საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/509 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 14 დეკემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის “ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის N509) მიმართა საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძემ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2011 წლის 26 იანვარს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 23 ოქტომბერს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2012 წლის 7 ნოემბერის N1/3/509 საოქმო ჩანაწერით N509 კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართლწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით.
4. „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლი კანონში მოხსენიებულ ტერმინთან განმარტებას ახდენს. სადავო „ა“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს მოსარგებლის ცნებას, რომლის მიხედვითაც, მოსარგებლედ მიიჩნევა პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის კეთილსინდისიერად, ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან მფლობელობის უფლება მიღებული აქვს საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, ან ადმინისტრაციული აქტით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ 2009 წელს, ნასყიდობის ხელშეკრულებით, ბინა შეიძინა მოქალაქე მარინე ჩხეტიანისგან, რომელსაც, თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონება 2005 წლის მარტში ნასყიდობით გადასცა ქეთევან გოგრიჭიანმა. 2010 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გიორგი აგურაშვილმა, რომელიც აცხადებდა, რომ ის სოფიო ებრალიძის საკუთრებაში არსებული ბინით მოსარგებლეა, ვინაიდან 1995 წელს უძრავი ნივთის თავდაპირველ მესაკუთრე - ქეთევან გოგრიჭიანთან, ფორმადაუცვლელი გარიგებით, გარკვეული თანხად შეიძინა აღნიშნული უძრავი ნივთი. გიორგი აგურაშვილი ითხოვდა მოსარგებლედ მიჩნევასა და, შესაბამისად, მის მიერ დაკავებული უძრავი ნივთის ღირებულების
10%-ის სოფიო ებრალიძისათვის გადახდის სანაცვლად ამ ნივთის მესაკუთრედ ცნობას. საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა გიორგი აგურაშვილის სარჩელი და მისი გადაწყვეტილებით, სოფიო ებრალიძე ცნობილი იქნა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობის მონაწილედ, კერძოდ - „მესაკუთრედ“ „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის.
6. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის მის მიმართ გამოყენებით დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მისი საკუთრების უფლება, ვინაიდან საქალაქო სასამართლომ სადავო ნარმაზე დაყრდნობით, „მესაკუთრედ“ მიიჩნია არა მხოლოდ ის პირები, რომლებსაც კანონის მიღების დროისთვის ფორმადაუცვლელი გარიგება ჰქონდა დადებული ე.წ. „მოსარგებლეებთან“, არამედ ისინიც, ვინც ამ უკანასკნელთაგან შეიძინა საცხოვრებელი სადგომი. შესაბამისად, სასამართლომ ასეთ პირებთან გაათანაბრა მარინე ჩხეტიანი და მასთნა ერთად სოფიო ებრალიძეც. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მან 2009 წელს, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, მარინე ჩხეტიანისგან უფლებრივად უნაკლო ნივთი შეიძინა. სადავო ნორმაზე დაყრდნობით მისი „მესაკუთრედ მიჩნევა კი მას აკისრებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ნივთის ღირებულების 90% გადაუხადოს ე.წ. „მოსარგებლეს“, რაც საკუთრების უფლებაში უხეში ჩარევაა. მართალია, მოსარჩელეს საკუთრების უფლებაში ჩარევა, ზოგადად, დასაშვებად მიაჩნია, ვინაიდან საკუთრების სოციალური ხასიათი გააჩნია, თუმცა, მისი აზრით, სადავო ნორმა მძიმე ტვირთად აწვება ერთ მხარეს და ის ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის პრინციპს. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე ირღვევა კონსტიტუციით გარანტირებული მისი საკუთრების უფლება.
7. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ასევე იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. 2012 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით (რეგისტრაციის N01/17-27) მომართა მოსარჩელე სოფიო ებრალიძის წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ. განცხადებაში მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სარგებლობს რა საქართველოს კანონმდებლობითა და მოსარჩელის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით, უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. იმავდროულად, მოსარჩელის უარი სასარჩელო მოთხოვნაზე, იწვევს „საკონსტიტუციო სამართალწაროების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შედეგს, საქმის შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ადგენს:
1. შეწყდეს საქმე კონსტიტუციურ სარჩელზე N509 (საქართველოს მოქალაქე სოფიო ებრალიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი