საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | №1/3/509 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ქეთევან ერემაძე, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე–2 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ და მე–2 პუნქტებთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მე–2 წინადადებასთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №509) მიმართა საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2011 წლის 26 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 23 ოქტომბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე–2 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის პირველ და მე–2 პუნქტებთან და 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მე–2 წინადადებასთან მიმართებით.
4. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლი კანონში მოხსენიებულ ტერმინთა განმარტებას ახდენს. სადავო „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს მოსარგებლის ცნებას, რომლის მიხედვითაც, მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან ადმინისტრაციული აქტით. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი აწესრიგებს მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის ურთიერთობებს, რომლის მიხედვით, თუ მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება საცხოვრებელი სადგომის ნასყიდობაზე (სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე), მესაკუთრეს უფლება აქვს, მოსარგებლეს მოსთხოვოს საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის შეწყვეტა, მხოლოდ მოსარგებლისთვის (ან თავდაპირველი მოსარგებლის უფლებამონაცვლისთვის) დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 90%-ის გადახდის შემთხვევაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, თუ მესაკუთრე უარს აცხადებს მოსარგებლისთვის კომპენსაციის გადახდაზე, ამ შემთხვევაში მოსარგებლეს აქვს უფლება, მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ანაზღაურების (დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 10%) სანაცვლოდ დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 2009 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბინა შეიძინა მოქალაქე მარინე ჩხეტიანისგან, რომელსაც, თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონება 2005 წლის მარტში ნასყიდობით გადასცა ქეთევან გოგრიჭიანმა. 2010 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გიორგი აგურაშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ ის სოფიო ებრალიძის საკუთრებაში არსებული ბინით მოსარგებლეა, ვინაიდან 1995 წელს უძრავი ნივთის თავდაპირველ მესაკუთრე - ქეთევან გოგრიჭიანთან, ფორმადაუცველი გარიგებით, გარკვეულ თანხად შეიძინა აღნიშნული უძრავი ნივთი. გიორგი აგურაშვილი ითხოვდა მოსარგებლედ მიჩნევასა და, შესაბამისად, მის მიერ დაკავებული უძრავი ნივთის ღირებულების 10% - ის სოფიო ებრალიძისათვის გადახდის სანაცვლოდ ამ ნივთის მესაკუთრედ ცნობას. საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი აგურაშვილის სარჩელი და მისი გადაწყვეტილებით, სოფიო ებრალიძე ცნობილი იქნა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილედ, კერძოდ – „მესაკუთრედ“ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების მის მიმართ გამოყენებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან საქალაქო სასამართლომ სადავო ნორმებზე დაყრდნობით, „მესაკუთრედ“ მიიჩნია არა მხოლოდ ის პირები, რომლებსაც კანონის მიღების დროისთვის ფორმადაუცველი გარიგება ჰქონდათ დადებული ე.წ. „მოსარგებლეებთან“, არამედ ისინიც, ვინც ამ უკანასკნელთაგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი. შესაბამისად, სასამართლომ ასეთ პირებთან გაათანაბრა მარინე ჩხეტიანი და მასთან ერთად სოფიო ებრალიძეც. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მან 2009 წელს, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, მარინე ჩხეტიანისგან უფლებრივად უნაკლო ნივთი შეიძინა, სადავო ნორმები კი მას აკისრებს ვალდებულებას, ნივთის ღირებულების 90% გადაუხადოს ე.წ. „მოსარგებლეს,“ რაც საკუთრების უფლებაში უხეში ჩარევაა. მართალია, მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა, ზოგადად, დასაშვებად მიაჩნია, ვინაიდან საკუთრებას სოციალური ხასიათი გააჩნია, თუმცა, მისი აზრით, სადავო ნორმა მძიმე ტვირთად აწვება ერთ მხარეს და ის ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის პრინციპს. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მისი საკუთრების უფლება.
7. მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე–2 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით. მისი აზრით, 2005 წლის მარტში ჩხეტიანის მიერ უძრავი ქონების შეძენისას არ არსებობდა მესაკუთრისთვის მოსარგებლის მიმართ კანონით გათვალიწინებული ვალდებულება. სადავო კანონით ახლებურად მოწესრიგდა მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის არსებული ურთიერთობები და მესაკუთრეს გარკვეული ვალდებულებები დაეკისრა. საქალაქო სასამართლოს მიერ 2005 წლის 2 ივლისის კანონის მოთხოვნათა გავრცელება 2005 წლის მარტში წარმოშობილ ურთიერთობაზე, კანონის ნამდვილი უკუძალაა და ლახავს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და განსაზღვრულობის პრინციპს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესის მის მიმართ გავრცელება გულისხმობს სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას კანონის უკუძალით, რაც აკრძალულია საქართველოს კონსტიტუციით.
8. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე ითხოვს სადავო აქტის შეჩერებას.
9. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ასევე იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. `საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “კონსტიტუციური სარჩელი ... დასაბუთებული უნდა იყოს. კონსტიტუციურ სარჩელში ... აუცილებლად უნდა იყოს მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლებიც ... ადასტურებენ სარჩელის…... საფუძვლიანობას”. ანალოგიური მოთხოვნა მეორდება `საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის `ე~ ქვეპუნქტში და გულისხმობს, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი მტკიცებულებები უნდა იყოს საგნობრივი ხასიათის და მიანიშნებდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე.
2. კანონმდებლობის ამ მოთხოვნებს არ პასუხობს და, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
3. “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების რეგულირების საგანს წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის თაობაზე დადებული ფორმადაუცველი გარიგების მხარეებს (მესაკუთრესა და მოსარგებლეს) შორის ურთიერთობის წესის დადგენა და საცხოვრებელ სადგომთან დაკავშირებით, მათი მოთხოვნების საპირწონედ, კონკრეტული ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრება. შესაბამისად, ამ ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა გულისხმობს, ერთი მხრივ, მოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის სადავო ნორმით დადგენილი ურთიერთობის წესის და, მეორე მხრივ, საცხოვრებელი სადგომის დათმობის სანაცვლოდ მისი საბაზრო ღირებულების კონკრეტული პროცენტის (თანხის ოდენობის) კონსტიტუციურობის შეფასებას. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის არცერთი მტკიცებულება მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი ასეთი რეგულაციების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
4. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელის მთავარ პრობლემას წარმოადგენს შემდეგი გარემოება – მიუხედავად იმისა, რომ, მოსარჩელის აზრით, ის არ არის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების მონაწილე, საერთო სასამართლოების მიერ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის სადავო ნორმების განმარტების შედეგად და მათ საფუძველზე, ის მიჩნეულ იქნა ფორმადაუცველი ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარედ, კერძოდ, მესაკუთრედ, ვინაიდან “მესაკუთრის” ცნებაში გაერთიანდნენ არა მხოლოდ ფორმადაუცველი გარიგების დადებისას მესაკუთრედ მყოფი პირები, არამედ ის პირებიც, რომლებმაც უძრავი ქონება შეიძინეს ამ უკანასკნელთაგან იმ პერიოდში, როდესაც ნივთზე არავითარი უფლება არ გააჩნდა ე.წ. “მოსარგებლეს”. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მან მის მიერ ერთხელ უკვე შეძენილ საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების შენარჩუნებისათვის, განმეორებით უნდა გადაიხადოს ამ ნივთის ღირებულების 90 პროცენტი. იმავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელისთვის მიუღებელია არა თავისთავად 90 პროცენტი, ასეთი ოდენობის უსამართლობის გამო, არამედ ის, რომ მას ეკისრება ასეთი ტვირთი, მაშინ, როდესაც საერთოდ არ უნდა უწევდეს თავის საცხოვრებელ სახლში დამატებით თანხის (მისი ოდენობისგან დამოუკიდებლად) გადახდა საკუთრების უფლების შესანარჩუნებალად.
5. მაშასადამე, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები და მტკიცებულებები უკავშირდება, სადავო ნორმებზე დაყრდნობით, მოსარჩელის მიჩნევას “მესაკუთრედ”. Mმოსარგებლესა და მესაკუთრეს შორის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესი კი მისთვის ამ სტატუსის მინიჭებიდან გამომდინარე ვალდებულებაა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაში, მოსარჩელესთან შემხებლობას, იმავდროულად, მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიც დაკარგავს. აღნიშნული ნორმებით დადგენილი რეგულაცია კი ამ კანონით განსაზღვრულ მხარეებს შორის ურთიერთობების მომწესრიგებელ წესად დარჩება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი ამ ნაწილში არ შეიცავს იმ დასაბუთებას, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით აუცილებელია მისი არსებითად განსახილველად მიღებისათვის. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება თუ ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
7. უსაფუძვლოა ასევე მოსარჩელის მოთხოვნა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მე–2 წინადადებასთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელემ ბინა ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა 2009 წელს. ამ დროისთვის სადავო ნორმა მოქმედი რედაქციით უკვე არსებობდა – სადავო ნორმა ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 2005 წლის 30 ივნისს (ძალაში შევიდა 2005 წლის 2 ივლისს). მაშასადამე, მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულება დადო სადავო ნორმის არსებობის პირობებში, რის გამოც, შეუძლებელია საუბარი ამ კანონის მის მიმართ უკუძალით გამოყენებაზე. შესაბამისად, ის ამ ნაწილში ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვაზე უფლებამოსილი სუბიექტი – კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან ჩანს, რომ სადავო ნორმით ვერ მოხდებოდა საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის მე–5 პუნქტის მე–2 წინადადებით გათვალისწინებული მოსარჩელის უფლების სავარაუდო დარღვევა და მითუმეტეს ის ვერც მომავალში გამოიწვევს ამ უფლების სავარაუდო დარღვევის უშუალო რისკებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, მოსარჩელეს ევალება ამ გარემოებებზე მითითება, ვინაიდან მხოლოდ ასეთი გარემოებების არსებობა ანიჭებს პირებს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დარღვევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის უფლებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – კონსტიტუციური სარჩელი არ არის შეტანილი უფლებამოსილი პირის მიერ.
8. N509 კონსტიტუციური სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
9. სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ უნდა შეაფასოს ნორმის შეჩერებით გამოწვეული სხვათა უფლებების დარღვევის საფრთხეც. მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ სადავო ნორმა ეხება უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ურთიერთობის მონაწილეთა იდენტურ ინტერესებს, ამასთან საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გამორიცხავს სადავო ნორმის შეჩერებით სხვათა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის სოფიო ებრალიძის კონსტიტუციური სარჩელი #509 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით;
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის სოფიო ებრალიძის კონსტიტუციური სარჩელი N509 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად საქართველოს მოქალაქის სოფიო ებრალიძის კონსტიტუციური სარჩელი N509 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით;
4. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
5. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
6. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
7. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. მაია კოპალეიშვილი