი მიზანი, ადამიანის უფლებების არსიდან გამომდინარე ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება. შესაბამისად, ხელისუფლების რომელიმე ორგანოს კომპეტენცია ვერ დაავიწროებს, შეცვლის, შეამცირებს ამა თუ იმ უფლების შინაარსს, რადგან ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციების კონსტიტუციით გაწერის მიზანი ზუსტად ადამიანის კონსტიტუციური უფლებების სრულად დაცვა და უზრუნველყოფაა. ამიტომ მიზნის მიღწევის საშუალება ვერ იქნება თავად მიზნის მიღწევის საწინააღმდეგო, მისი გამომრიცხავი.“ შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილება ვერ დაავიწროებს მოსარჩელეების მე-2 თავით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ამასთან გასათვალისწინებელია მოსარჩელეების მიერ დასაკავებელი თანამდებობის არსი. საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი მელაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ “ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ მოქმედი უფლების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტები შეიძლება გამომდინარეობდეს მისი კონსტიტუციური სტატუსიდან. ამასთან, მაღალი კონსტიტუციური სტანდარტის აუცილებლობა შეიძლება განსახორციელებელი საქმიანობის თავისებურებას უკავშირდებოდეს, რამდენადაც განსაზღვრული ტიპის სახელმწიფო თანამდებობა, მისი შინაარსით და დანიშნულებით განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს.” ვფიქრობთ სასამართლოს აღნიშნული განმარტება ასევე რელევანურია სამართლიანი სასამართლოს უფლების ჭრილში. მიგვაჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობის დაკავება/გათავისუფლებაზე სასამართლო კონტროლის განხორციელების კუთხით მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ერთი მხრივ თანამდებობები, რომელთა დაკავება მთლიანად პოლიტიკურ პროცესის ნაწილს წარმოადგენს და მეორე მხრივ თანამდებობები, რომლებზეც შერჩევა მთლიანად პროფესიული კრიტერიუმების დაყრდნობით ხდება. ილუსტრაციისთვის, საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევის წესი მთლიანად მინდობილია პოლიტიკურ პროცესს. უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პარლამენტის მიერ ხდება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტება ხელისუფლების სამივე შტოს თანაბარი მონაწილეობის გზით. მსგავსი შემთხვევაა მინისტრის თანამდებობის დაკავება, რომელიც ასევე მთლიანად პოლიტიკურ პროცესს წარამოადგენს და დამოკიდებულია დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე, შესაბამისად, ზემოთგანხილული თანამდებობების დაკავებაზე სასამართლო კონტროლის განხორცილება უნდა გამოირიცხოს. განსხვავებული ვითარება გვაქვს პირველი და მე-2 ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნის შემთხვევაში. საქართველოს კონსტიტუციი 86(1) მუხლის თანახმად, მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ამასთან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. კონსტიტუციურ ნორმასთან ერთად მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ნორმების ანალიზიც, გამომდინარე იქიდან რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არსებობს არამარტო კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან, არამედ კანონის დონეზე დაცულ უფლებებთან მიმართებითაც. 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებაში საქმეზე “სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო “სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი. სასამართლომ (2-მა მოსამართლემ) ზოგადად არ მიიჩნია, სოციალური უფლებები კონსტიტუციით დაცულ უფლებებად, მიუხედავად ამისა, რადგან კანონის დონეზე გათვალისწინებული იყო სოციალური დახმარების მიღების უფლება, სასამართლომ ერთხმად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ჰქონოდა კონსტიტუციური უფლება კონკრეტულ შემთხვევებში სასამართლოს წესით დაეცვა კანონით გათვალისწინებული უფლება. მოცემულ შემთხვევაში საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი ადგენს მთელ რიგ ეტაპებს და მოთხოვნებს იმისთვის რომ პირმა დაიკავოს მოსამართლის თანამდებობა. კერძოდ პირმა უნდა ჩააბაროს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი უნდა ქონდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილი უნდა იყოს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. ამასთან კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. საბჭოს გადაწყვეტილება თავის მხრივ განსაზღვრავს კანდიდატის მთელ რიგ პროფესიულ კრიტერიუმებს. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთირებს, იმ გარემოებაზე, რომ პირველი და მე-2 ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნა კანონმდებლობის დონეზე მთლიანად განეკუთვნება პროფესიულ კრიტერიუმებზე დამყარებულ პროცედურას და არა პოლიტიკურ პროცესს. გასათვალისწინებელია თვითონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და მისი დაკომპლექტების წესი. კანონის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საბჭოს 8 წევრს ირჩევს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, 5 წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო 1 წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც თანამდებობრივად არის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს დაკომპლექტებაში მონაწილეობენ პოლიტიკური ორგანოები მათი შერჩევა პროფესიულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ხდება, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კანონის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ/საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ შეიძლება ეკავოს რაიმე სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში...იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე პარლამენტის და პრეზიდენტის მიერ არჩეული პირები არ წარმოადგენენ მათი დამნიშნავი, ამრჩევი პოლიტიკური პირების ინტერესებს, არამედ უნდა ხელმძღვანელობდნენ მაღალი პროფესიული სტანდარტებით, მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეობის თანამდებობის დაკავების წარუმატებელი კანდიდატის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არსებობა ევროპულ სტანდარტს წარმოადგენს. იუსტიციის საბჭოების ევროპული ქსელის (ENCJ) მიერ მიღებულ 2012 წლის დუბლინის დეკლრაციის 1.10 პარაგრაფში აღნიშნულია, რომ წარუმატებელ კანდიდატს აქვს უფლება იცოდეს თუ რატომ ვერ დაინიშნა გამოცხადებულ ვაკანსიაზე. ამასთან უნდა არსებობდეს, დამოუკიდებელი საჩივრის პროცედურა თუ კანდიდატს მიაჩნია, რომ დანიშვნის პროცესი უსამართლოდ ჩატარდა. ( http://www.hcjp.gov.tr/news/sunumlar/yargi-bagimsizligi/ayka/ayka-Paul-Gilligan.pdf ) მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში დისკრიმინაციის და პროცედურული დარღვევების შემთხვევაში გასაჩივრების მექანიზმის არსებობის აუცილებლობაზე ასევე მიუთითებს ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობილივი ანგარიში, ყირგიზეთში მოსამართლეების შერჩევის წესზე. ( იხ. გვ 24 http://www.osce.org/odihr/89289?download=true ) ვენეციის კომისიის შეფასებით, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეხება არამარტო სასამართლოს როგორც ინსტიტუს, არამედ მოსამართლეთა დანიშვნის კონკურსში მონაწილე კანდიდატების ინდივიდუალურ უფლებებსაც. შესაბამისად, როცა კანდიდატს მიაჩნია, რომ შესარჩევი კონკურსი არ ჩატარებულა კანონის შესაბამისად, მას უნდა ქონდეს შესაძლებლობა გაასაჩივროს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება, როგორც მინიმუმ პროცედურული დარღვევების კუთხით. (იხ. პარა. 50 http://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2011)019-e ) საკონსტიტუციო სასამართლოს თავის პრაქტიკაში ჯერჯერობით არ განუმარტავს მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმართებით სამართლიანი სასამართლოს უფლების ფარგლები, თუმცა ზოგადად სამარლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელობის წარმოჩენის კუთხით საინტერესოა, 2004 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ "როგორიც არ უნდა იყოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, ყველა შემთხვევაში სასამართლოსადმი მიმართვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს." როგორც აღინიშნა, კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა არ წარმოადგენს პოლიტიკურ პროცესს, არამედ ემყარება კანონმდებლობით მკაცრად გაწერილ პროფესიულ კრიტერიუმებს, შესაბამისად არსებობს მოსარჩელეების კონსტიტუციური უფლებაც კანონმდებლობის მოთხოვნების დარღევის შემთხვევაში სასამართლო წესით დაიცვან თავისი უფლებები. მათი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს საბჭოს მიერ როგორც კანონით განსაზღვრული ფორმალური პროცედურების დარღვევაში, ასევე კანონის მატერიალურ დარღვევაში (მაგ: დისკრიმინაცის შემთხვევა). აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მათ ფაქტობრივად პირდაპირ აღიარეს, რომ იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილება არა კანონით განსაზღვრულ ობიექტურ კრიტერიუმებზე, არამედ გაურკვეველ "გარიგებებზე" დაყრდნობით მიიღება. ( http://hcoj.gov.ge/ge/iustitsiis-umaghlesi-sabchos-aramosamartle-tsevrebis-gantskhadeba/2577 ) ამ პირობებში კი მოსარჩელეებს უფლების დაცვის არანაირი მექანიზმი არ გააჩნიათ. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
2. საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის სიტყვების "თანამდებობაზე ნიშნავს" არაკონსტიტუციურობა, 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია საქართველოს მოქალაქის უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა. მოსარჩელეებთან მიმართებით საქმე ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დაკავების უფლებას. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ “კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზაციას, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს.“ ამასთან, “კონსტიტუციის ეს ნორმები განამტკიცებს საქართველოს მოქალაქის უფლებას, დაიკავოს როგორც არჩევითი, ასევე დანიშვნითი თანამდებობა და ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, კონსტიტუციის აღნიშნული დებულება მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - გიორგი მელაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 1). მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმების მატერიალური თვალსაზრისით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. თანამდებობის დაკავების კონსტიტუციური უფლება გულისხმობს არამხოლოდ ფორმალური შესაძლებლობის ქონას კონკრეტული თანამდებობის დაკავების, არამედ პირველ რიგში ემსახურება გონივრული საკანონმდებლო სისტემის შექმნით უფლების პრაქტიკულ რეალიზებას. სადავო ნორმებით განსაზღვრულია, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო პირს მოსამართლედ დანიშნავს, თუ მის კანდიდატურას ფარული კენჭისყრით მხარს დაუჭერს საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ისა. ორგანული კანონი არ ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. შესაბამისად, მოსარჩელეებს არ განემარტებათ მათ მიმართ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების მიზეზები. გარდა იმისა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების არ არსებობა მოსარჩელეებისთვის იწვევს ნდობის დაკარგავს იუსტიციის საბჭოს მიმართ, ამავდროულად, რადგან საბჭოს გადაწყვეტილების მოტივაცია უცნობია მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა შემდგომში გამოასწორონ ის მიზეზები, რომლებიც საფუძვლად დაედო საბჭოს მიერ მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებას. ამასთან გამომდინარე იქიდან, რომ არც მოსამართლედ დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას ითვალისწინებს კანონი, მოსარჩელეთათვის უცნობი რჩება თუ რა კომპონენტში აღმოაჩნდა გამარჯვებულ კონკურსანტს მასზე უკეთესი შედეგი და რატომ მიენიჭა მას უპირატესობა. ზოგადად საჯარო ხელისუფლების განხორციელებისას მიღებული შემზღუდველი აქტის დასაბუთების ვალდებულება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარეობს, იგი ერთი მხრივ ხელს უწყობს მოქალაქეებში სახელმწიფო ინსტუტების მიმართ ნდობის ჩამოყალიბებას ხოლო მეორე მხრივ იძლევა საჯარო ხელისუფლების განმახორციელებელი ორგანოების თვითკონტროლის და საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის პრინციპებთან სადავო ნორმის შესაბამისობაზე არ მსჯელობს, რადგან "კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს (2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქე – მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ", II, 3). თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო სავალდებულოდ მიიჩნევს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოიყენოს ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპები კონსტიტუციის სწორი განმარტებისა და, რაც მთავარია, ადამიანის უფლებების ადეკვატური დაცვისათვის. სასამართლომ ადამიანის უფლებების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციის ნორმები საკმაოდ ფართოდ განმარტა სწორედ კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 15 დეკემბრის N1/3/393,397 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები – ვახტანგ მასურაშვილი და ონისე მებონია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება N1/466 საქმეზე "საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" და სხვა). ამ შემთხვევაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი უნდა შეაფსდეს სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის ჭრილში. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კანონმდებლობა არ ითვალისიწნებს სასამართლო კონტროლს. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში აღუნიშნავს, რომ ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. შესაბამისად, უფლება-თავისუფლებების დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვის აკრძალვა ან არათანაზომიერი შეზღუდვა არღვევს არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, არამედ, იმავდროულად, შეიცავს საფრთხეს თავად იმ უფლების უგულებელყოფისა, რომლის დასაცავადაც სასამართლოსადმი მიმართვაა აკრძალული (შეზღუდული)” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14). აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს თვითონ მოსარჩელების მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების სამართლებრივ მდგომარეობაზე, კერძოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე მათ გავლილი აქვთ კანონმდებლობით დადგენილი მთელი რიგი პროცედურები. კერძოდ, გარდა ზოგადი მოთხოვნებისა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვთ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილი არიან იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში, ამასთან კენჭისყრის ჩატარებამდე მათ უნდა გაიარონ გასაუბრების პროცედურა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მთელი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ სადავო ნორმებით დადგენილი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება გაუგებარია თუ რა რაციონალურ საფუძველს ემყარება. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ვალდებულების არ არსებობა ასევე იწვევს მთლიანად ინსტიტუტის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება დანიშნოს პირველი და მე-2 ინსტანციის მოსამართლეები) არაკონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
|
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა