მოაქალაქე შურა ხაბეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/4/254 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 23 ივლისი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე);
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე);
ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი);
ზაურ ჯინჯოლავას (წევრი).
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
ღია სასმართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელე შურა ხაბეიშვილი, მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები_ მარინე რობაქიძე და იოსებ თათარაშვილი, აგრეთვე უზრუნველყოფის სამსახურის პროკურორი იოსებ ბარამიძე და სქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის იურდიული დეპარტამენტის უფროსი იოსებ ლობჟანიძე,
განიხილა საქმე: „საქართველოს მოქალაქე შურა ხაბეიშვილი საქართველოს პარლამენტის წინაარმდეგ“.
დავის საგანი: „საქართველოს პროკურატურის მუშათა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით.
254–ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე–16 მუხლები.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე შურა ხაბეიშვილი 1998 წელს 63 წლის ასაკში პროკურატურიდან გავიდა პენსიაზე და აქვს სამართლდამცავ ორგანოებში მუშაობის 21 წლის სტაჟი, აქედან 16 წელი მუშაობდა ქ. ტბილისისი პროკურატურაში.
კონსტიტუციურ სარჩელში ნათქვამია, რომ „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ 2002 წლის 3 დეკემბერის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება პროკურატურის მხოლოდ იმ მუშაკებზე, რომლებმაც საპენსიო ასაკს მიაღწიეს ამ კანონის ძალაში შესვლამდე ან მას შემდეგ და გააჩნიათ სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი. აღნიშნული სტაჟი ერთნაირად ეხება ქალებსა და მამაკაცებს, რაც მოსარჩლის აზრით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლს.
მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 235–ე მუხლზე, რომელის თანახმადაც, მოხუცებულობის პენსიის მიღების უფლება აქვთ მამაკაცებს, რომლებსაც შეუსრულდათ 65 წელი და აქვთ მუშაობის სტაჟი არანაკლებ 25 წლისა და ქალებს, რომლებსაც შეუსრულდათ 60 წელი და აქვთ მუშაობის სტაჟი არანაკლებ 20 წლისა. მოსარჩელე ასევე მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი განისაზღვრებოდა მამკაცისათვის 65 წლით, ხოლო ქალისათვის_60 წლით.
საქმის არსებითად განხილვის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ კიდევ ერთხელ განუმარტა სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობა და სთხოვა მის მიერ სადავოდ გამხდარი კანონის შესაბამისი დებულების არაკონსტიტუციურად ცნობა.
მოსარჩელე შურა ხაბეიშვილმა კერძოდ არნიშნა, რომ 2002 წლის 3 დეკემბერის კანონში „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ არ იქნა გათვალისწინებული ქალისა და მამკაცის განსხვავებული საპენსიოპ ასაკი და სტაჟი, რითაც დაირღვა ქალისა და მამკაცის განსხვავებული საპენსიო ასაკი და სტაჟი, რითაც დაირღვა ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის პრინციპი და იგი მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს სოციალური დაცვის გარანტიები. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა აღნიშნა, რომ მას გააჩნია ის საპენსიო სტაჟი, რაც ქალებისათვის გათვალისწინებული იყო ადრე მოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ სადავო აქტის მიერ თანასწორუფლებიანობის დარღვევის გამო ვერ იღებს შესაბამის სოციალური დაცვის გარანტიებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სთხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაკონსტიტუციორად სცნოს „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლთან მიმართებით, ვინაიდან, მისი აზრით, დარღვეულია ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის პრინციპი და ამის გამო იგი მოკლებულია შესაძლებლობას გაიუმჯობესოს სოციალური მდგომარეობა.
მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სასამართლოს კოლეგიას მოახსენეს, რომ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის „სამსახურეობრივი პენსიის“ დანიშვნის ერთ–ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ამ სამსახურში საქმიანობის კანონით დადგენილი სტაჟი. მოპასუხის აზრით, პენსიის დანიშვნის ამგვარ საფუძველს ადგილი აქვს არა მხოლოდ შრომის სამართალში, არამედ საჯარო კანონის 50–ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის პენსიის ზრდა დამოკიდებულია ნამსახურეობის სტაჟზე. მოპასუხის განცხადებით, პროკურატურის მუშაკის უფლებას „სამსახურეობრივ პენსიაზე“ არ შეიძლება წარმოშობდეს მხოლოდ ამ ორგანოში მუშაობის ფაქტი. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პენსიის მიღების უფლება გარკვეულ ვადებში წარმოშობილი უფლებაა და მას წარმოშობს არა ნებისმიერი, არამედ გონივრულად განსაზღვრული ვადა, რომელშიც აისახება პროკურატურის მუშაკის სამსახურეობრივი საქმიანობის გარკვეული პერიოდი. ამასთან, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ვადა შეიძლება ჩაითვალოს პენსიის არა მხოლოდ დანიშვნის, არამედ ოდენობის წყაროდაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ როგორც „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი საპენსიო სტაჟის ზღვრული ოდენობა, ისე საპენსიო ასაკის კანონით განსაზღვრული ვადები არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის დებულებებთან წინააღმდეგობის საფუძველს.
საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს გენერალური პროკურატორის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის პროკურორმა იოსებ აბრამიძემ არნიშნა, რომ იგი არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას შემდეგ გარემოებათა გამო:მოსარჩელე შ.ხაბეიშვილი პროკურატურიდან პენსიაში გავიდა 1998 წელს 63 წლის ასაკში. იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობით, განმარტავს მოწმე, კერძოდ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით,მამაკაცებისათვის საპენსიო ასაკი განსაზღვრული იყო 65 წლით, ხოლო ქალებისათვის – 60 წლით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს პენსიის მიღების უფლება წარმოეშვა 1998 წელს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელმაც პროკურატურის მუშაკთათვის, მათ შორის პენსიონერთათვის განსაზღვრა გარკვეული შეღავათები, ამოქმედდა 2003 წლის პირველი აპრილან და დაადგინა, რომ აღნიშნული შეღავათები ვრცელდება პროკურატურის მხოლოდ იმ მუშაკებზე, ვისაც გააჩნია სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი, შესაბამისად მას არ შეიძლება წარმოეშვას პროკურატურის მუშაკის სადავო კანონით გათვალისწინებული პენსიის მიღების უფლება.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ მოწვეული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი ფონდის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი იოსებ ლობჟანიძე, ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებებს. მან, კერძოდ, აღნიშნა, რომ მართალია შრომის კანონთა კოდექსის 235–ე მუხლით განსხვავებულია ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი და პენსიის დასანიშნად საჭირო სტაჟი, მაგრამ როცა კანონმდებელი ადგენს რაიმე შეღავათს ამა თუ იმ კატეგორიის პირებზე, მას უფლება აქვს დააწესოს გარკვეული კრიტერიუმები სხვა კატეგორიის პირებისაგან განსხვავებით. შესაბამისად, მიიჩნევს მოწმე ი.ლობჟანიძე, ასეთი მიდგომა არც საქართველოს კონსტიტუციით არ არის აკრძალული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 254–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის, აგრეთვე არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე მოწვეული მოსარჩელის, მოპასუხის და მოწმეთა განმარტებების საფუძველზე გამოარკვია საქმესთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი.
1.მოსარჩლე შურა ხაბეიშვილი 1998 წელს 63 წლის ასაკში გავიდა პენსიაზე და მას გააჩნდა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის მუშაობის 21 წლიანი სტაჟი, აქედან 16 წელი პროკურატურაში. მოსარჩელის განმარტებებით, მაშინ მოქმედი კანონმდებლობით, ქალებისათვის საპენსიო ასაკად დაწესებული იყო 60 წელი და 20 წლის სამუშაო სტაჟი. ამრიგად, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოსარჩელე შურა ხაბეიშვილს 1998 წელს, მაშინ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოეშვა უფლება მიეღო პენსია, რასაც იგი დღემდე იყენებს, კერძოდ, მას გააჩნია პენსია მისი სამართალდამცავ ორგანოებში მოღვაწეობიდან გამომდინარე.
2002 წლის 3 დეკემბერს მიღებული იქნა „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქარათველოს კანონი. აღნეშნული კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს პროკურატურის ხელფასის ფონდის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო და დანამატი არ შეიძლება იყოს იმავე დონის სასამართლოს მოსამართლის ხელფასისია და მატერიალური შეღავათების 85%–ზე ნაკლები ან 95%–ე მეტი. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები ვრცელდება პროკურატურის იმ მუშაკებზე, რომლებმაც ჩააბარეს საკვალიფიკაციო გამოცდა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფლდებიან საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან, ანდა მიაღწიეს საპენსიო ასაკს ამ კანონის ძალაში შესვლამდე ან მას შემდეგ და გააჩნიათ სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟი“. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ „საქართველოს პროკურატორის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო დებულების ის ნაწილი, რომელშიც საუბარია სამართალდამცვის ორგანოებში მუშაობის არანაკლებ 25 წლის სტაჟზე, შეეხება პროკურატურის – მათ შორის პენსიაზე გასულ მუშაკებზე შაღავათების გავრცელებას. აქვე სასამართლო თვლის, რომ ამავე კანონის მე- მუხლიდან გამომდინარე იგივე წესი ვრცელდება პროკურატურის მუშაკთათვის პენსიის ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაშიც, კერძოდ, „საქართველოს პროკურატურის მუშაკს პენსიაზე გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ამ კანონით დადგენილი ხელფასის სრული ოდენობით“. ამრიგად, სადავო კანონმა შემოიღო პროკურატურის მუშაკთათვის პენსიის განსაზღვრისა და გამოთვლის ახალი წესი, მათი მუშაობის სტაჟიდან გამომდინარე – რაც ქალებისათვის და მამაკაცებისათვის არის ერატნაირად 25 წელი. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არც სადავო კანონი და არც „საქართვალოს პროკურატურის შესახებ“ ორგანული თვითონ არ განსაზღვრავს პროკურატურის მუშაკთათვის საპენსიო ასაკს. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ პროკურატურის მუშაკებზე, როგორც საჯაროს მოსამსახურეებზე ვრცელდება „საჯაროს სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და ამ კანონის 50–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი ქალებისა და მამაკაცებისათვის 2004 წლის პირველი იანვრიდან ერთნაირად განისაზღვრა 65 წლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო კანონმა გაზრდილი პენსიისათვის განსაზღვრა ახალი სუბიექტები, რომლებიც შესაბამისად უნდა აკმაყოფილებდნენ გაზრდილი პენსიის დანიშვნისათვის არსებულ ახალ პირობებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ მოსარჩელე შურა ხაბეიშვილთან მიმართებით არ მომხდარა სადვო აქტით მისი უკვე დამდაგარი უფლების – მიიღოს პენსია თავის დროზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – დარღვევა, ვინაიდან გასაჩივრებულმა კანონმა არ გააუქმა და არ შეზღუდა მისი აღნიშნული უფლება. სხვა საკითხია, თუ მოსარჩელეს თავიდანვე ექნებოდა სადავო კანონის მე–6¹ მუხლით გათვალისწინებული პენსიის ანალოგიური ოდენობა, ხოლო დავის საგანი კი ახალი პირობების შემორებით, უკუქცევითი ძალით გააუქმებდა მის აღნიშნულ პენსიას.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ სადავო აქტის მიღებამდე პროკურატურაში მომუშავე ქალებს პენსია ენიშნებოდათ მაშინ მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული 20 წლიანი სამუშაო სტაჟის გათვალისწინებით. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ პროკურატურაში მომუშავე ქალებისა და მამაკაცებისათვის ერთიანი სამუშაო სტაჟის – 25 წლის –დაწესებით, იმ პირობებში, როდესაც ქალებისა და მამაკაცებისათვის სამსახურში ყოფნის განსხვავებული ზღვრული ასაკი იყო გათვალისწინებული, პენსიაზე გასულ ქალებს, რომლებსაც არ გააჩნდათ სტაჟის შევსების შესაძლებლობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზით, გარკვეულწილად, შეეზღუდათ სოციალური პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ სასურველი იქნებოდა, თუ კანონმდებელი სადავო კანონის მიღებისას, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპის საფუძველზე, მხედველობაში მიიღებდა აგრეთვე იმ პირობებსა და შესაძლებლობებს, რაც მომუშავე ქალებს გააჩნდათ თავის დროზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიას მიზანშეწონილად მიიაჩნია, რათა საქართველოს პარლამენტმა იმსჯელოს სადავო აქტის შესაბამისობაზე ადრე მოქმედი შრომის კანონმდებლობის ამ კონკრეტული ურთიერთობების მომწესრიგებელ ნორმებთან.
იხელმძღვანელა რა კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 26–ე მუხლის მე–3 პუნქტით, 39–ე მუხლით, 43–ე მუხლის მე–8 პუნქტით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32–ე და 33–ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს
1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის შურა ხაბეიშვილის 254–ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
2. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას და განსჯადობას არ ექვემდებარება;
4. ეს გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
კოლეგიის შემადგენლობა
ოთარ ბენიძე (თავმჯდომარე)
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (წევრი, მომხსენებელი მოსამართლე)
ლამარა ჩორგოლაშვილი (წევრი)
ზაურ ჯინჯოლავა (წევრი)
ასლი დედანთან სწორია.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მდივანი ნიკოლოზ შაშკინი
გ ა ნ ს ხ ვ ა ვ ე ბ უ ლ ი ა ზ რ ი
არ ვეთანხმები სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარყოფილი იქნა შ. ხაბეიშვილის კონსტიტუციური სარჩელი, შემდეგი მოსაზრებით:
„საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოცილალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს მოქმედი, 2002 წლის 3 დეკემბრის კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტით ერთიანი საპენსიო სტაჟის – 25 წლის განსაზღვრა მამკაცებისა და ქალებისათვის არ მიმაჩნია საქართველოს კანონმდებლობისა და მისი საერთო პრინციპებიდან გამომდინარედ. სასამართლოს გააჩნდა საკმარისი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 235–ე მუხლით, რომელსაც პრიორიტეტული მდგომარეობა უკავია შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისას და რომელიც იერარქიული თვალსაზრისით სადავო აქტთან თანაბარ საფეხურზე მოიაზრება, მამაკაცებისათვის დადგენილია მუშაობის სტაჟი არანაკლებ – 25 წლისა, ხოლო ქალებისათვის – 20 წელი. შრომის კანონმდებლობით აღნიშნული შეღავათი დაწესებულია ქალის ფუნქციების გათვალისწინებით – მუშაობასთან ერთად იზრუნოს ოჯახისა და მომავალი თაობის აღზრდაზე. აღნიშნული შეღავათების გაუქმება სპეციალური კანონით მხოლოდ პროკურატურის სისტემაში მომუშავე ქალებისათვის, მათი უფლებების შელახვად მიმაჩნია, ვინაიდან პროკურატურაში მომუშავე ქალებს 20 წლის ნაცვლად 25 წლის მუშაობის სტაჟი სჭირდება პენსიაზე უფლების მოსაპოვებლად, გარდა ამისა, ამით ირღვევა თანასწორობის უფლება სხვა და სხვა დარგში მომუშავე ქალებისათვის.
მით უფრო,იმავე 2002 წლის 3 დეკემბერს მიღებული „პროკურატურის შესახებ„ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილელებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე’ პროკურატურის მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველად დარჩა საპენსიო ასაკი ქალებისათვის – 60 წელი და მამაკაცაბისათვის – 65 წელი, როგორც ამას საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ზემოთაღნიშნული მუხლიც ადგენს მოხუცებულობის პენსიის მიღების განსაზღვრისას.
მაშასადამე, სადავო კანონის თანახმად მამაკაცთან შედარებით ქალი ხუთი წლით ადრე შეიძლება დათხოვნილ იქნას და წაერთვას მომეტებული პენსიისათვის სტაჟის შევსების შესაძლებლობა, რაც მას მამაკაცთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 30–ე მუხლის მე–4 პუნქტით, აღიარებულია კანონით ქალის შრომის პირობების განსხვავებული მოწესრიგების აუცილებლობა. არ შეიძლება იმის უგულებელყოფა, რომ მამაკაცი და ქალი სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ;
2. სადავო ნორმატუ.ლი აქტის მიღებამდე პროკურატურაში მომუშავე ქალებს პენსია ენიშნებოდათ საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მიერ ქალებისათვის დაწესებული 20 წლიანი საპენსიო სტაჟის გათვალისწინებით. შემდგომ, მხოლოდ პროკურატურაში მომუშავე ქალებისა და მამაკაცებისათვის ერთიანი საპენსიო სტაჟის – 25 წლის დაწესებით უკვე პენსიაზე გასულ ქალებს, რომლებსაც წართმეული აქვთ უკვე სტაჟის შევსების შესაძლებლობა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეელახათ სოციალური უფლებები და სადავო კანონი მათთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე–6 მუხლისა და სამართლის საერთო პრინციპებიდან გამომდინარე, არ შეიძლება მიეცეს უკუქცევითი ძალა ერთიანი სტაჟის დაწესების ნაწილში. მეორე მხრივ, „საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, კანონი ვრცელდება მუშაკებზე, რომლებმაც მიაღწიეს საპენსიო ასაკს ამ კანონის ძალაში შესვლამდე და მომეტებული პენსიის შემორება ამ ქალებზეც უნდა იქნეს გავრცელებულკარგადკკი. კანონის ასეთი შეუსაბამობა დაძლეულ უნდა იქნას, რაც სადავო ნორმის ახალი რედაქციის დროს იქნება შესაძლებელი.
მნიშვნელოვანობა არა აქვს დ ავერ დავეათანხმები არგუმენტს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი აწესებს ერთიან საპენსიო ასაკს და „საქართველოს პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონი, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა, საერთოდ არ განსაზღვრავს საპენსიო ასაკს, რადგან კონსტიტუციური სარჩელი ეხება სადავო კანონის ძალაში შესვლამდე აღმოცენებულ ურთიერთობებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი შრომის კანონთა კოდექსის შესაბამის იერარქიულ საფეხურზეა იურიდიული ძალის მხრივ, მასში ერთიანი ზღვრული საპენსიო სტაჟი დადაგენილი არა არის, ხოლო 50–ე მუხლში ჩამოთვლილი ნამსახურების სტაჟი შესაბამისად დანიშნული პენსიის ზრდის მაჩვენებელს წარმოადგენს;
3. მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელის სოციალური უფლება საქართველოს კონსტიტუციის 39–ე მუხლით დაცვით საგანს წარმოადგენს. სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელის უფლებები არ დარღვეულა მაშინ მოქმედი კანონმდებლობით პენსიის დანიშვნის გამო, მიმაჩნია ფორმალურად, ვინაიდან კანონმდებელმა თვითონ მისცა უკუქცევითი ძალა მომატებული პენსიის ძველ ურთიერთობებზე გავრცელებას, მაგრამ არ გაითვალისწინა, რომ ახალი საპენსიო სტაჟის შემოღებით მკვეთრად შელახა პროკურატურაში ადრე მომუშავე ქალთა უფლებები, რომელზეც გაავრცელა ახალი კანონი პენსიის გაზრდილი ოდენობის დანიშვნის თაობაზე, მაგრამ ახალი სტაჟის დაწესებით ფაქტობრივად, შეზღუდა სოციალური პირობების გაუმჯობესების შესაძლებლობა. მოსარჩელესთვის დანიშნული პენსია იმდენად სიმბოლურია ახალი კანონით გათვალისწინებულ ოდენობასთან შედარებით, რომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი მისი სოციალური უფლებები დაცულად მიეჩნია.
მართალია, სამოტივაციო წერილში სასამართლომ იმსჯელა ამ უფლებების შელახვაზე, მაგრამ იგი არ მიიჩნია სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად, რასაც არ ვეთანხმები.
საგულისხმოა, რომ როგორც სხდომაზე გამოირკვა, სადავო ნორმატული აქტით შეზღუდვა პროკურატურაში მომუშავე ქალტა ვიწრო წრეს შეეხო.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
ლამარა ჩორგოლაშვილი