საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/441 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ბესიკ ლოლაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, |
თარიღი | 18 ივნისი 2008 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ბესიკ ლოლაძე – სხდომის თავმჯდომარე
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე
ლალი ფაფიაშვილი – წევრი
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა
საქმის დასახელება: საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანი: “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის (თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნაწილში) და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის (იმ ნაწილში, სადაც აღნიშნულია 1553-1556 და 1711-1713 მუხლები) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 37-ე მუხლებთან
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი გიორგი ბახტურიძე და მოსარჩელის წარმომადგენელი ანდრო ბჟალავა
I
1. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრმა 441-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიტანა 2007 წლის 16 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2007 წლის 22 ნოემბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-15 მუხლის პირველი პუნქტი.
3. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მოითხოვს “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის, “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თამბაქოს ნაწარმის რეკლამირებასთან დაკავშირებული ნაწილის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის იმ ნაწილის, სადაც აღნიშნულია 1553-1556 და 1711–1713 მუხლები, არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 37-ე მუხლებთან შეუსაბამობის საფუძველზე.
4. მოსარჩელის აზრით, საქართველოში თამბაქოს ნაწარმის კონტროლთან დაკავშირებით არასრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არსებობა არღვევს სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. ეს იწვევს მწეველთა რაოდენობისა და თამბაქოს მოხმარების შედეგად სიკვდილიანობის ზრდას. საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის წესდებით განსაზღვრული მიზანია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგი. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების მოთხოვნებს, ხელს უშლის მოსარჩელე ორგანიზაციას სრულყოფილად განახორციელოს თავისი მიზნები და შესაბამისად, არღვევს მის უფლებებს.
5. “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში მოცემულია იმ ობიექტების ჩამონათვალი, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია. ამ მუხლის მე-2 პუნქტი ამავე ობიექტების ხელმძღვანელებს ავალდებულებს გამოჰყონ სპეციალური ადგილი თამბაქოს მწეველთათვის. მოსარჩელის აზრით, თამბაქოს მოსაწევად სპეციალური ადგილების გამოყოფა იმ დაწესებულებებში, სადაც თამბაქოს მოწევა აკრძალულია, არსებითად განსხვავდება მე-4 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოყალიბებული მოთხოვნისგან, წინააღმდეგობაში მოდის მასთან და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მიუთითებს ისიც, რომ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი არ შეესაბამება 2003 წლის 21 მაისის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-8 მუხლს.
6. “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, “აკრძალულია თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ სამედიცინო, სასწავლო ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება, თუ მას თან ახლავს: ა) თამბაქოს პროდუქციის ან თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის დემონსტრირება; ბ) ლოგოტიპის დემონსტრირება.”. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ეს ნორმები ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-13 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს. კონვენციის შესაბამისად, მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მოხდეს თამბაქოს პოპულარიზაციისა და სპონსორობის ყოვლისმომცველი აკრძალვა.
7. “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-11 მუხლს. სადავო ნორმა ადგენს, რომ სამედიცინო გაფრთხილებამ უნდა დაიკავოს თამბაქოს პროდუქციის წინა პანელის მხოლოდ 5%, მაშინ როდესაც კონვენციის მე-11 მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ გაფრთხილებამ უნდა დაიკავოს კოლოფის ძირითადი სადემონსტრაციო ფართის 50% და მეტი.
8. მოსარჩელე თვლის, რომ “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლი უნდა გაუქმდეს თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნაწილში. “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში უნდა დაფიქსირდეს, რომ აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, მისი მოხმარების ნებისმიერი სახის პირდაპირი და არაპირდაპირი რეკლამა და რეკლამის ტრანსსასაზღვრო გავრცელება. ასეთ მოთხოვნას შეიცავს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მე-13 მუხლის პირველი, მე-2 და მე-7 პუნქტები.
9. მოსარჩელის მოსაზრებით, ასევე, გასაუქმებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის ის ნაწილი, სადაც მითითებულია 1553-1556 და 1711-1713 მუხლები. ამ მუხლებზე მითითება გადატანილი უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე მუხლში. ამ შემთხვევაში, შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ექნება არა სასამართლოს, არამედ შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილ პირს. ეს გაამარტივებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გადაწყვეტილების მიღების წესს, გაზრდის არასაგადასახადო შემოსავლებს ადმინისტრირების გაუმჯობესებისა და საჯარიმო სანქციების მომატების გამო.
10. მოსარჩელე თვლის, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ადგენს თამბაქოსა და თამბაქოს კვამლისაგან დაცულ გარემოში ცხოვრების საერთაშორისო სამართლებრივ პირობებს, რომლებიც პირდაპირ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 37-ე მუხლების მოთხოვნებთან. გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის ჩარჩო კონვენციის ცალკეულ მუხლებთან, შესაბამისად, ისინი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებულ სიცოცხლის უფლებას და 37-ე მუხლით დაცულ ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას.
11. მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე, მოითხოვს, რომ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, დაევალოს საქართველოს პარლამენტს, მოახდინოს სადავო ნორმების გაუქმება და თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარება.
12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2008 წლის 17 აპრილს. სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოსარჩელე ორგანიზაციის სპეციფიკა, მისი წესდება და საქმიანობა იძლევა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას საქართველოს კონსტიტუციის მე-15 და 37-ე მუხლთან დაკავშირებით. მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება გამოიწვევს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის დებულებების ამოქმედებას.
13. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელის წარმომადგენლის აზრით, გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დებულებასთან: “ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში...”. გარდა ამისა, სადავო ნორმები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის მიხედვით: “ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკოლოგიური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვასა და რაციონალურ ბუნებათსარგებლობას.”.
14. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა სხვა კუთხითაც შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ აღარ დავობს “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა (თამბაქოს ნაწარმის რეკლამის ნაწილში) და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის (იმ ნაწილში, სადაც აღნიშნულია 1553-1556 და 1711-1713 მუხლები) კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
II
1. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის საფუძვლიანობას. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს არა ფორმალური ხასიათის, არამედ საგნობრივი და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ მოუთითა იმ მოთხოვნებზე, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულება. უპირველეს ყოვლისა, მოსარჩელის არგუმენტაცია უნდა იყოს სახეზე და ის უნდა შეეხებოდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის ნორმას (განჩინება №2/3/412. II,8). მოსარჩელეს სწორად უნდა ჰქონდეს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმების შინაარსი, რომლებთან მიმართებითაც ის აყენებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს (განჩინება №2/4/420. II,7).
3. საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ №441 კონსტიტუციური სარჩელი არ შეესაბამება ზემოთმოყვანილ სტანდარტებს. მოსარჩელეს გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურობის დემონსტრირებისთვის მოჰყავს მტკიცებულებები, რომლებიც შეეხება მათ შეუსაბამობას საერთაშორისო შეთანხმების, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის ცალკეულ მოთხოვნებთან. მოსარჩელე, ასევე, ყურადღებას ამახვილებს “საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამავე მუხლის პირველი პუნქტის კოლიზიაზე. რაიმე მტკიცებულება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურად მისცემდა, კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის შემთხვევაში, საგნობრივი მსჯელობის საშუალებას, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი.
4. მოსარჩელის მსჯელობა არ შეეხება საქართველოს კონსტიტუციის იმ ნორმებს, რომლებთან მიმართებითაც იგი აყენებს სადავო აქტების კონსტიტუციურობის საკითხს. ის, რომ გასაჩივრებული ნორმები არ შეესაბამება სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო შეთანხმებას ან საკანონმდებლო აქტს, ავტომატურად, არ ნიშნავს მათ შეუსაბამობას საქართველოს კონსტიტუციის ცალკეულ მუხლებთან.
5. გარდა ამისა, მოსარჩელეს სწორად არ აქვს გაგებული საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმების შინაარსი. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული სიკეთე არის ადამიანის სიცოცხლე. მოსარჩელეს, როგორც იურიდიულ პირს, ეს სიკეთე არ აქვს. იურიდიულ პირს არ აქვს ჯანმრთელობაც და შესაბამისად, ის ვერ ისარგებლებს საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი უფლებით, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში. სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ის სიკეთე, რაც შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ ფიზიკურ პირს, როგორც ცოცხალ არსებას. აქედან გამომდინარე, იურიდიული პირის ნებისმიერი მსჯელობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების პირდაპირი ან ირიბი დარღვევის თაობაზე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
6. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი შეეხება გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის საკითხებს, რაც არავითარ შინაარსობრივ კავშირში არ არის სადავო ნორმებთან.
7. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან, ასევე, ისიც გამომდინარეობს, რომ მოსარჩელე არ არის კონსტიტუციური სარჩელის შემოტანაზე უფლებამოსილი სუბიექტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებებთან დაკავშირებით. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები და თავისუფლებები. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე უნდა წარმოადგენდეს კონსტიტუციური უფლების სუბიექტს, იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს აღნიშნული უფლების დარღვევაზე მსჯელობა.
8. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზე. მოსარჩელე, როგორც იურიდიული პირი, წარმოადგენს სამართლებრივ კონსტრუქციას, ფიქციას, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ იქნება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლების სუბიექტი. ამდენად, ეს უფლებები არ განეკუთვნება იმ უფლებათა რიგს, რომლებიც, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, შეიძლება გავრცელდეს იურიდიულ პირზე.
9. ის გარემოება, რომ მოსარჩელე მიზნად ისახავს საქართველოში თამბაქოს ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგს და ამ გზით ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკით, არ წარმოშობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებას იმ პირობებში, როდესაც უშუალოდ მოსარჩელის უფლების დარღვევა ან შესაძლო დარღვევა არ დასტურდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული “კანონის 39-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით, სხვა პირთა ინტერესების დასაცავად კონსტიტუციური სარჩელით მიმართვის უფლება მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველს ეძლევა (ე.წ. აბსტრაქტული კონტროლი).”. აქედან გამომდინარე, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას მოსარჩელეს აძლევს მისი წესდება, სპეციფიკა და საქმიანობა.
10. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში მიუთითებს სადავო ნორმების შეუსაბამობაზე სხვა საკანონმდებლო ნორმებთან, ასევე, საერთაშორისო შეთანხმებასთან. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საკითხების განხილვა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, შეუძლებელია და სცილდება მის კომპეტენციას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმა “სპეციალური ნორმაა და არ ითვალისწინებს ნორმატიული აქტების საერთაშორისო ხელშეკრულებებთან შესაბამისობის დადგენას. ერთადერთი აქტი, რომლითაც ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებისას, არის საქართველოს კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლოს ამოცანაა მოახდინოს კონსტიტუციის და არა საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების განმარტება.” (გადაწყვეტილება №2/2-389. II,5)
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, ასევე, სცილდება იმ მოთხოვნასთან დაკავშირებით მსჯელობა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტისათვის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის ღონისძიებების დაუყოვნებლივ გატარების დავალებას.
12. საბოლოოდ, შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ №441 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა”, “ბ” და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე.
III
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის “ა”, “ბ”, და “გ” ქვეპუნქტების საფუძველზე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №441 (საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნას მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები
ბესიკ ლოლაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი