საქართველოს მოქალაქეები – ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/1/503, 513 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2. ვახტანგ გვარამია - წევრი;
3. ქეთევან ერემაძე - წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ლევან იზორია და დავით-მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) N503 კონსტიტუციურ სარჩელზე _ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით;
ბ) N513 კონსტიტუციურ სარჩელზე _ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებთან და კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-3 და მე-5 პუნქტებთან, ასევე მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, 91 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ლევან იზორია, მოსარჩელე დავით-მიხეილი შუბლაძის წარმომადგენლები - გიორგი გოცირიძე და თინათინ ავალიანი. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - ზურაბ დეკანოიძე და მაია ჯვარშეიშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 1 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N 503) მიმართა საქართველოს მოქალაქე ლევან იზორიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2010 წლის 4 ნოემბერს.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N 513) მიმართა საქართველოს მოქალაქე დავით–მიხეილი შუბლაძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2011 წლის 13 მაისს.
3. N503 და N513 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2011 წლის 12 ივლისს.
4. N503 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის ვ) ქვეპუნქტი; საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” 39-ე მუხლის I პუნქტის ა) ქვეპუნქტი; “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
5. N513 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
6. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი უფლებამოსილია, შეაჩეროს პირი, თუ არსებობს გონივრული ეჭვი მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, წარუდგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება, ხოლო მე-4 პუნქტის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებული პირის ტანსაცმელზე აწარმოოს ზედაპირული შემოწმება. თუ ზედაპირული შემოწმებისას წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. იმავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ შეჩერებული პირი უფლებამოსილია, შეჩერებიდან ხუთი დღის ვადაში, ერთჯერადად, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ადგილის მიხედვით, სასამართლოში გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შეჩერებისათვის.
7. მოსარჩელეთა მტკიცებით, სადავო ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებს, ასევე კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტს, მე-40 მუხლის მე-2 პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის ხსენებული დებულებები განსაზღვრავს პირის თავისუფლების უფლებასა და მისი შეზღუდვის საფუძვლებს დაკავების, დაპატიმრების, თავისუფლების აღკვეთისა და სხვაგვარი შეზღუდვის შემთხვევებსა და წესს. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება, რომლის შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს, ხოლო კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, დაცვის უფლება გარანტირებულია.
8. N503 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტი არ განსაზღვრავს, თუ რა საპოლიციო მოქმედებების განსახორციელებლად ხდება პირის შეჩერება. მოსარჩელის აზრით, ასეთი ზოგადი სახის ნორმა, რომელიც იმასაც კი ვერ განსაზღვრავს, თუ რა კონკრეტული, პრევენციული ხასიათის საპოლიციო მოქმედებების ჩატარებისთვის აჩერებს პოლიციელი პიროვნებას, მის თავისუფლებას თვითნებურად და გაუმართლებლად ხელყოფს. ამასვე ცხადყოფს პირის შეჩერების საფუძველი – გონივრული ეჭვი. თუ რა კონკრეტული გარემოებების არსებობისას შეიძლება პოლიციელს ჰქონდეს პირის შეჩერების ე.წ. გონივრული ეჭვი, კანონი ამაზე არაფერს ამბობს. უშუალოდ არც “გონივრული ეჭვის” განმარტებაა კანონში მოცემული.
9. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემატურია „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, რომელთან მიმართებითაც იგი აღნიშნავს, რომ ხსენებული ნორმები აბსტრაქციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც იწვევს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვას და წინააღმდეგობაში მოდის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან. აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი სწორედ იმ საპოლიციო მოქმედებების, იქნება ეს პრევენციული თუ რეპრესიული ხასიათის ღონისძიებები, კონკრეტულად გაწერაა, რომლებმაც შესაძლოა შეზღუდონ ადამიანის უფლებები.
10. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმით განსაზღვრული შეჩერება და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დაკავება მსგავსი შინაარსისაა იმ განსხვავებით, რომ დაკავება სასამართლო კონტროლის ფარგლებში ხდება, ხოლო შეჩერება, თუ თავად შეჩერებული პირი არ მოითხოვს, სასამართლო კონტროლის გარეშე რჩება. უფრო მეტიც, საერთოდ არ ხდება აღნიშნული პროცედურის დოკუმენტირება, რაც, საბოლოო ჯამში, ასევე იწვევს ადამიანის თავისუფლების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.
11. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ პირის შეჩერება შესაძლებელია განხორციელდეს მისი ვინაობის დადგენის მიზნით და კონკრეტული, კანონით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. ეს საპოლიციო მოქმედება, განსხვავებით დაკავებისაგან, პრევენციული ხასიათისაა და მხოლოდ სამართალდარღვევის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. სადავო ნორმებით განსაზღვრული პროცედურები კი არის ზოგადი ხასიათის და იწვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას.
12. მოსარჩელე თავის არგუმენტაციას ამყარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითა და პრეცედენტებით.
13. N513 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პოლიციის მიერ შეჩერებულ პირს ეზღუდება გადაადგილების თავისუფლება, მისი შემდგომი მოქმედებების განკარგვა ხდება საპოლიციო კომპეტენციის საგანი. ამასთან სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციური ტერმინებისთვის დამახასიათებელია ავტონომიურობა, შესაბამისად, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ტერმინი „დაკავება“მოიცავს სადავო ნორმით განსაზღვრულ შეჩერების ინსტიტუტს და ეს უკანასკნელი შეფასებადია სწორედ აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებასთან.
14. მოსარჩელის აზრით, ასევე პრობლემატურია სადავო ნორმით გათვალისწინებული გონივრული ეჭვის სტანდარტი. მას მიაჩნია, რომ სადავო ნორმა სრულ თავისუფლებას აძლევს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელს, გააჩეროს ნებისმიერი პირი ნებისმიერ აბსტრაქტულ საფრთხეზე მითითების შემთხვევაში. სადავო ნორმის მოქმედი რედაქციის მიხედვით, შესაძლებელია, გონივრული ეჭვი დაეფუძნოს მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორს, ფაქტებთან დაკავშირებით პოლიციელის სტერეოტიპულ ხედვას, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის მოთხოვნებს.
15. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეაჩერონ პირი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თუმცა აუცილებელია შეჩერებას თან მოჰყვეს პოსტფაქტუმ სასამართლოს კონტროლი. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტს.
16. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტს. განმწესრიგებელ სხდომაზე მან განმარტა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტისა და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული პირი უნდა სარგებლობდეს დამცველის დახმარებით. სადავო ნორმით კი აღნიშნული კონსტიტუციურ–სამართლებრივი სტანდარტი არ არის უზრუნველყოფილი.
17. მოსარჩელის აზრით, პოლიციის შესახებ კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს შეჩერების ვადას, როგორც გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელ გონივრულ ვადას, წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. კერძოდ, მოსარჩელის მტკიცებით, როდესაც კანონმდებელმა შეჩერების მიზნად გონივრული ეჭვის დადასტურება ან უარყოფა დაადგინა, ამისათვის პოლიციელს მისცა ვადის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებს.
18. დავით–მიხეილი შუბლაძის წარმომადგენლის მტკიცებით, იმისათვის, რომ გონივრული ეჭვი დადასტურდეს ან გამოირიცხოს პოლიციელმა უნდა შეასრულოს გარკვეული მოქმედებები, კერძოდ, დაამყაროს შეჩერებულ პირთან, მინიმუმ, ვერბალური კონტაქტი და მოიპოვოს ინფორმაცია, ჩაიდინა თუ არა გაჩერებულმა პირმა დანაშაული. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა პოლიციელს შესაძლებლობას აძლევს სასამართლო კონტროლის, დუმილის უფლების გამოყენების, დაცვის უფლების გვერდის ავლით მიიღოს სასურველი ინფორმაცია შეჩერებული პირისგან. მოსარჩელის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ შეჩერებული პირი პოლიციის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შეიკავებს, ამას შეიძლება მოჰყვეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა (სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა). აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა გზას უხსნის პოლიციელს თვითნებური ქმედებისკენ, რამაც შესაძლოა, ადამიანის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა გამოიწვიოს. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმით შეჩერებულ პირს შეჩერების ვადის განმავლობაში არა აქვს დუმილის უფლება და, შესაბამისად, ის მოკლებულია შესაძლებლობას, იყოს გაჩუმებული და არ ამტკიცოს თავისი დამნაშავეობა ან უდანაშაულობა.
19. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმით არ არის გაწერილი პირისთვის შეჩერების საფუძვლისა და დუმილის უფლების განმარტების ვალდებულება. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვალდებულებები გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტთან და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტიდან. შესაბამისად, ვინაიდან სადავო ნორმა არ ადგენს პოლიციისთვის აღნიშნულ ვალდებულებას, სახეზეა ზემოხსენებულ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა.
20. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ტერმინი „ზედაპირული შემოწმება“ ბუნდოვანია და არ იძლევა მისი პირადი ჩხრეკისგან გამიჯვნის შესაძლებლობას. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმის არსებული რედაქციის პირობებში, ზედაპირული შემოწმება შეიძლება ჩატარდეს იმგვარად, რომ მან გამოიწვიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში მძიმე ფორმით ჩარევა, რაც შეფასებადია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
21. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ჩხრეკისგან განსხვავებით, ზედაპირული შემოწმების ჩატარებისას არ ხდება ფაქტის დოკუმენტირება(ოქმის შედგენა), შესაბამისად, პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მის პირად ცხოვრებაში ჩარევაზე სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს ზედამხედველობა.
22. მოსარჩელე თავის არგუმენტაციას ამყარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, აშშ–ის უზენაესი სასამართლოსა და გაერთიანებული სამეფოს სასამართლოს პრაქტიკითა და პრეცედენტებით.
23. მოპასუხე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელეების პოზიციას და კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. მოპასუხის აზრით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ სადავოდ გამხდარ აქტში მითითებული შეჩერება გაიგივებული იქნეს დაკავებასთან, ხოლო ჩატარებული ზედაპირული შემოწმება ჩხრეკასთან. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში პოლიციას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ პიროვნების იდენტიფიკაციის მიზნით მოახდინოს მისი შეჩერება, საპასპორტო მონაცემების მოთხოვნის უფლება, მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების დროს პატრულ–ინსპექტორი უფლებამოსილია გააჩეროს პირი. შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად, აღნიშნული პირი კონკრეტული დროის განმავლობაში შეჩერებულია და ასეთი შემთხვევა, კონსტიტუციის მე-18 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, არ უნდა იქნეს მიჩნეული თავისუფლების შეზღუდვად.
24. მოპასუხეს მიაჩნია, რომ პირის დუმილის უფლება და დაცვის უფლება ხვდება სისხლისსამართლებრივი პროცედურით გათვალისწინებულ სფეროში. პირის შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ეტაპზე საერთოდ არ არსებობს არც ბრალდების და არც დაცვის მხარე. ამასთან, შეჩერების შემთხვევაში, პირს იმდენად მცირე და უმნიშვნელო დისკომფორტი ექმნება, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, ეს მიჩნეულ იყოს უფლებების იმგვარ შეზღუდვად, რომ გამოყენებული იქნეს კონსტიტუციით გათვალისწინებული ის სტანდარტები, რაც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობასთან.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის წაყენებულ მოთხოვნებს. კერძოდ, მოსარჩელემ საფუძვლიანად უნდა წარმოაჩინოს, თუ რა შინაარსობრივი მიმართება არსებობს სადავო ნორმასა და შესაბამისი კონსტიტუციური ნორმით დაცულ მის უფლებრივ სფეროს შორის.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტთან
2. მოსარჩელე N513 კონსტიტუციურ სარჩელზე დავით–მიხეილი შუბლაძე მიიჩნევს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-2 პუნქტი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეჩერებული პირის მიმართ გონივრული ეჭვის დადასტურებისა თუ უარყოფის მიზნით, პოლიციელმა შეჩერებულ პირს შესაძლოა მიმართოს შეკითხვით, ხოლო ამ უკანასკნელის მიერ პასუხის გაცემაზე უარის თქმა შეფასდება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობად და მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა, რომელიც შეჩერების ვადას განსაზღვრავს, იმავდროულად, პოლიციელს შესაძლებლობას აძლევს, გამოკითხოს შეჩერებული პირი, ხოლო ამ უკანასკნელს პრაქტიკულად დუმილის უფლებასაც ართმევს.
3. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტში მოცემულია განმარტება იმისა, თუ რა ვადით და, ამავე დროს, რა მიზნით უნდა შეაჩეროს პოლიციელმა პირი. სადავო ნორმის თანახმად, შეჩერების ვადა არის გონივრული ეჭვის დადასტურებისათვის ან გამორიცხვისათვის აუცილებელი გონივრული ვადა. ცხადია, რომ სადავო ნორმის მიზანს წარმოადგენს შეჩერების ვადის ხანგრძლივობის რეგლამენტირება. სადავო ნორმიდან ასევე გამომდინარეობს, რომ შეჩერების მიზანს „გონივრული ეჭვის“ დადასტურება ან მისი უარყოფა წარმოადგენს. ამავე დროს, სადავო ნორმა არ განსაზღვრავს, თუ რა ქმედებები შეიძლება იქნეს გამოყენებული პირის მიმართ შეჩერების პერიოდიში. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე ნორმის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად, სწორედ ამ არგუმენტს იშველიებს - კანონი არ აძლევს მკაფიო მითითებას პოლიციელს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მან პირის შეჩერების შემდეგ.
4. პოლიციელის მხრიდან რეპრესიული, უფლებაშემზღუდველი ქმედების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის პოლიციელის მიერ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას უკავშირდება. ამავე დროს, პირის შეჩერებისას პოლიციელი უფლებამოსილი ინება, განახორციელოს მხოლოდ ის მოქმედებები, რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ამის ნათელ მაგალითს თავად შეჩერების პროცედურა წარმოადგენს: სადავო ნორმა ადგენს პოლიციელის უფლებამოსილებას, „გონივრული ეჭვის“ არსებობის შემთხვევაში შეაჩეროს პირი იმ ვადით, რომელიც საჭიროა ეჭვის უარყოფისა თუ მისი დადასტურებისათვის. ამ ნორმების არსებობის გარეშე პოლიციელს ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნია. შეჩერების ვადის განმსაზღვრელი სადავო ნორმა თავისთავად ვერ გახდება ისეთი ქმედებების განხორციელების საფუძველი, რომელიც კანონით არ არის გაწერილი. სადავო ნორმა არ გამორიცხავს შეჩერებული პირისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობას, მაგრამ იგი არც ადგენს ასეთ უფლებამოსილებას.
5. უდავოა, რომ პირი უნდა დაემორჩილოს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, მაგრამ სადავო ნორმით გათვალისწინებული შეჩერების ხანგრძლივობის განსაზღვრა არ გამორიცხავს პირის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის კონსტიტუციურ უფლებას. სადავო ნორმა არ ადგენს პირის ვალდებულებას, პასუხი გასცეს პოლიციელის შეკითხვას ან მიაწოდოს მას სხვა რაიმე ინფორმაცია საკუთარი ქმედების შესახებ. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის რეგულირების სფეროს შეჩერების მიზნისა და მისი ხანგრძლივობის საკითხის რეგლამენტირება წარმოადგენს, ის არ ეხება შეჩერების შემდგომ პოლიციელის შესაძლო თუ სავალდებულო მოქმედებების განსაზღვრას. საყურადღებოა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტი მიუთითებს, რომ გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების უფლება პოლიციელმა უნდა განახორციელოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ასეთ წესს არ შეიცავს, აღნიშნული ჩანაწერი ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ თავად „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ისახავს მიზნად შეჩერების შემდგომი დეტალური პროცედურებისა და წესების დადგენას. აღნიშნული კანონის მე-91 მუხლის პირველი პუნქტი ზოგადად ადგენს შეჩერების უფლებამოსილებას, ხოლო მე-2 პუნქტი განსაზღვრავს შეჩერების ვადასა და მიზანს, შესაბამისად, ეს ნორმა ვერ გახდება შეჩერბული პირის გამოკითხვის ან მის მიმართ სხვა ღონისძიებების განხორციელების საფუძველი.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის არგუმენტაცია ემყარება სადავო ნორმის შინაარსის მცდარ აღქმას და არ არსებობს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–2 პუნქტით დაცულ მოსარჩელის უფლებას შორის. შესაბამისად, სახეზეა N513 კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში არმიღების ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–5 და 42–ე მუხლის მე–3 პუნქტებთან
7. N513 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–5 პუნქტთან და 42–ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–5 პუნქტი განსაზღვრავს დაკავებული ან დაპატიმრებული პირის უფლებას, დაკავების ან დაპატიმრებისთანავე განემარტოს მისი უფლებები და თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. ამასთანავე მას ამ პროცესში შეუძლია მოითხოვოს დამცველის დახმარება, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე–3 პუნქტი ახდენს პირის დაცვის უფლების გარანტირებას.
8. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტის შინაარსი, როგორც ზემოთ აღინიშნა, შემოფარგლულია მხოლოდ შეჩერების ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრით. იგი არ უკავშირდება პირის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, დაკავების ან დაპატიმრების პროცესში განემარტოს საკუთარი უფლებები, ისევე როგორც მისი უფლება, მოითხოვოს და ისარგებლოს დამცველით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და დაასკვნის, რომ შეჩერებული პირი უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვის სათანადო გარანტიებით, გაუგებარია, რატომ უნდა შეიცავდეს აღნიშნულ გარანტიებს მაინცდამაინც კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტი. შესაბამისად, სადავო ნორმაში მოცემული წესი (შეჩერების ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრა) არ არის შემხებლობაში საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–5 პუნქტით და 42–ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ უფლებებთან და ვერ იქნება განხილული მათ შემზღუდველ ნორმად.
9. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არ არსებობოს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის მე–5 და 42–ე მუხლის მე–3 პუნქტებთან და შესაბამისად, არსებობს კონსტიტუციური სარჩელის ამ ნაწილში არმიღების ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან
10. N503 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ პუნქტს, ხოლო N513 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, აღნიშნული ნორმა შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და მე-40 მუხლის მე–2 პუნქტის პირველ წინადადებასთან.
11. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტს მხარეები არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ იმ საფუძვლით, რომ თავისუფლების შეზღუდვისას ადამიანს უფლებები სათანადოდ არ განემარტება. სადავო ნორმა განსაზღვრავს პოლიციელის ვალდებულებას, შეჩერებულ პირს გააცნოს თავისი ვინაობა, განუმარტოს შეჩერების კანონიერებისა და დასაბუთებულობის გასაჩივრების უფლება. ნორმის შინაარსი შეჩერებულ პირთან მიმართებით არის არა შემზღუდველი, არამედ უფლებააღმჭურველი. სადავო ნორმაში მოცემულ პოლიციელის ვალდებულებებს შეესატყვისება შეჩერებული პირის უფლებები, მოსთხოვოს პოლიციელს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის
წარმოდგენა, ასევე მიიღოს განმარტება შეჩერების სასამართლოში გასაჩივრების საფუძვლების შესახებ.მიუხედავად ამისა,მოსარჩელე სადავო ნორმას კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს, ვინაიდან ის დაცვის საკმარის გარანტიებს არ შეიცავს. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა უნდა ადგენდეს პოლიციელის ვალდებულებას, შეჩერებულ პირს გააცნოს შეჩერების მიზეზი და საფუძვლები, განუმარტოს მას უფლებები, რომლებიც პირს დაკავებისას წარმოეშობა. გარდა ამისა, კანონმდებლობა ასევე უნდა უზრუნველყოფდეს ადვოკატის დახმარების მოთხოვნის შესაძლებლობას.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც კონსტიტუციური უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
13. იწვევს თუ არა სამართლებრივი ნორმა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, საკონსტიტუციო სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნორმის შინაარსის, მისი მიზანმიმართულებისა და სავარაუდო სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით ადგენს. გაუმართლებელია კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის დაყენება ყველა ისეთ საკანონმდებლო ნორმასთან მიმართებით, რომელიც უფლებით სარგებლობის რეგლამენტირებას ახდენს, ადამიანს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს და ამდენად ქცევის სავალდებულო წესს განსაზღვრავს. კონკრეტული ნორმის შინაარსი იმ სამართლებრივ მოწესრიგებაში ვლინდება, რომელსაც იგი მოქმედ სამართლებრივ სივრცეს ამატებს. ფორმალურად უფლებააღმჭურველი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი სასამართლომ იმ შემთხვევაში შეიძლება განიხილოს, როდესაც კონსტიტუციური უფლების (კონსტიტუციით დაცული სფეროს) შეზღუდვის რისკი სადავო ნორმას არსებითად უკავშირდება.
14. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს იმსჯელოს სადავოდ მიჩნეულ უფლებააღმჭურველი შინაარსის მქონე ნორმაზე, ვინაიდან ამ ნორმით დადგენილი წესი, მისი ავტონომიური შინაარსი უფლების შეზღუდვისაკენ არ არის მიმარული და პირის უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას არ იწვევს. მოსარჩელეთა მიერ დასახელებული უფლების შეზღუდვის რისკი არსებითად „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველ პუნქტს (შეჩერების უფლებამოსილების დამდგენ ნორმას) უკავშირდება. მოსარჩელენი მიიჩნევენ, რომ „შეჩერება“ მისი სამართლებრივი და პრაქტიკული შედეგებიდან გამომდინარე, კონსტიტუციით გათვალისწინებული „დაკავების“ იდენტურია და, ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტით და მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, ამ ნაწილში კონსტიტუციური დავა შეჩერების უფლებამისლების არსს, მის ბუნებას უკავშირდება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტი ვერ იქნება განხილული მოსარჩელეთა საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით და მე-40 მუხლის მე–2 პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებული უფლებების შეზღუდვისაკენ მიმართულ ნორმად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელების ამ ნაწილში არმიღების ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–4 პუნქტის პირველი წინადადების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ პუნქტთან
16. N503 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–4 პუნქტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ პუნქტს. კანონის აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს პოლიციელის უფლებამოსილებას, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეჩერებული პირის ტანსაცმელზე მოახდინოს ზედაპირული შემოწმება, ხოლო ჩხრეკის საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გაჩხრიკოს იგი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
17. სადავო ნორმით მოცემული რეგულირება არ არის მიმართული კონსტიტუციის მე-18 მუხლით გარანტირებული ფიზიკური თავისუფლების უფლების შეზღუდვისაკენ, არამედ განსაზღვრავს პოლიციელის გარკვეულ უფლებამოსილებას, რომელიც მან შეიძლება განახორციელოს დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ადამიანის თავისუფლება უკვე შეზღუდულია. 91 მუხლის მე–4 პუნქტით განსაზღვრულია პირის ზედაპირული დათვალიერებისა და ჩხრეკის შესაძლებლობა, რაც უპირატესად კონსტიტუციის მე–20 მუხლით დაცულ უფლებრივ სფეროს განეკუთვნება. საკონსტიტუციო სასამართლომ 2009 წლის 10 ივნისის განჩინებაში აღნიშნა, რომ „მიუხედავად თითქოსდა დეტალური ჩამონათვალისა მე–20 მუხლი არ მოიცავს თავად ადამიანის ჩხრეკას, თუმცა უდავოა, რომ სწორედ მე–20 მუხლი იცავს პიროვნების ხელშეუხებლობას, მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით არის შესაძლებელი პიროვნების, მისი სხეულის, ტანსაცმლის ან/და პირადი ნივთების შემოწმება“.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ იკვეთება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–4 პუნქტის მიმართება კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ პუნქტთან. შესაბამისად, N503 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მ–5 პუნქტის მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ პუნქტთან
19. N503 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–5 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმა განსაზღვრავს შეჩერებული პირის შესაძლებლობას, 5 დღის განმავლობაში ერთჯერადად გაასაჩივროს შეჩერების კანონიერება და დასაბუთებულობა და მოითხოვოს ფულადი კომპენსაცია. ნორმაში მოცემული რეგულაციები ზოგადად უფლებააღმჭურველი ხასიათისაა და მიმართულია პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზაციისაკენ. ნორმის შემზღუდველი ხასიათი ვლინდება მხოლოდ შეჩერების ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობის დადგენასა და ამ შესაძლებლობის განხორციელებისათვის 5 დღიანი ვადის დაწესებაში. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროს წარმოადგენს პირის ფიზიკური თავისუფლების უფლება. ცხადია, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სასამართლოსადმი მიმართვის რეგლამენტაცია ვერ ჩაითვლება ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლების სფეროსაკენ მიმართულ შემზღუდველ რეგულირებად.
20. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–5 პუნქტის მიმართება კონსტიტუციის მე–18 მუხლის პირველ პუნქტთან. შესაბამისად, N503 კონსტიტუციური სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
სასარჩელო მოთხოვნის დარჩენილი ნაწილის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ N503 და N513 კონსტიტუციური სარჩელები სხვა მხრივ აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის და მე-18 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N503 (საქართველოს მოქალაქე ლევან იზორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. მიღებული იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N513 (საქართველოს მოქალაქე დავით–მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ, მე–2, მე-3 და მე–5 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
გ) ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–4 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N503 (საქართველოს მოქალაქე ლევან იზორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–3, მე–4 და მე-5 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი N513 (საქართველოს მოქალაქე დავით–მიხეილი შუბლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:
ა) ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე–5 პუნქტთან, მე–40 მუხლის მე–2 პუნქტთან და 42-ე მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით.
ბ) ,,პოლიციის შესახებ’’ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე–3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე–5 პუნქტებთან და მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი