ზიაუდდინ იდიგოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1\13\396 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 27 ოქტომბერი 2006 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია;
ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ბესარიონ ზოიძე.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია.
საქმის დასახელება: ზიაუდდინ იდიგოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ,,ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან. 39-ე მუხლთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ზიაუდდინ იდიგოვი და მისი წარმომადგენელი - დავით მანაგაძე.
2006 წლის 11 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს ტერიტორიაზე ლტოლვილის სტატუსით მცხოვრებმა ზიაუდდინ იდიგოვმა (რეგისტრაციის №396). 2006 წლის 16 ოქტომბერს სასამართლოს პირველ კოლეგიას სარჩელი გადმოეცა არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, 23 ოქტომბერს კი გაიმართა კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა.
მოსარჩელის მიერ სამართალწარმოების ენის არცოდნის გამო, განმწესრიგებელ სხდომაზე თარგმანს ჩეჩნურ და რუსულ ენებზე უზრუნველყოფდნენ თარჯიმნები „ქ-ნი ელზა ჩხეიძე (ქართულიდან ჩეჩნურ ენაზე და პირიქით) და ქ-ნი ია მირიჯანაშვილი (ქართულიდან რუსულ ენაზე და პირიქით).
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
სარჩელის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.
მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს, 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს, 39-ე მუხლს და 47-ე მუხლის პირველ პუნქტს.
მოსარჩელე არაერთგზის მიუთითებს სარჩელში, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო ჩეჩენი ეროვნების ლტოლვილების უფლებების სრულყოფილად დაცვა. მისი აზრით, ჩეჩენი ლტოლვილები განიცდიან დისკრიმინაციას ეროვნების ნიშნით. განსაკუთრებულ ყურადღებას კი მოსარჩელე ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით აღიარებული საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევისა და გადაადგილების თავისუფლების ხელყოფაზე. მისი აზრით, ჩეჩენ ლტოლვილებს არა აქვთ ქვეყნის შიგნით გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის შესაძლებლობა. ასევე, მოსარჩელის სიტყვებით, „შეიზღუდა დევნილთათვის მესამე ქვეყანაში გადაადგილების უფლება და ამ სიტუაციამ ადამიანები პანკისის ხეობის ტყვეებად აქცია“.
თუმცა განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ ზიაუდდინ იდიგოვს არ შელახვია ქვეყნის შიგნით გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლება - საქართველოში ყოფნის პერიოდში ის გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა პანკისის ხეობაში, ამჟამად კი ცხოვრობს ქ. თბილისში. მოსარჩელისათვის პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ქვეყნის გარეთ გადაადგილება. აღნიშნული უფლების უზრუნველყოფას კი, ზიაუდდინ იდიგოვის აზრით, ემსახურება სამგზავრო დოკუმენტები, რასაც ის ვერ ღებულობს სახელმწიფოსგან.
მოსარჩელე მიუთითებს ასევე საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩეჩენი ლტოლვილების მიმართ საერთაშორისო აქტების მოთხოვნათა დარღვევებზეც. კერძოდ, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის აზრით, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის 27-ე და 28-ე მუხლები საქართველოს, როგორც კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს, ავალდებულებს გასცეს დევნილებზე სამგზავრო დოკუმენტები მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიაჩნიათ, რომ სადავო ნორმებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების, მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის განმარტებების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია სასარჩელო მოთხოვნის არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო გარემოებანი.
1. მოსარჩელეს სადავოდ მიაჩნია გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლის თანახმად „ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, შეუძლია თავისუფლად გავიდეს საქართველოდან...“
მოსარჩელის აზრით, აღნიშნული უფლებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ სამგზავრო დოკუმენტებით უზრუნველყოფის შემთხვევაში. სწორედ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობით ასაბუთებს ის სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შეუსაბამობას.
ნიშანდობლივია, რომ სადავო ნორმებში საერთოდ არ არის აღნიშნული საკითხის პოზიტიურად ან ნეგატიურად გადაწყვეტის მოწესრიგებული დებულებები. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმების მიხედვით:
ა) „პირს, რომელიც ამ კანონის მე-2 მუხლის თანახმად გაივლის რეგისტრაციას სამინისტროში, რეგისტრაციიდან 5 დღეში ეძლევა მიმართვა დროებითი ჩასახლების თაობაზე და მითითებულ ადგილამდე ერთჯერადი უფასო მგზავრობისა და ბარგის გადატანის ნებართვა“ (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი);
ბ) ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს: ა) ისარგებლოს გადაადგილების თავისუფლებით, იცხოვროს დროებითი ჩასახლების ადგილას და ისარგებლოს კომუნალური მომსახურებით“ (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი);
გ) ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია: ბ) დროებითი ჩასახლების შესახებ მიმართვის მიღებიდან თხუთმეტ დღეში გაემგზავროს დროებითი ჩასახლების ადგილას და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო სხვა საცხოვრებლის არჩევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს სათანადო სამსახურს ახალი საცხოვრებელი მისამართი“ (მე3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი);
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში არ არის საუბარი მესამე ქვეყანაში გადაადგილების უფლებაზე და ამ უფლების რეალიზაციისათვის გარკვეული პირობების შექმნაზე ან აკრძალვაზე, ხოლო მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კი პირიქით, აღიარებულია ლტოლვილის სტატუსის მაძიებელ პირთა უფლება, ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით.
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიუთითებს „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის არაერთ ნორმაზე, რომლითაც გათვალისწინებულია ლტოლვილთა შესაძლებლობა, ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, კერძოდ, მე-5 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „ლტოლვილს უფლება აქვს--- ისარგებლოს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ყველა უფლებით---“, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებითაც; ამავე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად, ლტოლვილს უფლება აქვს „ნებაყოფლობით დაბრუნდეს მუდმივად საცხოვრებელ ქვეყანაში ან გაემგზავროს სხვა ქვეყანაში“, „დ“ პუნქტის თანახმად კი ლტოლვილს უფლება აქვს, ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომელიც გათვალისწინებულია „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 თავით. დასახელებული კანონის მე-5 თავი „საქართველოში უცხოელთა უფლებები და მოვალეობები“ ითვალისწინებს გადაადგილების თავისუფლებასაც (მუხლი 41).
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს ლტოლვილის სტატუსი შეუწყდება, თუ მუდმივად საცხოვრებლად გაემგზავრება საქართველოს საზღვრებს გარეთ; ასევე მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ლტოლვილს სოციალურ-ეკონომიკური გარანტიები შეუჩერდება, თუ ერთ თვეზე მეტი ვადით დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.
დასახელებული დებულებები ცალსახად მიუთითებს, რომ კანონი „ლტოლვილთა შესახებ“ აღიარებს ლტოლვილთა უფლებას გადაადგილების თავისუფლებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენლებმა ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდნენ ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.
2. ჩეჩენ ლტოლვილთა ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე მოსარჩელის მოსაზრებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს:
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად-----ეროვნული----კუთვნილებისა----“.
„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონი ყველა ეროვნების ლტოლვილისათვის თანაბრად ადგენს საერთო მარეგულირებელ ნორმებს. მათ შორის სადავო ნორმებიც არ შეიცავენ არც ერთ მითითებას საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ჩეჩენი ან ნებისმიერი სხვა ეროვნების ლტოლვილთათვის განსხვავებული პირობების დადგენაზე. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მტკიცებულებები, რომლებიც საწინააღმდეგოზე მიუთითებენ, ამასთან მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზეც დაადასტურა, რომ სადავო ნორმებში საერთოდ არ არის საუბარი სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილებისათვის განსხვავებული რეჟიმის დადგენაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
3. იგივე შეიძლება ითქვას სადავო ნორმების მიმართებაზე საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტთანაც, რომლის თანახმად, „საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა“. არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებაში არ არის არც ერთი არგუმენტი, რომელიც მიანიშნებს, რომ სადავო ნორმებით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.
4. სასამართლო აღნიშნავს, რომ კონსტიტუციური სარჩელისა და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის არსი განპირობებულია ორი ძირითადი პრობლემით: ერთი მხრივ, „ლტოლვილთა შესახებ“ კანონი არ ითვალისწინებს ლტოლვილებზე სამგზავრო დოკუმენტების გაცემის ვალდებულებას და არ ადგენს ამ პროცედურის მომწესრიგებელ ნორმებს, რაც დაადასტურა მოსარჩელის წარმომადგენელმა განმწესრიგებელ სხდომაზე. კერძოდ, მან აღნიშნა: „საქართველოს კანონი „ლტოლვილთა შესახებ“ არ ითვალისწინებს ლტოლვილებისათვის საქართველოს ფარგლებს გარეთ გასაცემ დოკუმენტებს. ---- საქართველოს კანონი ლტოლვილთა შესახებ არანაირ ფორმულირებას არ იძლევა, თუ რა პროცედურებით უნდა გაიცეს კონვენციაში აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტები. --- ჩვენ ვასაჩივრებთ ნორმის არარსებობას“.
მეორე მხრივ, პრობლემატურია თავად სამართალგამოყენების პრაქტიკა - მოსარჩელის აზრით, შესაბამისი ორგანოები თავს არიდებენ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. სარჩელის თანახმად, 2005 წლის აგვისტოში საქართველოში მცხოვრებმა ჩეჩენი ეროვნების ლტოლვილებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარადგინეს განცხადებები მესამე ქვეყანაში გასამგზავრებლად დოკუმენტების მიღების თხოვნით. თუმცა, ეს პრობლემა არ იქნა გადაწყვეტილი.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისა და ჩეჩენ ლტოლვილთა საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის ოქმის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ:
1) სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს უახლოეს პერიოდში ლტოლვილთა სამგზავრო დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირების მიზნით;
2) შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სამინისტროსა და ჩეჩნეთიდან ლტოლვილთა წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმებით გათვალისწინებული ლტოლვილთა უფლებების რეალიზაციის ღონისძიებების შემუშავების მიზნით“.
მაშასადამე, ამ დოკუმენტშიც საუბარია კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციის ღონისძიებების შემუშავების აუცილებლობაზე.
ამასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია საკანონმდებლო ხარვეზის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის კომპეტენცია. საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს მოქმედი ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხს. ხოლო ამა თუ იმ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის არარსებობის ფაქტის კონსტიტუციურობის ან სამართალგამოყენების პრაქტიკის ეფექტურობის დადგენა სცილდება საკონსტიტუციო კონტროლის ფარგლებს, ისევე, როგორც საკითხისადმი ასეთი მიდგომა აღემატება საკონსტიტუციო სასამართლოში ფიზიკური პირის სასარჩელო უფლებამოსილებას.
ამავდროულად, სასამართლო კოლეგია საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ უფლების კანონმდებლობით აღიარება და ამასთან, მისი რეალიზაციისათვის შესაბამისი მომწესრიგებელი ნორმების არარსებობა, უფლებას ფიქციად აქცევს. მოსარჩელის მიერ დაყენებული პრობლემები იმსახურებს სათანადო დაწესებულებათა დაინტერესებას თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში. მხოლოდ სრულყოფილი სამართლებრივი ბაზა და უფლებამოსილ ორგანოთა დროული და ეფექტური საქმიანობა იძლევა კონკრეტული უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზეც.
საქმეზე „მალოუნი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1984 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება,. Series A no.82) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ mutatis mutandis აღნიშნა, რომ უფლების განხორციელებასთან დაკავშირებული დეტალური პროცედურის არარსებობამ შეიძლება განაპირობოს უფლების დარღვევა (79-ე და მე-80 პუნქტები);
5. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულყოფილი სამართლებრივი ბაზის შექმნის აუცილებლობა გამომდინარეობს „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენციის 28-ე მუხლიდანაც, რომლის თანახმად: „ხელშემკვრელი სახელმწიფოები მათ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ ლტოლვილებზე გასცემენ მათი ტერიტორიის გარეთ გადაადგილებისათვის საჭირო საბუთებს, მაშინ, როცა არ არსებობს სახელმწიფო უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ანგარიშგასაწევი მიზეზები, ასეთი საბუთების მიმართ გამოიყენება ამ კონვენციაზე თანდართული წესები“.
მაშასადამე, კონვენციის დასახელებული ნორმა ადგენს სათანადო პირობებში ლტოლვილებზე მათი გადაადგილებისათვის საჭირო სამგზავრო საბუთების გაცემის აუცილებლობას. შესაბამისად, დგება საჭიროება აღნიშნული საკითხის სათანადო ნორმატიული აქტით მოწესრიგებისა.
რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას, „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის კონვენციის მოთხოვნათა დარღვევების გამო, სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან შეუსაბამოდ ცნობის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს: ვინაიდან მოსარჩელის პრობლემა განპირობებულია სათანადო ნორმის არარსებობით და არა სადავო ნორმებით, შესაბამისად, არ არსებობს სადავო ნორმების საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთანაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დაცული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნები.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად: „კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, მოსარჩელის აზრით, არ შეესაბამება ან არღვევს სადავო აქტი“. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში აშკარა და ცხადი უნდა იყოს სადავო აქტის საგნობრივი მიმართება კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან. მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა ვერც კონსტიტუციურ სარჩელში და ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე ვერ დაასაბუთეს სადავო ნორმების ამგვარი კავშირი საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ მუხლებთან.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი“... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის ... აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“.
სასამართლო კოლეგიის აზრით, კონსტიტუციური სარჩელი არ პასუხობს კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად კი, „კონსტიტუციური სარჩელი -------- განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ პუნქტითა და 21-ე მუხლის ??-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად ზიაუდდინ იდიგოვის 396-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „ლტოლვილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 22-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 47-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
2. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მიიღონ სათანადო ზომები საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთათვის, ქვეყნიდან გასვლის უფლების უზრუნველმყოფელი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით;
3. ეს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
4. განჩინება გაეგზავნოს მოსარჩელე მხარეს, Pპარლამენტს და საქართველოს მთავრობას.
კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ბესარიონ ზოიძე