მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/5/525 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1.კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
2.ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი;
4. მაია კოპალეიშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი:
ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება:
მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების ,,სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან/და” კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25–ე მუხლთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის მარიანა კიკუს წარმომადგენელი ვახტანგ მენაბდე. მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ ხინთიბიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №525) მიმართა მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუმ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადაეცა 2012 წლის 24 აპრილს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2012 წლის 7 ნოემბერს.
2. №525 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავს პირთა წრეს, ვისაც ეკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირად ყოფნა. აღნიშნული ნორმის მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი ნაწილი (სიტყვები) პირთა ამ წრეს მიაკუთვნებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებს.
4. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ. მისი აზრით, სადავო ნორმით დაწესებულმა შეზღუდვამ შესაძლებელია მომავალში უშუალოდ შელახოს მისი კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2011 წლის 18 აპრილს მიიღო N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს კონსერვატიული პარტია", საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ სადავო ნორმას წარმოადგენდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები „აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები“, რომელიც სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი.
6. მოსარჩელის მტკიცებით, ხსენებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 1 ივლისს მიიღო საქართველოს კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და მას დაემატა სადავო ნორმა, რითაც საქართველოს პარლამენტმა ნაწილობრივ აღადგინა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა უფრო მოცულობითი იყო და იგი შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირების წრიდან გამორიცხავდა როგორც აპატრიდებს (მოქალაქეობის არმქონე პირებს), ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. სადავო ნორმასა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა ვრცელდება მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ამ აკრძალვის მიღმა აღმოჩნდნენ აპატრიდები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და მოქალაქეობის არმქონე სხვა პირები, რომლებსაც არ უდასტურდებათ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.
7. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ საკითხებს, რომლებიც თანაბრად ეხება როგორც საქართველოს მოქალაქესა და აპატრიდს, ისე იმ უცხოელსაც, რომელიც კანონიერად ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. ამასთანავე, შეკრების ორგანიზატორის არარსებობა არსებით გავლენას ახდენს ადამიანის აზრის გამოხატვაზე. შესაბამისად, სადავო ნორმით ხდება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 25-ე მუხლებით დაცულ უფლებაში ჩარევა. სადავო ნორმა ბლანკეტური ხასიათისაა, ვინაიდან ის ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე შეეხება ყველა უცხოელს. აკრძალვის განსაზღვრისას ნორმა არ ახდენს დიფერენცირებას იმ საკითხებს შორის, რომელთა მიმართებაშიც უცხოელი შესაძლებელია იყოს შეკრების ორგანიზატორი ან პასუხისმგებელი პირი. იქნება ეს პოლიტიკური, საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული თუ სხვა საკითხი. შესაბამისად, არ არსებობს ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც სადავო ნორმით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევას გაამართლებდა. თუმცა, ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, უცხოელისათვის პასუხისმგებელ პირად ყოფნის აკრძალვა არაპროპორციულია, ვინაიდან ბლანკეტურად ამკრძალავი ნორმა ზედმეტად მკაცრი საშუალებაა დასახული მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან და 25-ე მუხლთან.
8. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 და 41 პუნქტების, ასევე ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელემ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, განმწესრიგებელ სხდომაზე მიღებულ იქნეს განჩინება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და, იმავდროულად, ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვების ,,სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან/და” ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
9. მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან შესაბამისობის შემოწმების საკითხს.
10. მოსარჩელე მხარემ განმწესრიგებელ სხდომაზე დამატებით მიუთითა, რომ სადავო ნორმის შემოღებით საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად იმისა, ეს მიზანმიმართულად მოიმოქმედა თუ სურდა კონსტიტუციის შესაბამისად მოეწესრიგებინა აღნიშნული ურთიერთობები, დაძლია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სასამართლომ განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად უნდა გამოაცხადოს კანონის გასაჩივრებული დებულება.
11. მოპასუხე მხარემ ცნო კონსტიტუციური სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტაციას. მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა თავის თავში მოიაზრებდა, როგორც მოქალაქეობის არმქონე პირებს, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. შესაბამისად, მოპასუხეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა ფაქტობრივად იმ შინაარსის მატარებელია, რომლის კონსტიტუციურობაზეც უკვე იმსჯელა და ძალადაკარგულად გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლომ.
12. მოპასუხემ ასევე აღნიშნა, რომ ნორმის შემოღების პროცესში საქართველოს პარლამენტი მიზანმიმართულად არ ცდილობდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაძლევას. მისი აზრით, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს უცხოელთა პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით, სადავო ნორმის შემოღება წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოს გარკვეულ მცდელობას, აღნიშნული ურთიერთობები მოწესრიგდეს კონსტიტუციისა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ცნობს კონსტიტუციურ სარჩელს, იგი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიზანმიმართულად მიიღო დამძლევი ნორმა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონი, განსაზღვრავს სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებს, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებსა და მათი შეზღუდვისათვის დასაშვებ ფარგლებს. დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში არსებობს მოლოდინი იმისა, რომ ხელისუფლების სამივე შტო საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას, კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედებს. კანონშემოქმედებითი პროცესის, მათ შორის, კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი ნორმის მიმართ ასევე მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ის კონსტიტუციური ნორმებისა და პრინციპების შესაბამისია. ხოლო კონსტიტუციური დავის წარმოშობის შემთხვევაში, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილებას საქართველოს კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას მიაკუთვნებს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პირდაპირი მოქმედების ძალა გააჩნია: არაკონსტიტუციურად ცნობილი სადავო ნორმა მოქმედებას წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "თვითაღსრულებადია'', სასამართლოს მიერ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადება, კანონმდებელს ხშირ შემთხვევაში სადავო ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგების აუცილებლობის წინაშე აყენებს.
3. სამართლებრივი რეგულირების გარეშე დარჩენილი ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგების პროცესში, ბუნებრივია, კანონმდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა ხელმძღვანელობდეს, რამდენადაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დამდგენი დოკუმენტის პატივისცემა დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს.
4. კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელება, სადავოდ მიჩნეული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა კონსტიტუციური ნორმებისა და პრინციპების განმარტებას უკავშირდება. სადავო საკითხისადმი საკონსტიტუციო სასამართლოს დამოკიდებულება აისახება როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში, რომლითაც სადავო ნორმა კონსტიტუციასთან შესაბამისად ან მასთან შეუსაბამოდ ცხადდება, ასევე სამოტივაციო ნაწილში, რომელშიც სარეზოლუციო ნაწილში ასახული სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება არის მოცემული. შესაბამისად, სადავო ურთიერთობების ახლებურად მოწესრიგებისას კანონმდებელი უნდა ითვალისწინებდეს როგორც გადაწყვეტილების სარეზოლუციო, ასევე სამოტივაციო ნაწილს.
5. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, კანონშემოქმედება საქართველოს პარლამენტის ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. პარლამენტი კანონშემოქმედებით პროცესში კონსტიტუციის ნორმების ინტერპრეტაციას თავადვე ახდენს. შესაბამისად, არსებობს ალბათობა იმისა, რომ სადავო ურთიერთობების მომწესრიგებელმა ახალმა საკანონმდებლო ნორმებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმის შინაარსი გაიმეოროს. ამის სავარაუდო მიზეზი როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი ანალიზი, ასევე პარლამენტის პოლიტიკური ნების გამოხატულება შეიძლება იყოს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სადავო ნორმა ნაწილობრივ იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს N2/482,483,487,502 („მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის", მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს კონსერვატიული პარტია", საქართველოს მოქალაქეები - ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი საკანონმდებლო ნორმის შინაარსს, რაც, მისი განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების არასწორი წაკითხვის შედეგია.
6. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუცია თავადვე აწესებს ზღვარს, რომელსაც კანონმდებელი საკუთარი კომპეტენციის განხორციელებისას ვერ გასცდება. საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც კონსტიტუციური მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო, უფლებამოსილია დაადგინოს, კონსტიტუციის ნორმების ინტერპრეტაციის პროცესში გასცდა თუ არა კანონმდებელი კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებს. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი კარგავს იურიდიულ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“. ამავე დროს, კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს, რომ „სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“. მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით მოახდენს კანონმდებელი არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების აღდგენას, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს ექსკლუზიურ კომპეტენციას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაესობის პრაქტიკაში რეალიზებას ემსახურება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ.
7. კანონის აღნიშნული დანაწესი, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის ეკონომიურობის პრინციპის დაცვას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული საკითხი მატერიალური თვალსაზრისით სასამართლოს უკვე გადაწყვეტილი აქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს არ უწევს ნორმის კონსტიტუციურობაზე საქმის არსებითი განხილვის ფორმატში განმეორებით მსჯელობა. მეორე მხრივ, ხსენებული ნორმა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი გადაწყვეტილების შესრულების ზედამხედველობისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის ეფექტურ მექანიზმს. ასეთი დავების ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია დადგინდეს, რომ სადავოდ გამხდარი ნორმა შინაარსობრივად იდენტურია იმ ნორმისა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით წარსულში ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად და იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არსებითი განხილვის გარეშე კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნობს. შესაბამისად, №525 სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს, მასში მოცემული ნორმატიული რეგულირების კონსტიტუციურობის საკითხი გადაწყვეტილია თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით. №525 სარჩელში კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებით გასაჩივრებულია „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირები არ შეიძლება იყვნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის შინაარსის მქონე ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილებით.
8. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ეთანხმება აღნიშნულ მსჯელობას და, შესაბამისად, ცნობს სარჩელს, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „... მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესში მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის ავტომატურად დაკმაყოფილების საფუძველს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, გააგრძელოს საკონსტიტუციო სამართალწარმოება და გადაწყვიტოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხი.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს N2/482,483,487,502 გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი მოქმედებდა შემდეგი რედაქციით: ,,მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ არ შესრულებიათ 18 წელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები არ შეიძლება იყვნენ პასუხისმგებელი პირები’’. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ,,პასუხისმგებელი პირები“ იყვნენ შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და ორგანიზატორი. შესაბამისად, პირს, რომელიც არ იყო საქართველოს მოქალაქე, არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებული და ორგანიზატორი. ზემოაღნიშნულ საქმეზე კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ „საქართველოში მცხოვრები უცხოელები და მოქალაქეობის არმქონე პირები მოკლებული არიან შესაძლებლობას, დააფიქსირონ პოზიცია ისეთი მოვლენის მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც საქართველოს მოქალაქეებს ინტერესი (სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის სურვილი) შეიძლება არ ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა მიჩნეულ უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად“. სადავო ნორმის ეს შინაარსი წარმოადგენდა დავის საგანს და სწორედ ამ შინაარსით მიიჩნია ის საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციის შეუსაბამოდ.
10. ,,საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის’’, როგორც ტერმინის განმარტება საქართველოს კანონმდებლობაში არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, ცხადი და არაორაზროვანია მისი შინაარსი. აღნიშნული ცნების ქვეშ მოაზრებული უნდა იქნეს ყველა ის პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქის სტატუსის მქონე. ტერმინ ,,საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის’’ ქვეშ თანაბრად ექცევიან ადამიანები, რომლებსაც არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ (მოქალაქეობის არმქონე პირი) და რომლებსაც აქვთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა (უცხოელები). აღნიშნულიდან გამომდინარე, N2/482,483,487,502 გადაწყვეტილების მიღებისას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის არსებული რედაქცია შეკრებაზე პასუხისმგებელი პირების წრიდან გამორიცხავდა როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეობის არმქონე პირებს. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას განაცხადა: ,,საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების პოლიტიკურ საქმიანობაში შეზღუდვის შესაძლებლობას, მაგრამ სადავო ნორმის მიღების ლეგიტიმური მიზანი ვერ დაეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლს, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის ქმედება არ წარმოადგენს პოლიტიკური ხასიათის საქმიანობას. სადავო ნორმა ბლანკეტურ აკრძალვას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებს, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, უკრძალავს შეკრებების ინიცირებას და ორგანიზებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს იმ ნაწილში, რომელიც გამორიცხავს საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებას, იყოს შეკრების (მანიფესტაციის) ორგანიზატორი, მისი პასუხისმგებელი პირი’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II-128). აღნიშნული გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არაკონსტიტუციურად მიიჩნია საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ. როგორც უკვე აღინიშნა, ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან როგორც მოქალაქეობის არმქონე პირები (აპატრიდები), ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
11. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს. „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის №525 სარჩელში სადავოდ მითითებული ნაწილი კრძალავს სხვა ქვეყნის მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელ პირებად ყოფნას. ამავე დროს, არ შეცვლილა შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების ცნება. კერძოდ, ისევე როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის N2/482,483,487,502 გადაწყვეტილების გამოტანისას, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი დღესაც ,,პასუხისმგებელ პირებად“ განიხილავს შეკრების ან მანიფესტაციის რწმუნებულსა და ორგანიზატორს. თავის მხრივ, რწმუნებულისა და ორგანიზატორის განმარტებებიც იგივე შინაარსისაა, როგორიც იყო საკონსტიტუციო სასამართლოს N2/482,483,487,502 გადაწყვეტილების მიღებისას.
12. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად მიჩნეული ნორმის ანალოგიურად, სადავო ნორმა სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ბლანკეტურ აკრძალვას უწესებს ნებისმიერი შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარებისას წარმოადგენდეს პასუხისმგებელ პირს ისე, რომ არ ითვალისწინებს გამონაკლისებს შეკრების (აპოლიტიკური) ხასიათიდან გამომდინარე. ამასთან, არ ითვალისწინებს განსხვავებულ მიდგომებს სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. შესაბამისად, №525 სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა ნაწილობრივ იმეორებს (სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან მიმართებით) საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის (კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები) შინაარსს.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სადავო ნაწილი წარმოადგენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის სიტყვები ,,საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირები’’) შინაარსის მქონე ნორმას. შესაბამისად, არსებობს „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული სარჩელის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო ნორმის განმწესრიგებელ სხდომაზე ძალადაკარგულად ცნობის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუს კონსტიტუციური სარჩელი №525 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №525 კონსტიტუციური სარჩელი და ძალადაკარულად იქნეს ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის სიტყვები ,,სხვა ქვეყნის მოქალაქეები ან/და” საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლთან მიმართებით განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. განჩინება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
6. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი