ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/4/530 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების, მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით და ამავე მუხლის მე-14 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 5 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №530) მომართეს საქართველოს მოქალაქეებმა ვლადიმერ სანიკიძემ და მაია ხუციშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 8 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 20 დეკემბერს.
3. №530 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის, ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების, ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ.
5. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის დასრულებამდე. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, გაძევებულ პირს, მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე, მისცეს სხდომაზე დაბრუნების შესაძლებლობა.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევ პირს, მათ შორის გაძევებულ პირს, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებით, შეიძლება დაეკისროს ჯარიმა 50-დან 5000 ლარამდე ოდენობით, რაზედაც გაიცემა სააღსრულებო ფურცელი. თუ დაჯარიმებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია დაუყოვნებლივ გაზარდოს ჯარიმის ოდენობა ამ ნაწილით განსაზღვრულ ფარგლებში.
7. ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა დაპატიმრების შესახებ განკარგულებისა, შეიძლება გამოტანილ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე და იგი არ საჩივრდება.
8. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად, მიმართოს სასამართლოს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაცვის უფლება გარანტირებულია.
9. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელეები არიან ადვოკატები, რომელთა მიმართაც სხვადასხვა დროს გამოყენებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის სადავო ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სადავო ნორმების ზემოქმედების უშუალო სუბიექტებს და, მათი აზრით, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არმიღების კანონმდებლობით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი.
10. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მოსამართლეს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოსთვის დადგენილი სათანადო პროცედურის გვერდის ავლით, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გააძევოს და დააჯარიმოს ადვოკატი. სადავო ნორმით ადვოკატს ერთმევა შესაძლებლობა, დაიცვას ბრალდებული. მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება გულისხმობს იმას, რომ ადვოკატის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ბრალდებულის სურვილს. მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნორმა ბრალდებულს არ ზღუდავს საქმიდან ჩამოცილებული ადვოკატის ნაცვლად შეარჩიოს სხვა ადვოკატი, კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება მაინც იზღუდება, ვინაიდან საკუთრივ ადვოკატის საქმიდან ჩამოცილება ხდება ბრალდებულის აზრისა და სურვილის გათვალისწინების გარეშე. მოსარჩელეები დამატებით მიუთითებენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამავე მუხლის მე-5 ნაწილთან ერთობლივი წაკითხვის შემთხვევაში, გაძევებული ადვოკატი ვეღარ დაბრუნდება სასამართლო დარბაზში და ვერ განაგრძობს თავის საქმიანობას (ბრალდებულის დაცვას). აქედან გამომდინარე, სადავო 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვები და ამავე მუხლის მე-5 ნაწილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან.
11. მოსარჩელეები კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნავენ, რომ ადვოკატის მიერ სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების პირველივე გამოვლინებისას, დაუშვებელია მისი ქმედება პროცესის ჩაშლად ან/და სასამართლოსადმი აშკარა და უხეშ დაუმორჩილებლობად იქნეს აღქმული. შესაძლებელია, უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენებაც, კერძოდ, ადვოკატისთვის გაფრთხილების მიცემა, რაც საშუალებას მისცემს მას, გაიაზროს თავისი ქმედება და დროულად შეწყვიტოს ამგვარი საქციელი. ვინაიდან სადავო ნორმა მსგავს საშუალებებს არ ითვალისწინებს, იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
12. მოსარჩელეთა აზრით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-6 ნაწილით, ადვოკატისთვის ჯარიმის დაკისრება უკავშირდება მისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას და გამყინავი ეფექტი აქვს ადვოკატის მიერ დაცვის პოზიციის ფორმირებაზე. ჯარიმის თავიდან ასცილებლად, შესაძლებელია, ადვოკატმა თავი შეიკავოს ბრალდებულის ეფექტური დაცვისგან, რაც, თავის მხრივ, ბრალდებულს უზღუდავს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ დაცვის უფლებას და გამორიცხავს სამართლიანი სასამართლოსთვის დამახასიათებელ მინიმალურ გარანტიებს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს.
13. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადვოკატის სასამართლო პროცესიდან გაძევების ან დაჯარიმების შესახებ სასამართლოს განკარგულების მიღებისთვის ადგენს გამარტივებულ სამართალწარმოებას და ამ პროცესში არ ითვალისწინებს პირის შესაძლებლობას, წარადგინოს მოსაზრებები მასზე პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.
14. მოსარჩელეები თვლიან, რომ პირს, რომლის მიმართაც ხორციელდება პასუხისმგებლობის დაკისრება, უნდა ჰქონდეს მის წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებთან და არგუმენტებთან მიმართებაში კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. სადავო ნორმაში მოცემული წესიდან გამომდინარე, ადვოკატი თავს ვერ გაიმართლებს, რომ მისი გამონათქვამებით და ქმედებებით ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიმართ უპატივცემულობას. ამდენად, სადავო ნორმით განმტკიცებული სასამართლოს უფლებამოსილება, გააძევოს, საქმეს ჩამოაცილოს ან/და დააჯარიმოს ადვოკატი მისი განმარტებების მოსმენის უფლების გარეშე, შეუთავსებელია როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე დაცვის უფლებასთან.
15. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილი ადვოკატს ართმევს შესაძლებლობას, გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი სასამართლოს განკარგულება. მოსარჩელეები ყურადღებას ამახვილებენ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, „თუ სხდომის თავმჯდომარის განკარგულება სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ ეხება ბრალმდებელს ან ადვოკატს, სისხლის სამართლის საქმის განხილვა გადაიდება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ერთი პირის ბრალდებას ან დაცვას თავიდანვე რამდენიმე ბრალმდებელი ან რამდენიმე ადვოკატი ახორციელებდა“. შესაბამისად, თვლიან, ადვოკატისთვის გასაჩივრების უფლების შეზღუდვა ვერ გამართლდება პროცესის გაჭიანურების ლეგიტიმური ინტერესით, ვინაიდან კანონი ისედაც ავალდებულებს მოსამართლეს, გადადოს პროცესი. ამდენად, კონსტიტუციურ-სამართლებრივად გამართლებული იქნება, თუ გასაჩივრების ყოველგვარი მექანიზმი ამოწურული იქნება იმ დრომდე, ვიდრე გადადებული პროცესი განახლდება. ამავდროულად, დაუშვებელია პროცესის მცირედი შეფერხება პირის გასაჩივრების უფლების შეზღუდვის საფუძველი გახდეს. მოსარჩელე მხარის აზრით, ადვოკატს უნდა შეეძლოს განკარგულების გასაჩივრება, ვინაიდან საჭიროა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დამატებითი შეფასება სხვა მოსამართლის მიერ, რომელიც უშუალოდ არ იყო შემთხვევის თვითმხილველი და ნაკლებად არის ადვოკატის მიერ განხორციელებული ქმედების გამო ემოციური შთაბეჭდილებების ქვეშ, ვიდრე თავად განკარგულების მიმღები მოსამართლე.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ადვოკატს ერთჯერადად მაინც ჰქონდეს მისი გაძევების ან დაჯარიმების თაობაზე განკარგულების გასაჩივრების შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ნორმის მოქმედი რედაქცია წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
17. მოსარჩელე მხარე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით ასევე იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის, იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში ”actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
3. №530 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების, მე-5 და მე-6 ნაწილების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსამართლე უფლებამოსილია, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დამრღვევი პირი დააჯარიმოს ან გააძევოს სხდომათა დარბაზიდან. ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ პირი გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში შესაბამისი საქმის განხილვის დასრულებამდე, ხოლო მე-6 ნაწილი განსაზღვრავს ჯარიმის ოდენობას. კერძოდ, წესრიგის დამრღვევი, მათ შორის გაძევებული პირი მოსამართლემ შეიძლება დააჯარიმოს 50-დან 5000 ლარამდე ოდენობით.
4. მოსარჩელე მხარე მითითებულ ნორმებს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან შეუსაბამოდ მიიჩნევს იმდენად, რამდენადაც, მათი აზრით, ადვოკატის დაჯარიმებას ან/და გაძევებას სასამართლო დარბაზიდან გააჩნია გამყინავი ეფექტი დაცვის მხარის პოზიციის ფორმირებაზე, რაც, თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს ბრალდებულის დაცვის უფლების სრულყოფილად რეალიზების პროცესზე. მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებს ბრალდებულის უფლებაზე, თავად აირჩიოს ადვოკატი. ხოლო მისი არჩეული ადვოკატის გაძევების და, შესაბამისად, სასამართლო პროცესიდან ჩამოშორების შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვა ადვოკატი ენიშნება, მაინც ეჭვქვეშ დგება დაცვის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა.
5. №530 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ ადვოკატებს. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან არ იკვეთება, რომ ისინი წარსულში ან განჭვრეტად მომავალში შესაძლებელია იყვნენ ბრალდებულები სისხლისამართლის საქმეზე და, შესაბამისად, მათ დასჭირდეთ დაცვის უფლების რეალიზება. მოსარჩელეების მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მე-5 და მე-6 ნაწილების არაკონსტიტუციურობის მტკიცებისათვის გამოყენებული არგუმენტაცია აშკარად მიუთითებს, რომ მათ პრობლემად არა საკუთარი, არამედ იმ პირთა დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელებისთვის ხელშეშლა მიაჩნიათ, რომელთა ადვოკატებსაც ისინი წარმოადგენდნენ. მოსარჩელეების მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არგუმენტაცია, რომელიც, ზემოთ მითითებული სადავო ნორმებით, უშუალოდ მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევის შესაძლებლობის დასაბუთებისკენ იქნებოდა მიმართული. კონსტიტუციური სარჩელიდან იკვეთება, რომ უფლება სამართლიან სასამართლოზე, ისევე როგორც დაცვის უფლება, მოსარჩელეების მიერ ბრალდებულის უფლებებად არის დანახული და, შესაბამისად, აშკარაა, რომ მოსარჩელე მხარე ამ თვალსაზრისით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს არა საკუთარი, არამედ სხვისი უფლებების დასაცავად.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის ანალიზის საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მე-5 და მე-6 ნაწილების საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელე სხვისი უფლებების დასაცავად მიმართავს სასამართლოს, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ”actio popularis” და, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
7. №530 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №530 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-14 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №530 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქეები - ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების, ამავე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი