სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/1/522 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 1 მარტი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლისა და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №522) მომართა სპს „გრიშა აშორდიამ“. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2012 წლის 25 იანვარს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის პირველ მარტს.
3. №522 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურ“. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დაუშვებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ ამ მუხლში მითითებული უძრავი ნივთის გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა, ასევე, ვალდებულების გამო გადახდევინების მიქცევა რეგისტრაციიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო სადავო მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებელია მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, პირის განცხადების საფუძველზე, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის, ასევე უძრავი ნივთის ფუნქციური დანიშნულების გათვალისწინებით. ამავე კანონის სადავო 74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების აღიარების უფლებას.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ 1988 წლის 16 ნოემბერს ქ. ფოთის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით, დარეგისტრირდა კოოპერატივი „ბაზალტი“. 1992 წლის 2 ოქტომბერს ქ.ფოთის გამგეობის გადაწყვეტილებით, ხსენებული კოოპერატივი დარეგისტრირდა „ერთი პირის საწარმო ბაზალტად“. ფოთის საქალაქო სასამართლოს 1996 წლის 5 აგვისტოს დადგენილებით „ერთი პირის საწარმო ბაზალტის“ სამართალმემკვიდრედ დარეგისტრირდა სპს „აშორდია“, ხოლო 2011 წლის 22 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სპს „აშორდიას“ სახელწოდების კორექტირების საფუძველზე, დააფიქსირა სპს „გრიშა აშორდია“. ამავდროულად, 1989 წლის 22 ნოემბრის აღმასკომის გადაწყვეტილებით, კოოპერატივს, რომლის სამართალმემკვიდრესაც ს.პ.ს. „გრიშა აშორდია“ წარმოადგენს, გადაეცა 0.6 ჰა მიწის ნაკვეთი, ხოლო მოგვიანებით შენობა-ნაგებობების და კომუნიკაციების მოწყობის პროექტი და მათი ექსპლუატაციაში მიღების აქტი.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების ამოქმედებით, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ კანონიერად მოპოვებული მიწის ნაკვეთი, ასევე, ამ ნაკვეთზე ამ პირის მიერ საკუთარი სახსრებით შექმნილი ქონება გაუთანაბრდა თვითნებურად დაკავებულ, ანუ სახელმწიფოსგან მიტაცებულ ქონებას. 2011 წლის 1 ივლისიდან იურიდიული პირები იძულებულნი იყვნენ სახელმწიფოსგან შეესყიდათ თავიანთი ქონება, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან საერთოდ აღეკვეთათ ლეგიტიმურად შექმნილი კერძო საკუთრების რეგისტრაციის უფლება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განისაზღვრა განსხვავებული მოპყრობა იურიდიული პირისადმი კუთვნილების ნიშნით, რაც არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდიან საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან.
7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიხედვით, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ კანონით დადგენილი განსხვავებული მოპყრობა ასევე იწვევს ამ კონსტიტუციური უფლების დარღვევას.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით იურიდიული პირისადმი კუთვნილების ნიშნით დადგენილი არათანაბარი მოპყრობა უკავშირდება საკუთრების, შრომის, მეწარმოების და სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში თავისუფლების უფლებების დისკრიმინაციული საფუძვლით შეზღუდვას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ასევე არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 21-ე, 30-ე და 38-ე მუხლებთან მიმართებით.
9. მოსარჩელე შუამდგომლობით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საქმის გადაწყვეტამდე შეაჩეროს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სადავო სიტყვების მოქმედება, რათა სახელმწიფომ არ მოახდინოს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართლზომიერად მოპოვებული ქონების პრივატიზაცია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის №1/5/517 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. №522 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ დასახელებულია იურიდიული პირი, სპს „გრიშა აშორდია“, რომელიც სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებთან, მათ შორის მე-7 მუხლთან მიმართებით. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება იურიდიულ პირებს აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი.
3. კანონის აღნიშნული ნორმის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებულ უფლებებთან შესაბამისობის საკითხებზე. კონსიტიტუციის მე-7 მუხლი არ არის მოქცეული კონსტიტუციის მე-2 თავში, შესაბამისად, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი სუბიექტი, მოითხოვოს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის და 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მე-7 მუხლთან მიმართებით, შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისად, სახეზეა მისი განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
4. მოსარჩელე ასევე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით. აღნიშნული სადავო ნორმები განსაზღვრავენ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე იურიდიული პირის საკუთრების აღიარების შემდეგ, 6 თვის განმავლობაში მისი გასხვისების აკრძალვის, ხოლო, რიგ შემთხვევებში აკრძალვიდან გამონაკლისის დაშვების წესებს. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე, მიემართება მხოლოდ ხსენებული კანონის 73 მუხლის პირველ პუნქტს და 74 მუხლს. სარჩელში საერთოდ არ გვხვდება არგუმენტაცია იმის შესახებ, თუ რატომ და რა ფორმით არღვევს 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები მის კონსტიტუციურ უფლებებს.
5. საქართველოს კანონმდებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, „კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ ნორმების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება №2/6/475 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის განჩინება №2/3/412 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-9, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივნისის განჩინება №2/2/438 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვახტანგ ცქიფურიშვილი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-1).
6. როგორც აღინიშნა, №522 სარჩელში მოცემული არგუმენტაცია საერთოდ არ მიემართება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს და, შესაბამისად, არ არის დასაბუთებული, თუ რა გარემოებები განაპირობებს აღნიშნული ნორმის არაკონსტიტუციურობას. შესაბამისად, №522 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის მე-14, 21-ე, 30-ე, 38-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
7. მოსარჩელე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტს და 74 მუხლის სადავო სიტყვებს ასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლი „უნდა განვიხილოთ როგორც სპეციალური ნორმა, რადგანაც იგი ადგენს თანასწორობას როგორც უმცირესობათა უფლებების დაცვის ერთ-ერთ ფორმას. უმცირესობა არის სახელმწიფოს დანარჩენ მოსახლეზე რიცხობრივად მცირე ჯგუფი, რომელსაც არ უკავია გაბატონებული პოზიცია და რომლის წევრებს ახასიათებთ ეთნიკური, რელიგიური ან ენობრივი ნიშნები, რომლებიც მას სხვებისაგან განასხვავებენ და გამოხატავს საკუთარი კულტურის, ტრადიციების, რელიგიის ან ენის შენარჩუნებისაკენ მიმართულ სოლიდარობის გრძნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 31 მარტის №2/8/366 განჩინება, 4). №522 კონსტიტუციურ სარჩელში მოცემული არგუმენტაციიდან არ იკვეთება, რომ სადავო ნორმები მიმართულია უმცირესობის უფლებების შეზღუდვისკენ ან/და მოსარჩელე მიეკუთვნება კონსტიტუციის 38-ე მუხლში მითითებულ რომელიმე უმცირესობას. მოსარჩელე აღნიშნულთან დაკავშირებით საერთოდ არ უთითებს რაიმე სახის არგუმენტაციას. შესაბამისად, №522 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 38-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
8. მოსარჩელე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთთან მიმართებით. სარჩელში მითითებულია, რომ კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებულია შრომის თავისუფლება და სახელმწიფოს ვალდებულება, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმოებისა და კონკურენციის განვითარებას. თუმცა სარჩელში არ გვხვდება არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, სადავო ნორმების მოქმედებით რა ფორმით იზღუდება მოსარჩლის შრომის თავისულება ან თავისუფალი მეწარმეობა. მოსარჩელე მხარე კონსტიტუციის 30-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის დასასაბუთებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას, როგორც იურიდიულ პირს, დაერღვა საკუთრების უფლება. რაიმე დამატებითი არგუმენტი სამეწარმეო ან შრომის თავისუფლების კონტექსტში, კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის. ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, შესაბამისად, მხოლოდ იმ ფაქტზე მითითება, რომ იურიდიულ პირის საკუთრების უფლება იზღუდება, არ გამოდგება კონსტიტუციის 30-ე მუხლით დაცულ უფლებასთან სადავო ნორმების მიმართების დამადასტურებელ არგუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
9. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტითა და 74 მუხლის სადავო სიტყვებით კონსტიტუციის 45-ე მუხლის დარღვევაზე. თუმცა, ამ კონტექსტში მოყვანილი არგუმენტაცია მიმართულია მხოლოდ იმ ფაქტის დასაბუთებისაკენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე იურიდიული პირები ფიზიკური პირებისაგან დიფერენცირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. კანონის წინაშე თანასწორობის უფლება დაცულია კონსტიტუციის მე-14 მუხლით, შესაბამისად, სასარჩელო არგუმენტაცია, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის დისკრიმინაციაზე მიუთითებს, მიემართება კონსტიტუციის მე-14 მუხლს. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის მიზანია იურიდიულ პირებზე კონსტიტუციური უფლებების გავრცელების ფარგლების განსაზღვრა. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმა ადგენს, რომ ამა თუ იმ კონსტიტუციური უფლების იურიდიულ პირზე გავრცელების საკითხის გარკვევისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს უშუალოდ კონსტიტუციური უფლების შინაარსს. თუ კონკრეტული კონსტიტუციური უფლების შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლებელია, იურიდიული პირი იყოს მისი მატარებელი, მაშინ იგი ამ უფლების სუბიექტად უნდა იქნეს განხილული. სწორედ ეს კონსტიტუციური ნორმა არის იმის გარანტია, რომ, მაგალითად, კონსტიტუციის 21-ე და მე-14 მუხლებით დაცულ სფეროში ფიზიკურ პირებთან ერთად იურიდიული პირებიც ექცევიან. მოსარჩელის არგუმენტაციიდან არ იკვეთება, რა ფორმით ახდენს სადავო ნორმა კონტიტუციური უფლებების იურიდიულ პირზე გავრცელების შეზღუდვას. ვინაიდან მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, რომ სადავო ნორმამ მის მიმართ რომელიმე კონსტიტუციური უფლების მოქმედება გამორიცხა, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სადავო სიტყვების არაკონსტიტუციურად ცნობას კონსტიტუციის 45-ე მუხლთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №522 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
11. მოსარჩელე ითხოვს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის მოქმედების შეჩერებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგი, მას შეუძლია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება“. სადავო ნორმის შეჩერების მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები მოსარჩელე მხარისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და მე-18 მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №522 (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №522 (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 30-ე, 38-ე და 45-ე მუხლებთან მიმართებით.
ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ მოქმედების შეჩერების თაობაზე.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი