შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი-პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/5/327 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 25 მაისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2.ოთარ ბენიძე – წევრი;
3.ლამარა ჩორგოლაშვილი – მომხსენებელი მოსამართლე;
4.ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი-პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის N568 და 2003 წლის 4 ოქტომბრის N503 ბრძანებულებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
2005 წლის 4 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N327 მომართა შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მერაბ კიკვაძემ და მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის N568 და 2003 წლის 4 ოქტომბრის N503 ბრძანებულებების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში ძირითადად დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მოთხოვნები.
ამასთან კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი საქმის არსებითად განხილვამდე სადავო აქტების მოქმედების შეჩერებისათვის, ვინაიდან მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს, მოპასუხის განმარტების მოსმენის შემდეგ შეიძლება დადგინდეს - გამოიწვევს თუ არა სადავო აქტების მოქმედება ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელ შედეგს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით,21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად შპს „ლილი და კომპანია“-ს დამფუძნებელი პარტნიორის მერაბ კიკვაძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის N568 და 2003 წლის 4 ოქტომბრის N503 ბრძანებულებების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით;
2. პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი;
3. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
4. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. უარი ეთქვას საქმის არსებითად განხილვამდე სადავო აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე;
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ოთარ ბენიძე
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა