საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, ლამარა ჩორგოლაშვილის განსხვავებული აზრი
დოკუმენტის ტიპი | განსხვავებული აზრი |
ნომერი | do2/4/254 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - , , |
ავტორ(ებ)ი | ლამარა ჩორგოლაშვილი |
თარიღი | 23 ივლისი 2004 |
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ლამარა ჩორგოლაშვილის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 23 ივლისის N2/4/254 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
არ ვეთანხმები სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარყოფილი იქნა შ. ხაბეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, შემდეგი მოსაზრებით:
„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოცილალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს მოქმედი, 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტით ერთიანი საპენსიო სტაჟის – 25 წლის განსაზღვრა მამკაცებისა და ქალებისათვის არ მიმაჩნია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი საერთო პრინციპებიდან გამომდინარედ. სასამართლოს გააჩნდა საკმარისი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 235–ე მუხლით, რომელსაც პრიორიტეტული მდგომარეობა უკავია შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას და რომელიც იერარქიული თვალსაზრისით სადავო აქტთან თანაბარ საფეხურზე მოიაზრება, მამაკაცებისათვის დადგენილია მუშაობის სტაჟი არანაკლებ – 25 წლისა, ხოლო ქალებისათვის – 20 წელი. შრომის კანონმდებლობით აღნიშნული შეღავათი დაწესებულია ქალის ფუნქციების გათვალისწინებით – მუშაობასთან ერთად იზრუნოს ოჯახისა და მომავალი თაობის აღზრდაზე. აღნიშნული შეღავათების გაუქმება სპეციალური კანონით მხოლოდ პროკურატურის სისტემაში მომუშავე ქალებისათვის, მათი უფლებების შელახვად მიმაჩნია, ვინაიდან პროკურატურაში მომუშავე ქალებს 20 წლის ნაცვლად 25 წლის მუშაობის სტაჟი სჭირდება პენსიაზე უფლების მოსაპოვებლად, გარდა ამისა, ამით ირღვევა თანასწორობის უფლება სხვა და სხვა დარგში მომუშავე ქალებისათვის.
მით უფრო,იმავე 2002 წლის 3 დეკემბერს მიღებული „პროკურატურის შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილელებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’ პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველად დარჩა საპენსიო ასაკი ქალებისათვის – 60 წელი და მამაკაცაბისათვის – 65 წელი, როგორც ამას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ზემოთაღნიშნული მუხლიც ადგენს მოხუცებულობის პენსიის მიღების განსაზღვრისას.
მაშასადამე, სადავო კანონის თანახმად მამაკაცთან შედარებით ქალი ხუთი წლით ადრე შეიძლება დათხოვნილ იქნას და წაერთვას მომეტებული პენსიისათვის სტაჟის შევსების შესაძლებლობა, რაც მას მამაკაცთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტით, აღიარებულია კანონით ქალის შრომის პირობების განსხვავებული მოწესრიგების აუცილებლობა. არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ მამაკაცი და ქალი სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ;
2. სადავო ნორმატუ.ლი აქტის მიღებამდე პროკურატურაში მომუშავე ქალებს პენსია ენიშნებოდათ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მიერ ქალებისათვის დაწესებული 20 წლიანი საპენსიო სტაჟის გათვალისწინებით. შემდგომ, მხოლოდ პროკურატურაში მომუშავე ქალებისა და მამაკაცებისათვის ერთიანი საპენსიო სტაჟის – 25 წლის დაწესებით უკვე პენსიაზე გასულ ქალებს, რომლებსაც წართმეული აქვთ უკვე სტაჟის შევსების შესაძლებლობა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეელახათ სოციალური უფლებები და სადავო კანონი მათთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე–6 მუხლისა და სამართლის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა ერთიანი სტაჟის დაწესების ნაწილში. მეორე მხრივ, „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კანონი ვრცელდება მუშაკებზე, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს ამ კანონის ძალაში შესვლამდე და მომეტებული პენსიის შემორება ამ ქალებზეც უნდა იქნეს გავრცელებულკარგადკკი. კანონის ასეთი შეუსაბამობა დაძლეულ უნდა იქნას, რაც სადავო ნორმის ახალი რედაქციის დროს იქნება შესაძლებელი.
მნიშვნელოვანობა არა აქვს დ ავერ დავეათანხმები არგუმენტს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი აწესებს ერთიან საპენსიო ასაკს და „საქართველოს პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, საერთოდ არ განსაზღვრავს საპენსიო ასაკს, რადგან კონსტიტუციური სარჩელი ეხება სადავო კანონის ძალაში შესვლამდე აღმოცენებულ ურთიერთობებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შრომის კანონთა კოდექსის შესაბამის იერარქიულ საფეხურზეა იურიდიული ძალის მხრივ, მასში ერთიანი ზღვრული საპენსიო სტაჟი დადაგენილი არა არის, ხოლო 50–ე მუხლში ჩამოთვლილი ნამსახურების სტაჟი შესაბამისად დანიშნული პენსიის ზრდის მაჩვენებელს წარმოადგენს;
3. მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელის სოციალური უფლება საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლით დაცვით საგანს წარმოადგენს. სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის უფლებები არ დარღვეულა მაშინ მოქმედი კანონმდებლობით პენსიის დანიშვნის გამო, მიმაჩნია ფორმალურად, ვინაიდან კანონმდებელმა თვითონ მისცა უკუქცევითი ძალა მომატებული პენსიის ძველ ურთიერთობებზე გავრცელებას, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ახალი საპენსიო სტაჟის შემოღებით მკვეთრად შელახა პროკურატურაში ადრე მომუშავე ქალთა უფლებები, რომელზეც გაავრცელა ახალი კანონი პენსიის გაზრდილი ოდენობის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ ახალი სტაჟის დაწესებით ფაქტობრივად, შეზღუდა სოციალური პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. მოსარჩელესთვის დანიშნული პენსია იმდენად სიმბოლურია ახალი კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი მისი სოციალური უფლებები დაცულად მიეჩნია.
მართალია, სამოტივაციო წერილში სასამართლომ იმსჯელა ამ უფლებების შელახვაზე, მაგრამ იგი არ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად, რასაც არ ვეთანხმები.
საგულისხმოა, რომ როგორც სხდომაზე გამოირკვა, სადავო ნორმატული აქტით შეზღუდვა პროკურატურაში მომუშავე ქალტა ვიწრო წრეს შეეხო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ლამარა ჩორგოლაშვილი