საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/413 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 1 მარტი 2007 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
2. ვახტანგ გვარამია-წევრი
3. ქეთევან ერემაძე-წევრი
4. ბესარიონ ზოიძე-წევრი
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: 1) „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს“, „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს“, „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს“., ამავე მუხლის მე-3 ნაწილის: 2)“სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს“, „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს“, „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს“, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: ალექსანდრე ბარამიძე და ირაკლი ყანდაშვილი.
მოსარჩელეებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №413) მომართეს 2007 წლის 24 იანვარს. არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, სასამართლოს თავმჯდომარის რეზოლუციით, პირველ კოლეგიას საქმე გადმოეცა ა. წ. 31 იანვარს. კოლეგიის ღია განმწესრიგებელი სხდომა გაიმართა ამავე წლის 21 თებერვალს.
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც, რიგ შემთხვევებში, სასამართლოსადმი მიმართვისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გაიზარდა, რაც, მათი აზრით, ლახავს როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას, ასევე, წინააღმდეგობაში მოდის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნებთან. მოსარჩელეთა აზრით, თავისთავად, ბაჟის არსებობა არ წარმოადგენს უფლების შეზღუდვას. თუმცა ბაჟის სიდიდემ, მათ შორის, ბაჟის მაქსიმალურმა ოდენობამ, შესაძლოა, შეზღუდოს სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა. კერძოდ, მოსარჩელეების განმარტებით, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სადავო ნორმებით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია, რასაც მოწმობს დასაქმებულთა საშუალო ხელფასი და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. სადავო ნორმებით გაზრდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, რომელმაც, რიგ შემთხვევებში, შეიძლება 150 000 ლარს მიაღწიოს, ქმნის ხელოვნურ ბარიერს სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზაციისათვის.
ასევე აღსანიშნავია, რომ სარჩელში მოსარჩელეებს დამატებით მტკიცებულებებად მოყვანილი აქვთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტი და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია, რომელიც შეეხება მართლმსაჯულების განხორციელების გაადვილების მექანიზმებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მოითხოვენ, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისა“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ დასახელებული ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის, მასზე თანდართული დოკუმენტებისა და სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეების განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია შემდეგი გარემოებანი:
1. კონსტიტუციურ სარჩელში თანამოსარჩელეებად დასახელებული არიან: საქართველოს მოქალაქეები-ალექსანდრე ბარამიძე და ირაკლი ყანდაშვილი და კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“. საქმეს თან ერთვის რწმუნებულება, რომლის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი ჰანს ფონ საქსენ-ალტენბურგი აძლევს მინდობილობას ადვოკატებს ბარამიძეს და ყანდაშვილს, „ რათა მათ საზოგადოების ინტერესები წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში“. დასახელებული გარემოება მიუთითებს სარჩელის ავტორთა ნებაზე, რომ ფიზიკურ პირებთან ერთად მოსარჩელედ ჩაითვალოს კომანდიტური საზოგადოებაც. თუმცა იმავდროულად, კონსტიტუციური სარჩელის მე-5 პარაგრაფში წერია, რომ მოსარჩელეები კომანდიტური საზოგადოების ადვოკატები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები, ალექსანდრე ბარამიძე და ირაკლი ყანდაშვილი არიან. ამასთან სარჩელს ხელს აწერენ მხოლოდ ყანდაშვილი და ბარამიძე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, 9.1. პუნქტის თანახმად, „საზოგადოების ხელმძღვანელობის უფლება აქვთ... კომანდიტურ საზოგადოებაში-პერსონალურად პასუხისმგებელ პარტნიორებს (კომპლემენტარებს)...“. ამავე მუხლის 9.4. პუნქტის თანახმად „9.1. პუნქტში აღნიშნული პირები საზოგადოებას წარმოადგენენ მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში“. შესაბამისად, კომანდიტურ საზოგადოებაში ეს ფუნქცია გააჩნიათ კომპლემენტარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე ხელი უნდა მოეწერა კომპლემენტარ პარტნიორს-ეს პირობა კონსტიტუციურ სარჩელში დაცული არ არის.
სარჩელს თანდართული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან და კომანდიტური საზოგადოების წესდებიდან ირკვევა, რომ პარტნიორთა კრებამ კომანდიტური საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება მიანიჭა დირექტორს, ფონ საქსენ-ალტენბურგს, რომელსაც საზოგადოების სახელით ხელი უნდა მოეწერა კონსტიტუციურ სარჩელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია რომ კომანდიტური საზოგადოება „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ ვერ ჩაითვლება მოსარჩელედ შემდეგ გარემოებათა გამო: „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელი ხელმოწერილი უნდა იყოს მოსარჩელეთა მიერ...“ . მაშასადამე, საერთო სასამართლოებში შეტანილი სარჩელისგან განსხვავებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს აუცილებლად ხელს უნდა აწერდეს მოსარჩელე და არა მისი წარმომადგენელი. ამ მოთხოვნის დაუცველად, სარჩელის ფორმა არ იქნება სრულყოფილი.
2.“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირები უფლებამოსილი არიან, კონსტიტუციური სარჩელით მიმართონ სასამართლოს, „... თუ მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალურია.
პირველ შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები, რომლებითაც უფლებებში შეჭრის ფაქტი დადასტურდება.
მეორე შემთხვევაში, მოსარჩელის უფლებების დარღვევის რეალურობის შემოწმების და კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით:
ა) სასამართლომ უნდა შეისწავლოს ის მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდება, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობების მონაწილე განჭვრეტად მომავალში აუცილებლად გახდება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2005 წლის 25 ივლისის განჩინებაში, საქმეზე „კავშირი „თბილისის უნივერსიტეტის ასამბლეა“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“ აღნიშნავს, რომ „......პირს, როგორც მოსარჩელეს უფლება აქვს იდავოს მხოლოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე. ეს კი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა არსებობს პირდაპირი კავშირი სადავო ნორმატიულ აქტსა და მოსარჩელის უფლებებს შორის. იმ ვითარებაში, როცა სარჩელიდან არ დასტურდება სადავო ნორმატიული აქტების, კონსტიტუციური უფლებებისა და მოსარჩელე სუბიექტის კავშირ-ურთიერთობა, შეუძლებელია იმის თქმა, რომ დაცულია ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები“;
ბ) ცალკეულ შემთხვევაში, მოსარჩელისა და სადავო ნორმის
კავშირ-ურთიერთობა და უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობა სასამართლომ შეიძლება მაშინაც შეაფასოს, თუ კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენა ობიექტურად შეუძლებელია, უფლებების დარღვევის შესაძლებლობა სადავო ნორმის შინაარსიდან აშკარად გამომდინარეობს და ეჭვგარეშეა, რომ მოსარჩელე უფლების დარღვევის საფრთხის პირისპირ რეალურად შეიძლება აღმოჩნდეს.
ერთ-ერთ ასეთ მაგალითს წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის საოქმო ჩანაწერი ( № 1/7/407) საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე - ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. სარჩელი არსებითად განსახილველად მიღებულ იქნა, რადგან სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის შეუძლებელი იყო არა მხოლოდ უფლების შესაძლო დარღვევის, არამედ უკვე დარღვეული უფლების ფაქტზეც კონკრეტული და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენა. იმავდროულად, მაღალი იყო ალბათობა, რომ მოსარჩელე სადავო ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობების მონაწილე გამხდარიყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებების შესაძლო დარღვევის რეალურობას საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს უფლების ბუნების, სადავო ნორმის შინაარსისა და კონკრეტული საქმის ვითარების გათვალისწინებით.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ სასამართლო ბაჟის მატებამ, რაც, მათი განმარტებით ადრე მოქმედ ოდენობას 2,5%-ით აღემატება, შესაძლოა შეზღუდოს სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობა.
ასეთ ვითარებაში სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, რამდენად შეიძლება იმოქმედოს სადავო ნორმამ უშუალოდ მოსარჩელეების სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაზე. როგორც უკვე აღინიშნა, ამისათვის მოსარჩელეებმა ამტკიცონ, რომ განჭვრეტად მომავალში ისინი შესაძლოა ამ უფლების დარღვევის /შეზღუდვის წინაშე აღმოჩნდნენ.
ნიშანდობლივია, რომ, არც სასარჩელო განცხადებაში და არც განმწესრიგებელ სხდომაზე, მოსარჩელეებს არ დაუსაბუთებიათ, რომ სადავო აქტის მოქმედების შედეგად ისინი უფლების დარღვევის შესაძლებლობის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ. მოსარჩელეები ზოგადად სასამართლოსათვის მიმართვის უფლების, მათ შორის, საკუთრივ მათი უფლებების დარღვევის მხოლოდ აბსტრაქტულ შესაძლებლობაზე საუბრობენ. ასე მაგალითად, კონსტიტუციურ სარჩელსა და სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე მოყვანილი არგუმენტებით, მოსარჩელეები ასაბუთებენ, რომ სადავო ნორმა მძიმე მდგომარეობაში აყენებს მოსახლეობას, ყველას, ვისაც სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობა გაუჩნდება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსარჩელეები პირთა განუსაზღვრელი წრის სახელით მოქმედებენ.
იმაზე, რომ მოსარჩელეები სადავო აქტის მოქმედებას უშუალოდ არ შეუწუხებია, მეტყველებს სარჩელში და განმწესრიგებელ სხდომაზე მოყვანილი შემდეგი არგუმენტები: „ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის და დასაქმებულთა საშუალო ხელფასის გათვალისწინებით მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ასეთი ბაჟის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს (კონსტიტუციური სარჩელი, პარაგრაფი 11)“. „... ეკონომიკური ხასიათის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე, არსებითად უსპობს საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობას ისარგებლოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 პუნქტით გარანტირებულ სასამართლოს და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლებით.“
მოსარჩელეები ძირითადად საუბრობენ იმ სიძნელეებზე, რომელებსაც, როგორც ისინი აღნიშნავენ, სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, თითოეული მოქალაქე შეიძლება წააწყდეს. ამავე დროს ირკვევა, რომ თავად მოსარჩელეები ახლო მომავალში სასამართლოსთვის მიმართვას არ გეგმავდნენ. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მათ კონსტიტუციური სარჩელი, შემოტანილი აქვთ, როგორც ადვოკატებს.
შესაბამისად, რთულია იმის წინასწარ განჭვრეტა, თუ როგორ იმოქმედებდნენ მოსარჩელეები სასამართლოსთვის მიმართვის აუცილებლობის პირისპირ რომ აღმოჩენილიყვნენ.
მოსარჩელეებს არც იმაზე მიუნიშნებიათ, რომ მოცემულ შემთხვევაში უტყუარი მტკიცებულებების წინასწარ წარმოდგენა შეუძლებელია. მეტიც, მოსარჩელის აზრით, ასეთი გარემოებების დასახელება არ არის აუცილებელი. ამის დასტურად სარჩელში ერთ-ერთ არგუმენტად მოყვანილია ამონარიდი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან „აპოსტოლიც საქართველოს წინააღმდეგ“ (Apostol v. Georgia App. 40765/02, Judgment of 28 November 2006), რომელიც მოსარჩელეებს შემდეგი რედაქციით აქვთ მოყვანილი: „... [საქართველოს] კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი უზრუნველყოფს პირის უფლებას მიმართოს [საქართველოს] საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ. „რეალური“ კონსტიტუციური სარჩელით... პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ინდივიდს შეუძლია, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მოქმედი კანონმდებლობის კონსტიტუციურობა და ამისათვის არ არის აუცილებელი, რომ ამ ინდივიდს ზიანი მიადგეს ასეთი კანონმდებლობის გამოყენების შედეგად.“
უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ მოყვანილი მსჯელობა კონტექსტიდან არის ამოღებული, ამავე დროს, მისი ქართული თარგმანი გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს (მაგალითად, სასამართლოს ხელთ არსებული გადაწყვეტილების ინგლისურ ტექსტში საუბარია „არარეალურ“ სარჩელებზე. ასევე ნათქვამია, რომ „ინდივიდს“, და არა „ნებისმიერ“ ინდივიდს, შეუძლია სასამართლოს ასეთი „არარეალური“ სარჩელით მიმართოს). გადაწყვეტილების ავთენტურ ტექსტში მოყვანილი მსჯელობა დავას არ იწვევს, ვინაიდან ის ძირითადად წარმოადგენს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსის ინგლისურ თარგმანს. ამავე დროს, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში სტრასბურგის სასამართლო აანალიზებს სხვაობას ე.წ. „რეალურ“ და „არარეალურ“ სარჩელებს შორის. თავის გადაწყვეტილებაში იგი აღნიშნავს, რომ გერმანიის, ჩეხეთის, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოებისაგან განსხვავებით, რომლებიც საერთო სასამართლოების მიერ განხილული „რეალური“ სარჩელების გადასინჯვის შესაძლებლობას იძლევა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მსგავსად უნგრეთის [და სხვა] სასამართლოებისა, უფლებამოსილია, ე.წ. „არარეალური“ სარჩელები განიხილოს, რაც მხოლოდ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის შემოწმებას გულისხმობს. შესაბამისად, ასეთ გადაწყვეტილებას, ყველა შემთხვევაში, ავტომატურად არ მოსდევს პირის დარღვეული უფლებების აღდგენა.
საკონსტიტუციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, კიდევ ერთხელ, აღნიშნოს, რომ საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ განსაზღვრავს კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის საფუძვლებს. ამავე დროს, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოა უფლებამოსილი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციურ სარჩელსა და განმწესრიგებელ სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების საფუძველზე განსაზღვრავს, შეიძლება თუ არა, პირი ჩაითვალოს უფლებამოსილ სუბიექტად.
სასამართლო კოლეგია ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება და, საერთოდ, სამართლიან სასამართლოზე უფლება არ წარმოადგენს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა უფლებებისაგან იზოლირებულ აბსტრაქტულ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მიგვანიშნებს, რომ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს, „თვის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“. ეს კი გულისხმობს არა აბსტრაქტული, არამედ კონკრეტული უფლებების დასაცავად მიმართვას. სწორედ ამგვარი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე უფლებამოსილია, საეჭვო გახადოს იმ აქტების (ნორმების) კონსტიტუციურობა, რომლებიც, მისი აზრით, ხელს უშლიან სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზებას.
ამრიგად, არ შეიძლება 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების დარღვევით გამოწვეული სამართლებრივი ინტერესი.
საკონსტიტუციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ აბსტრაქტული საფუძვლებით, ნორმასა და მოსარჩელეს შორის აშკარა ურთიერთკავშირის არარსებობისას, კონსტიტუციური სარჩელით მიმირთვა სცილდება ფიზიკური პირის სასარჩელო უფლებამოსილების ფარგლებს. 2006 წლის 19 აპრილის განჩინებაში, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ამირან ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სარჩელი შეიძლება არ იქნეს მიღებული წარმოებაში, თუ ის შეტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს რომ სადავო ნორმამ შესაძლოა კონკრეტულად მისი უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. წინააღმდეგ შემთხვევებში მოსარჩელის მხრიდან აბსტრაქტული კონტროლის განხორციელების მცდელობასთან გვექნება საქმე“.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ფუნქციურად actio popularis, მესამე პირების კონსტიტუციური უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე აბსტრაქტული კონტროლის განხორციელების უფლების მქონე სუბიექტთა წრე კანონით ცალკე არის განსაზღვრული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთეს, რომ უფლების სავარაუდო დარღვევის საფრთხე მათთვის რეალური პირდაპირია. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მოსარჩელეს არ ევალება ასეთ გარემოებებზე მითითება.
იხელმძღვანელა რა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქეების _ ალექსანდრე ბარამიძის, ირაკლი ყანდაშვილისა და კომანდიტური საზოგადოების „ანდრონიკაშვილი, საქსენ-ალტენბურგი, ბარამიძე და პარტნიორები“ 413-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი: 1) „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს“, „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს“, „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს“, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის, 2) „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს“, „ბ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს“, „გ“ ქვეპუნქტის სიტყვების „დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს“, იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კონსტანტინე ა ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე);
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე