საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/477 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 2 დეკემბერი 2009 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია – წევრი;
ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ბესარიონ ზოიძე – წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-3 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტების კონსტიტუციურობის საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები – ვახტანგ მენაბდე და თამარ ჭარბაძე.
I
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №477) მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაეცა 2009 წლის 18 ივნისს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი და “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობას, ამ კანონით დადგენილი წესით გაიარონ სამხედრო სარეზერვო სამსახური. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტები განსაზღვრავენ ეროვნული გვარდიისა და ინდივიდუალური რეზერვების მიზნებს. მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ადგენენ პირთა წრეს, რომელთაგან ხდება ეროვნული გვარდიის და ინდივიდუალური რეზერვების დაკომპლექტება. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება ითვალისწინებს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ სარეზერვო სამსახურის ერთჯერადად გავლის ვალდებულებას. მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტებით განსაზღვრულია სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკი.
4. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულია როგორც რელიგიისა და რწმენის ქონის (როგორც აბსოლუტური უფლების), ასევე მათი გამოხატვის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დაცულია როგორც შინაგანი რწმენა, ისე რწმენის გარეგანი თავისუფლება. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ რწმენის გარეგანი თავისუფლების შეზღუდვას, თუ მისი გამოვლენა ლახავს სხვათა უფლებებს.
5. მოსარჩელის განმარტებით, რწმენისა და სინდისის თავისუფლებაში, სხვა საკითხებთან ერთად, იგულისხმება პირის უფლება, თავისუფლად აირჩიოს და ჰქონდეს ეს თუ ის რელიგიური ან არარელიგიური მრწამსი. აქედან გამომდინარეობს პირის უფლება, შეასრულოს რაიმე მოქმედება საკუთარი მრწამსის შესაბამისად, ან საერთოდ არ ჩაერთოს თავისი შეხედულებების საწინააღმდეგო მოქმედებებში. შესაბამისად, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის და მისი არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურით შეცვლის უფლება, რწმენისა და სინდისის თავისუფლების ფუნდამენტური ასპექტია, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით.
6. მოსარჩელის აზრით, “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის სადავო ნორმები ზოგადი და ნეიტრალურია. მათი მიზანი არ არის რელიგიური უმცირესობების შევიწროვება. თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რწმენის თავისუფლებაზე გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეიტრალურმა კანონმაც, როდესაც პირებისგან ისეთი ქმედების შესრულებას მოითხოვს, რომელიც ეწინააღმდეგება მათ რელიგიასა და რწმენას.
7. მოსარჩელე გამოყოფს სამხედრო ვალდებულების მქონე პირთა ორ ჯგუფს. პირველს განეკუთვნებიან ადამიანები, რომლებიც სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებამდე გაწვეულნი იყვნენ სამხედრო სავალდებულო სამსახურში, მოიხადეს სამხედრო ვალდებულება ან კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და შესაბამისად განთავისუფლდნენ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ვალდებულებისგან. მეორე ჯგუფში, მოსარჩელის აზრით, ხვდებიან პირები, რომლებიც „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლდნენ ან გადაუვადდათ გაწვევა და რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 27 წელი. ისინი, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩაირიცხებიან ინდივიდუალურ რეზერვში.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, პირებს, მათ შორის სტუდენტებს, არ აქვთ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველზე სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისგან გათავისუფლების უფლება, თუ არ არსებობს ამავე კანონის მე-8 მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძველი. ამასთან, დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან თავისუფლდებიან პირები, რომლებმაც “მოიხადეს არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახური.” მოსარჩელის აზრით, ნორმის ფორმულირებიდან აშკარაა, რომ იგი შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებამდე, გაწვეულნი იყვნენ სამხედრო სამსახურში და კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გამო სამხედრო სამსახურის ნაცვლად, მოითხოვეს და უკვე გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. ამ ნორმის გათვალისწინებით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეზერვში გაწვევის შემდეგ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოითხოვონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა.
9. კონსტიტუციურ სარჩელში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებებზე, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურისთვის თავის არიდება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმებში მოცემული რეგულირება, ერთი მხრივ, აიძულებს პირს მოიქცეს მისი რწმენის საწინააღმდეგოდ და არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებს. მეორეს მხრივ, სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებს ეკისრებათ უთანასწოროდ მძიმე ტვირთი იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით არ აქვთ მსგავსი შეხედულებები, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
10. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებების დაზუსტების მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მხარეებს 2009 წლის 16 ოქტომბერს მიმართა წერილებით (რეგისტრაციის № 01/01-495 და № 01/01-496).
11. საქართველოს სახალხო დამცველი 2009 წლის 28 ოქტომბრის №1646/-9-1 საპასუხო წერილში აღნიშნავს, რომ რამდენადაც სამხედრო სარეზერვო სამსახური, შინაარსობრივად, მიზნად ისახავს პირის საბრძოლო მომზადებას, იგი კონსტიტუციის მე-19 მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს სამხედრო სამსახურს. “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების და არა სამხედრო სამსახურის შემადგენელ ნაწილს. ვინაიდან “არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 და მე-4 მუხლები არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურს განიხილავენ მხოლოდ სამხედრო სამსახურის ალტერნატივად, მოსარჩელე ასკვნის, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეულ, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს აღნიშნული კანონმდებლობა არ აძლევს საშუალებას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის ნაცვლად, მოითხოვოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა.
12. მოსარჩელის წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო ნორმებით ირღვევა კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თანასწორობის უფლება. მისი აზრით, ერთი მხრივ, არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში მყოფი პირები განიხილებიან თანასწორად, მეორე მხრივ კი, არსებითად თანასწორი პირები ექვემდებარებიან განსხვავებულ მოპყრობას. კერძოდ, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირები, სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახების შემთხვევაში კი, მათ არ გააჩნიათ მსგავსი შესაძლებლობა.
13. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სადავო საკითხთან დაკავშირებით 2009 წლის 4 ნოემბრის №11280/4-10 წერილში გააკეთა შემდეგი განმარტება: სამხედრო სარეზერვო სამსახური წარმოადგენს სამხედრო სამსახურს და სამხედრო ვალდებულების ერთ-ერთ სახეს. ამასთან, რამდენადაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური წარმოადგენს სამხედრო სამსახურის ალტერნატივას, სამხედრო სარეზერვო სამსახურში გამოძახებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, მიმართოს შესაბამის გამწვევ კომისიას და მოითხოვოს ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა. “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი არ კრძალავს “არასამხედრო, ალტერნატიული, შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის გამოყენებას. შესაბამისად, სადავო ნორმებით არ ხდება კონსტიტუციის მე-19 და მე-14 მუხლებით დაცულ უფლებებში ჩარევა.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2009 წლის 9 ოქტომბერს.
15. მოსარჩელის წარმომადგენელმა ვახტანგ მენაბდემ, განმწესრიგებელ სხდომაზე, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის ნაწილში.
II
1. კონსტიტუციური სარჩელიდან და განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებიდან გაირკვა, რომ მოსარჩელის პრობლემას წარმოადგენს შემდეგი ვითარება: “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. ამასთან, კანონმდებლობით არ არის უზრუნველყოფილი სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან იმ პირთა გათავისუფლება, რომლებიც რეზერვში გაწვევვის დროისთვის განეკუთვნებიან “კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეთა” კატეგორიას და ჯერ არ მოუხდიათ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური. შესაბამისად, ასეთ პირებზე ვრცელდება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის საერთო ვალდებულება. აქედან გამომდინარე, მათ მიმართ გამოიყენება “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, მათ შორის, სადავო ნორმებით დადგენილი მოთხოვნები.
2.”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს ეროვნული გვარდიის, ხოლო მე-3 პუნქტი - ინდივიდუალური რეზერვის დაკომპლექტების წესს, ამავე მუხლის მე-4 პუნქტი კი - სამხედრო სარეზერვო სამსახურის ერთჯერადად გავლის ვალდებულებას აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. რაც შეეხება მე-5 მუხლის პირველ და 11 პუნქტებს, ისინი ადგენენ სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ასაკს. ბუნებრივია, ეს ნორმები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ზოგადად სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან. ეროვნული გვარდიის თუ ინდივიდუალურ რეზერვში ვერ გაიწვევიან პირები, მათ შორის, სტუდენტები, რომლებიც ზოგადად რეზერვში გაწვევას არ ექვემდებარებიან. დასახელებული ნორმების უშუალო დანიშნულება არის სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულების მქონე ყველა პირისთვის კონკრეტული მოთხოვნების (შესაბამისი კვალიფიკაცია, ასაკი) წაყენება. თავისთავად ეს ნორმები არ არის გამიზნული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირების რეზერვში გაწვევის ვალდებულების დადგენისკენ, ისინი არ განაპირობებენ ასეთი პირების, მათ შორის სტუდენტების, სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის ვალდებულებას აქტიურ, ეროვნული გვარდიისა თუ ინდივიდუალურ რეზერვში.
ამასთან, ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს პრობლემა აქვს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პრების არა მხოლოდ რეზერვის რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში, კონკრეტული ასაკიდან გაწვევასთან, ან/და მხოლოდ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე სტუდენტების რეზერვში გაწვევასთან დაკავშირებით, არამედ ის აყენებს საკთხს ზოგადად ასეთი კატეგორიის ადამიანების რეზერვისგან (მისი ყველა ფორმისგან) გათავისუფლების აუცილებლობის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია შინაარსობრივ მიმართებაში არ არის გასაჩივრებულ ნორმებთან. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ (განჩინება №2/3/412, II-9; განჩინება №2/2/438, II-1; განჩინება №2/1/456, II-7) აღნიშნა, რომ კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთება შინაარსობრივად უნდა შეეხებოდეს სადავო ნორმას.
3.კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. ანალოგიურია “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნა.
კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, რადგან არ პასუხობს კანონმდებლობის აღნიშნულ მოთხოვნებს. “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად კი “კონსტიტუციური სარჩელი --- განსახილველად არ მიიღება, თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს”.
4. სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება « სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ » საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუცუირობის გარკვევას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და მე-14 მუხლთან მიმართებით, სრულად აკმაყოფილებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. შესაბამისად, ამ ნაწილში არ არსებობს მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც ერთი საფუძველი.
III
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 271-ე მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 27-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, 30-ე, 31-ე მუხლებითა და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №477) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №477) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-4 პუნქტის პირველი წინადადების და მე-5 მუხლის პირველი და 11 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია;
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რაზედაც მხარეებს ეცნობებათ დამატებით;
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
ბესარიონ ზოიძე