მოქალაქეები ეკატერინე ცინდელიანი, რუსლან ჩემია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/4/173 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 28 თებერვალი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 თებერვალი 2003 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი,
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქეები ეკატერინე ცინდელიანი, რუსლან ჩემია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის №185-II დადგენილების “აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” მე-8 პუნქტი.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – ეკატერინე ცინდელიანი, რუსლან ჩემია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია
2002 წლის 28 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 173-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელით მიმართა მოქალაქეებმა ეკატერინე ცინდელიანმა და რუსლან ჩემიამ და მოითხოვეს “საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის №186-II დადგენილების “აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” მე-8 პუნქტის ან მისი ნაწილის, კერძოდ, შემდეგი სიტყვების “და მათი გადაწყვეტილებები, სამოქალაქო გარიგებანი” არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის “ვ” პუნქტი, და 42-ე მუხლი, ”საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სარჩელში მითითებულია, რომ 1996 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო №186-II დადგენილება “აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიების შესახებ”, რომლის მე-8 პუნქტის თანახმად “იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია სეპარატისტთა მიერ მიღებული ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ხელშეკრულებები და შეთანხმებები უცხო ქვეყნის სტრუქტურებთან. აგრეთვე მმართველობის ყველა ორგანო და მათი გადაწყვეტილებები. სამოქალაქო – სამართლებრივი გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას”.
მოსარჩელის აზრით, აღნიშნული დებულება მოკლებულია ლოგიკურობას, რადგან, მისი აზრიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული აქტები არ იქნებიან წინააღმდეგობაში საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობასთან, ისინი ჩაითვლებიან კანონიერად, რაც, სხვა არაფერია, თუ არა არაკანონიერი ხელისუფლების აქტების კანონიერად აღიარება და რასაც თავისთავად მივყავართ სეპარატისტული ხელისუფლების აღიარებისაკენ.
მოსარჩელის თქმით, გარდა იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილების დასახელებული პუნქტი ალოგიკური და არამართებულია, სადავოა მისი ის დებულება, რომელიც ეხება მმართველობის ყველა ორგანოს, მათი გადაწყვეტილებების და სამოქალაქო, სამართლებრივ გარიგებათა არაკანონიერებას, რადგან ამის გარეშეც არაკაკნონიერია ნებისმიერი, მათ შორის ლეგიტიმური ორგანოს აქტიც, ან სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებაც, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას. ამდენად, მისი აზრით, დადგენილების ამ დებულებას არ გააჩნია რაიმე რეალური დატვირთვა. უფრო მეტიც, მოსარჩელელ თვლის, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ დადგენილების ამ დებულებას, რაც მოქალაქეთა კანონიერი უფლებების შეზღუდვის საფუძველი ხდება. სასამართლოები არაკანონიერად ცნობენ აფხაზეთის მმართველობის ორგანოთა, მათ შორის მმაჩის ორგანოთა სააქტო ჩანაწერებსაც. ასე, მაგალითად, მისი სამოქალაქო სარჩელის განხილვისას საქართველოს სასამართლოებმა იურიდიული ძალის ამრქონედ ჩათვალეს ტყვარჩელის მმაჩის ორგანოს მიერ 1958 წელს რეგისტრირებული ქორწინება, ვინაიდან ამავე ორგანოს მიერ იგივე ქორწინების განმეორებითი მოწმობა გაცემული იქნა 1998 წლის 11 სექტემბერს და დამოწმებულია შესაბამისი სააქტო ჩანაწერი.
მოსარჩელე ენკატერინე ცინდელიანია სარჩელი მიუთითებს, რომ მან 1958 წლის 28 ივნისს აფხაზეთის ა/რ ქ. ტყვარჩელში იქორწინა შამილ ჩემიასთან, რისი რეგისტრაციაც მოხდა ქ. ტყვარჩელის მმაჩის ბიუროში. მათ შეეძინათ სამი შვილი. 1967 წელს მისი მეუღლე შამილ ჩემია ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წავიდა მაგადანის ოლქის ქ. ანადირში, სადაც 1983 წელს ეკატერინე ცინდელიანთან განქორწინების გარეშე ფიქტიურად იქორწინა თავის მეზობელთან, მარია კუკუშკინასთან. ამ ქორწინების საფუძველზე მან მოახდინა ანადირის ბინის და თბილისში მის მიერ აშენებული კოოპერატიული ბინის ფიქრიური გაცვლა. ბინის ორდერში შეიყვანა ეკატერინე ცინდელიანის და შამილ ჩემიას საერთო ვაჟიშვილი რუსლან ჩემია, მარია კუკუშკინა და მისი ქალიშვილი ვერა. ეს უკანასკნელები მინის მიღებისთანავე ამოწერა ბინიდან. ეს იყო ფიქრიული ხელმოწერა ბინების გაცვლის მიზნით. ბინაში დარჩნენ თვიოთნ შამილ ჩემი და მისი ვაჟიშვილი რუსლანი.
1987 წელს შამილ ჩემიამ ბინაში საცხოვრებლად მიიყვანა ნუცა ბებია. ორი წლის შემდეგ 1989 წელს ფიქტიურად (ვინაიდან ეკატერინე ცინდელიანთან განქორწინებული არ იყო) მარია კუკუშკინასთან ფიქრიული ქორწინება – განქორწინების საფუძველზე ნუცა ბებიამ ხელი მოაწერა შამილ ჩემიასთან. მოსარჩელელ აღნიშნავს, რომ მარია კუკუშკინასთან ფიქტიური ქორწინება – განქორწინების რეგისტრაცია მოხდა გლდანის რაიონის მმაჩის ბიუროში, მარია კუკუშკინას დასწრების გარეშე 1989 წ. მმაჩის ბიუროს გამგის ქალბატონ ლონდა ჭანტურიას მიერ. 4 თვის შემდეგ კი იგივე ლონდა ჭანტურიამ მოახდინა შამია ჩემიას და ნუცა ბებიას ქორწინების რეგისტრაცია და იგივე ლონდა ჭანტურიამ არ დააკმაყოფილა ეკატერინე ცინდელიანის სარჩელი ნუცა ბებიასა და შამილ ჩემიას ფიქტიური ქორწინების რეგისტრაციის ბათილობის შესახებ, იმ მოტივით, რომ ჯერ თავიადნ მოითხოვა ტყვარჩელის მმაჩის არქივიდან ცნობა, ეკატერინე ცინდელიანისა და შამილ ჩემიას ქორწინების შესახებ. მისი წარმოდგენის შემდეგ კი მოითხოვა ქორწინების სააქტო ჩანაწერიდან ამონაწერის ჩამოტანა, რომლის ჩამოტანაც მოსარჩელემ მოახერხა მხოლოდ 2000 წ. 5 აპრილს და წარადგინა სასამართლოში, როგორც ახლადაღმოჩენილი გარემოება. სხვადასხვა ინსტანციების გავლის შემდეგ უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლითაც არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, რადგან წარმოდგენილი ქორწინების სააქტო ჩანაწერი ჩათვალეს იურიდიული ძალის არმქონედ, ვინაიდან, იგი დამოწმებულია დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ფაქტობრივად არსებული სეპარატისტული მთავრობის შტამპით და ბეჭდით. განჩინება მიუსადაგეს საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილებას “აფხაზეთში კონფლიქტების ღონისძიებათა შესახებ” მე-8 პუნქტი.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა საქმის წარმოების განახლების შესახებ და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნა, რომ სასამართლოში წარდგენილ ქორწინების სააქტო ჩანაწერი 2000 წლის 5 აპრილს გაცემულია აფხაზეთის არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ. მასზე დასმულია ტყვარჩელის მმაჩის ბიუროს ორგანოს შტამპი და ბეჭედი.
სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილებით “აფხაზეთის კონფლიქტების მოწესრიგების შესახებ” იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია სეპარატისტთა მიერ მიღებული ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი, საკანონმდებლო აქტები, ხელშეკრულებები, შეთანხმებები უცხო ქვეყნის სტრუქტურებთან, აგრეთვე მმართველობის ყველა ორგანო და მათი გადაწყვეტილებები, სამოქალაქო სამართლებრივი გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას, ორგანო, რომლის მიერაც გაცემულია კასატორის მიერ სასამართლოში წარდგენილი სააქტო ჩანაწერი საქართველოს ზემოთ მითითებული დადგენილებით გამოცხადებულია უკანონოდ, რის გამოც ასეთი ორგანოს მიერ გაცემული საბუთი ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. პალატამ არ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ საქმის წარმოების განახლებისათვის მის მიერ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტი შედგენილია არა სეპარატისტული ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, არამედ 1958 წელს. სასამართლომ იურიდიული ძალის ამრქონედ ჩათვალა 1998 წლის 5 აპრილს შედგენილი ქორწინების ჩაწერის აქტი, რომელიც დამოწმებულია არალეგიტიმური მმაჩის ორგანოს მიერ.
მოსარჩელელ აღნიშნავს, რომ სასამართლო ორგანოები აქტების არაკანონიერად ცნობის საფუძველს მხოლოდ მათი გამომცემი სუბიექტის არალეგიტიმურობაში ხედავენ და არ ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ მათ მიერ დაწუნებული აქტები შედგენილია საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში – 1958 წელს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პარლამენტმა აღნიშნული დადგენილების მიღებით გაწირა სამათი ათასი დევნილის სამოქალაქო უფლებები, კერძოდ, თუ აფხაზეთიდან დევნილ რომელიმე მოქალაქეს დაჭირდა დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა ან ნებისმიერი სხვა საბუთი და იგი მან წარადგინა აფხაზეთის მმაჩის ორგანოებიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, მათ შორის სასამართლოები, ასეთ დოკუმენტს არ ღებულობენ მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამ საარქივო დოკუმენტზე აფხაზეთის რომელიმე მმაჩის ბეჭედია დასმული და ხელს აწერს აფხაზეთის რომელიმე მმაჩის არქივის გამგე, რაც მოსარჩელის აზრით ხელსაყრელია აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისათვის და საზიანოა ქართული სახელმწიფოს ინტერესებისათვის.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო დადგენილების მიღებისას ავტორები არ ჩაუღრმავდნენ იმას, თუ რა უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა საქართველოს მოსახლეობისთვის ამ დადგენილების მე-8 პუნქტის ასეთი ფორმულირება.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავში (12-47 მუხლები) პირდაპირ არ არის გათვალისწინებული ის უფლება, რომლის აღდგენასაც იგი ითხოვს, მაგრამ კონსტიტუციის 39-ე მუხლში მითითებულია: “საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამანის და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არის მოხსენიებული, მაგრამ თავის თავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან”.
ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, მოსარჩელელ მოითცოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის №186-II დადგენილების “აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” მე-8 პუნქტი ან მისი ნაწილი6 კერძოდ შემდეგი სიტყვები “და მათი გადაწყვეტილებები, სამოქალაქო გარიგებანი” საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეებმა მხარი დაუჭირეს კონსტიტუციურ სარჩელს და სადავო ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვეს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქმეში არსებული მასალების, სასამართლოს მიერ მოპოვებული წერილობითი მტკიცებულებების და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელეთა მოსმენის შემდეგ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
“აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილების მე-8 პუნქტის თანახმად, “იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია სეპარატისთა მიერ მიღებული ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, პრეზიდენტის ინსტიტუტი, ხელშეკრულებები და შეთანხმებები უცხო ქვეყნების სტრუქტურებთან. აგრეთვე მმართველობის ყველა ორგანო და მათი გადაწყვეტილებები, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებანი, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას”. აღნიშნული ნორმა, მისი ჩამონათვალი თავისთავად არ შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებათა შემლახავ რაიმე დებულებებს.
თვით მოჩარჩელეები, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე, შემდეგ გამწესრიგებელ სხდომაზე დადგენილების მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობას ეჭვის ქვეშ აყენებენ მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ ამ პუნქტს და მასზე დაყრდნობით არაკანონიერად ცნობენ აფხაზეთის მმაჩის ორგანოთა სააქტო ჩანაწერებს, რაც არღვევს მოქალაქეთა უფლებებს.
კერძოდ, ჯერ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2001 წლის 28 მაისის განჩინებით, ხოლო შემდეგ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 21 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელელ ცინდელიანს უარი ეთქვა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო ქორწინების ბათილად ცნობის საქმის წარმოების განახლებაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააქტო ჩანაწერი გაცემულია საქართველოს პარლამენტის სადავო დადგენილებით უკანონოდ გაომცხადებული ორგანოს მიერ, რის გამოც იგი ვერ გახდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ:
ა) სადავო ნორმატიული აქტის მე-8 პუნქტის თანახმად იურიდიული ძალის არმქონედ და ბათილად მიიჩნევა მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებები, სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობას.
იურიდიული ფაქტების დადგენას გარკვეული სამართლებრივი შედეგი მოჰყვება, იგი მოქალაქეთა კანონით დაცული ინტერესების დაცვის საშუალებას წარმოადგენს და ადასტურებს მოქალაქის სუბიექტურ უფლებას, ამდენად არ შეიძლება მიეკუთვნოს სადავო ნორმატიულ აქტში მითითებულ მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებას და ამის შედეგად ასეული ათასობით დევნილის უფლებები დაუცველი დარჩეს. ამ შემთხვევაში არ შეიძლება დადგეს საკითხი რაიმე წინააღმდეგობის შესახებ საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობასთან, რადგან ლაპარაკია არა მიღებულ გადაწყვეტილებებზე, არამედ ფაქტებზე, რომლებზედაც დამოკიდებულია პირადი ან ქონებრივი უფლებების წარმოშობა, შეცვლა ან მოსპობა და არ მოიცავს დავას უფლებაზე.
ბ) დადგენილების მე-8 პუნქტი ვრცელდება სეპარატისტთა მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებზე, ხოლო მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე ეხება 1958 წლის სააქტო ჩანაწერს, რომელიც არა მმართველობის ორგანოს, არამედ თბილისის გლდანის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცა განმეორებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს თვლის, რომ მოსარჩელეები ფაქტობრივად საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის დადგენილების “აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიების შესახებ” მე-8 პუნქტის საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ არასწორი გაგებისა და გამოყენების საკითხს ხდიან სადავოდ, რისი განხილვაც სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას.
“საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული არცერთი სადავო საკითხი არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე და 42-ე მუხლებით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველ პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 39-ე მუხლით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქეების ეკატერინე ცინდელიანის და რუსლან ჩემიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 17 აპრილის № 186-II დადგენილების “აფხაზეთში კონფლიქტების მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ” მე-8 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლებთან მიმართებით;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდეს საკანონმდებლო მაცნეში.
1. ოთარ ბენიძე, (თავმჯდომარე);
2. ლამარა ჩორგოლაშვილი (მომხსენებელი მოსამართლე)
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი);
4. ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)