შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი-პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/7/336 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 21 ივლისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
1. ოთარ ბენიძე - წევრი;
2. ლამარა ჩორგოლაშვილი - მომხსენებელი მოსამართლე;
3. ზაურ ჯინჯოლავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე
საქმის დასახელება: შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი-პარტნიორი მერაბ კიკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელი-პარტნიორი მერაბ კიკვაძე.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2005 წლის 23 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №336) მომართა შპს „ლილი და კომპანიის“ დამფუძნებელმა პარტნიორმა მერაბ კიკვაძემ და მოითხოვა 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით და საქმის არსებით განხილვამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია :საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 23-ე მუხლის პირველი პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
კოლეგიას მიაჩნია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში დაცულია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნები და არ არსებობს იმავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმისათვის.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელის, თანდართული დოკუმენტების განხილვისა და განმწესრიგებულ სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე, გამოარკვია წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების და მისი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2005 წლის 25 მაისს განმწესრიგებული სზდომის საოქმო ჩანაწერით (№2/5/327) არსებითად განსახილველად მიღებულ 327-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ გაერთიანებასთან დაკავშირებული გარემოებანი, ვინაიდან, დასახელებულ ორივე კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის, როგორც სააქციო საზოგადოება „აზოტის“ კრედიტორის, საკუთრების უფლება და ორივე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაკავშირებულია სააქციო საზოგადოება „აზოტზე“ რიცხული დავალიანების ამოღებასთან.
ამასთან კოლეგია თვლის, რომ არ არსებობს საფუძველი საქმის არსებითად განხილვამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებისათვის, ვინაიდან მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის დროს, მოპასუხის განმარტების მოსმენის შემდეგ შეიძლება დადგინდეს - გამოიწვევს თუ არა სადავო ნორმის მოქმედება ერთერთი მხრისათვის გამოუსწორებელ შედეგს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და 89-ე მუხლებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტიტ, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით და 22-ე მუხლით,
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად შპს „ლილი და კომპანია“-ს დამფუძნებელი პარტნიორის მერაბ კიკვაძის კონსტიტუციური სარჩელი 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ მე-18 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან და 30-ე მუხლის მეორე პუნქტთან მიმართებით;
2. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდეს 327-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული;
3. პირველ პუნქტში დასახელებულ კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოპასუხეა საქართველოს პარლამენტი;
4. საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია;
5. საქმის არსებითად განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
6. უარი ეთქვას საქმის არსებითად განხილვამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ მოთხოვნაზე;
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას და გადასინჯვას აე ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ოთარ ბენიძე
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა