საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/500 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 13 მაისი 2011 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე - წევრი;
3. ვახტანგ გვარამია - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი;
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის ბოლო წინადადების- „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების- „თუ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 11 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №500) მიმართა საქართველოს მოქალაქე რევაზ ჩაგუნავამ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
3. მოსარჩელე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მოსარჩელემ განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისთვის კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა. სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 23 მარტს გამოტანილ განაჩენში მიუთითა, რომ სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, რასაც მოცემულ შემთხევაში ადგილი არ ჰქონდა და შესაბამისად, არ არსებობდა არც სსკ-ის 63-ე მუხლის (პირობითი მსჯავრის) გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები.
4. სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია შეუფარდოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლი აყალიბებს პირობითი მსჯავრის დანიშვნის საფუძვლებს და პირველ პუნქტში მიუთითებს, რომ თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
5. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა უშვებს დამნაშავის მიმართ სასჯელის სახით კანონის კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები ან უფრო მსუბუქი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას და აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების უფლებას ბრალდების მხარეს ანიჭებს. მოსარჩელის აზრით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლება პირველ რიგში, უნდა გააჩნდეს სასამართლოს, ვინაიდან გადაწყვეტილება პირდაპირ გავლენას ახდენს მეორე მხარის უფლებებსა და ვალდებულებებზე. მოსარჩელის მითითებით, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეალიზება, რომელიც გულისხმობს, რომ სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით.
6. მოსარჩელე მხარე საკუთარ არგუმენტაციას ამყარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრეცედენტებით, სადაც განმარტებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი.
7. მოსარჩელე ასევე აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებაზე. ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით იგი მიუთითებს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლების რეგლამენტაციამ უფლების ხელმისაწვდომობა არ უნდა შეამციროს იმ ზღვრამდე, რომ თავად უფლების არსი შეილახოს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის ბოლო წინადადების- „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების- „თუ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2011 წლის 13 მაისს
II
1. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება). სადავო ნორმებით გათვალისწინებული რეგულირება წარმოადგენს საგამონაკლისო წესს, რომელიც შესაძლებელია, სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნეს შესაბამისი პირობების არსებობისას - მხარეთა მიერ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში.
სასარჩელო განცხადებაში წარმოდგენილი არგუმენტაციიდან იკვეთება მოსარჩელის მოთხოვნა - კანონით დაწესებული სასჯელის ნაკლებად მკაცრი სასჯელით ჩანაცვლების მოთხოვნის უფლება. ამავე დროს, იგი ვერ ასაბუთებს, თუ რა კავშირია კონსტიტუციით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებას, სადავო ნორმასა და კანონით გათვალისწინებულ უმდაბლეს სასჯელზე უფრო ნაკლები ან პირობითი მსჯავრის შეფარდების მოთხოვნას შორის.
2. სისხლისსამართლებრივი სანქციის შეფარდებისას მოსამართლე მოქმედებს მხოლოდ კანონის საფუძველზე და კანონით განსაზღვრული სანქციის ფარგლებში. სისხლის სამართლის ნორმის სანქციის ნაწილში სასჯელის უმდაბლესი და უმაღლესი ზღვრის დადგენით, კანონმდებელი მოსამართლეს ანიჭებს შეფასების თავისუფლებას, კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით პირს შეუფარდოს ჩადენილი ქმედების ადეკვატური სასჯელი. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნები დაცულია, როდესაც განსასჯელს კანონით გათვალისწინებული სასჯელი სამართლიანად შეეფარდა, ამასთან პროცესუალური უფლებებისა და პრინციპების სათანადო დაცვისა და უზრუნველყოფის პირობებში. კონსტიტუციის 42-ე მუხლით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან თავისთავად არ გამომდინარეობს კანონით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უფრო მსუბუქი სასჯელით ჩანაცვლების უფლება. სასჯელის ფორმის, ზომის ან სიმკაცრის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დადგეს. საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, საქართველოს მოქალაქეები ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „უნდა აღინიშნოს, რომ ქმედების სამართალდარღვევად განსაზღვრა, სახდელის დაწესება და მისი სიმძიმის განსაზღვრა სახელმწიფოს (კანონმდებელის) ექსკლუზიური კომპეტენციას წარმოადგენს“... კანონმდებელი სანქციის განსაზღვრისას ფართო მიხედულებით სარგებლობს, მაგრამ დადგენილი სანქცია „...არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება).
3. ვინაიდან მოსარჩელე სადავოდ არ ხდის მის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი დებულებით გათვალისწინებული სასჯელის ზომის კონსტიტუციურობის საკითხს, მოთხოვნის არსი მისთვის გამონაკლისის - საპროცესო შეთანხმების არსებობის მიუხედავად, მისთვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ზღვარზე უფრო მსუბუქი სასჯელის მოთხოვნის უფლებას უკავშირდება. თუმცა, მოსარჩელე ეჭვქვეშ არ აყენებს საპროცესო შეთანხმების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურობის საკითხს, არამედ მოითხოვს, რომ მსგავსი „საგამონაკლისო“ წესის გამოყენება მოსამართლეს საკუთარი მიხედულების შესაბამისად უნდა შეეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „საგამონაკლისო“ წესის დაშვება მხოლოდ ბრალდების მხარეზე არის დამოკიდებული.
4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებებს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე კანონით გათვალისწინებული სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის შეფარდებისა და პირობითი მსჯავრის დანიშვნის საკითხს წყვეტს ბრალდების მხარე. უნდა აღინიშნოს, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულად ითვლება მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, რაც გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. გარდა ამისა, სადავო ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ უმდაბლეს სასჯელზე უფრო ნაკლების ან პირობითი მსჯავრის დანიშვნისთვის საპროცესო შეთანხმების არსებობა არის მხოლოდ წინაპირობა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს სასამართლო. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია და არა ვალდებული, რომ საპროცესო შეთანხმების არსებობისას პირს შეუფარდოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან დაუნიშნოს პირობითი მსჯავრი.
5. ყოველივე ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, №500 რეგისტრირებულ სარჩელში არ დასტურდება სადავო ნორმების ამგვარი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან. მოსარჩელემ ვერ დაასახელა ვერცერთი არგუმენტი, რომელიც სასამართლოს საშუალებას მისცემდა ემსჯელა სადავო ნორმების შინაარსობრივ მიმართებაზე შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებთან.
6. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს „მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას“. ანალოგიურ მოთხოვნას შეიცავს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლის მიხედვით „კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც მოსარჩელის აზრით, ადასტურებენ სარჩელის ... საფუძვლიანობას“.
7. კონსტიტუციური სარჩელი არ პასუხობს კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, „კონსტიტუციური სარჩელი --- განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
III
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 271 მუხლით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის რევაზ ჩაგუნავას მე-500 ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის ბოლო წინადადების - „თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება“ და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების - „თუ მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება“ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი (სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი