მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/6/332 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 17 ივნისი 2005 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (სხდომის თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა (მომხსენებელი მოსამართლე).
სხდომის მდივანი: ელენე ლაღიძე.
საქმის დასახელება: მოქალაქე ნელი ნებიერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2005 წლის 2 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №332) მომართა მოქალაქე ნელი ნებიერიძემ.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 და მე-16 მუხლები.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა 1997 წელს მიიღო “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრება, რომ “ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს საქართველოს ტერიტორიაზე 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე”.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, რომლის თანახმად “რეაბილიტირებულ პირთა ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით”, არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა არღვევს მისი, როგორც რეაბილიტირებული პირის უფლებებს. მისი აზრით, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სადავო კანონში პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შეტანით, საქართველოს პარლამენტმა კანონს მიანიჭა უკუქცევის ძალა, რადგან მისი მოქმედება გავრცელდა იმ პირებზე, რომლებმაც პოლიტიკური რეპრესია განიცადეს 1921-1990 წლებში.
მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმით დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი რომლის თანახმად “არავინ არ აგებს პასუხს იმ ქმედობისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა, არა აქვს”, რადგან მისი აზრით სადავო ნორმამ კი არ შეამსუბუქა და გააუქმა არამედ დაბრკოლება შეუქმნა მისი რეაბილიტირებული კონსტიტუციური უფლებების განკარგვაში.
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავს მიუხედავად იმისა, რომ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” უკუძალის მქონე კანონი თითქოს შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან, სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა და მისი ბუნდოვანი შინაარსი შეუსაბამობაშია ამ კონსტიტუციური ნორმით უკუძალის მქონე კანონისათვის დადგენილ მოთხოვნებთან, რადგან მისი შინაარსი და გამოყენების პრაქტიკა იწვევს ამავე სამართალდარღვევისათვის ქონების ფაქტიურად კვლავ ჩამორთმევას რომელიც დღეის მდგომარეობით იმავე უკუძალის მქონე კანონით, სამართალდარღვევად აღარ ითვლება. ამასთანავე მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ სადავო ნორმის გამოყენებისა და განმარტების პრაქტიკა ადასტურებს, რომ ამ უკუძალისმქონე კანონის საწინააღმდეგოდ მოსამართლეები ხანდაზმულობის ათვლას იწყებენ 1928 წლიდან ანუ ქონების ჩამორთმევის დღიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მოითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დადგენას კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს სადავო ნორმის არა მარტო სტყვასიტყვითი მნიშვნელობა, არამედ მასში გადმოცემული ნამდვილი აზრი და მისი საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკა.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მოითხოვს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერებას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე. ასევე, მოითხოვს სასამართლოს სხდომაზე მოწვეული იქნეს საქართველოს სახალხო დამცველი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ კონსტიტუციური სარჩელისა და თანდართული მასალების საფუძველზე გამოარკვია კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებული გარემოებანი:
კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე არ მოითხოვს “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის რომელიმე დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას, არამედ სადავოდ ხდის ამ ნორმის ამოქმედების გადავადებას, რაც ამ კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტმა პარლამენტის მიერ მომავალში ცალკე კანონის მიღებას დაუკავშირა. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესის განსაზღვრა მხოლოდ კანონმდებლის კომპეტენციას განეკუთვნება და ზემოაღნიშნული საკითხის გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი არ არის.
ამ მოსაზრებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე რამდენჯერმე არ მიიღო ნელი ნებიერიძის კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად (საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2004 წლის 19 თებერვლის №1/3/273 განჩინება და საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2004 წლის 7 ოქტომბრის №2/8/302 და 2005 წლის 5 აპრილის №2/4/324 განჩინება).
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის მოთხოვნის არსი და სადავო ნორმა იგივეა რაც მოსარჩელის მიერ ადრე წარმოდგენილი სარჩელებისა, რომლებზედაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე იმსჯელა განმწესრიგებელ სხდომაზე და განჩინებით უარი უთხრა მოსარჩელეს მის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელების არსებითად მიღებასთან დაკავშირებით. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი “საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის განსახილველად მიუღებლობა გამორიცხავს იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებით ან სხვა სარჩელის განსახილველად მიღებას”.
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საერთო სასამართლოების მიერ სადავო ნორმის არასწორად გამოყენება არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი, რაც “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად კონსტიტუციური სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის “ე” პუნქტით და 39-ე მუხლის პირველი პუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-9 პუნქტებით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-16 მუხლით, მე-18 მუხლის “გ” და “დ” პუნქტებით,
სასამართლო კოლეგია
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოქალაქე ნელი ნებიერიძის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
კოლეგიის წევრები:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
ოთარ ბენიძე;
ლამარა ჩორგოლაშვილი;
ზაურ ჯინჯოლავა.