ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/1/530 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 85-ე მუხლის მე-14 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №530) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა ვლადიმერ სანიკიძემ და მაია ხუციშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა 2012 წლის 8 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 20 დეკემბერს.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ 2012 წლის 28 დეკემბერს №2/3/530 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. №530 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
5. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა დაპატიმრების შესახებ განკარგულებისა, შეიძლება გამოტანილ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე და იგი არ საჩივრდება.
6. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს.
7. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები არიან ადვოკატები, რომელთა მიმართაც სხვადასხვა დროს გამოყენებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადვოკატის სასამართლო პროცესიდან გაძევების ან დაჯარიმების შესახებ სასამართლოს განკარგულების მიღებისთვის ადგენს გამარტივებულ სამართალწარმოებას და ამ პროცესში არ ითვალისწინებს პირის შესაძლებლობას, წარადგინოს მოსაზრებები მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.
9. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება პასუხისმგებლობის დაკისრება, უნდა ჰქონდეს მის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებთან და არგუმენტებთან მიმართებით კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. სადავო ნორმაში მოცემული წესიდან გამომდინარე, ადვოკატი თავს ვერ გაიმართლებს, რომ მისი გამონათქვამებით და ქმედებებით ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას. ამდენად, სადავო ნორმით განმტკიცებული სასამართლოს უფლებამოსილება, გააძევოს, საქმეს ჩამოაცილოს ან/და დააჯარიმოს ადვოკატი მისი განმარტებების მოსმენის უფლების გარეშე, შეუთავსებელია სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან.
10. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადვოკატს ართმევს შესაძლებლობას, გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განკარგულება. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, „თუ სხდომის თავმჯდომარის განკარგულება სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან ადვოკატს, სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე ადვოკატი ახორციელებდა“. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ ადვოკატისთვის გასაჩივრების უფლების შეზღუდვა ვერ გამართლდება პროცესის გაჭიანურების ლეგიტიმური ინტერესით, ვინაიდან კანონი ისედაც ავალდებულებს მოსამართლეს, გადადოს პროცესი. ამდენად, კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იქნება, თუ გასაჩივრების ყოველგვარი მექანიზმი ამოწურული იქნება იმ დრომდე, ვიდრე გადადებული პროცესი განახლდება. ამავდროულად, დაუშვებელია პროცესის მცირედი შეფერხება პირის გასაჩივრების უფლების შეზღუდვის საფუძველი გახდეს. მოსარჩელე მხარის აზრით, ადვოკატს უნდა შეეძლოს განკარგულების გასაჩივრება, ვინაიდან საჭიროა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამატებითი შეფასება სხვა მოსამართლის მიერ, რომელიც უშუალოდ არ იყო შემთხვევის თვითმხილველი და ნაკლებად არის, ადვოკატის მიერ განხორციელებული ქმედების გამო, ემოციური შთაბეჭდილებების ქვეშ, ვიდრე თავად განკარგულების მიმღები მოსამართლე.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, ადვოკატს ერთჯერადად მაინც ჰქონდეს მისი გაძევების ან დაჯარიმების თაობაზე განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
12. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით, ასევე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის №2/3/530 საოქმო ჩანაწერით, №530 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების დროს სადავო ნორმა ძალაში იყო და მოქმედებდა. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №1443 კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილი და, შესაბამისად, სადავო ნორმა ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, სადავო ნორმის რედაქციის შეცვლა განიხილება როგორც სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადება. შესაბამისად, საქმის არსებითად განხილვის მომენტისათვის სადავო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილის გასაჩივრებული რედაქცია გაუქმებულია და ძალა აქვს დაკარგული.
3. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა, გარდა ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
4. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის სადავოდ გამხდარი ნორმა ძალადაკარგულია. ამასთან, არ არსებობს საქმის განხილვის გაგრძელების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუქტით განსაზღვრული სამართლებრივი საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით და შეწყვიტოს საქმე №530 კონსტიტუციურ სარჩელზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს :
1. შეწყდეს საქმე №530 კონსტიტუციურ სარჩელზე (საქართველოს მოქალაქეები - ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი