მოაქალაქე შურა ხაბეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/254 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 12 ნოემბერი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე, თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი, წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა, წევრი
სხდომის მდივანი: ლიკა ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოაქალექ შურა ხაბეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე შურა ხაბეიშვილი.
დავის საგანი: „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან, 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან.
მოქალაქე შურა ხაბეიშვილი 254-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს.
აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად დასახალებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-16 მუხლები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი.
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას მიაჩნია, რომ 254-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტიციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
2. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ასევე სადავოდ არის გამხდარი „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
აღნიშნულ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიიჩნევს:
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობა. კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი კი აღიარებს და უზრუნველყოფს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, აგრეთვე საკუთრების შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლების გაუქმების დაუშვებლობას. „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივი სარგოს და დანამატების ოდენობას პროკურატურის იმ მუშაკებისთვის, რომლებმაც ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესი თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან, ანდა მიაღწიეს საპენსიო ასაკს ამ კანონის ძალაში შესვლამდე ან მას შემდეგ და გააჩნიათ სამართლადაცვის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ წამრაოდგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სადავო აქტის მიმართებას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი უნდა იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. ამავე კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, კი კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება თუ „ა) ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე იხელმძღვანელა რა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტით და 21-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მეორე კოლეგია
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად მოქალაქე შურა ხაბეიშვილის 254-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს პროკურატურაში მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად 254-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც ეხება „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ პუნქტთან და 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
3. პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი;
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
5. საქმის არსებიდან განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება
1. ოთარ ბენიძე, თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი, წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა –წევრი
ასლი დედანთან სწორია
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ნ. შაშკინი
განსხვავებული აზრი
არ ვეთანხმები სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარყოფილი იქნა შ. ხაბეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, შემდეგი მოსაზრებებით:
1. “საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს მოქმედი, 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით ერთიანი საპენსიო სტაჟის – 25 წლის განსაზღვრა მამაკაცებისა და ქალებისათვის არ მიმაჩნია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი საერთო პრინციპებიდან გამომდინარედ. სასამართლოს გააჩნდა საკმარისი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 235-ე მუხლით, რომელსაც პრიორიტეტული მდგომარეობა უკავია შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას და რომელიც იერარაქიული თვალსაზრისით სადავო აქტთან თანაბარ საფეხურზე მოაიზრება, მამაკაცებისათვის დადგენილია მუშაობის სტაჟი არანაკლებ 25 წლისა, ხოლო ქალებისათვის – 20 წელი. შრომის კანონმდებლობით აღნიშნული შეღავათი დაწესებულია ქალის ფუნქციის გათვალისცინებით – მუშაობასთან ერთად იზრუნოს ოჯახისა და მომავალი თაობის აღზრდაზე. აღნიშნული შეღავათის გაუქმება სპეციალური კანონით მხოლოდ პროკურატურის სისტემაში მომუშავე ქალებისათვის, მათი უფლებების შელახვად მიმაჩნია, ვინაიდან პროკურატურაში მომუშავე ქალს 20 წლის ნაცვლად 25 წელი მუშაობის სტაჟი სჭირდება პენსიაზე უფლების მოსაპოვებლად, გარდა ამისა, ამით ირღვევა თანასწორობის უფლება სხვა და სხვა დარგში მომუშავე ქალებისათვის.
მით უფრო, იმავე 2002 წლის 3 დეკემბერს მიღებული “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძვლად დარჩა საპენსიო ასაკი ქალებისათვის – 60 წელი და მამაკაცებისათვის – 65 წელი, როგორც ამას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ზემოთაღნიშნული მუხლიც ადგენს მოხუცებულობის პენსიის მიღების განსაზღვრისას.
მაშასადამე, სადავო კანონის თანახმად მამაკაცთან შედარებით ქალი ხუთი ზლით ადრე შეიძლება დათხოვნილ იქნეს და წაერთვას მომეტებული პენსიისათვის სტაჟის შევსების შესაძლებლობა, რაც მას მამაკაცთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით, აღიარებულია კანონით ქალის შრომის პირობები განსხვავებული მოწესრიგების აუცილებლობა. არ შეიძლება იმის უგულვებელყოფა, რომ მამაკაცი და ქალი სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ;
2. სადავო ნორმატიული აქტის მიღებამდე პროკურატურაში მომუშავე ქალებს პენსია ენიშნებოდათ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მიერ ქალებისათვის დაწესებული – 20 წლიანი საპენსიო სტაჟის გათვალისწინებით. შემდგომ, მხოლოდ პროკურატურაში მომუშავე ქალებისა და მამაკაცებისათვის ერთიანი საპენსიო სტაჟის – 25 წლის დაწესებით უკვე პენსიაზე გასულ ქალებს, რომლებსაც წართმეული აქვთ სტაჟის შევსების შესაძლებლობა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით შეელახათ სოციალური უფლებეი და სადავო კანონი მათთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-6 მუხლისა და სამართლის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა ერთიანი სტაყის დაწესების ნაწილში. მეორე მხრივ, “საქართველოს პროკურატურის მუშკათა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახდად, კანონი ვრცელდება მუშაკებზე, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს ამ კანონის ძალაში შესვლამდე და მომატებული პენსიის შემოღება ამ ქალებზეც უნდა იქნეს გავრცელებული. კანონის ასეთი შეუსაბამობა დაძლეული უნდა იქნეს, რაც სადავო ნორმის ახალი რედაქციის დროს იქნება შესაძლებელი.
მნიშვნელობა არა აქვს და ვერ დავეთანხმები არგუმენტს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” ახალი კანონი აწესებს ერთიან საპენსიო ასაკს და “საქართველოს პროკურატურის შესახებ” ორგანული კანონი, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, საერთოდ არ განსაზღვრავს საპენსიო ასაკს, რადგან კონსტიტუციური სარჩელი ეხება სადავო კანონის ძალაში შესვლამდე აღმოცენებულ ურთიერთობებს.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი შრომის კანონთა კოდექსის შესაბამის იერარაქიულ საფეხურზეა იურიდიული ძალის მხრივ, მასში ერთიანი ზღვრული საპენსიო სტაჟი დადგენილი არ არის, ხოლო 50-ე მუხლში ჩამოთვლილი ნამსახურების სტაჟი შესაბამისად დანიშნული პენსიის ზრდის მაჩვენებელს წარმოადგენს;
3. მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელის სოციალური უფლება საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლით დაცვის საგანს წარმოადგენს. სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის უფლებები არ დარღვეულა მაშინ მოქმედი კანონმდებლობით პენსიის დანიშვნის გამო, მიმაჩნია ფორმალურად, ვინაიდან კანონმდებელმა თვითონ მისცა უკუქცევითი ძალა მომეტებული პენსიის ძველ ურთიერთობებზე გავრცელებას, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ახალი საპენსიო სტაჟის შემოღებით მკვეთრად შელახა პროკურატურაში ადრე მომუშავე ქალთა უფლებები, რომლებზეც გაავრცელა ახალი კანონი პენსიის გაზრდილი ოდენობის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ ახალი სტაჟის დაწესებით ფაქტობრივად, შეუზღუდა სოციალური პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. მოსარჩელისათვის დანიშნული პენსია იმდენად სიმბოლურია ახალი კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი მისი სოციალური უფლებები დაცულად მიეჩნია.
მართალია, სამოტივაციო ნაწილში სასამართლომ იმსჯელა ამ უფლებების შელახვაზე, მაგრამ იგი არ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად, რასაც არ ვეთანხმები.
საგულისხმოა, რომ როგორც სხდომაზე გამოირკვა, სადავო ნორმატიული აქტით შეზღუდვა პროკურატურაში მომუშავე ქალთა ვიწრო წრეს შეეხო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ლამარა ჩორგოლაშვილი