საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N819 |
ავტორ(ებ)ი | პაატა სილაგაძე, ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი |
თარიღი | 9 აგვისტო 2016 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე; დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ხათუნა მოდებაძესა და ბრალდებულებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ავთანდილ მირიანაშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულ ა. მირიანაშვილს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 29 სექტემბრიდან იმავე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით. 2. ამავე განაჩენით ზურაბ ზაველური ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 5 წლით, ხოლო 273-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 2500 ლარი და ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები. მსჯავრდებულ ზ. ზაველურს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2014 წლის 29 სექტემბრიდან იმავე წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით. 3. 2016 წლის 25 თებერვალს მსჯავრდებულთა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა აკაკი გეწაძემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე – ავთანდილ მირიანაშვილისა და ზურაბ ზაველურის მიმართ დადგენილი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. 4.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინებით მსჯავრდებულთა ადვოკატის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი. 5. ადვოკატი აკაკი გეწაძე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ ზურაბ ზაველურს მსჯავრი დაედო 47,99 გრამი, ხოლო ავთანდილ მირიანაშვილს – 12,72 გრამი „ნედლი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის, რაც გაცილებით ნაკლებია 70 გრამ „გამომშრალ მარიხუანაზე“; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებას; ა. მირიანაშვილისა და ზ. ზაველურის მიმართ სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არაკონსტიტუციურია. 6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატი აკაკი გეწაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 მარტის განჩინების გაუქმებას, შუამდგომლობის განხილვას და ავთანდილ მირიანაშვილისა და ზურაბ ზაველურის მიმართ დადგენილი განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას.
სამართლებრივი გარემოებები:1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სიტყვების „ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (70 გრამამდე), ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას, პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო. 2. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას, სადაც მითითებულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს ზოგადად კონკრეტული საკითხის ნორმატიულ შინაარსზე და შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას გასაჩივრებული დებულებით განპირობებული სავარაუდო პრობლემის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. ... შესაბამისად, კანონმდებლობაში იდენტური პრობლემის გამომწვევი ნორმის (ნორმების) შენარჩუნების შემთხვევაში, ის გადაწყვეტილების უგულებელმყოფელ და დამძლევ ნორმად ჩაითვლება“ 3. ხსენებული გადაწყვეტილების შინაარსი ცხადყოფს, რომ თავად საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასოს, არის თუ არა კონკრეტული ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი ნორმა და, შესაბამისად, არაკონსტიტუციური. 4. მოცემულ შემთხვევაში ზურაბ ზაველურს მსჯავრი დაედო 47,99 გრამი, ხოლო ავთანდილ მირიანაშვილს – 12,72 გრამი „ნედლი მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის და მისჯილი აქვთ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხსენებული ნორმა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალდებულს აღმოაჩნდება ნარკოტიკული საშუალება ნედლი მარიხუანა და მისი ოდენობა 100 გრამს არ აღემატება. 5. საკასაციო პალატას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანას“ 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო პირის მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ჩაითვალა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან შეუსაბამოდ, მიაჩნია, რომ არსებობს რისკი იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა ნარკოტიკული საშუალება ,,ნედლი მარიხუანას“ პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის საპატიმრო სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, შესაძლოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული. 6. საკასაციო პალატის ამ არგუმენტაციას ამყარებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ „საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე გრაფაში დაფიქსირებული ოდენობები, კერძოდ, ,,ნედლი მარიხუანას“ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაწესებულია ,,გამომშრალი მარიხუანას“ ორმაგ ოდენობებზე. კერძოდ: ,,გამომშრალი მარიხუანას“ შეძენა-შენახვა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შემადგენლობას იძლევა იმ შემთხვევაში თუ მისი რაოდენობა 5-დან 50 გრამამდეა, ხოლო ამავე დანაშაულის შემადგენლობას იძლევა ,,ნედლი მარიხუანას“ შეძენა-შენახვა 10-დან 100 გრამამადე. კანონმდებლის აღნიშნული მიდგომა ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ერთი და იმავე წონის ,,გამომშრალი მარიხუანისა“ და ,,ნედლი მარიხუანის“ შემთხვევაში, მიდგომა ,,გამომშრალ მარიხუანასთან“ მიმართებით უფრო მკაცრია.
დასკვნა:ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება - ,,ნედლი მარიხუანას“ (100 გრამამდე), პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენის და შენახვის გამო შეიძლება, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეორე პუნქტის შეუსაბამოდ. |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა