საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/596 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 14 მაისი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე,
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 პუნქტისა („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 28 ივნისის №3167 საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული რედაქცია) და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიმართ.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №596) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძემ. კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 3 ივნისს.
2. №596 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; მე-10 მუხლის პირველი პუნქტი; მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის №4827-Iს კანონის პირველი მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებულ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას. აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო განსაკუთრებულ შემთხვევაში უფლებამოსილია, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, შეაჩეროს აღსრულება ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით. ასევე, სადავოდ არის გამხდარი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 37-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა. აღნიშნული ნორმა ადგენს, რომ იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება. მოსარჩელე მხარისათვის სადავო/პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ამ ნორმის ის სიტყვები, რომელთა ძალითაც, დასახელებული ქმედებების განხორციელება დაიშვება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან განსაკუთრებული ვითარების გამო, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმას წარმოადგენს ასევე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის №3167 საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი. ეს უკანასკნელი ადგენს, რომ აღმასრულებელი, მის მიერ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებამდე ან ყადაღის დადების შემდეგ, ქონებაზე აღსრულებას აჩერებს, თუკი ამავე ქონებას სასამართლომ ყადაღა დაადო სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურორის წერილობითი თანხმობის მიღებამდე.
5. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია სასამართლო აქტების სავალდებულოობის პრინციპი ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ხოლო, რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტს, ის განსაზღვრავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 12 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულ იქნა მორიგების აქტი მოსარჩელე ნათია ყიფშიძეს, მოპასუხე გიორგი გურგენიძესა და ამხანაგობა „ღრმაღელეს“ შორის. 2011 წლის 14 მარტს, ხსენებულ მორიგებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, ნათია ყიფშიძემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2011 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა ამხანაგობა „ღრმაღელის“ განცხადება მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ და მისი აღსრულება გადაავადა 2012 წლის 5 აპრილამდე. ამასთან, 2013 წლის 21 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს №1147 ბრძანებით, შეჩერდა სააღსრულებო საქმის წარმოება ორი თვის ვადით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ამ ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში სააღსრულებო წარმოება კვლავ შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, რასაც საფუძვლად დაედო დასახელებული კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რის შედეგადაც, მოსარჩელის თქმით, მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლება სამართლიან სასამართლოზე არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულ სამართლებრივ დაცვას. მისი აზრით, კონსტიტუციის დასახელებული დებულებით სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მოიცავს სასამართლოს მიერ საქმის სამართლიან განხილვას, კონკრეტული საკითხის გონივრულ ვადაში გადაწყვეტასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას.
8. მოსარჩელე მხარის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია, რომლის სამართლებრივი შედეგები თვით საქართველოს კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტი სასამართლოს აქტების სავალდებულო ხასიათს ადგენს, ხოლო 84-ე მუხლის მე-5 პუნქტით განისაზღვრება, რომ მათი შეცვლა, გაუქმება ან შეჩერება თავად სასამართლოსვე აქტით არის შესაძლებელი. ეს ყოველივე, მოსარჩელის აზრით, მკაფიოდ გამოხატავს კანონმდებლის ნებას, დაიცვას ადამიანი სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის რისკისაგან და შექმნას მოთხოვნის რეალურად დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტია.
9. №596 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოს აქტების სავალდებულოობის პრინციპმა ასახვა პოვა ასევე საკანონმდებლო აქტებში, კერძოდ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლებში, რომელთა თანახმადაც, სასამართლოს აქტები სავალდებულოა შესასრულებლად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, აგრეთვე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპი დღის წესრიგში მისი აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს აყენებს, რაც ამაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სააღსრულებო ბიუროს კომპეტენცია ხდება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ვალდებულების სუბიექტი უარს იტყვის გადაწყვეტილების ნებით შესრულებაზე. სწორედ სააღსრულებო ბიურო უზრუნველყოფს მათ იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
11. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელს შორის არსობრივ სხვაობას და აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობაში სააღსრულებო ფურცელი არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის მხოლოდ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნის ან დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფაქტს. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ სამართლებრივ გარემოებაზე, რომ სასამართლოს აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას არ იძენს სააღსრულებო ფურცლის გაცემის ან აღმასრულებლის მხრიდან რაიმე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შემდეგ. მოსარჩელის მითითებით, ამგვარი ლოგიკა სასამართლოს აქტს პრეიუდიციულად აქცევს სააღსრულებო ფურცლის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება როგორც სასამართლოს აქტების სავალდებულოობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპს, ისე თვით სააღსრულებლო ფურცლის დანიშნულებას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს არა სასამართლოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, არამედ მხოლოდ ამონაწერს ამგვარი აქტიდან. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოს აქტის აღსრულება არ შეიძლება სააღსრულებო ფურცლის გამოცემას ან აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ რაიმე ქმედებას უკავშირდებოდეს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 პუნქტი („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ 28.06.2010 წლის №3167 საქართველოს კანონის რედაქცია) და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტს და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
13. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, ის აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით მისთვის დადგენილ მოთხოვნებს. კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან ერთად, მოსარჩელე ვალდებულია, მიუთითოს იმ მოქმედ ნორმატიულ აქტზე, რომლითაც ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მისი უფლებები და თავისუფლებები.
2. საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლო პირის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით“, ხოლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის მიხედვით, შესაბამის სუბიექტებს კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ კონსტიტუციური სარჩელი უნდა ეხებოდეს მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 12 მარტის N2/124/3, 2005 წლის 11 ოქტომბრის N1/17/345 და 2008 წლის 4 აპრილის N1/1/426, 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინებები). შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს მოქმედი ნორმატიული აქტის ის შინაარსი, რომელიც მისი უფლების დარღვევას იწვევს, ვინაიდან ნორმატიული აქტი, რომელიც აღარ მოქმედებს, ვერ შეფასდება როგორც ადამიანის უფლების შემზღუდველი ნორმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 13 ივნისის განჩინება N1/1/521 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
3. N596 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 28 ივნისის N3167 საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ნორმის სადავოდ გამხდარი რედაქცია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის N3884-IIს კანონით ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. აღნიშნულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტისათვის (2014 წლის 2 ივნისი) სადავო ნორმა (სარჩელში მითითებული რედაქციით) უკვე აღარ მოქმედებდა.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან N596 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ სადავოდ მითითებულია ძალადაკარგული ნორმა, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მისი კონსტიტუციურობის თაობაზე. შესაბამისად, სახეზეა ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი და კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიმართ, არ უნდა იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად.
5. საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვნია გაირკვეს, რამდენად აკმაყოფილებს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
6. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, მას უფლება აქვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს (ისევე როგორც ამავე ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ უფლება, მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დააფიქსირა, რომ აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საჭიროა, მოსარჩელე მოითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ნორმებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინება N1/3/480 საქმეზე „პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება N2/5/492 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება N1/5/517 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება N1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტს და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლები არა საქართველოს კონსტიტუციის მეორე, არამედ კონსტიტუციის მეხუთე თავშია მოცემული. შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის გასაჩივრებული სიტყვების არაკონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
8. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ N596 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის; 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლი პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5, მე-7 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-2 პუნქტის „ე“, „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად N596 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე - ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N596 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე - ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 28 ივნისის №3167 საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტით განსაზღვრული რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად N596 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე - ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და 84-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებით.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი