სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/3/522,553 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი _ წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი:
1. №522 კონსტიტუციურ სარჩელზე - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით
2. №553 კონსტიტუციურ სარჩელზე ა) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით; ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 20 იანვარს და 2013 წლის 25 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №522 და №553) მომართა სპს „გრიშა აშორდიამ“. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი №522 განსახილველად გადმოეცა 2012 წლის 25 იანვარს, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი №553 2013 წლის 26 მარტს.
2. №522 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის პირველ მარტს, ხოლო №553 კონსტიტუციური სარჩელის - 2013 წლის 24 ივნისს. ერთობლივად არსებითად განხილვის მიზნით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივნისის №2/5/553 საოქმო ჩანაწერით, №553 კონსტიტუციური სარჩელი გაერთიანდა №522 კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ.
3. №522 და №553 კონსტიტუციური სარჩელების შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „კერძო სამართლის იურიდიული პირის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური უთანაბრდება კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს“. ამავე კანონის 74 მუხლის მიხედვით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. ამავე კანონის სადავო მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის შეადგენს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ კვადრატულ მეტრზე მოთხოვნის დროისათვის შესაბამის მიწაზე მოქმედ ნორმატიულ ფასს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ყოველ ჰექტარზე – საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დროისათვის საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ასმაგ ოდენობას.
5. კონსტიტუციურ სარჩელებში აღნიშნულია, რომ სპს „გრიშა აშორდია“ არის ერთი პირის საწარმო „ბაზალტის“ სამართალმემკვიდრე და მას მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) ჰქონდა მის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, მაგრამ სადავო ნორმების ამოქმედების შემდეგ მის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე 2011 წლის 1 ივლისიდან საკუთრების უფლების აღიარების საფასური გაუთანაბრდა კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურს, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან მან საერთოდ დაკარგა საკუთრების უფლების აღიარების უფლება და აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმებით განისაზღვრა განსხვავებული მოპყრობა იურიდიული პირისადმი კუთვნილების ნიშნით, ვინაიდან აღნიშნული სადავო ნორმებით, საკუთრების უფლების აღიარების მსურველი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ კანონმდებელმა დაადგინა განსხვავებული პირობები, ვადები და გადასახადები. მოსარჩელის მტკიცებით, სახეზეა გაუმართლებელი უთანასწორო მოპყრობა, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს და, მეორე მხრივ, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის. აღნიშნული კი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპთან.
6. კონსტიტუციური სარჩელების მიხედვით, გასაჩივრებული ნორმები ასევე არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლს, ვინაიდან სადავო ნორმების საფუძველზე, იურიდიულ პირებს აღეკვეთათ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლებას.
7. მოსარჩელის 2013 წლის 2 ივლისის წერილობითი მოთხოვნისა და საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 30 ივლისის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, 2013 წლის 9 დეკემბერს გაიმართა საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
8. მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების თანახმად, 2007 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს საკმარისი დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებული გზით მოეხდინათ მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება. მოპასუხე მიუთითებს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების განსხვავებულ მდგომარეობაში ჩაყენება გამოწვეულია მათი განსხვავებული ბუნებით: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ისინი წარმოადგენენ არსებითად არათანასწორ სუბიექტებს და განსხვავებული მოპყრობის მიზანი იყო, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისების გზით, სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა იმ პირობებში, როდესაც ფიზიკური პირების მიერ კერძო სამართლის იურიდიული პირების მსგავსი ინტენსივობით არ მოხდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების ათვისება. აღნიშნული არ გამორიცხავს მსგავსი გარემოებების არსებობის შემთხვევაში ფიზიკური პირების მიმართაც ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ამასთან ერთად, საკუთრების უფლების აღიარების საფასურის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭა უძრავი ქონების მფლობელი სუბიექტის სამართლებრივ ბუნებას. შესაბამისად, არ არის დარღვეული საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
9. მოპასუხე აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გაჩნდა შესაძლებლობა, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული, აგრეთვე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების მიწა, საკუთრების უფლების აღიარებით, გადასულიყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში, ათვისებულიყო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდი და განვითარებულიყო მიწის ბაზარი. სახელმწიფომ ხელი შეუწყო ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მისწრაფებას, შექმნას საკუთარი ქონება, რაც საკუთრების შეძენის ისეთ რეგლამენტაციაში გამოიხატა, რომელმაც მოახდინა სამოქალაქო ბრუნვის სტიმულირება. ამასთან, სახელმწიფოს, როგორც მესაკუთრის პრეროგატივაა საკუთრების გასხვისების ფორმის განსაზღვრა და 2012 წლის იანვრის შემდეგაც საკუთრების უფლების მოპოვება სახელმწიფო საკუთრების მიწებზე შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისთვის დაგენილი ზოგადი წესით, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №522 და №553 კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს იურიდიული პირი – სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გრიშა აშორდია“. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე. მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის ძირითადი უფლება და 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება იურიდიულ პირებზეც.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლები იცავს ორ უმნიშვნელოვანეს და ერთმანეთისგან განსხვავებულ კონსტიტუციურ ღირებულებას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხს თითოეულ მათგანთან ცალ-ცალკე შეაფასებს.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზანია „არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-1). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამგვარად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე – მიზანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-4).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებში მსჯელობის შესაძლებლობისთვის, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს, წარმოადგენენ თუ არა შესადარებელი პირები (პირთა ჯგუფები) არსებითად თანასწორებს. ამისათვის აუცილებელია, აღნიშნული პირები ამა თუ იმ შინაარსით მსგავს კატეგორიაში, ანალოგიურ გარემოებებში უნდა ხვდებოდნენ და უნდა იყვნენ არსებითად თანასწორები კონკრეტული ვითარებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით.
5. №522 და №553 კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელე სპს „გრიშა აშორდია“ მიუთითებს, რომ სადავო ნორმები დისკრიმინაციულია, რადგან კანონმდებელმა საკუთრების უფლების აღიარებისთვის დაადგინა განსხვავებული პირობები, ვადები და გადასახდელები საკუთრების უფლების აღიარების მსურველი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ. მოსარჩელის მტკიცებით, სახეზეა უთანასწორო მოპყრობა, ერთი მხრივ, ფიზიკურ პირებს და, მეორე მხრივ, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს შორის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, წარმოადგენენ თუ არა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები არსებითად თანასწორ სუბიექტებს სადავო კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში.
6. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების ძირითად პირობებს და იმ ორგანოების უფლებამოსილებას, რომლებიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენენ სახელმწიფოს.
7. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი საკუთრების უფლების აღიარების სუბიექტებად მიიჩნევს როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირები იმყოფებიან ანალოგიურ ვითარებაში და მონაწილეობენ იდენტურ სამართლებრივ ურთიერთობაში იდენტური სტატუსით – საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული პირი.
8. არსებითად თანასწორი სუბიექტების დადგენის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა სახეზე უთანასწორო მოპყრობა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ უთანასწორო მოპყრობა გამოიხატება საკუთრების უფლების აღიარებისთვის დადგენილი განსხვავებული პირობების, ვადებისა და გადასახდელების დაწესებაში.
9. სადავო კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიმართ დადგენილია საკუთრების უფლების აღიარების უფრო მაღალი საფასური, ვიდრე ეს ფიზიკური პირების მიმართ. ანალოგიურია კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი რეგულირება, რომელიც მიემართება მხოლოდ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ მიერ საკუთრების უფლების აღიარების საფასურს 2011 წლის 1 ივლისიდან უთანაბრებს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების საფასურს, ხოლო სადავო კანონის 74 მუხლის პირველი წინადადებით, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირები, ფიზიკური პირებისგან განსხვავებით კარგავენ საკუთრების აღიარების უფლებას.
10. დიფერენცირებული მოპყრობა მდგომარეობს საკუთრების უფლების აღიარების სუბიექტების საერთო წრიდან ერთი ნაწილის – კერძო სამართლის იურიდიული პირების გამოყოფაში და მათთვის განსხვავებული პირობების, საფასურისა და ვადების დაწესებაში.
11. როგორც დგინდება, სახეზეა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა. შესაბამისად, ხდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებული თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „თანასწორობის უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის კონსტიტუციურობის შეფასების სტანდარტები არ არის ერთგვაროვანი. ნორმა, რომლით დადგენილი დიფერენცირებაც უკავშირდება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს ან/და ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, ექვემდებარება კონსტიტუციურ შემოწმებას „მკაცრი ტესტის“ ფარგლებში, თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის №2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ“, II-6). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს: ა) უკავშირდება თუ არა დიფერენცირება კლასიკურ, სპეციფიკურ ნიშნებს; ბ) ხასიათდება თუ არა დიფერენცირება მაღალი ინტენსივობით.
12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ თანასწორობის უფლება ირღვევა კერძო სამართლის იურიდიული პირისადმი, ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშნით. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ორგანიზაციისადმი კუთვნილების ნიშანი არ მიეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილ დიფერენცირების კლასიკურ ნიშნებს. ამასთანავე, განსახილველ საქმეზე არ იკვეთება სხვა კლასიკური ნიშნით დიფერენცირება. ამგვარად, მოცემულ შემთხვევაში უთანასწორო მოპყრობა არ უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში მითითებულ რომელიმე კლასიკურ ნიშანს.
13. სადავო ნორმის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმებისას მნიშვნელოვანია დადგინდეს დიფერენცირების ინტენსივობა. `დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობისაგან” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
14. სადავო ნორმები არსებითად თანასწორ პირებს მნიშვნელოვნად არ აცილებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი პირობებისგან. კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონს კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სრულად არ წაურთმევია უფლება, მოეხდინათ მართლზომიერ სარგებლობაში არსებულ მიწებზე საკუთრების უფლების აღიარება. მართალია, აღნიშნული კანონი განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების ვადას და ადგენს გარკვეულ საფასურს კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის, მაგრამ აღნიშნულ სუბიექტებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა, ესარგებლათ მოცემული კანონით მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლის იანვრამდე. შესაბამისად, განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ დიფერენცირების ინტენსივობა არ აღწევს იმ ხარისხს, რომ უთანასწორობა შეფასდეს „მკაცრი ტესტის“ გამოყენებით.
15. ამგვარად, დადგინდა, რომ მოცემულ შემთხვევაში უთანასწორო მოპყრობა არ უკავშირდება დიფერენცირების კლასიკურ ნიშანს და არ ხასიათდება მაღალი ინტენსივობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმიდან მომდინარე დიფერენცირება არ არის დაკავშირებული კლასიკურ ნიშნებთან და ჩარევა არ ხასიათდება მაღალი ინტენსივობით, სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს „რაციონალური დიფერენცირების ტესტის“ ფარგლებში, რომლის მიხედვითაც: „ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-6).
16. განსახილველ საქმეზე უნდა დადგინდეს სადავო ნორმით დადგენილი დიფერენციაციის საჭიროება და არსებობს თუ არა რეალური და რაციონალური კავშირი დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და სადავო ნორმების მოქმედებით მიღწეულ შედეგს შორის.
17. უპირველეს ყოვლისა, უნდა შემოწმდეს, რა მიზნის მიღწევას ემსახურება სადავო ნორმებით გათვალისწინებული დიფერენციაცია. სახელმწიფომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით, წაახალისა კერძო ინიციატივა და მოახდინა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სტიმულირება, აეთვისებინათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის რესურსი.
18. ზემოაღნიშნული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მიერ სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებით მრავალწლიანი სარგებლობისა, ამ მიწებზე უფლების რეგისტრაცია დაკავშირებული იყო მთელ რიგ სირთულეებთან და არსებული ვითარება განაპირობებდა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდის შეფერხებას, რადგან ამ მიწის ნაკვეთებისა და მათზე საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში იდენტიფიცირების შეუძლებლობა გამორიცხავდა მათი საგადასახადო დაბეგვრის ობიექტად ქცევის შესაძლებლობას. აღნიშნული ღონისძიების საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე, მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
19. სადავო ნორმების შემოღება, რასაც მოჰყვა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების დიფერენცირება, უნდა განვიხილოთ როგორც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიება, რომელსაც უნდა დაეჩქარებინა კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთრების აღიარების პროცესი.
20. სადავო ნორმების ობიექტური მიზეზების დადგენის შემდეგ უნდა გაირკვეს, რამდენად არსებობს სადავო ნორმებით დადგენილი დიფერენციაციის საჭიროება და ლოგიკურად უკავშირდება თუ არა რეგულაცია დასახულ მიზნებს.
21. სადავო ნორმებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ისტორია ცხადყოფს, რომ საკუთრების აღიარების უფლების სტატიკურად და შეუზღუდავად მინიჭების შემდეგ სახელმწიფომ დროში შეზღუდა აღნიშნული უფლების რეალიზაცია და შექმნა უფრო ეფექტიანი ფონი დასახული მიზნების მისაღწევად, რადგან უფლების დროში შეუზღუდავად მინიჭებამ წარმოშვა საფრთხე, რომ, თუ მინიჭებული უფლების რეალიზაცია არ მოხდებოდა დროულად, დაიკარგებოდა იმ მიზნების ეფექტიანად მიღწევის შესაძლებლობა, რასაც ემსახურება პირებისათვის მართლზომიერად დაკავებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის საკუთრებად აღიარების უფლების მინიჭება.
22. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, კანონმდებელმა ერთი საკანონმდებლო პაკეტით, კერძოდ, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 7 დეკემბრის №3889-IIს საქართველოს კანონით გაწერა ეტაპობრივი საკანონმდებლო ღონისძიებები. პირველ რიგში, 2011 წლის 1 ივლისიდან იურიდიული პირებისათვის გაიზარდა საკუთრების აღიარების საფასური, ხოლო 2012 წლის 1 იანვრიდან მათთან მიმართებით სრულად გაუქმდა საკუთრების აღიარების უფლება.
23. ზემოაღნიშნულმა საკანონმდებლო ღონისძიებამ მოახდინა იურიდიული პირების სტიმულირება, დროულად განეხორციელებინათ საკუთრების უფლების აღიარება ჯერ საფასურის გაზრდამდე არსებულ პერიოდში, ხოლო შემდგომ აღიარების უფლების გაუქმებამდე არსებულ პერიოდში.
24. ბუნებრივია, სახელმწიფოს ანალოგიური საჭიროება გააჩნდა ფიზიკურ პირებთან მიმართებითაც, თუმცა ფიზიკურ პირებთან შედარებით, იურიდიულ პირებს მეტი მატერიალური და არამატერიალური რესურსები გააჩნიათ მიწის საკუთრებაში მიღების პროცედურის განხორციელებისათვის. გარდა ამისა, ფიზიკური პირებისათვის მსგავსი შეზღუდვების დაწესებას, შესაძლოა პირთა გარკვეული წრისათვის მძიმე სოციალური პირობები შეექმნა.
25. იურიდიულ პირებს, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების თავისებურებების გათვალისწინებით, გააჩნიათ საერთო ნიშნები. სამართლის ამ სპეციფიკური სუბიექტების უმთავრესი მახასიათებლებია: განსაზღვრული მიზნების მისაღწევად რესურსების გაერთიანება, პასუხისმგებლობის შეზღუდვა, ორგანიზებულობა, უკეთესი კოორდინაცია და ა.შ. თითოეული ეს მახასიათებელი მათ გარკვეულ მატერიალურ თუ ორგანიზაციულ უპირატესობას ანიჭებს ფიზიკურ პირებთან მიმართებით. მათი შექმნა მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ფიზიკური პირები განსაზღვრულ სამეწარმეო თუ არასამეწარმეო მიზნებს ცალკე და ინდივიდუალური რესურსებით ვერ მიაღწევენ. სხვა შემთხვევაში, გარდა მცირე გამონაკლისი შემთხვევებისა, ფიზიკურ პირებსაც სრული თავისუფლება აქვთ, ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად განახორციელონ იგივე სამეწარმეო თუ არასამეწარმეო საქმიანობა.
26. უფრო მეტიც, საკუთრებაში გადასაცემ მიწის ნაკვეთებს ფიზიკური პირების გარკვეული კატეგორიისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, კანონი, სხვა დანიშნულების მიწებთან ერთად, ფიზიკური პირებისათვის საკუთრებაში გადასაცემ მიწის ნაკვეთებში მოიაზრებს კომლის სარგებლობაში საცხოვრებლად დაკავებულ და სხვა მინიმალური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით დაკავებულ მიწებს.
27. ზემოხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების პროცედურის შეზღუდულ ვადაში განხორციელება იურიდიული პირებისათვის ბევრად მსუბუქი ტვირთი იქნებოდა, ვიდრე ფიზიკური პირებისათვის.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ საქმეზე უთანასწორობა ემყარება ობიექტურ მიზეზებს და არსებობს რაციონალური კავშირი გამოყენებულ საშუალებასა და მისაღწევ ლეგიტიმურ მიზნებს შორის. შესამისად, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის უფლებას.
29. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელი №522 არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და ამავე კანონის 74 მუხლის შემდეგი სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. ასევე, არ უნდა დაკმაყოფილდეს №553 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და ამავე კანონის 74 მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით
30. №522 და №553 კონსტიტუციურ სარჩელებში ასევე სადავოდ არის გამხდარი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტისა და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმებით არაკონსტიტუციურად იზღუდება მისი საკუთრების უფლება.
31. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი განამტკიცებს საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32). საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს, რომელსაც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკა და სტაბილური სამოქალაქო ბრუნვა. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს საკუთრების როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას, ხოლო, მეორე მხრივ, წარმოადგენს ინდივიდის ძირითად უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ განუმარტავს, რომ `საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. ყოველივე ეს კანონზომიერად განაპირობებს ინდივიდის კერძო ინიციატივებს ეკონომიკურ სფეროში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების, თავისუფალი მეწარმეობის, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ნორმალურ, სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის №1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
32. განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფერო და განსაზღვროს, მოხდა თუ არა ჩარევა დაცულ სფეროში, რა ფორმისაა ჩარევა და შეესაბამება თუ არა იგი 21-ე მუხლით გათვალისწინებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტებს.
33. პირველ რიგში უნდა დადგინდეს, ხელყოფილია თუ არა ის სამართლებრივი სიკეთე, რომელსაც მოიცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული „საკუთრება“ და რომლის დაცვასაც ემსახურება აღნიშნული კონსტიტუციური დებულება.
34. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სპს „გრიშა აშორდიას“ არ მოუპოვებია საკუთრება მიწის ნაკვეთზე, კერძოდ, არ მომხდარა საკუთრების უფლების აღიარება კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღნიშნული მიწის ნაკვეთი ირიცხება სახელმწიფოს საკუთრებაში.
35. ამასთანავე, სადავო რეგულირების შინაარსის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, რამდენად მოიპოვა საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის სპს „გრიშა აშორდიამ“, როგორც კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც მართლზომიერ მფლობელობაში ჰქონდა სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი. სასამართლო არსებულ ნორმატიულ მოცემულობას შეაფასებს მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის ფარგლებში.
36. სპს „გრიშა აშორდია“ მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტს ადასტურებს დოკუმენტაციით, რომელშიც მითითებულია რომ აღნიშნული საზოგადოება წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთის კერძო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაში გადაცემა არ ქმნის სუბიექტის იმდენად მყარ სამართლებრივ კავშირს ქონებასთან, რომ აღნიშნული გარემოება შეფასდეს როგორც უკვე შეძენილი საკუთრება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიზნებისთვის.
37. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ იდავებს მიწის ნაკვეთზე, როგორც მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
38. მოსარჩელე ასევე აპელირებს იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც განთავსებულია მიწის ნაკვეთზე. მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საკითხი არ არის მოწესრიგებული სადავო ნორმებით. აღნიშნულ ქონებაზე არსებული უფლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც მოცემულ საქმეზე არ წარმოადგენს დავის საგანს.
39. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, `საკუთრების ცნება ავტონომიური შინაარსისაა და იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფიზიკურ საგნებზე საკუთრების უფლებით, ზოგიერთი სხვა უფლება და სარგებელი, რომელიც ქმნის ქონებას, ქონებრივი ხასიათის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, ასევე ქონებრივი ღირებულებები, მათ შორის უფლება მოთხოვნაზე, რაც კანონიერი მოლოდინის საფუძველზე წარმოიშობა და პირის საკუთრების ეფექტურ გამოყენებას განაპირობებს, შესაძლოა განხილული იქნეს როგორც საკუთრება და უფლება საკუთრებაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის №1/5/489-498 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოთარ კვენეტაძე და იზოლდა რჩეულიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ამა თუ იმ კონსტიტუციურ დებულებას განმარტავს კონსტიტუციური პრინციპების გამოყენებით. „მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს“ (საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-16).
41. განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის 21-ე მუხლი უნდა განიმარტოს სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპთან კავშირში. სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან მომდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი – განსაზღვრულობის პრინციპი, რომელიც განამტკიცებს კანონმდებლობის განჭვრეტადობის გარანტიებს. სამართლებრივი უსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სამართლებრივი ნდობის პრინციპი.
42. სამართლებრივი ნდობის პრინციპი ემსახურება მოქმედი სამართლის მიმართ მოქალაქეთა ნდობის განტკიცებას. დაუშვებელია სამართლის ადრესატთა ნდობა შეირყეს კანონით მინიჭებული უფლებების გაუმართლებელი და ხშირი ცვლილებებით. მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ნდობის განცდა კანონით მინიჭებულ პრივილეგიებთან დაკავშირებით. კანონმდებლობა უნდა ასრულებდეს პიროვნული თავისუფლების უზრუნველმყოფ ფუნქციას. ინდივიდებს უნდა შეეძლოთ პირადი, პროფესიული და ეკონომიკური საქმიანობის მყარ სამართლებრივ ფარგლებში წარმართვა. არსებითად განუსაზღვრელი და გაუთვლელი, არასანდო სამართლებრივი განვითარება აჩენს გაურკვევლობის განცდას, რაც აფერხებს ადამიანის პიროვნულ განვითარებას. სამართლებრივი უსაფრთხოება ინდივიდის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელოვანი წინა პირობაა.
43. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპის გათვალისწინებით, დაცული უნდა იყოს ლეგიტიმური მოლოდინები, რომელთა მიმართაც ინდივიდებს ნდობა გააჩნიათ. კანონით მინიჭებული უფლებების მიმართ მაღალია ინდივიდების ნდობის ხარისხი. აღნიშნული ნდობის გაუმართლებელი შერყევა ნეგატიურად აისახება სამართლის მიმართ ნდობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებაზე.
44. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულია მხოლოდ კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი ლეგიტიმური მოლოდინი. მოლოდინი, რომ ლეგიტიმურად და, შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულად ჩაითვალოს, მას უნდა გააჩნდეს კანონიერი საფუძველი და უნდა წარმოადგენდეს კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი არ ქმნის სახელმწიფოსგან მატერიალური სარგებლის უპირობოდ მოთხოვნის უფლებას. აქ ნაგულისხმევია შემთხვევა, როდესაც მატერიალური სარგებლის მოთხოვნა ემყარება კონკრეტულ, ნამდვილ სამართლებრივ საფუძველს.
45. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სპს „გრიშა აშორდია“ მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირებით მისი საკუთრების უფლება ირღვევა იმდენად, რამდენადაც, ერთი მხრივ, გაიზარდა მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური, ხოლო, მეორე მხრივ, მან დაკარგა საკუთრების აღიარების უფლება 2012 წლის 1 იანვრიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში პირმა დაკარგა (გაურთულდა) საკუთრების აღიარების უფლება, კერძოდ, შეიზღუდა მისი უფლება, გარკვეული შეღავათებით მიეღო სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთი.
46. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“. აღნიშნული კანონის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, დადგენილი წესით და დადგენილი წინა პირობების არსებობისას მოეხდინათ საკუთრების უფლების აღიარება განსაზღვრული სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე.
47. ზემოაღნიშნული კანონის მიღებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისებისა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ დაადგინა სახელმწიფო ქონების – მიწის ნაკვეთების პრივატიზების გარკვეული შეღავათების შემცველი რეჟიმი. ამასთანავე, კანონის 2007 წელს არსებული რედაქცია არ შეიცავდა მითითებას საკუთრების აღიარების ვადების შესახებ. აღნიშნული კანონის თავდაპირველი რედაქციით, ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს მიენიჭათ უფლება, მოეხდინათ საკუთრების აღიარება განუსაზღვრელი ვადით. სახელმწიფოს მიერ ამგვარი ნების გამოჩენამ, გარკვეული წინა პირობების საფუძველზე, სახელმწიფო ქონებაზე – მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების უფლების მინიჭების შესახებ, ბუნებრივია, წარმოშვა მოლოდინი.
48. ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნდათ გარკვეული კავშირი აღნიშნულ მიწის ნაკვეთებთან და უკვე იმყოფებოდნენ კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობაში, გაუჩნდათ მოლოდინი, რომ, თუ ისინი წარმოადგენდნენ აღნიშნული კანონის სუბიექტებს და აკმაყოფილებდნენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დადგენილი წესით, შეეძლოთ მოეპოვებინათ საკუთრება სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე. ამასთანავე, აღნიშნული კანონი შეიცავს მექანიზმებს, რომლებიც განაპირობებს საკუთრების აღიარების უფლების ეფექტურ რეალიზაციას. მოლოდინი, რომელიც ემყარება კანონიერ საფუძველს და მომდინარეობს ამ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობიდან, უნდა ჩაითვალოს ლეგიტიმურ მოლოდინად, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.
49. როგორც აღინიშნა, სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ექცევა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცულ სფეროში. მოსარჩელე სპს „გრიშა აშორდია“ კონსტიტუციურ სარჩელებში მიუთითებს, რომ მისი საკუთრების უფლება ირღვევა იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, გაიზარდა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების საფასური, მეორე მხრივ, 2012 წლის იანვრიდან მან საერთოდ დაკარგა საკუთრების აღიარების უფლება. საკუთრების ძირითად უფლებაში ჩარევის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ გარემოებაზე, უფლებაში ჩარევის რომელი ფორმაა გამოყენებული სახელმწიფოს მიერ. კონსტიტუციის 21-ე მუხლის სტრუქტურიდან გამომდინარე, საკუთრების უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმება ხორციელდება ჩარევის ხასიათის მიხედვით. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, რა სახის ჩარევაა სახეზე განსახილველ შემთხვევაში.
50. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცნობს დაცულ უფლებაში ჩარევის ორ ძირითად სახეს – საკუთრების უფლების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა. საკუთრების უფლების შესაძლო შეზღუდვის საფუძვლები განსაზღვრულია 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, ხოლო საკუთრების ჩამორთმევის კონსტიტუციურ წინა პირობებს ადგენს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
51. იმისათვის, რომ დადგინდეს, არის თუ არა განსახილველ საქმეზე რელევანტური საკუთრების ჩამორთმევა და მასთან დაკავშირებული სტანდარტები, უნდა განისაზღვროს, წარმოადგენს თუ არა სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება საკუთრების ჩამორთმევას კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის.
52. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის რეგულირების სფერო. სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევის ინსტიტუტს მკვეთრად გამოხატული ფორმალური ნიშნები ახასიათებს. ამ ცნებაში ვერ თავსდება ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც პირის მიერ მისი ნების საწინააღმდეგოდ საკუთრების დაკარგვას გულისხმობს. საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის №2/1-370,382,390,402,405 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ზაურ ელაშვილი, სულიკო მაშია, რუსუდან გოგია და სხვები და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ასევე აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის პირველი აპრილის №2/155 გადაწყვეტილება საქმეზე „აკაკი საღირაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელზეც სასამართლომ განმარტა: „საკუთრების უფლების ჩამორთმევის წესი ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც ამას ადგილი აქვს საამისოდ უფლებამოსილი სუბიექტების (სახელმწიფო ორგანოების) მხრიდან საჯარო ამოცანების შესასრულებლად... საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება საკუთრების ქონებრივ კომპონენტს. საკუთრების ჩამორთმევის ურთიერთობისათვის დამახასიათებელია, რომ სახელმწიფო არა მხოლოდ ადგენს ჩამორთმევის სამართლებრივ რეჟიმს, არამედ პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობს ჩამორთმევის კონკრეტულ პროცესში“.
53. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს სახელმწიფო საკუთრების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონის მოქმედება არ ექცევა, სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების ჩამორთმევის სამართლებრივ რეჟიმში და არ იკვეთება ექსპროპრიაციის განხორციელების ნიშნები. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი ქცევის წესი ვერ შეფასდება როგორც საკუთრების ჩამორთმევა და არ გამოიყენება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სტანდარტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაფასებს სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
54. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მოლოდინის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვა, კანონით მინიჭებული უფლების გაუქმება წარმოადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების აღიარების საფასურის გაზრდა და შემდეგ აღიარების უფლების გაუქმება უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტანდარტებით.
55. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
56. საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ისეთი სპეციფიკური დაცული სფერო, როგორიც არის საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინი. კერძოდ, პირის უფლება, მისი ლეგიტიმური მოლოდინიდან გამომდინარე, მოსთხოვოს სახელმწიფოს საკუთრების უფლების აღიარება. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა სახელმწიფოს მიერ მინიჭებულ სარგებელზე საკუთრების უფლების მოპოვების ლეგიტიმური მოლოდინი, განსხვავებული და სპეციფიკური იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომა და უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები.
57. ცალკეული სახელმწიფო სარგებლის მინიჭება, ბენეფიციარების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, დამოკიდებულია გარკვეულ ეკონომიკურ რესურსებზე. ეკონომიკური რესურსების განკარგვასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში კანონმდებელს განსაკუთრებით ფართო მიხედულება გააჩნია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მსგავს შემთხვევაში საკუთრების უფლების დარღვევას დაადგენს მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონმდებელი უხეშად სცდება საკუთარი დისკრეციის ფარგლებს და აშკარაა ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელი, დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
58. საკუთრების შეზღუდვის კონსტიტუციურობის უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების არსებობა. კერძოდ, უფლების შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას, მისი არსებობა იძლევა საკუთრების უფლების შეზღუდვის ლეგიტიმაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი შემოწმებისას ცენტრალურია საკითხი, რით არის განპირობებული სადავო ნორმის მიღების აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება.
59. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუცია არ იძლევა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების“ მკაცრ დეფინიციას. ამ ცნების შინაარსის განსაზღვრა ცალკეულ შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონმდებლის პრეროგატივას წარმოადგენს და მისი შინაარსი ცვალებადია აქტუალური პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
60. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სადავო ნორმებით მოწესრიგებული ურთიერთობის სპეციფიკა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საშუალებით სახელმწიფო მიზნად ისახავდა მიწის ფონდის ათვისებასა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას, ასევე მიწის ფაქტობრივი სარგებლობის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას.
61. სადავო ნორმების შემოღება უნდა განვიხილოთ როგორც სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიება, რათა დაეჩქარებინა კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საკუთრების აღიარების პროცესი. სადავო ნორმების მიზანი იყო მოეხდინა კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული, ასევე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება.
62. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ცვლილებების საჭიროება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირები რეალურად სარგებლობდნენ კონკრეტული ნაკვეთებით, მაგრამ, ვინაიდან ეს ნაკვეთები არ იყო რეგისტრირებული, გართულებული იყო საგადასახადო ადმინისტრირება.
63. ამგვარი მიწის ნაკვეთების დროული იდენტიფიცირება ასევე განაპირობა სახელმწიფო ქონების ეფექტიანი მართვისა და განკარგვის საჭიროებამ. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, არ ვრცელდება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე, შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული მიწის ნაკვეთების ზოგადი წესით პრივატიზაცია ან სხვაგვარი განკარგვა. სახელმწიფოს აქვს საჯარო ინტერესი, რომ დროულად მოახდინოს იმ მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება, რომლებიც უკვე ათვისებულია და რომელთა ზოგადი წესით პრივატიზაცია არ დაიშვება. აღნიშნულის გარეშე გართულდება სახელმწიფო ქონების ეფექტიანი ადმინისტრაცია.
64. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მჭიდროდ არის დაკავშირებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებთან. გადასახადების ადმინისტრირება და სახელმწიფო ქონების ეფექტიანი მართვა საქართველოს მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ემსახურება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ინტერესებს.
65. როგორც აღინიშნა, ლეგიტიმური მოლოდინების სპეციფიკიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში მაღალია საკანონმდებლო ხელისუფლების დისკრეცია. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო ასეთი ტიპის შეზღუდვების შეფასებისას არ გამოიყენებს მკაცრ კონსტიტუციურ სტანდარტებს. განსახილველ შემთხვევაში აშკარაა, რომ სადავო ნორმები მიღებულია გარკვეული საჯარო მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, ნორმებით დადგენილი რეგულირება ლოგიკურ კავშირშია მისაღწევ მიზნებთან და წარმოადგენს მათი მიღწევის საშუალებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ჰქონდათ გონივრული შესაძლებლობა, ესარგებლათ სახელმწიფოს მიერ მინიჭებული უფლებით 2007 წლიდან 2012 წლამდე. სადავო ნორმებით დადგენილი რეგულირება არ შეიძლება ჩაითვალოს ნდობის პრინციპის საწინააღმდეგოდ და არ წარმოადგენს საკუთრების შეძენის ლეგიტიმური მოლოდინის გაუმართლებელ და დაუსაბუთებელ შეზღუდვას. შესაბამისად, სახეზე არ არის წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან.
66. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ დაკმაყოფილდეს №522 და №553 კონსტიტუციურ სარჩელები სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტისა და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 271 მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №522 (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 21-ე მუხლებთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი №553 (სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) (ა) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის სიტყვების „2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ ... მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას“ კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით; ბ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 73 მუხლის პირველი პუნქტის და 74 მუხლის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
6. გადაწყვეტილება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი