ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/440 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 4 აპრილი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1 კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
1. ვახტანგ გვარამია - წევრი;
2. ქეთევან ერემაძე - წევრი;
3. ბესარიონ ზოიძე - მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე
საქმის დასახელება: ანატოლი კოზლოვსკი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2006 წლის 13 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის 83-ე პუნქტის “ბ.გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 15 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №440) მიმართა მოქალაქე ანატოლი კოზლოვსკიმ. აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, გადაეცა 2007 წლის 22 ნოემბერს. განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2008 წლის 13 მარტს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-15 მუხლი.
3. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე მიმართა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რათა მისთვის ქონების ჩამორთმევა ეღიარებინა პოლიტიკურ რეპრესიად, ხოლო თვითონ ამ საფუძველზე ეცნო პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
კონსტიტუციური სარჩელიდან და მასზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ ქ. ბათუმის სასამართლომ 2007 წლის 9 ივნისის განჩინებით უარი თქვა აღნიშნული განცხადების წარმოებაში მიღებაზე. ეს განჩინება, გასაჩივრების შემდეგ, ძალაში დატოვა ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით. უარის თქმის საფუძვლად სასამართლოებმა მიუთითეს “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2006 წლის 13 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის 83-ე პუნქტის “ბ.გ” ქვეპუნქტი, რომლითაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებული იქნა “ი” ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლო ადგენდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტებს, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მათი დადგენის განსხვავებულ წესს. მოსარჩელის განცხადებით, სწორედ ამ ნორმის საფუძველზე ხდებოდა პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. აღნიშნული ცვლილება კი მას ართმევს შესაძლებლობას საკუთარი უფლებები დაიცვას სასამართლო წესით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამიტომაც იგი თვლის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა ცნოს ეს საკანონმდებლო ცვლილება.
II
1. სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლება არ წარმოადგენს აბსტრაქტულ უფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში ამ უფლების რეალიზაცია მოითხოვს იმ კონკრეტული უფლების არსებობას, რომლის დაცვაც განაპირობებს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას. როდესაც სასამართლოსადმი მიმართვა ხდება იმ მიზნით, რომ პირი აღიარებული იქნეს ამა თუ იმ უფლების სუბიექტად, კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, კონსტიტუციურ სარჩელზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია საკმარისი დამაჯერებლობით აჩვენოს, რომ იგი წარმოადგენს აღნიშნული უფლების შესაძლო სუბიექტს. ანატოლი კოზლოვსკის კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ მას სურს ქონების ჩამორთმევის მოტივით სასამართლომ ცნოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. სხვა მტკიცებულება, თუ რატომ უნდა ცნოს სასამართლომ აღნიშნულ ნიადაგზე ასეთი კატეგორიის პირად, სარჩელში არ მოიპოვება. იმ შემთხვევაში, როცა კონსტიტუციურ სარჩელში ჯეროვნად არაა გამოკვეთილი დასახელებული უფლებისადმი პირის ისეთი კავშირი, რომელიც სასამართლოს მისცემს საფუძვლიან ვარაუდს, რომ იგი შეიძლება წარმოადგენდეს ამ უფლების შესაძლო სუბიექტს, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ იმსჯელებს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების კონსტიტუციურობაზე.
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან “ი” ქვეპუნქტის ამოღება ვერ ჩაითვლება იმ პირთა სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების დარღვევის საფუძვლად, რომლებიც ითხოვენ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ აღნიშნული ურთიერთობის მოწესრიგება არ შემოიფარგლება მხოლოდ სადაო ნორმით. “საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, “ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლო წესით.” ამავე კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ “განცხადებას პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ უშუალოდ რეპრესირებული პირი, მისი კანონით მემკვიდრე ან მათი წარმომადგენელი წარუდგენს იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მუდმივად ან დროებით ცხოვრობს რეპრესირებული პირი ან მისი კანონით მემკვიდრე”. მეორე პუნქტის თანახმად კი, “განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ განიხილება ამ კანონით და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.” ეს ნორმატიული სინამდვილე მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოა ის დაწესებულება, რომელიც ცნობს პირს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად.
3. რაც შეეხება პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების თაობაზე სამართალგამოყენების პრაქტიკას, საკონსტიტუციო სასამართლო მას ვერ შეაფასებს. მხოლოდ იმისი გამორკვევა, თუ რამდენად სწორად გამოიყენა ან განმარტა მოსამართლემ ესა თუ ის ნორმა, სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ სამართალშეფარდების პროცესში ნორმათა სწორი ინტერპრეტაცია სამართლებრივი წესრიგისა და კონსტიტუციური უფლებების, თავისუფლებების დაცვის სერიოზული გარანტიაა. სასამართლოები ვალდებული არიან ამა თუ იმ საქმის განხილვისას სწორად განსაზღვრონ და გამიჯნონ ერთმანეთისაგან პოზიტიური სამართლის ნორმათა მოქმედების ფარგლები სამოსამართლეო სამართლით მინიჭებული უფლებამოსილების ფართო გამოყენებით.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი არ შეიცავს იმ დასაბუთებას, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და აუცილებელია მისი არსებითად განსახილველად მიღებისათვის. კერძოდ, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს”..., ხოლო “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
III
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის” 30-ე და 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად ანატოლი კოზლოვსკის 440-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, “საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 2006 წლის 13 ივლისის საქართველოს კანონის პირველი მუხლის 83-ე პუნქტის “ბ.გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. ბესარიონ ზოიძე