სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac477 |
თარიღი | 14 აპრილი 2010 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №477 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-141 მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, როგორც ,,სასამართლოს მეგობრის” წერილობით მოსაზრებას. სადავო ნორმა: ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი: ,,2. ამ კანონით განსაზღვრული წესით სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლა საქართველოს თითოეული მოქალაქის მოვალეობაა.” კონსტიტუციური დებულება, რომელსაც არ შეესაბამება სადავო ნორმა: საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი: ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი: 3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს
,,სასამართლოს მეგობარი” არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის თაობაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (შემდგომში - ასოციაცია) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაცია დაფუძნდა 1994 წლის 9 სექტემბერს. ასოციაციის მიზანს წარმოადგენს ადამიანის ღირსების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. ასოციაციის საქმიანობის ფორმას წარმოადგენს იურიდიული მომსახურების ცენტრების შექმნა და სასამართლოსა და სხვა ორგანოებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა, სამართლებრივი დაცვის ეფექტური ინფრასტრუქტურის შექმნა, საქართველოს კანონმდებლობის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. ასოციაციამ თავისი არსებობის მანძილზე უამრავი კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა, როგორც საკუთარი ასევე ფიზიკური პირების სახელითაც. საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით ასოციაციის გამოცდილების გათვალისწინებით და დასახული მიზნების რეალიზაციის მიზნით საკონსტიტუციო სასამართლოსა და მხარეებს წარვუდგენთ დასკვნას სადავო ნორმის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. საკითხის მნიშვნელობა ასოციაციის გადაწყვეტილება წარედგინა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის დასკვნა სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით მოტივირებულია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სტანდარტების უზრუნველყოფის აუცილებლობით. ჩვენი აზრით, კონსტიტუციური დებულებების განმარტება უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი პრინციპების საფუძველზე. სადავო ნორმები ვერ უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეების უფლებას, რწმენის თავისუფლებიდან გამომდინარე ისარგებლონ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებით სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული უფლების არსისაქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულია სინდისის, რელიგიის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. სინდისის არსი განმარტებულია სახალხო დამცველის სარჩელით. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, სხვა არაფერია თუ არა ადამიანის სინდისიდან გამომდინარე მოვლენა, სინდისის თავისუფლებაზე დაფუძნებული წინააღმდეგობა. სადავო ნორმით სამხედრო სარეზერვო სამსახური სწორედ ის ინსტიტუტია, რაც შესაძლოა მსოფლმხედველოებრივ წინააღმდეგობაში მოვიდეს ადამიანის სინდისთან. ეს მსოფლმხედველობა შესაძლოა ეფუძნებოდეს, როგორც რელიგიურ და აღმსარებლობრივ რწმენას, ასევე არარელიგურ რწმენასაც (მაგალითად, კონსტიტუციურ სარჩელში მოხმობილი პაციფიზმი). რომის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამართლებრივ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრის, სტეფანო როდოტას განმარტებით, ბევრმა კონსტიტუციამ, რომელიც მიღებული იქნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ზოგადად სინდისის თავისუფლების დადგენით, აღიარა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება სამხედრო სამსახურთან მიმართებაში.[1] უტრეხტის უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართალის უფროსი ლექტორის ბენ ვერმიულენის განმარტებით: ,,თავისუფლება - იმოქმედო სინდისის შესაბამისად, გარანტირებულია კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებით, მაშინაც კი, როცა აღნიშნული თავისუფლება ევროპული კონვენციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მსგავსი ნორმით იზღუდება. იმ დროს, როდესაც ყველა ქმედება შესაძლოა ეფუძნებოდეს სინდისს, ნათელია, რომ ამგვარი თავისუფლება არ არის შეუზღუდავი.”[2] საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მესამე პუნქტით იზღუდება მხოლოდ სინდისის, რელიგიის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების გამოვლინება, გამოხატვა, ისიც მაშინ, როდესაც ილახება სხვათა უფლებები. ადამიანის შინაგანი მრწამსზე (Forum Internum) ზემოქმედება, რაც მიზნად ისახავს, ამგვარი ზემოქმედების ობიექტმა იმოქმედოს თავისი სინდისის წინააღმდეგ ან ამგვარი უმოქმედობის შემთხვევაში ადამიანის დასჯა, არ ექცევა კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედების სფეროში. ამგვარად, ნებისმიერი მიზნით ან ნებისმიერი პროპორციით შინაგან მრწამსში ჩარევა, დაუშვებელია. Forum Internum აბსოლიტურად გარანტირებულ უფლებას წარმოადგენს. ბენ ვერმიულენი იმოწმებს კონვენციის მე-9 მუხლის პროექტის კომენტარებს და აცხადებს: ,,მე-9 მუხლი მიმართულია ტვინის გამორეცხვისა და სხვა არაადამიანური ინკვიზიტორული მეთოდების წინააღმდეგ. კომიტეტი გამოთქვამს სურვილს არა მხოლოდ დაიცვას ყველა მოქალაქე სახელმწიფოს წინაშე ,,მონანიებისაგან,” არამედ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის დროს ისეთი სასტიკი მეთოდებისაგან, რომლითაც ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს ერთმევა საკუთარი ინტელექტისა და სინდისის კონტროლის შესაძლებლობა.” აქედან ბენ ვერმიულენს გამოაქვს დასკვნა, რომ ევროპული კონვენციის შემქნელთა მიზანი იყო დაეცვა Forum Internum - სინდისის კონტროლის შესაძლებლობა სახელმწიფო ორგანოების ჩარევისაგან. კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სინდისის თავისუფლება არ ექვემდებარება შეზღუდვას. მე-9 მუხლის მეორე პუნქტი შეზღუდვას უშვებს მხოლოდ რელიგიისა და რწმენის გამოხატვაზე. უფლება - იმოქმედო, მიჰყვე სინდისის ხმას (Forum externum) - რომ მოქცეულიყო სინდისის თავისუფლების ფარგლებში, აღნიშნული თავისუფლება ვერ შეიზღუდებოდა და ყველა სამართლებრივი ვალდებულება უკან დაიხევდა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მიმართ. შეუზღუდავი სინდისის თავისუფლება Forum externum-ის ფორმით გულისხმობს ზოგადსავალდებულო წესების სისტემის, სამართლებრივი წესრიგის განადგურებას. აქედან დასკვნა, რომ სინდისის თავისუფლება გულისხმობს Forum Internum -ს”[3] Forum Internum -ის აბსოლიტური დაცვის კონტექსტში იგივე შეიძლება ითქვას სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელითაც გარანტირებულია უფლება რელიგიის და რწმენის მანიფესტაციაზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულია ვინმეს ისეთი იძულება, რაც ლახავს თავისუფლებას, იქონიოს ან მიიღოს რელიგია ან რწმენა საკუთარი არჩევანით.
სადავო ნორმის ურთიერთმიმართება საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლითანნორმის კონსტიტუციურობის შეფასება ხდება სისტემურად, სხვა კონსტიტუციურ დებულებებთან ერთად, კონსტიტუციური ნორმების ერთობლივი წაკითხის გზით. ამ კუთხით, საინტერესოა მოხდეს იმ კონსტიტუციური დებულებების არსის განსაზღვრა, რომელიც მართალია არ არის მოთავსებული კონსტიტუციის მეორე თავში, მაგრამ შინაარსობრივი მიმართება გააჩნია სადავო ნორმასთან, რასაც საქმის განხილვის დროს გვერდს ვერ აუვლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. საქართველოს კონსტიტუციის 101-ე მუხლის თანახმად: 1. საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა. 2. ქვეყნის დაცვა და სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.” აღნიშნული კონსტიტუციური დებულებების მსგავსად, სადავო ნორმითაც სამხედრო სარეზერვო ვალდებულების მოხდა დაკავშირებულია საყოველთაობის მოთხოვნასთან. ხსენებული კონსტიტუციური დებულებებით და სადავო ნორმებით სამხედრო ვალდებულების ადრესატია ყველა საამისო უნარის მქონე მოქალაქე, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. აღნიშნული საყოველთაობის მოთხოვნა არ წარმოადგენს მხოლოდ ქართული კანონმდებლობის ნოვაციასა და თავისებურებას. მსგავსი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე კონსტიტუციური დებულებები წამყვანი ევროპული კონსტიტუციების განუყოფელი ნაწილია: საბერძნეთის კონსტიტუციის 4.6. მუხლის შესაბამისად: ,,ყველა ბერძენს შეიარაღებული მოქმედებით შეაქვს წვლილი სახელმწიფოს თავდაცვის საქმეში კანონით დადგენილი წესით.” ზემოთ აღნიშნული დებულება იკითხება საბერძნეთის კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტთან კავშირში, რომლის თანახმად: ,,სახელმწიფოს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოქალაქეებისაგან, შეასრულონ სოციალური და ეროვნული სოლიდარობის მოვალეობა.” აღნიშნული დებულების შესაბამისად, 1977 წელს საბერძნეთში მიღებული იქნა კანონი უიარაღო სამსახურის თაობაზე, სადაც სამსახურის ვადა იყო ორმაგი სამხედრო სამსახურში ხანგრძლივობასთან შედარებით. აღნიშნული ნორმა ვრცელდებოდა მხოლოდ რელიგიურ მოწინააღმდეგეებზე. ხსენებული კანონის გარდამავალი დებულებები შეეხო კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობისათვის მსჯავრდებულ პირებს. 1988 წლის ახალმა კანონმა მოიცვა ყველა ტიპის კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე.[4] იტალიის კონსტიტუციის 52-ე მუხლის შესაბამისად: ,,ქვეყნის დაცვა მოქალაქის წმინდა ვალია. სამხედრო სამსახური სავალდებულოა კანონით დადგენილი წესით და შეზღუდვების შესაბამისად.” სტეფანო როდოტას განმარტებით, იტალიის კონსტიტუციური დებულების ტექსტი თითქოს არ ტოვებს ადგილს სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების აღიარებისა და ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლისათვის. მიუხედავად ამისა, 1985 წელს იტალიის საკონსტიტუციო სასამართლომ #164 გადაწყვეტილებაში ზემოხსენებული კონსტიტუციური დებულება შემდეგნაირად განმარტა: ,,ქვეყნის დაცვის ვალი არ გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული აუცილებლად სამხედრო სამსახურის ვალდებულების მოხდის გზით უნდა განხორციელდეს. ამის ნაცვლად, შესაძლებელია ქვეყნის დაცვის ვალი სათანადო უიარაღო სოციალური ამოცანების შესრულების გზით განხორციელდეს.” იტალიის საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო რა კონსტიტუციურ დებულებას, რომელიც მიუთითებდა სამხედრო სამსახურის შემზღუდველ და მისი გავლის წესების დამდგენ კანონზე, განაცხადა: ,,განსაზღვრული პირობების არსებობისას შეიარაღებული სამხედრო სამსახური შეიძლება ჩანაცვლებული იქნას სხვა პერსონალური ხასიათის სამსახურის გავლით, რასაც სამხედრო სამსახურის ეკვივალენტური ღირებულება გააჩნია და სახელმწიფოს დაცვის იდეის შესაბამისია.“[5]
კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ფარგლები2004 წლის 19 ივლისს ვენეციის კომისიამ გამოთქვა#271/2004 მოსაზრება რელიგიის ან რწმენაზე გავლენის მქონე კანონების გადასინჯვის სახელმძღვანელო პრინციპების თაობაზე. აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს წესებს, რაც დასათაურებულია ზოგადი მოქმედების კანონიდან გამონაკლისებით. ამ თავში აღნიშნულია: არსებობს უამრავი გარემოება, როდესაც ინდივიდები და ჯგუფები მრწამსის გამო შეუძლებლად თვლიან ან მორალურად ეწინააღმდეგებიან კანონის ზოგადი მოთხოვნების დაცვას. ზოგიერთები ეწინააღმდეგებიან განსაზღვრული სახის საკვების მიღებას, სხვები გარკვეული ტანსაცმლის ტარებას. ზოგიერთისათვის სამხედრო სამსახური არღვევს ღრმა რელიგიურ რწმენას. კვირის ზოგიერთ ან კალენდარულ დღეებს გააჩნიათ სასიცოცხლო რელიგიური მნიშვნელობა: როდესაც ან რიტუალები უნდა შესრულდეს ან სამუშაოს შესრულებისაგან უნდა მოხდეს თავის შეკავება. ამგვარ პრაქტიკას მრავალ თანამედროვე დემოკრატიებში იყენებს უმრავლესობა, ხოლო ზოგიერთ მათგანს უმცირესობის წარმომადგენელი მორწმუნეები იცავენ. [6] კანონები, რომლებიც არეგულირებენ გამონაკლისებს ზოგადი დანიშნულების სამართლის ნორმებიდან, გამოხატულებას ჰპოვებენ ორ ძირითად სამართლებრივ ფორმაში. პირველი ფორმაა კონსტიტუციური დებულებები და ადამიანის უფლებათა ინსტრუმენტები, რომლებიც ზოგადად იცავენ რელიგიის და რწმენის უფლებას. გამონაკლისები უზრუნველყოფილია იმ შემთხვევებისათვის, როდესაც საქმე სინდისს ეხება. მეორე ფორმა უფრო სპეციფიკურია და უზრუნველყოფს გამონაკლისებს განსაზღვრული მოქმედებიდან. ასეთია საკანონმდებლო დებულებები, რომლებიც გამონაკლისს უშვებენ კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგისათვის სამხედრო სამსახურიდან (ჩვეულებრივ ალტერნატიული სამსახურის გავლის მოთხოვნით). მნიშვნელოვანია, რომ კანონები, რომლებიც გავლენას ახდენენ რელიგიასა და რწმენაზე ისე იყოს ფორმულირებული, რომ გაცნობიერებული იყოს კონსტიტუციური ნორმებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები. სპეციფიკური საკანონმდებლო გამონაკლისები კი იმგვარად უნდა იყოს ფორმულირებული და რეალიზებული, რაც სამართლიანად ჩაითვლება კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგისათვის და იმავდროულად, ზედმეტი ტვირთად არ დააწვებათ მათ, ვისაც არა აქვს ასეთი წინააღმდეგობა. ძალიან ბევრ საკითხზე შეიძლება წარმოიშვას ზოგადი დანიშნულების კანონიდან გამონაკლისები, მაგრამ ყველაზე ხშირი შემთხვევაა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა სამხედრო სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ საკითხის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტები, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში საერთო ტენდენციაა ის, რომ შესაძლებელია სამხედრო სამსახურის მიმართ სერიოზული მორალური ან რელიგიური წინააღმდეგობის შემთხვევაში ადამიანმა გაიაროს ალტერნატიული (არასამხედრო) სამსახური. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლის ნორმები არ უნდა იყოს არასათანადოდ მკაცრი მათთვის, ვისაც სინდისის გამო არ შეუძლია სამხედრო სამსახური. ვენეციის კომისია უკრაინასთან მიმართებაში ეყრდნობა კვაკერთა ევროპული საქმეების საბჭოს 2005 წლის ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ უკრაინის 1999 წლის კანონი ითვალისწინებდა დისკრიმინაციას არარელიგიური კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგისათვის.[7] ამის გამო უკრაინა იყო ის სახელმწიფო, რომელიც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების შეზღუდვის გამო მოექცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყურადღების ცენტრში. უკრაინის მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით 2006 წლის ნოემბრის თვეში კომიტეტმა გამოთქვა შემაჯამებელი შეფასება, რომლის მე-12 პუნქტში აღნიშნულია: ,,მაშინ, როდესაც მონაწილე სახელმწიფომ წარმოადგინა შეიარაღებული ძალების ნებაყოფლობით საწყისებზე გარდაქმნის გეგმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება სრულად უნდა იქნეს უზრუნველყოფილი. კომიტეტმა სახელმწიფოს მისცა რეკომენდაცია, გაეფართოებინა სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება იმ პირთა მიმართ, ვისი წინააღმდეგობაც ეფუძნება არარელიგიური რწმენიდან გამომდინარე სინდისს, ასევე სინდისს, რომელიც ეფუძნება ყველა რელიგიას.[8] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 22-ე ზოგადი კომენტარის მე-2 პუნქტში აღნიშნულია: ,,პაქტის მე-18 მუხლი იცავს თეისტურ, არათეისტურ და ათეისტურ რწმენას, ისევე როგორც უფლებას, არ მისდევდე რომელიმე რეილიგიას და რწმენას. ტერმინი ,,რწმენა” და ,,რელიგია” ფართოდ უნდა იქნეს განმარტებული.[9]” გაეროს ადამიანის უფლებეთა კომისიამ სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის თაობაზე #1998/77 რეზოლუციაში აღნიშნა, რომ სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება მომდინარეობს სინდისის პრინციპებიდან და ამ მიზეზით არის განპირობებული. სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა ეფუძნება რწმენას, რაც წარმოიშობა რელიგიური, მორალური, ეთიკური, ჰუმანიტარული და მსგავსი მოტივებით. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 22-ე ზოგადი კომენტარის მე-11 პუნქტში აღნიშნულია: ,,როდესაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება აღიარებულია კანონით ან დამკვიდრებულია პრაქტიკაში, არ შეიძლება რაიმე განსახვავება არსებობდეს კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეთა შორის მათ მიერ აღიარებული რწმენის ბუნების გამო.” ბენ ვერმიუელენის განმარტებით, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ფესვები რელიგიური შეხედულებებიდან მომდინარეობს. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა სამხედრო სამსახურის მიმართ შთაგონებული იყო ღმერთის სიტყვებით: ,,არა კაც კლა.” ამგვარად, კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე კატეგორიულ იმპერატივს მიჰყვებოდა. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში კეთილსინდისიერმა წინააღმდეგობამ ძირეული ცვლილებები განიცადა, კერძოდ, მოხდა სინდისის სეკულარიზაცია. სეკულარიზმის იდეამ უარყო სინდისის კავშირი ღმერთთან და ეს უკანასკნელი ადამიანის პიროვნების ნაწილად აქცია. სინდისი არის ის ინსტრუმენტი, რითაც გამოიხატება არა ღმერთის ნება, არამედ დამახასიათებელია ადამიანის რელიგიური და მორალური მრწამისისათვის. დღეისათვის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა არ შეიძლება იყოს შერჩევითი. კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა არ შეიძლება განისაზღვრებოდეს მისი შინაარსით, ამგვარი წინააღმდეგობის წარმოშობის წყაროთი.[10] დისკრიმინაციის პრევენციის და უმცირესობათა დაცვის გაერთიანებული ერების ქვეკომისიის თანამომხსენებლის არკოტ კრიშნასვამის განმარტებით, იქ, სადაც სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის პრინციპი აღიარებულია, გამონაკლისი სამხედრო სამსახურიდან უნდა მიენიჭოს ჭეშმარიტ მოწინააღმდეგეს, იმგვარად, რომ არ მოხდეს რელიგიისა ან რწმენიდან გამომდინარე დისკრიმინაციული გამიჯვნა.[11] 2006 წლის 18 ოქტომბერს ვენეციის კომისიამ ,,სინდისისა და რელიგიურ ორგანიზაციათა თავისუფლების თაობაზე” უკრაინის კანონპროექტთან დაკავშირებით გამოთქვა #391/2006 მოსაზრება. ვენეციის კომისიამ აღნიშნა: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არ არის გარანტირებული ზოგადი უფლება კეთილსინდისიერ წინააღმდეგობაზე, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ეს უფლება არაპირდაპირ გარანტირებულია კონვენციის მე-9 მუხლით მე-14 მუხლთან კავშირში. ამიტომ ვენეციის კომისიამ რეკომენდაცია მისცა უკრაინის მთავრობას უფრო ნათლად განესაზღვრა კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ფარგლები და პირობები. დისკრიმინაციის პრევენციის და უმცირესობათა დაცვის გაერთიანებული ერების ქვეკომისიის თანამომხსენებლის არკოტ კრიშნასვამის განმარტებით, არ არსებობს სამხედრო სამსახურის მიმართ რელიგიურ და რწმენის მოსაზრებებს დაფუძნებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის პრობლემის გადაჭრის უნიფიცირებული საშუალებები. აღნიშნულ საკითხზე განსხვავებული მიდგომებია არა მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ ერთი ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ნაწილში. მიდგომები დამოკიდებულია გარემოებებსა და საზოგადოებრივი აზრზე. ჩვეულებრივ შემთხვევაში, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის განცხადებით სამხედრო სამსახურიდან მთლიანი ან ნაწილობრივი გამონაკლისის დაშვება სახელმწიფოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-8 მუხლის პროექტის დათქმა, რაც ბოლო დროს გაიზიარა გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტმა, ეხება იძულებით და სავალდებულო შრომას, აღნიშნული ტერმინი არ მოიცავს რაიმე სამხედრო ხასიათის სამსახურს. ასევე აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება იმ ქვეყნებში, სადაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა აღიარებულია და კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის თაობაზე კანონი ადგენს ეროვნულ სამსახურს.[12] არკოტ კრიშნასვამის განმარტებით, რწმენის საფუძველზე სამხედრო სამსახურის მიმართ წინააღმდეგობის გამო ზოგიერთი სახელმწიფო არ უშვებს გამონაკლისებს ამგვარი სამსახურიდან, სხვები გამონაკლისს უშვებენ მათ მიმართ, ვინც სინდისის გამო ნამდვილად ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურს. სახელმწიფოების სხვა ჯგუფი გამონაკლისებს ადგენენ განსაზღვრული რელიგიისა და რწმენის გაერთიანებების წევრობის ნიშნით. სახელმწიფოთა შედარებით მცირე ნაწილი გამონაკლისებს ადგენს ისეთი სპეციალური კატეგორიის ინდივიდებისათვის, როგორებიც არიან ყველა, მხოლოდ ერთი ან რამდენიმე რელიგიის კონფესიის სასულიერო პირი.[13] სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებათა პაქტის მონიტორინგის ორგანომ, ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გამოთქვა მოსაზრება საქმეზე იო-ბუმ იუნი და მიუნგ-ჯინ ჩოი კორეის რესპუბლიკის წინააღმდეგ. სამხრეთ კორეა არ აღიარებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას. სამხრეთ კორეის სასამართლოებმა იეჰოვას მოწმეთა მრწამსის მიმდევარ ორ მოქალაქეს, რომლებიც უარს აცხადებდნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლაზე, შეუფარდეს 18 თვით თავისუფლების აღკვეთა. პაქტის მე-8 მუხლის მე-3. ,,გ” პუნქტის II ქვეპუნქტის შესაბამისად, იძულებითი ან სავალდებულო შრომა არ მოიცავს ნებისმიერი სამხედრო ხასიათის სამსახურს, იმ ქვეყანებში, სადაც აღიარებულია სამხედრო სამსახურზე უარის თქმა პოლიტიკური თუ რელიგიურ-ეთიკური მოტივებით, ნებისმიერ სამსახურს, რომელიც კანონით გათვალისწინებულია ასეთი მოტივებით სამხედრო სამსახურზე უარის მთქმელ პირთათვის. კომიტეტმა ზემოთ ხსენებულ საქმეში სერიოზულად გადახედა პაქტის მე-8 მუხლიდან გამომდინარე ფართოდ დამკვიდრებულ იმ მოსაზრებას, რომ არ არსებობს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება თუ ეს უკანასკნელი არ არის აღიარებული ეროვნული კანონმდებლობით. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა: ,,პაქტის მე-8 მუხლი არც აღიარებს და არც გამორიცხავს კეთილსინდისიერ წინააღმდეგობას. ამგვარად, ეს უკანასკნელი უნდა შეფასდეს მხოლოდ პაქტის მე-18 მუხლთან კავშირში, რომელიც დროთა განმავლობაში, პაქტის ტექსტის მიზნის და აზრის შესაბამისად, ისევე უნდა იქნას განმარტებული, როგორც სხვა გარანტიები.” ,,კომიტეტი მიუთითებს, რომ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რაიმე პროცედურას სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით. კომიტეტი მხედველობაში იღებს სახელმწიფოს არგუმენტებს ეროვნული უშიშროების განსაკუთრებულ კონტექსტთან დაკავშირებით, ისევე როგორც სახელმწიფოს განზრახვას - ემოქმედა ადამიანის უფლებათა ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი ითვალისწინებს პაქტის მონაწილე ძალიან ბევრ სახელმწიფოებში არსებულ პრაქტიკას, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახური ჩანაცვლებულია ალტერნატიული სამსახურით. კომიტეტმა ჩათვალა, რომ სახელმწიფომ ვერ დაასაბუთა თუ რა არახელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ქვეყანა, თუკი კომუნიკაციის ავტორი მე-18 მუხლით გათვალისწინებული უფლებით სრულად ისარგებლებდა. სოციალურ ერთიანობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით კომიტეტი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან სინდისის, რწმენის და მისი გამოხატვის პატივისცემა თავის თავად მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოებაში ერთიანი და სტაბილური პლურალიზმის არსებობისათვის. ამის მსგავსად, პრინციპულად შესაძლებელია და პრაქტიკაში მიღებულია, რომ შეიქმნას სავალდებულო სამხედრო სამსახურის ალტერნატივა, რაც ძირს არ გამოუთხრის საყოველთაო გაწვევის პრინციპს, არამედ მოემსახურება ეკვივალნტურ სოციალურ სიკეთესა და დააკმაყოფილებს ინდივიდების ეკვივალენტურ მოთხოვნებს, რითაც აღმოფხვრილი უნდა იქნას უსამართლო დაყოფა იმათ შორის, ვინც იმყოფება სავალდებულო სამხედრო სამსახურში და მათ შორის, ვინც ალტერნატიულ სამხედრო სამსახურშია. ამის გამო, კომიტეტს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს არ მოუხდენია დაწესებული შეზღუდვის დასაბუთება პაქტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე. [14] გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 22-ე ზოგად კომენტარის მე-11 პუნქტში აღნიშნულია: ბევრი ადამიანი მოითხოვს სამხედრო სამსახურის გავლაზე უარის (კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა) უფლებას. ამ უფლების საფუძვლები მომდინარეობს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-18 მუხლიდან. ამ მოთხოვნებს ბევრი სახელმწიფო პასუხობს სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან იმ მოქალაქეთათვის გამოკლისის დაშვებით, რომლებსაც მართლაც აქვთ რელიგიური ან სხვა სახის რწმენა, რაც კრძალავს სამხედრო სამსახურის გავლას. ამგვარ სამსახურს ცვლიან ეროვნული ალტერნატიული სამსახურით. პაქტი დაწვრილებით არ ეხება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას, მაგრამ კომიტეტს სჯერა, რომ ეს უფლება მომდინარეობს მე-18 მუხლიდან. იმის გამო, რომ ლეტალური ძალის გამოყენება შესაძლოა სერიოზულ კონფლიქტში მოვიდეს სინდისის თავისუფლებასა და რელიგიის, ასევე რწმენის გამოხატვის უფლებასთან. არ შეიძლება კეთილსინდისიერ წინააღმდეგობის მიმართ დისკრიმინაცია სამხედრო სამსახურის მოუხდელობის გამო. კომიტეტი მოუწოდებს მონაწილე სახელმწიფოებს აცნობონ პირობები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც პიროვნების მიმართ გავრცელდება გამონაკლისი სამხედრო სამსახურიდან პაქტის მე-18 მუხლით გარანტირებული უფლების საფუძველზე, ასევე ალტერნატიული ეროვნული სამსახურის ბუნება და სახეობა.[15] შესაძლოა 18 წლის ასაკისათვის ადამიანი არ იყოს კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე, ამის გამო ან გაწვეული იქნეს სავალდებულო სამხედრო სამსახურში, ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღნიშნული სამსახურის გავლის შემდეგ ჩაირიცხოს რეზერვში და 27 წლის ასაკის მიღწევის მომენტისათვის, შეიცვალოს რელიგია ან შეიძინოს ისეთი რწმენა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სამხედრო სამსახურთან. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც 18 წლის ასაკში არ არის კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე (გარდა„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, რომელიც ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც 18 წლის ასაკის წვევანდელი უკვე წარმოადგენს კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეს) ისარგებლოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლებით, თუმცა 23 წლის ასაკის მიღწევის მომენტისათვის, როდესაც წარმოეშვა სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლის ვალდებულება, იქცა კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგედ. სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებული ნორმა არ აძლევს ასეთი კატეგორიის ადამიანების შესაძლებლობას, სარეზერვო სამხედრო სამსახურის შეცვლა მოითხოვონ ალტერნატიული სამხედრო სამსახურით. ამის მსგავასად, ადამიანი შესაძლოა გახდეს კეთისინდისიერი მოწინააღმდეგე მას შემდეგ, რაც წვევანდელის ან მოხალისეს სტატუსით გაიწვევენ შეიარაღებული ძალებში. ასეთი სიტუაცია შეიძლება წარმოიშვას ზოგადად რელიგიის ან რწმენის შეცვლის კონტექსტში სამხედრო სამსახურის სპეციალურ საკითხთან დაკავშირებით.[16] უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით გაეროს სამუშაო ჯგუფმა განაცხადა, რომ კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგის განმეორებითი დასჯა და სასჯელის დაკისრების მუქარა, რაც მიმართულია სინდისისა და აზრის შეცვლისაკენ, ეწინააღმდეგება პაქტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სრულად გაიზიარა სპეციფიკური გარემოებები და ჩილეს მთავრობას კეთილსისნდისიერ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღების რეკომენდაციით მიმართა. ჩილეს ანგარიშთან დაკავშირებით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა: ,,ვაღიარებთ, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა შეიძლება წარმოიშვას ნებისმიერ დროს, მათ შორის მაშინაც, როდესაც ადამიანს უკვე დაწყებული აქვს სამხედრო სამსახური.” გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიამ 1998/77 რეზოლუციაში აღნიშნა: ,,ადამიანს სამხედრო სამსახურის გავლისას შესაძლოა განუვითარდეს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა, ამიტომ მნიშვნელოვანია სამხედრო სამსახურში ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლების თაობაზე, ასევე კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგის სტატუსის მოპოვების საშუალებები არსებობდეს სამხედრო სამსახურში მყოფი პირებისათვის.”
სავალდებულო სამსახურის ტიპი, რაც წარმოშობს კეთილსინდისიერ წინააღმდეგობასსაკონსტიტუციო სასამართლოს წევრმა, ქალბატონმა ქეთევან ერემაძემ 2009 წლის 19 ოქტომბერს წერილი გაუგზავნა საქართველოს სახალხო დამცველს, ბატონ გიორგი ტუღუშს. წერილში დასმულია შემდეგი კითხვები: ,,საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სამხედრო სარეზერვო სამსახური წარმოადგენს თუ არა სამხედრო სამსახურს და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური არის მთლიანად სამხედრო ვალდებულების მოხდის თუ მხოლოდ სამხედრო სამსახურის ალტერნატიავა?” მართალია, სახალხო დამცველის საპასუხო წერილში აღნიშნულია, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ,,რეზერვი“ მოიაზრება ,,სამხედრო სამსახურის“ შემადგენელ ნაწილად. თავის მხრივ, ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით ,,სამხედრო ვალდებულება“ ითვალისწინებს ,,სამხედრო სამსახურს.“ ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პრეამბულაში მითითებულია, რომ: ,,[...]ეს კანონი არეგულირებს [...] სამხედრო ვალდებულების არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით მოხდასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.“ ამგვარად, სარეზერვო სამსახური, როგორც სამხედრო სამსახურის ერთ-ერთი ნაწილი, წარმოადგენს სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას. ალტერნატიული სამსახურით კი უნდა ხდებოდეს როგორც სამხედრო ვალდებულების, ისე სამხედრო სარეზერვო სამსახურის ჩანაცვლება, რაც ასე არ ხდება. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებასთან შესაბამისობის შემოწმებისას, სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართება სამხედრო სამსახურთან და ის გარემოება - ალტერნატიული სამსახური მხოლოდ სავალდებულო სამხედრო სამსახურს უკავშირდება თუ სარეზერვო სამსახურსაც - არ წარმოადგენს გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხებს. ამ დროს მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის გარემოება, რომ ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს კეთილსინდისიერ წინააღმდეგობის უფლება ცალკე აღებული სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიმართაც. ამისათვის უნდა განვსაზღვროთ, თავად სამხედრო სარეზერვო სამსახურის ბუნება. ბენ ვერმიულენი ალტერნატიულ სამსახურს უკავშირებს ყველა იმ პირველად ვალდებულებას (primary obligation), რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებას. იქვე ბენ ვერმიულენი მიუთითებს, რომ პირველადი ვალდებულება იმდენად დიდი მნიშვნელობის უნდა იყოს, რომ მხოლოდ ნამდვილი მოწინააღმდეგეები უნდა თავისუფლდებოდნენ მისგან.[17] სტეფანო როდოტა განასხვავებს იმ სამსახურის სახეებს, რომელთა მიმართაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა შეიძლება წარმოიშვას: ,,კეთილსინდისიერმა წინააღმდეგობამ შესაძლოა თავი იჩინოს სწორედაც იმის გამო, რომ სამსახური სამხედრო ხასიათისაა და ამიტომ დაკავშირებულია ომთან. ამ შემთხვევაში სახეზეა, აბსოლიტური წინააღმდეგობა. უარი, რაც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის მხოლოდ ისეთი ასპექტების განხორციელებასთან, როგორიცაა იარაღის გამოყენება, იწოდება შეფარდებით წინააღმდეგობად.[18] არკოტ კრიშნასვამის განმარტებით, სახელმწიფოები, რომლებიც აღიარებენ სამხედრო სამსახურის მიმართ წინააღმდეგობას, განსხვავდებიან სამხედრო სამსახურის მოხდისგან გამონაკლისის დაშვების ფარგლებით. ზოგიერთი სახელმწიფო გამონაკლისს აწესებს მხოლოდ კომბადანტის მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების ნაწილში, სხვები ასევე ათავისუფლებენ არაკომბადანტის მოვალეობისაგან იმას, ვისი მრწამსიც კრძალავს შეიარაღებულ ძალებში მონაწილეობას.[19] პორტუგალიის კონსტიტუციის 41 მუხლის შესაბამისად: ,,კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება გარანტირებულია და კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეს უფლება აქვს შეასრულოს უიარაღო სამსახური.” ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: სამხედრო ძალების რეზერვი იქმნება მობილიზაციის, საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული მდგომარეობის დროს ან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. ,,სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, აქტიური რეზერვის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა; იმავე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, ეროვნული გვარდიის რეზერვი, რომლის მიზანია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა; იმავე პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური რეზერვი, რომლის ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება. ამგვარად, სარეზერვო სამსახურის მიზანი - მხარი დაუჭიროს სამხედრო ძალებს, შეინარჩუნოს მაღალი საბრძოლო მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ზურგის ოპერაციებში და ჩაენაცვლოს რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს - აშკარად მიუთითებს აღნიშნული სამსახურის სამხედრო და არა სამოქალაქო ხასიათზე. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მიზნების რეალიზაციისათვის მასში ჩართულ პირს მოეთხოვება, შეხება იქონიოს ცეცხლსასროლ იარაღთან, იცოდეს მისი გამოყენება. ნებისმიერი ალტერნატიული სამსახური, რასაც კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე სავალდებულო სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ ითხოვს, შესაბამისობაში უნდა იყოს წინააღმდეგობის მიზანთან.[20] ამასთან დაკავშირებით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისიის 1998/77 რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ალტერნატიული სამსახურის სხვადასხვა ფორმებით, რომლებიც შეესაბამება კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მიზანს, ატარებს არასაბრძოლო, სამოქალაქო ხასიათს, პასუხობს საზოგადოებრივ ინტერესებს და არ უნდა იყოს სადამსჯელო ბუნების.[21] დამატებით სამოქალაქო ალტერნატიული სამსახური, უიარაღო სამსახური უნდა იყოს უზრუნველყოფილი მათთვის, რომელთა წინააღდეგობა იარაღის პერსონალურ ტარებასთან არის დაკავშირებული. [22] სტეფანო როდოტა შემდეგნაირად განმარტავს სამოქალაქო ხასიათის სამსახურს: სამოქალაქო სამსახური ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით ნიშნავს სამსახურს, სადაც არ ატარებენ ფორმას და რომლის გავლაც ხდება არა ჯარში, არამედ სხვა ტიპის ორგანიზაციაში.[23] ამგვარად, სამხედრო სარეზერვო სამსახური აშკარად ატარებს სამხედრო ხასიათს. სამხედრო სარეზერვო სამსახური სულ მინიმუმ დაკავშირებულია სარეზერვო სამსახურს დაქვემდებარებული პირის მიერ იარაღის გამოყენებასთან. ეს უკანასკნელი ასპექტი წარმოადგენს შეფარდებითი წინააღმდეგობის საფუძველს. სარეზერვო სამხედრო სამსახურში იარაღის გამოყენება და სხვა სამხედრო ხასიათის აქტივობა არის ის პირველადი ვალდებულება, რომელმაც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება შეიძლება წარმოშვას. ვინაიდან იარაღის ტარება, ისევე როგორც სამხედრო ცხოვრებისათვის დამახასიათებელი სხვა ასპექტები გარდაუვლად თან სდევს 18 დღის განმავლობაში სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას, გარემოებები, რომლებიც კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის საფუძველია, ისევე არსებობს სარეზერვო სამსახურის გავლისას, როგორც ეს გვხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემთხვევაში. შესაბამისად, ალტერნატიული სამსახური, როგორც იარაღისა და ზოგადად სამხედრო ხასიათის სხვა აქტივობის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლებაზე დაფუძნებული სამხედრო ვალდებულების მოხდის შემცვლელი ფორმა, ისევე მოითხოვება სარეზერვო სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებული პირისათვის, როგორც ეს სავალდებულო სამხედროვალდებული პირის შემთხვევაში ხდება. არ შეიძლება კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგე შემდგომში დაექვემდებაროს დისკრიმინაციულ მოპყრობას ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ მათ არ გაიარეს სამხედრო სამსახური.[24] ეს პრინციპი განსაკუთრებით გათვალისწინებული უნდა იყოს სტუდენტებთან და სხვა იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა სამხედრო ვალდებულების გადავადება ხდება განათლების და სხვა უფლების რეალიზაციის კონტექსტში. ამ კუთხით საინტერესოა ,,კეთილსინდისიერი მოწინააღმდეგის ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ” გერმანიის კანონის მე-11 პარაგრაფის პირველი პუნქტის მე-3 ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის მოხდა გადაუვადდებათ გაწვევას დაქვემდებარებულ აღიარებულ კეთილსინდისიერ მოწინააღმდეგეებს, თუკი ამგვარი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური გამოიწვევს ა) სასკოლო კვალიფიკაციის მიღებამდე სწავლის შეწყვეტას; ბ)გამოიწვევს საუნივერსიტეტო ან უნივერსიტეტში არჩეული მეცნიერების სწავლის შეწყვეტას თუ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის დაწყება ემთხვევა სასწავლო კურსის მესამე სემესტრს ან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის გავლა იწვევს სხვა ისეთი სასწავლო სეგმენტის შეწყვეტას, რომლის მესამედი სტუდენტს უკვე დამთავრებული აქვს. გ)იწვევს უკვე დაწყებული პროფესიული განათლების კურსის შეწყვეტას ან გამოიწვევს იმგვარი პროფესიული განათლების კურსის შეწყვეტას, რომლის გავლის სამართლებრივად სავალდებულო პირობა კეთილსინდისერმა მოწინააღმდეგემ დადო ან ამგვარი ვალდებულება მან ხელშეკრულებით იკისრა.[25]
თხოვნა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-141 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გთხოვთ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი გამოიძახოთ სასამართლო სხდომაზე. ,,სასამართლოს მეგობარი” თამარ ხიდაშელი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე [1] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p. 98 [2] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p.81 [3] იხ ზემოთ [4] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p. 139 [5] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p.101 [6] http://www.venice.coe.int/docs/2004/CDL-AD(2004)028-e.asp#_Toc73845744 There are many circumstances where individuals and groups, as a matter of conscience, find it difficult or morally objectionable to comply with laws of general applicability. Some people have religious objections to eating certain types of food and others insist on wearing particular clothing. For some, military service violates deeply held religious beliefs. Certain days of the week, and certain days on the calendar, have a vital religious significance that requires rituals be performed or that work must not be undertaken. Most modern democracies accommodate such practices for popular majorities, and many are respectful towards minority beliefs. The laws governing possible exemption from laws of general applicability are in two basic forms. The first are in the form of general constitutional provisions or human rights instruments that defend generally rights of religion and belief and imply that exemptions should be provided when matters of conscience are implicated. The second form is much more specific and provides exemptions for particular actions, such as a statutory provision that exempts conscientious objectors from military service (usually with a requirement to perform alternative service). It is important that laws affecting religion and belief be drafted in a way that is cognizant of the general guiding principles of constitutional norms and human rights standards, and that specific statutory exemptions be drafted and applied in a way that is fair to those with conscientious objections but without unduly burdening those who do not have such objections. Of the many issues that are likely to raise questions about exemptions from laws of general applicability, some of the most frequent are: - Conscientious objection to military service. Although there is no controlling international standard on this issue, the clear trend in most democratic States is to allow those with serious moral or religious objections to military service to perform alternative (non-military) service. In any case, State laws should not be unduly punitive for those who cannot serve in the military for reasons of conscience [8]http://209.85.129.132/search?q=cache:vB0pmfYpjOoJ:www2.ohchr.org/english/bodies/hrc/docs88/ukraine_co.doc+human+rights+committee,+concluding+observation+on+the+Ukraine,+November+2006&cd=1&hl=ka&ct=clnk&gl=ge 12. While the State party has announced plans to convert its armed forces to an all-volunteer basis, the right to conscientious objection against mandatory military service should be fully respected. The State party should extend the right of conscientious objection against mandatory military service to persons who hold non-religious beliefs grounded in conscience, as well as beliefs grounded in all religions. [9] http://www1.umn.edu/humanrts/gencomm/hrcom22.htm Article 18 protects theistic, non-theistic and atheistic beliefs, as well as the right not to profess any religion or belief. The terms "belief" and "religion" are to be broadly construed. [10] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p. 78 [14]http://www.unhchr.ch/tbs/doc.nsf/(Symbol)/26a8e9722d0cdadac1257279004c1b4e?Opendocument It follows that the article 8 of the Covenant itself neither recognizes nor excludes a right of conscientious objection. Thus, the present claim is to be assessed solely in the light of article 18 of the Covenant, the understanding of which evolves as that of any other guarantee of the Covenant over time in view of its text and purpose. The Committee notes that under the laws of the State party there is no procedure for recognition of conscientious objections against military service. The State party argues that this restriction is necessary for public safety, in order to maintain its national defensive capacities and to preserve social cohesion. The Committee takes note of the State party's argument on the particular context of its national security, as well as of its intention to act on the national action plan for conscientious objection devised by the National Human Rights Commission (see paragraph 6.5, supra). The Committee also notes, in relation to relevant State practice, that an increasing number of those States parties to the Covenant which have retained compulsory military service have introduced alternatives to compulsory military service, and considers that the State party has failed to show what special disadvantage would be involved for it if the rights of the authors' under article 18 would be fully respected. As to the issue of social cohesion and equitability, the Committee considers that respect on the part of the State for conscientious beliefs and manifestations thereof is itself an important factor in ensuring cohesive and stable pluralism in society. It likewise observes that it is in principle possible, and in practice common, to conceive alternatives to compulsory military service that do not erode the basis of the principle of universal conscription but render equivalent social good and make equivalent demands on the individual, eliminating unfair disparities between those engaged in compulsory military service and those in alternative service. The Committee, therefore, considers that the State party has not demonstrated that in the present case the restriction in question is necessary, within the meaning of article 18, paragraph 3, of the Covenant.” [15] http://www1.umn.edu/humanrts/gencomm/hrcom22.htm 11. Many individuals have claimed the right to refuse to perform military service (conscientious objection) on the basis that such right derives from their freedoms under article 18. In response to such claims, a growing number of States have in their laws exempted from compulsory military service citizens who genuinely hold religious or other beliefs that forbid the performance of military service and replaced it with alternative national service. The Covenant does not explicitly refer to a right to conscientious objection, but the Committee believes that such a right can be derived from article 18, inasmuch as the obligation to use lethal force may seriously conflict with the freedom of conscience and the right to manifest one's religion or belief. When this right is recognized by law or practice, there shall be no differentiation among conscientious objectors on the basis of the nature of their particular beliefs; likewise, there shall be no discrimination against conscientious objectors because they have failed to perform military service. The Committee invites States parties to report on the conditions under which persons can be exempted from military service on the basis of their rights under article 18 and on the nature and length of alternative national service. [16] RACHEL BRETT International Standards on Conscientious Objection to Military Service Human Rights and Refugee Publications QUAKERS UNITED NATIONS OFFICE November 2008 page 3 http://www.quno.org/geneva/pdf/humanrights/CO/COintlStds200811-English.pdf [17] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p 87 [18] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p 95 [20] RACHEL BRETT International Standards on Conscientious Objection to Military Service Human Rights and Refugee Publications QUAKERS UNITED NATIONS OFFICE November 2008 page 6 [22] RACHEL BRETT International Standards on Conscientious Objection to Military Service Human Rights and Refugee Publications QUAKERS UNITED NATIONS OFFICE November 2008 page 6 [23] Freedom of Conscience proceedings Seminar organized by the Secretariat General of the Council of Europe in co-operation with the F.M. van Asbeck Center for Human Rights Studies of the University of Leiden, Leiden (Netherlands) 12-14 November 1992 p 105 |