საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/3/524 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 28 დეკემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – გიორგი გაჩეჩილაძე და მოსარჩელის წარმომადგენელი ნიკოლოზ მჟავანაძე, მოპასუხე – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები: ზურაბ დეკანოიძე და თამარ ხინთიბიძე, მოწმე – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი გიორგი ყანაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №524) მომართა საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 13 აპრილს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 28 ნოემბერს.
3. №524 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლი.
4. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო ნორმების თანახმად, დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და ამ პირს შორის შესაძლებელია დაიდოს შეთანხმება, რომლითაც პირის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი/განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება კანონიერად. ამავდროულად, შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში დაუშვებელია პირის მიმართ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, მათ შორის, ჯარიმის ან/და ზიანის ანაზღაურების, ასევე რაიმე სახის ვალდებულების, მოსაკრებლის დაკისრება.
5. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განმტკიცებულია ადამიანის უფლება, იცხოვროს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და განსაზღვრულია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა. ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული და ობიექტური ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.
6. მოსარჩელის მტკიცებით, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება მოიცავს როგორც შეთანხმების დადებამდე პერიოდს, ასევე იგი შესაძლებელია გაფორმდეს პირის სამომავლოდ განსახორციელებელ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც, თავის მხრივ, შეიძლება გარემოსთვის ზიანის მომტანი იყოს. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში შეთანხმების დადება ხდება მხოლოდ მის დადებამდე არსებულ პერიოდზე, სადავო ნორმის არსებული რედაქცია არ გამორიცხავს იმას, რომ შეთანხმების საგანი იყოს დროის ნებისმიერი მონაკვეთი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს აქვს შესაძლებლობა, ზიანი მიაყენოს გარემოს და ამისთვის არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმით ირღვევა როგორც ადამიანის კონსტიტუციური უფლება, იცხოვროს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, ასევე სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმა რომც გულისხმობდეს შეთანხმების დადების შესაძლებლობას მხოლოდ წარსულში განხორციელებულ ქმედებებზე, მას, ნებისმიერ შემთხვევაში, შემხებლობა ექნება გარემოს დაცვის მდგომარეობასთან სამომავლოდაც. მისი აზრით, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის სფეროში განხორციელებული ქმედებები არ წარმოადგენენ ერთჯერად აქტებს, ისინი დროში გაწელილია და მათი შედეგები მომავალზე აისახება. შესაბამისად, ამ შეთანხმების გაფორმებით პირს ეძლევა ერთგვარი „ინდულგენცია“ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. აქედან გამომდინარე, ზოგადად დაუშვებელია შეთახმების ინსტიტუტის არსებობა გარემოს დაცვის სფეროში და იგი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან.
8. მოსარჩელისათვის ასევე პრობლემატურია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვით, „შეთანხმების დადების დღიდან პირს შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილ/განხორციელებულ ქმედებაზე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ არ დაეკისრება სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, მათ შორის, ჯარიმა ან/და ზიანის ანაზღაურება, ასევე რაიმე სახის ვალდებულება, მოსაკრებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეთანხმება გაუქმებულია“. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება ასევე გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა. სადავო ნორმის არსებობით კი სახელმწიფო კანონიერად ცნობს ყველა იმ ქმედებას, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები.
9. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ შეთანხმების დადების შემთხვევაში გამოირიცხება პირისთვის როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ასევე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის მიხედვით, სახელმწიფოს ეკრძალება შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში შეამოწმოს პირის საქმიანობა. შესაბამისად, თუ სახელმწიფო ვერ ახორციელებს კონტროლს, მოკვლევას და საკითხის შესწავლას, შეუძლებელია დადგინდეს პირის ბრალეულობა და მას დაეკისროს რაიმე სახის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის მე-3 პუნქტში სახელდებით არ არის მოხსენიებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების თაობაზე, მისი მოქმედი შინაარსი ამას გულისხმობს.
10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფო იხსნის ვალდებულებას, შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდში შეამოწმოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი/განხორციელებული ქმედებები. თუ კი სახელმწიფოს არ ექნება უფლებამოსილება, განახორციელოს ბუნებათსარგებლობის სფეროში მოქმედ პირთა საქმიანობის შემოწმება, იგი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, მოიპოვოს სრულყოფილი ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ეს ავტომატურად გულისხმობს იმას, რომ ვერც მოქალაქეები შეძლებენ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გარანტირებულ გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლების ეფექტურად განხორციელებას.
11. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეთანხმება შესაძლებელია დაიდოს პირის მიერ მხოლოდ წარსულში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. მოპასუხე მხარე მიუთითებს „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში შეთანხმების დადების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №154 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვით „შეთანხმება შესაძლებელია ითვალისწინებდეს მხოლოდ მის დადებამდე (წარსული) დროის ერთ ან რამდენიმე პერიოდს“. მისი აზრით, აღნიშნული ნორმატიული აქტი ადგენს სადავო ნორმის მოქმედების ფარგლებს და მიმართულებას აძლევს სამართალშემფარდებელს, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი პრაქტიკაში გამოყენება. შესაძლებელია, სადავო ნორმა არ იყოს ნათლად ჩამოყალიბებული, თუმცა კანონქვემდებარე აქტი არის იმის გარანტია, რომ შეთანხმება არ დაიდოს პირის მომავალში განხორციელებულ ქმედებაზე და ამით არ დაირღვეს ადამიანის კონსტიტუციური უფლებები.
12. მოპასუხე მხარემ დამატებით აღნიშნა, რომ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „შეთანხმება იდება დაინტერესებული პირის მიერ სახელმწიფოსათვის კომპენსაციის გადახდით“. შესაბამისად, პირი არ გადაიხდის კომპენსაციას და არ მოთხოვს შესაბამის ორგანოს შეთანხმების დადებას, თუ მას უკვე არა აქვს ჩადენილი/განხორციელებული გარკვეული ქმედება. აქედან გამომდინარე, ეს ნორმაც მიანიშნებს იმაზე, რომ შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს მხოლოდ წარსულში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ აღნიშნული შეთანხმება არ არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, იგი იდება მხოლოდ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პრემიერ-მინისტრი. აქედან გამომდინარე, საეჭვოა ამ დონეზე მოხდეს საკითხის იმგვარად გადაწყვეტა, რომ საფრთხე შეექმნას ადამიანის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას და ვინმეს მიეცეს წინასწარი ნებართვა, ზიანი მიაყენოს გარემოს.
13. მოპასუხე მხარის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებული ადამიანის უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში და სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი, გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სტანდარტების დაწესება ამ სფეროში და კონკრეტული ვალდებულებების შესრულება. შეთანხმების არსებობა, შესაძლებელია, გარკვეულწილად კავშირში იყოს სახელმწიფოს მხრიდან თავისი ვალდებულებების გადაფარვასთან, მაგრამ ამ ინსტიტუტის შემოღება ავტომატურად არ გულისხმობს ამ ვალდებულებებისაგან გათავისუფლებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმით არ ხდება სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებებისგან გათავისუფლება, რაც წინააღმდეგობაში მოვიდოდა საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტთან.
14. მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სადავო 5710 მუხლის მე-3 პუნქტი არ უშვებს პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ვინაიდან თავად ნორმაში ნათლად არის მითითებული, რომ პირს არ დაეკისრება სამოქალაქო ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა ან/და ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მოხდება პირის პასუხისგებაში მიცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით.
15. მოპასუხე მხარემ ასევე მიუთითა, რომ სადავო 5710 მუხლის მე-4 პუნქტი, სავარაუდოდ, გულისხმობს უშუალოდ პირის საქმიანობის შემოწმებას და არ უკავშირდება კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოს მდგომარეობის შესახებ სრული და ობიექტური ინფორმაციის მიღების უფლებას.
16. საქმეზე მოწმედ მოწვეულმა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა გიორგი ყანაშვილმა აღნიშნა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გაფორმდა სამი ხელშეკრულება სამინისტროსა და დაინტერესებულ პირს შორის. მოწმემ დამატებით მიუთითა, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმების დადება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კომპეტენციას წარმოადგენს და იგი ფორმდება კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით, ხოლო სადავო ნორმით გათვალისწინებული შეთანხმების დადება უშუალოდ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეროგატივაა, რომელიც იდება დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე და მოიცავს მხოლოდ წარსულში განხორციელებულ ქმედებებს.
17. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეთანხმების ინსტიტუტის შემოღება საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ადმინისტრაციული და სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი და გადაახდევინოს მას კომპენსაცია მის მიერ ჩადენილი ან განხორციელებული ქმედებისთვის, რომელზეც კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან/და ზიანის ანაზღაურებას. მოწმის აზრით, აღნიშნული ინსტიტუტი წააგავს სისხლის სამართალში არსებულ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტს. მისი განმარტებით, დაინტერესებულ პირად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი და აუცილებელი არ არის, იგი რომელიმე კონკრეტულ დარგში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №524 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რაიმე საფუძველი.
2. სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე არგუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემდა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები მოსარჩელე მხარისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №524 (საქართველოს მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ):
ა) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
ბ) „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 5710 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი