"შპს უნისერვისი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N/2/6/264 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 21 დეკემბერი 2004 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე),
ოთარ ბენიძის (წევრი),
ლამარა ჩორგოლაშვილის (წევრი)
ზაურ ჯინჯოლავას (წევრი)
სხდომის მდივანი – ელენე ლაღიძე
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელე შპს «უნისერივისის» წარმომადგენლები - მანანა კობახიძე, თამარ გაბისონია და არჩილ ჩოფიკაშვილი, მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – მარინე რობაქიძე და გელა დვალიძე, აგრეთვე მოწმე - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, საგამოძიებო ნაწილის უფროსი გიორგი ლაცაბიძე,
განიხილა საქმე: “შპს “უნისერვისის” კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.
დავის საგანია: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილის და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
264-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძველად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლი.
264-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2003 წლის 9 ოქტომბრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ შპს „უნისერვისიდან“ ამოღებული იქნა 2001-2003 წლების შპს „უნისერვისის“ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპოდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). ხოლო ამავე კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება. მოსარჩელის განცხადებით, სადავო აქტები სარჩელის ავტორს ართმევს უფლებას აღნიშნული ბრძანების კანონიერების დასადგენად მიმართოს სასამართლოს და დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. მოსარჩელის აზრით, გასაჩივრების მექანიზმის არარსებობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის არსებითი განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული უფლება არის პირის აბსოლუტური უფლება, რომლის შეზღუდვა დაუშვებელია. ნებისმიერი პირის უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს აღიარებული და გარანტირებული უფლებაა არა მხოლოდ ქვეყნის შიდაკანონმდებლობით, არამედ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპის კონვენციის მე-6 მუხლითაც, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრის ან მისდამი წარდგენილი ყოველგვარი სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენის დროს ითხოვოს მისაღები ვადის განმავლობაში დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე უთითებს ევროსასამართლოს იმ პრეცენდენტებზე, რომლებიც დაკავშირებულია განსახილველ საქმესთან. კერძოდ, „ევროსასამართლომ საქმეზე „ალბერი და ლე კომპტი ბელგიის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მაშასადამე სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არა მარტო იმ სამართალწარმოებაში გამოიყენება, რომელიც უკვე მიმდინარეობს, არამედ მას შეიძლება დაეყრდნოს ნებისმიერი, ვინც თვლის, რომ მისი მოქალაქის თუნდაც ერთი უფლების განხორციელებაში ჩარევაც კი უკანონოა და გამოთქვამს პრეტენზიას, რომ არ ჰქონდა საშუალება მიემართა სასამართლოსათვის სარჩელით.“ ასევე, „ევროსასამართლოს განმარტებით საქმეზე „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“, სასამართლოსათვის მიმართვა შეუძლია ყველას, ვინც თვლის, რომ მისი უფლების ხელყოფა უკანონოა და გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა მიემართა ისეთი სასამართლოსათვის, რომელიც პასუხობს მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნას. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სახელმწიფოს არა აქვს უფლება, შეზღუდოს ან აიცილოს სასამართლო კონტროლი გარკვეულ სფეროში. ამავე საქმეზე სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილია სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის სხვადასხვა ელემენტები. საქმის განხილვის ძირითად ელემენტად მიჩნეულია სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა, სასამართლო კონტროლისათვის დამახასიათებელი ყველა შესაბამისი ატრიბუტით და გარანტიით.“ მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო აქტებით დარღვეულია ასევე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი. გამომდინარე იქიდან, რომ გამომძიებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ჩხრეკისა და ამოღების შესახებ ბრძანების გაცემის ან ჩხრეკისა და ამოღების დაკანონების თაობაზე. სასამართლო აღნიშნულ საკითხს წყვეტს გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე ერთპიროვნულად ისე, რომ პროცესზე არ ხდება მეორე მხარის მოწვევა. გარდა იმისა, რომ მხარე არ ესწრება ამ პროცესს მას არც ბრძანების გასაჩივრების უფლება აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე თვლის, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არის პირის უფლება გაასაჩივროს თავისი შელახული უფლებები სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
მოპასუხე მხარის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნეს, რომ არ ცნობენ სარჩელს და არ ეთანხმებიან მოსარჩელე მხარეს. მოპასუხის აზრით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილი, რომლის თანახმად, «ამ მუხლის მე-2-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს სხდომის ოქმი არ დგება, ხოლო მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება» და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, «საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება» არ მოდის წინააღმდეგობაში არც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან და არც საერთაშორისო კონვენციებსა და პაქტებთან. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, „სისხლის სამართლის საქმეთა წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებლები. სწორედ გამომძიებელია „ვალდებული გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად. გამოავლინოს ბრალდებულის მამხილებელი და გამამრთლებელი გარემოებები, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.“ აღნიშნული მიზნების განხორციელება კი წარმოუდგენელია იმ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ კატეგორიის საპროცესო აქტის გასაჩივრების უფლება არ შეიზღუდება ისევ და ისევ სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად. იმისათვის, რომ საგამოძიებო ორგანოებმა აწარმოონ ჩხრეკა, ამოღება და სხვა საგამოძიებო მოქმედებები, უნდა არსებობდეს „საკმაო საფუძველი ეჭვისათვის“, რომ პირმა ჩაიდინა ისეთი ქმედება, რომლისთვისაც კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული მოქმედებები მიზნად ისახავენ საფუძვლიანი ეჭვის დასადასტურებლად მტკიცებულებათა მოპოვებასა და შეკრებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტკიცებულებათა მოსპობა, გადამალვა ან სხვაგვარი ფორმით ძიებისათვის ხელის შეშლა. ამასთან, მოპასუხე უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, «სისხლის სამართლის პროცესის ამოცანებია: დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი და მისი ჩამდენი პირი…»
მოპასუხე განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის შესაბამისად, «ამოღება, ჩხრეკა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის დადგენილებით, რის შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, უნდა ეცნობოს 24 საათის განმავლობაში და გადაეცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას. მოსამართლე მასალების შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, პროკურორის მონაწილეობით ამოწმებს სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც ამოღება, ჩხრეკა და საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩაატარა მოსამართლის ბრძანების გარეშე. მასალების განხილვის შემდეგ მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება:
ა) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობისა და ამ მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ.“
დასახელებულიდან გამომდინარე, მოპასუხის აზრით, საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით მთელი პროცედურა ექცევა სასამართლო კონტროლის ქვეშ. სასამართლოსადმი მიმართვის სუბიექტი ასეთ შემთხვევაში გახლავთ გამომძიებელი ანუ „უფლებამოსილი პირი“ - მიიჩნევს მოპასუხე.
მოპასუხემ ასევე მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, „ამოღება, ჩხრეკა, შემთხვევის ადგილის დათვალიერება საცხოვრებელ ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ მოსამართლის ბრძანების გარეშე, გადაუდებელ შემთხვევებში, შეიძლება ჩატარდეს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდეც. აღნიშნულის შესახებ მოკვლევის ორგანოს გამოაქვს მოტივირებული დადგენილება. მათი ჩატარების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ პროკურორს, რომელიც გაეცნობა მოკვლევის ორგანოს დადგენილებას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, მიღებულ ფაქტობრივ მონაცემებს. პროკურორი ვალდებულია 24 საათის განმავლობაში აღნიშნულის შესახებ აცნობოს იმ მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება და წარუდგინოს მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. მოსამართლე, პროკურორის შუამდგომლობის შემოსვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა, მისი მონაწილეობით ამოწმებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერებას. მოსამართლე უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს მოკვლევის ორგანოს ის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა საგამოძიებო მოქმედება სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე. შუამდგომლობის განხილვის შემდეგ მოსამართლეს 293-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით გამოაქვს დადგენილება:
ა) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, ამ მოქმედების საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტისა და აღნიშნული მოქმედებით მიღებულ მტკიცებულებათა გაუქმების შესახებ.»
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ციტირებულ ნორმებში მითითებული დადგენილების გაუსაჩივრებლობა და არა სასამართლოსათვის მიმართვის საყოველთაოდ აღიარებული უფლება საჯარო მიზნითაა ნაკარნახევი და ემსახურება კანონიერ მიზანს. შესაბამისად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლების გარანტირებულობის კონსტიტუციური პრინციპის გაიგივება პროცესუალური დოკუმენტის გასაჩივრების უფლებასთან უმართებულოა და მოპასუხის აზრით გასაჩივრებულ ნორმებს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
მოპასუხე ასევე განმარტავს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმად, «მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა პროცესის მწარმოებელი ორგანოს დადგენილებით (განჩინებით)». მოპასუხის განმარტებით, პროცესის მწარმოებელი ორგანო ამ შემთხვევაში გახლავთ სასამართლო, რომელიც ახორციელებს კონტროლს უკანონოდ ჩატარებულ საგამოძიებო საპროცესო მოქმედებებზე და რაც სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციაა. ამდენად, არსებობს მრავალი მექანიზმი, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკანონობა, საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე ბრძანების გაცემისას ან დადგენილების გამოტანისას. სწორედ ამიტომ არ საჩივრდება იგი ზემდგომ სასამართლო ინსტანციებში. მოსარჩელე ასევე ასახელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის შესაბამისად, მოსამართლე, რომელიც მონაწილეობდა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის მოქმედებებსა და აქტებზე საჩივრების განხილვაში, აგრეთვე «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-7 მუხლში ან ამ კოდექსის 140-ე (სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების გამოყენების სასამართლო წესი) და 292-ე მუხლებში (საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის განხილვის წესი) აღნიშნულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში, პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვაში ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებს ამ საქმის განხილვაში. დასახელებულიდან გამომდინარე მოპასუხე თვლის, რომ მოსამართლეს, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებში, შემოიფარგლება მხოლოდ აღნიშნული საკითხის განხილვით და იგივე მოსამართლე ვერ განიხილავს პირის ბრალეულობის საკითხს. ასევე ის გარემოება, რომ დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებების (ბრძანება, დადგენილება) გარეშე საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარება, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში რეალურადაა ასახული და ემსახურება პროცესის ყველა მონაწილის კანონიერი უფლებების და თავისუფლებების დაცვას – აღნიშნავს მოპასუხე.
მოპასუხე ასევე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება «ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ» ევროპის კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მისი სამოქალაქო უფლებების და მოვალეობების განსაზღვრის ან მისთვის წაყენებული ყოველგვარი სისხლის სამართლის ბრალდების განხილვის დროს ითხოვოს მისაღები ვადის განმავლობაში დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვა. ასევე, კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ იურიდიულ და ფიზიკურ პირს უფლება აქვს, მშვიდობიანად გამოიყენოს თავისი ქონება, ადგენს იმასაც, რომ „დებულება არავითარ შემთხვევაში არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც მას მიაჩნია საჭიროდ ქონების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის საერთო ინტერესების შესაბამისად ან გადასახადების გადახდის ან სხვა შენატანების და ჯარიმების გადახდის უზრუნველყოფისათვის“. მოპასუხე თვლის, რომ არც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და არც ევროპის კონვენციის მე-6 მუხლი არ ითვალისწინებს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხის – საპროცესო აქტის გასაჩივრების უფლებას. აღნიშნული მუხლები, მოპასუხის აზრით, ეხება „სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას“, რომელიც ყველა პირის ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს და განსაკუთრებული დაცვის რანგშია აყვანილი საქართველოში, ხოლო რაც შეეხება ეროვნულ კანონმდებლობაში რიგი შეზღუდვების დაშვებას, სადავოდ ქცეული ნორმების სახით, იგი არ მოდის წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
მოპასუხე თვლის, რომ მოსარჩელეს, როგორც იურიდიულ პირს თავისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას, რაც მის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობასა და ქონების გამოყენებას შეეხება, არ არის შეზღუდული დაიცვას თავი დამოუკიდებელი და მიუმხრობელი სასამართლოს მეშვეობით, საქმის სამართლიანად და საჯაროდ განხილვის გზით. კერძოდ, მოპასუხე მიუთითებს „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად „სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მართველობის ორგანო, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მეწარმის საქმიანობაზე განახორციელოს კონტროლი მხოლოდ კანონით დადგენილი წესით. კანონის აღნიშნული დებულების შესაბამისად, საქართველოში მეწარმესა და სამეწარმეო საქმიანობაზე ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობისა.“ აღნიშნული კანონით განსაზღვრულია ასევე მეწარმე სუბიექტთა უფლებებისა და თავისუფლებების მყარი გარანტიები, კერძოდ, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „კანონის დარღვევით განხორციელებული შემოწმების შედეგად მიღებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არა აქვს.“ დასახელებული კანონით მაკონტროლებელი ორგანო უფლებამოსილია შევიდეს საწარმოში, მოითხოვოს დოკუმენტები, შეაჩეროს საწარმოს საქმიანობა, დალუქოს მეწარმის კუთვნილი ქონება, დაათვალიეროს საწარმო, შეამოწმოს მეწარმის მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხი მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. რაც შეეხება გასაჩივრების პროცედურას, რასაც მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს და აიგივებს სასამართლოში მიმართვის უფლებასთან, იგი დაშვებულია და რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით. კერძოდ, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „ამ მუხლით განსაზღვრული საკითხის მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-14 პუნქტით , რომლის შესაბამისად, „მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. ბრძანების გასაჩივრება აჩერებს ბრძანების მოქმედებას. მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით 24 საათის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ასკვნის, რომ მეწარმის საქმიანობაზე კონტროლი ხორციელდება კანონით დადგენილი წესით და იგი შეესაბამება ევროპის კონვენციასა და მის პირველ ოქმს, შესაბამისად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
სასამართლო სხდომაზე სპეციალისტად მოწვეულმა პროფესორმა ოთარ გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. კონსტიტუციის 42-ე მუხლი რაიმე გამონაკლისს არ აკეთებს და ყველა შემთხვევაში აძლევს ადამიანს სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. ამიტომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს არ შეეძლო კონსტიტუციით დადგენილი ამ საერთო წესიდან გამონაკლისი გაეკეთებინა და აეკრძალა ადამიანისთვის მოსამართლის იმ ბრძანების სასამართლოში გასაჩივრება, რომელმაც დააკანონა ჩხრეკა, ამოღება ან სხვა საგამოძიებო მოქმედება. „საქართველოს კონსტიტუცია უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“,-ნათქვამია საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლში. სიტყვები „ყველა სხვა სამართლებრივი აქტი“, ცხადია, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსაც გულისხმობს.
სპეციალისტი ასკვნის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილით აშკარად დარღვეულია კონსტიტუციის მე-6 მუხლის მოთხოვნა და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
სასამართლო სხდომაზე, მოწმედ მოწვეული - საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი ლაცაბიძე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და აღნიშნა, რომ სადავო აქტებით არ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება ნიშნავს, რომ განხორციელდეს სასამართლო კონტროლი ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებაზე. სადავო აქტებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება, გადაუდებელ შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშეც, მაგრამ პირმა, რომელმაც ჩაატარა ჩხრეკა ან ამოღება უნდა აცნობოს პროკურორს, ხოლო პროკურორი მიმართავს სასამართლოს, რომელიც აფასებს თუ რამდენად აუცილებელი იყო მოსამართლის ბრძანების გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და რამდენად კანონიერად იყო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.
გიორგი ლაცაბიძის განცხადებით, სასამართლო კონტროლი ხორციელდება ასევე, როდესაც საქმე სასამართლოში გაიგზავნება არსებითად განსახილველად, სასამართლო ამოწმებს შეკრებილი მტკიცებულებების კანონიერებას და სასამართლოს უფლება აქვს უკანონოდ სცნოს მიღებული მტკიცებულებები. რაც შეეხება სადავო აქტებს, რომლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ გაცემული ბრძანება და გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება, მოწმის განცხადებით, კანონმდებელი გამოდიოდა ძირითადი პრინციპიდან, რომ გამოძიება იყოს სწრაფი, სრული და ობიექტური. სასამართლოს ასევე უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, დაუშვებლად სცნოს ის მტკიცებულებები, რომლებიც კანონის დარღვევით იყო მიღებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დამატებით ამოწმებს თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული მტკიცებულებები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გიორგი ლაცაბიძე განმარტავს, რომ სადავო აქტები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტს, ვინაიდან, თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, სასამართლო კონტროლი განხორციელებულია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 264-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის გაანალიზების, საქმის არსებითი განხილვის სასამართლო სხდომაზე გამოსული მოსარჩელისა და მოპასუხე მხარის წარმომადგენლების, აგრეთვე სპეციალისტის დასკვნისა და მოწმის ჩვენებათა საფუძველზე გამოარკვია საქმის არსებითად განხილვასთან დაკავშირებული შემდეგი გარემოებანი:
1. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ამრიგად, გასაჩივრებულია მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩხრეკის, ამოღების, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის არ არსებობა. გასათავალისწინებელია ის გარემოება, რომ კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მართალია შპს «უნისერვისის» მიმართ, კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, განხორციელდა მხოლოდ ამოღების საგამოძიებო მოქმედება, მაგრამ მოსარჩელე სადავოდ ხდის მთლიანად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას. აღნიშნულ, 290-ე მუხლის მე-7 სადავო ნაწილში საუბარია ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომლებიც შეეხება როგორც ამოღებას, ისე ჩხრეკას და საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ დათვალიერებას და აღნიშნული მოქმედებების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოსარჩელემ არ დააკონკრეტა თავისი სასარჩელო მოთხოვნა სადავო დებულების კონსტიტუციურობის დადგენის თაობაზე მხოლოდ ამოღების საგამოძიებო მოქმედებასთან მიმართებით და სასამართლოს წინაშე სადავოდ გახადა მთლიანად 290-ე მუხლის მე-7 და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობა, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია იმსჯელოს სადავო დებულებების კონსტიტუციურობის თაობაზე როგორც ამოღებასთან, ისე ჩხრეკასა და საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერებასთან მიმართებით.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო დებულებებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ნებართვაზე მოსამართლის ბრძანების ან დადგენილების (სასამართლოს გადაწყვეტილების) მიღებას ძირითადად ადგილი აქვს სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ან წინასწარი გამოძიების საპროცესო სტადიაზე. სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 320-ე მუხლზე, რომელიც მოიცავს ამოღებისა და ჩხრეკის ჩატარების შესაძლებლობას სასამართლოს განჩინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული სადავო დებულებებისაგან განსხვავებით, 320-ე მუხლით გათვალისწინებული განჩინება შესაძლებელია გასაჩივრდეს. ამრიგად, გაუგებარია კანონმდებელმა რატომ მოაწესრიგა განსხვავებულად ანალოგიური სახის მოქმედებები, რომლებიც ერთნაირად მიმართულია პირის ერთიდაიგივე კონსტიტუციური უფლების შესაზღუდად და შესაბამისად გარკვეულ შემთხვევაში დაუშვა, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში კი ცალსახად აკრძალა გასაჩივრების შესაძლებლობა.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებისა და სხვა საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერების შემდგომი დადგენისა და სასამართლო წესით მათი გადასინჯვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და მიუთითა ამავე კოდექსის 111-ე მუხლზე. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლის თუნდაც უკანონო გადაწყვეტილებით განხორციელებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერების სასამართლო წესით შემოწმების შესაძლებლობა დაინტერესებულ პირს, ანუ პროცესის მონაწილე მხარეს, ეძლევა უკვე სისხლის სამართლის საქმის პირველივე ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, როდესაც სასამართლო ვალდებულია, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, იმსჯელოს თუ რამდენად კანონიერად იქნა მიღებული გადაწყვეტილება საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე წინასწარი გამოძიების ეტაპზე და შესაბამისად, ამ გზით მოპოვებული მტკიცებულებები დაუშვებლად მიიჩნიოს. მოპასუხე მხარის აღნიშნული განცხადების საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმ მუხლებზე, რომლებიც აწესრიგებენ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარებას და აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები შესაძლებელია განხორციელდეს არა მხოლოდ ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის, არამედ ასევე სხვა პირების მიმართაც. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში დაინტერესებული პირები შეიძლება არ წარმოადგენდნენ შემდგომი სასამართლო განხილვის მონაწილეებს და შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დასრულდება წინასწარი გამოძიება და საქმე გადაიგზავნება სასამართლოში განსახილველად, აღნიშნულ პირებს წართმეული აქვთ შესაძლებლობა დაიცვან მათი შელახული ინტერესები სასამართლოს წინაშე. მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამოღების საგამოძიებო მოქმედების თაობაზე მოსამართლის ბრძანების ძირითად საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე შპს "უნისერვისის" ხელმძღვანელობის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადებისაგან თავის არიდების ფაქტზე. ხოლო, რაც შეეხება ამოღების საგამოძიებო მოქმედებას, იგი განხორციელდა შპს «უნისერვისის» მიმართ, მისი და არა ამ იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღების სახით. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს წარმოადგენს იურიდიული პირი, რომლის მიმართაც განხორციელდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, რითიც მოხდა მისი, როგორც იურიდიული პირის უფლებების შეზღუდვა, რამაც, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელთა მტკიცებით, გამოიწვია შპს «უნისერვისის» საქმიანობის ნაწილობრივი პარალიზება და მას სადავო ნორმებით არ გააჩნია შესაძლებლობა სასამართლოს მეშვეობით გადაამოწმოს მის მიმართ გამოყენებული საგამოძიებო მოქმედების კანონიერება. აქვე, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სისხლის სამართლის საქმე შეიძლება შეწყდეს წინასწარი გამოძიების ეტაპზე და სასამართლო განხილვა, ისევე როგორც წინასწარი გამოძიების დროს განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერების სასამართლო წესით გადამოწმება საერთოდ არ განხორციელდეს, რასაც ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
2. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად «ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს». სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც «კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე». ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ასევე უნდა გავრცელდეს იურიდიულ პირებზეც.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი არ ითვალისწინებს საპროცესო აქტის გასაჩივრების უფლებას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ზოგადად მიუთითებს პირის უფლებაზე თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილების - ასევე საპროცესო მოქმედებების ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებათა – გასაჩივრების წესს, იგი მინდობილი აქვს შესაბამის საკანონმდებლო ან სხვა ნორმატიულ აქტებს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი და საჩივრის განმხილველ სასამართლოთა ჩამონათვალი შესაძლებელია სხვადასხვა იყოს, მაგრამ კანონმდებელი ვალდებულია დაადგინოს გასაჩივრების ისეთი მექანიზმი და შესაძლებლობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის პრინციპთან. ამასთან, სასამართლო კოლეგიას ცალსახად მიაჩნია, რომ პირი სასამართლოს გადაწყვეტილების ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრებით რეალიზაციას უკეთებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებას. სასამართლო კოლეგიის აზრით, კანონმდებელს ასევე მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტიც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე და 293-ე მუხლებით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება მიიღება სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე და აღნიშნულ სასამართლო განხილვაში სასამართლოსათვის არ არის სავალდებულო დაინტერესებული პირის დასწრება და შესაბამისად მისი საპირისპირო მოსაზრების მოსმენა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური. იგი შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და დაცული უნდა იქნეს გონივრული თანაზომიერება შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და აღნიშნული შეზღუდვის კანონიერ მიზანს შორის. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამოღებისა და ჩხრეკის კანონიერ მიზანს, ამავე კოდექსის 315-ე მöუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, წარმოადგენს ის, რომ «აღმოაჩინონ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი, საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და ფასეულობა, სხვა საგანი ან დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად». ამრიგად, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ზემოთ ჩამოთვლილი ამოღების საგამოძიებო მოქმედების კანონიერი მიზნების განხორციელებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირისათვის მოსამართლის შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების დაშვება არანაირად არ უშლის ხელს აღნიშნულ კანონიერ მიზანთა განხორციელებას, მითუმეტეს, რომ გასაჩივრების შემთხვევაში, სადავოდ გამხდარი მოსამართლის გადაწყვეტილება და შესაბამისად მის საფუძველზე განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებები, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე არ უნდა შეჩერდეს, რათა არ შეეშალოს ხელი სამართლიან გამოძიებას. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია თვლის, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების უგულებელყოფის სახით არსებული შეზღუდვა არ არის პროპორციული და არ ემსახურება ამოღების საგამოძიებო მოქმედების ზემოაღნიშნულ მიზანს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ვერ დაეთანხმება სასამართლო სხდომაზე მოწმედ მოწვეული საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მოსაზრებას, თითქოს ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების დაშვება გამოიწვევს მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების გაჭიანურებას და შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, დადგენილი საპროცესო ვადების დარღვევას. ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის ძირითად არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მოკვლევის ან გამოძიების ორგანოები ვალდებულები იქნებიან, როგორც საგამოძიებო მოქმედების ნებართვის თაობაზე სასამართლო განხილვის შემთხვევაში, გასაჩივრების შემთხვევაშიც სასამართლოს წარუდგინონ მთლიანად სისხლის სამართლის საქმე. ამ განცხადების საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე და 291-ე მუხლებზე, რომელთა შესაბამისადაც, სასამართლოს უნდა წარედგინოს არა მთლიანად სისხლის სამართლის საქმე, არამედ «სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიც ასაბუთებენ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების აუცილებლობას». რაც შეეხება იმ მოსაზრებას, თითქოს გასაჩივრების დაშვების შემთხვევაში შესაძლებელია დაირღვეს შესაბამისი საპროცესო ვადები, ამის საპირისპიროდ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული ხასიათის სირთულეები, რასაც შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გასაჩივრების შემთხვევაში, არ შეიძლება გახდეს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის საფუძველი. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ კონსტიტუციური სარჩელით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლების შესაძლო დარღვევის საკითხს და იგი ვერ იმსჯელებს, თუ რა ფორმით უნდა განხორციელდეს საგამოძიებო მოქმედების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება. აღნიშნული საკითხი განეკუთვნება საქართველოს პარლამენტის კომპეტენციას, რომელმაც უნდა განსაზღვროს და დააწესოს გასაჩივრების ისეთი მექანიზმი, რაც, ერთი მხრივ, არ დაარღვევს სამართლიანი გამოძიებისა და მართლმსაჯულების განხორციელების ძირითად პრინციპებს, ხოლო მეორე მხრივ მაქსიმალურად დაიცავს პირის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, სასამართლო კოლეგია თვლის, რომ გასაჩივრების უფლება არ არის ცალმხრივი და შესაბამისად სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოც უფლებამოსილია, მისი შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში იდავოს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე;
3. მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა დასკვნით სიტყვაში აღნიშნეს, რომ მოსარჩელის, როგორც იურიდიული პირის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენისა და მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენის მიზნით, «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მაკონტროლებელ ორგანოებს, ამავე კანონის შესაბამისად და მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე უფლება აქვთ, შევიდნენ საწარმოში, მოითხოვონ დოკუმენტები, შეაჩერონ საწარმოს საქმიანობა, დალუქონ მეწარმის კუთვნილი ქონება და ა.შ. მოპასუხის განცხადებით, ზემოაღნიშნული კანონით განსაზღვრული საკითხების მოსამართლის მიერ განხილვისა და გადაწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით. ამავე კოდექსის 213 მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის ბრძანების გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ, ხოლო მოსამართლის ბრძანება ამ მუხლით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს 24 საათის განმავლობაში სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე ასკვნის, რომ, თუკი მეწარმე სუბიექტის შემოწმების მიზნით მაკონტროლებელი ორგანო «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად მიიღებს მოსამართლის ბრძანებას, დაინტერესებულ საწარმოს უფლება აქვს, გაასაჩივროს აღნიშნული ბრძანების კანონიერება. რაც შეეხება ამოღების საპროცესო მოქმედებას, მოპასუხე მხარის განცხადებით, იგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მაკონტროლებელი ორგანო საწარმოს შემოწმებისასას აღმოაჩენს იმ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს მეწარმის საქმიანობაში მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და მეწარმე არ დაემორჩილება შესაბამისი დოკუმენტების გადაცემის მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნავენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ამოღება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მოსამართლის «სხვა ბრძანების საფუძველზე». ამრიგად, მოპასუხე მხარის წარმომადგენელთა აზრით, ორი ბრძანების გასაჩივრების პროცედურის დადგენა არამიზანშეწონილი იქნებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ «სამეწარმეო საქმიანობის კონსტროლის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონტროლის მიზანს წარმოადგენს «მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამათალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება». «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოქმედებებისაგან განსხვავებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «ამოღება და ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოაჩინონ და ამოიღონ დანაშაულის იარაღი, საგანი, რომელსაც დანაშაულის კვალი ატყვია, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთი და ფასეულობა, სხვა საგანი და დოკუმენტი, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად». სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ შესაძლებელია არსებობდეს ამ მოქმედებათა გარეგნული მსგავსება, მაგრამ «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონისაგან განსხვავებით სისხლის სამართლის პროცესის ძირითადი ამოცანაა დაადგინოს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ფაქტობრივი გარემოებანი, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირი და არა სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად «ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოქმედებებზე». ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია ასევე მიუთითებს კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართულ ქ.თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბრძანებაზე, რომლითაც განხორციელდა შპს «უნისერვისიდან» 2001-2003 წლების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი სრული საბუღალტრო დოკუმენტაციის ამოღება, რასაც საფუძვლად დაედო სწორედ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო მუხლები და არა «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისი დებულებები. ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედების ძირითად საფუძველს და მიზანს წარმოადგენდა არა შპს «უნისერვისის», როგორც მეწარმე სუბიექტის საქმიანობის კონტროლი, არამედ აღნიშნული საწარმოს ხელმძღვანელი პირების მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების დადგენა და შესაბამისი მტკიცებულებების ამოღება.
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება მოპასუხეს, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის დროს განხორციელებულ მოქმედებებსა და თუნდაც ამ მოქმედებათა საფუძველზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს განიხილავს როგორც ერთი სამართლებრივი პროცესის ორ ეტაპს. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი შეეხება ისეთ მდგომარეობას, როდესაც სისხლის სამართლის საქმე აღძრული იყო იურიდიული პირის ხელმძღვანელი პირების მიმართ და სადავო საგამოძიებო მოქმედების მიზანს წარმოადგენდა ამ პირების დანაშაულებრივი ქმედების გარემოებების დადგენა და არა სამეწარმეო საქმიანობის შემოწმება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოების მიერ. ამრიგად, ზემოაღნიშნული საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედების ფარგლებში და «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მასზე შეუძლებელია გავრცელდეს ამ კანონის მოქმედება.
4. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლსაც იმით, რომ მოსარჩელეს არ აქვს შესაძლებლობა, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” 1950 წლის ნოემბრის კონვენცია (საქართველოსთვის ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მხარეებს, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე თავიანთი არგუმენტები ევროპული კონვენციის ნორმებით გაამყარონ. აღნიშნული ვრცელდება აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კომისიისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლითაც დაზუსტებულია ევროპული კონვენციით გათვალისწინებული უფლებების შინაარსი და მოცულობა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და მანამდე ევროპულმა კომისიამ კონვენციის მე-6 მუხლის დებულებები განვრცობითად განმარტეს იმ საფუძველზე, რომ აღნიშნულ მუხლს დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს. “მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებაზე უფლებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კონვენციის მნიშვნელობით დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომ მე-6 მუხლის შეზღუდვითი განმარტება მისი დებულებების მიზნებსა და დანიშნულებასთან შეუსაბამო იქნებოდა” (იხ. 1970 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე დელკური ბელგიის წინააღმდეგ (Delcourt v. Belgium), Series A no. 11, 25-ე პუნქტი).
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლებას არა ყველა უფლებასთან მიმართებით უზრუნველყოფს. ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ან წაყენებული ბრალდების განსაზღვრისას, ყველას აქვს უფლება კანონით შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ გონივრულ ვადაში სამართლიან და საჯარო მოსმენაზე.” აღნიშნული ფორმულირებიდან ცხადია, რომ მე-6 მუხლი არ მოიცავს ყველა სახის სამართალწარმოებას, რომლის მხარეც პირი შეიძლება იყოს, არამედ შემოიფარგლება იმ განხილვით, რომელიც ეხება სამოქალაქო უფლება-მოვალეობების განსაზღვრას ან სისხლის სამართლის ბრალდების დადგენას. სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების განხილვამდე, საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, გაარკვიოს, ვრცელდება თუ არა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოქმედება სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე ჩატარებულ ამოღების საგამოძიებო მოქმედებაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები მე-6 მუხლის მნიშვნელობით განიმარტება, როგორც კერძო სამართლებრივი უფლება-მოვალეობები, საკონსტიტუციო სასამართლო წინამდებარე საქმეში სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე სამოქალაქო უფლებათა შესახებ დავის გადაწყვეტის კონტექსტში ვერ იმსჯელებს.
რაც შეეხება მოსარჩელის სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას სისხლისსამართალწარმოების კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-6 მუხლში გათვალისწინებული გარანტიები ვრცელდება არა მხოლოდ სასამართლო განხილვაზე, არამედ როგორც მანამდე, ისე მის შემდგომ არსებულ სტადიებზე. აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მე-6 მუხლის დაცვით სისხლის სამართლის პროცესში სარგებლობენ აგრეთვე იურიდიული პირები. ბოლოდროინდელ საქმეზე შპს “მარპა ზეელანდი" და შპს “ლითონის ლღობის მომსახურება" ნიდერლანდების წინააღმდეგ განმცხადებელ კომპანიებში ჩატარდა ჩხრეკა და ამოღებული იქნა საფინანსო დოკუმენტები. განმცხადებელი კომპანიები სტრასბურგის სასამართლოში ყალბისმქმნელობასა და საგადასახადო დანაშაულების ბრალდების საქმეზე გონივრულ ვადებში სამართლიანი სასამართლო განხლვის უფლების სავარაუდო დარღვევაზე დავობენ. ევროპული სასამართლოს 2004 წლის 6 აპრილის განჩინებით არსებითი განხილვისთვის იქნა დაშვებული.
საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდება” ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მნიშვნელობით ავტონომიური კონცეფციაა, რომელიც არ არის დამოკიდებული შიდასახელმწიფოებრივ სამართალში არსებულ განსაზღვრებაზე. საქმეზე დევეერი ბელგიის წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სიტყვას “ბრალდება” უნდა მიეცეს არსებითი და არა ფორმალური მნიშვნელობა, სასამართლომ სამართალწარმოების რეალური ასპექტები უნდა განიხილოს. აქედან გამომდინარე, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, “ბრალდება” განისაზღვრება, როგორც ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ პირისთვის მიცემული ოფიციალური შეტყობინება მის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ ვარაუდის თაობაზე; ან ბ) რაიმე აქტი, რომელიც გულისხმობს ასეთი ვარაუდის არსებობას და მნიშვნელოვნად აუარესებს ეჭვმიტანილის მდგომარეობას (იხ. 1980 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე დევეერი ბელგიის წინააღმდეგ (Deweer v. Belgium), Series A no. 35-ე, 42-46-ე პუნქტები).
უარესდება თუ არა პირის მდგომარეობა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად, როცა ამოღებულია სრული საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია დედნების სახით ისე, რომ ამან ევროპული კონვენციის მნიშვნელობით “ბრალის” წარდგენა შეადგინოს, თუნდაც ფორმალურად სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ იყოს? კონსტიტუციური სარჩელის მიზნებისთვის საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს სტრასბურგის სასამართლოს მიდგომას და მიიჩნევს, რომ დადებითი პასუხი დასმულ კითხვაზე შესაბამისობაში იქნება “ბრალის” არსებით და არა ფორმალურ გაგებასთან და დელკურის საქმეზე დადგენილ განვრცობითი განმარტების ზემოაღნიშნულ პრინციპთან. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელზე მე-6 მუხლის მოქმედება ვრცელდება.
მას შემდეგ, რაც დადასტურებულად მიიჩნია კონსტიტუციურ სარჩელთან მე-6 მუხლის შემხებლობა, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნული მუხლის მნიშვნელობით სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლებას განიხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიუთითებს, რომ უფლება სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კანონით, შექმნილ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სასამართლოზე უფლების ერთ-ერთ შემადგენელ ასპექტს წარმოადგენს და გულისხმობს პირის უფლებას, სამართალწარმოების დაწყების მიზნით სასამართლოს მიმართოს. მაგრამ, როგორც უკვე აღინიშნა სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება აბსოლუტური არ არის. ეს უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფო რეგლამენტაციას საჭიროებს და შეიძლება დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს, რომლებიც აღნიშნული უფლების შინაარსს და კონვენციით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს არ უნდა ლახავდეს. საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების შეზღუდვა გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონიერ მიზანს ემსახურება და დაწესებულ შეზღუდვასა და დასახულ მიზანს შორის გონივრული თანაბარზომიერება არის დაცული (1975 წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Golder v. the United Kingdom), Series A no. 18)
საკონსტიტუციო სასამართლო ეთანხმება, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების შეზღუდვის კანონიერი მიზანი, როგორც ეს სასამართლო სხდომაზე მოწმედ მოწვეული საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის განმარტებიდან გამომდინარეობს, არის წინასწარი გამოძიების გაჭიანურების თავიდან აცილება. მაგრამ სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნულ კანონიერ მიზანსა და მოცემულ სადავო შემთხვევებში სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე უფლების უგულებელყოფის სახით არსებულ შეზღუდვას შორის გონივრული თანაბარზომიერება დაცულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლსაც.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტით, «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის «ე» ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, «საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ» საქართველოს კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
მეორე კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის მოთხოვნა და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290-ე მუხლის მე-7 ნაწილის დებულება «…ხოლო მოსამართლის მიერ გამოტანილი დადგენილება არ გასაჩივრდება» და 293-ე მუხლის მე-2 ნაწილი მთლიანად საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს, ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით შეიმუშაოს და შეიტანოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებები და დამატებები;
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა, გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
5. გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
6. გადაწყვეტილება «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში» გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
2. ოთარ ბენიძე
3. ლამარა ჩორგოლაშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა.