საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის.
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N778 |
ავტორ(ებ)ი | გიორგი შავლიაშვილი, ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე |
თარიღი | 16 ივნისი 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენით დავით საქუაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დავით საქუაშვილს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ივნისის განაჩენით დადგენილი და 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით შემცირებული პირობითი მსჯავრი, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დავით საქუაშვილს განესაზღვრა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2014 წლის 17 სექტემბრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის პირველი მაისის განაჩენით გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის პირველი მაისის განაჩენი შეიცვალა და მსჯავრდებულ დავით საქუაშვილის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია). განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
4. 2015 წლის 30 ოქტომბერს მსჯავრდებულმა დავით საქუაშვილმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ დავით საქუაშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
6. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დავით საქუაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სამართლებრივი გარემოებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო.
2. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“
4. ხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, არის თუ არა კონკრეტული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური.
5. მოცემულ შემთხვევაში დავით საქუაშვილი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ - 27,40 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ნედლი მარიხუანის“ უკანონო შეძენა, შენახვის გამო, და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებულს აღმოაჩნდება ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა და მისი ოდენობა 100 გრამს არ აღემატება.
6. საკასაციო პალატას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“ 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შეუსაბამოდ, მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული.
7. საკასაციო პალატის ამ არგუმენტაციას ამყარებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ „საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებული ოდენობები, კერძოდ, ,,ნედლი მარიხუანას“ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაწესებულია ,,გამომშრალი მარიხუანას“ ორმაგ ოდენობებზე. კერძოდ: ,,გამომშრალი მარიხუანას“ შეძენა-შენახვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემადგენლობას იძლევა იმ შემთხვევაში თუ მისი რაოდენობა 5-დან 50 გრამამდეა, ხოლო ამავე დანაშაულის შემადგენლობას იძლევა ,,ნედლი მარიხუანას“ შეძენა-შენახვა 10-დან 100 გრამამადე. კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იმავე წონის ,,გამომშრალი მარიხუანისა“ და ,,ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში, მიდგომა ,,გამომშრალ მარიხუანასთან“ მიმართებით უფრო მკაცრია.
დასკვნა:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანას“ (100 გრამამდე), პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა