საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/2/596 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 30 სექტემბერი 2016 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მერაბ ტურავა - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ნათია ყიფშიძე და მისი წარმომადგენელი ვახტანგ ცხომელიძე; მოპასუხის - საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია. სპეციალისტი - აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტი ეკატერინე ახალკაცი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 2 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №596) მიმართა საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2014 წლის 3 ივნისს.
2. №596 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 დეკემბერს. 2015 წლის 14 მაისის № 1/4/596 საოქმო ჩანაწერით, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო №596 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების - „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომა გაიმართა 2015 წლის 3 დეკემბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი; 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი; მე-10 მუხლის პირველი პუნქტი და მე-16 მუხლის პირველი პუნქტი.
4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, აღსრულება შეაჩეროს “განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით“, ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია აუქციონის შეწყვეტა, შეჩერება, გადადება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება. მოსარჩელე მხარისათვის სადავო/პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ამ ნორმის ის სიტყვები, რომელთა ძალითაც დასახელებული ქმედებების განხორციელება დაიშვება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ან განსაკუთრებული ვითარების გამო, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
5. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომელიც სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლებას განამტკიცებს.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 12 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დამტკიცდა მორიგების აქტი მოსარჩელე ნათია ყიფშიძეს, მოპასუხე გიორგი გურგენიძესა და ამხანაგობა „ღრმაღელეს“ შორის. 2011 წლის 14 მარტს, ხსენებულ მორიგებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, ნათია ყიფშიძემ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2011 წლის 20 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განიხილა და დააკმაყოფილა ამხანაგობა „ღრმაღელის“ მორიგების დამტკიცების განცხადება განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ და მისი აღსრულება გადაავადა 2012 წლის 5 აპრილამდე. ამასთან, 2013 წლის 21 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს №1147 ბრძანებით, შეჩერდა სააღსრულებო საქმისწარმოება ორი თვის ვადით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო ამ ვადის გასვლიდან რამდენიმე დღეში სააღსრულებო წარმოება კვლავ შეჩერდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით, რასაც საფუძვლად დაედო დასახელებული კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი, მოსარჩელის თქმით, მის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
7. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლება სამართლიან სასამართლოზე არ გულისხმობს მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობას, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის სრულ სამართლებრივ დაცვას. მისი აზრით, კონსტიტუციის დასახელებული დებულებით, სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს სასამართლო ხელისუფლების კომპეტენციის იმგვარად განსაზღვრა, რომელიც პასუხობს სასამართლოს გზით კონსტიტუციური უფლებების ადეკვატურ დაცვას. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მოიცავს სასამართლოს მიერ საქმის სამართლიან განხილვას, კონკრეტული საკითხის გონივრულ ვადაში გადაწყვეტასა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას.
8. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულოობის პრინციპი დღის წესრიგში მისი აღსრულების უზრუნველყოფის საკითხს აყენებს, რაც ამაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, კერძოდ, სააღსრულებო ბიუროს კომპეტენცია ხდება მას შემდეგ, რაც შესაბამისი ვალდებულების სუბიექტი უარს იტყვის გადაწყვეტილების ნებით შესრულებაზე. სწორედ სააღსრულებო ბიურო უზრუნველყოფს მათ იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
9. მოსარჩელე მხარე ხაზს უსვამს სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელს შორის არსობრივ სხვაობას და აღნიშნავს, რომ სამართალურთიერთობაში სააღსრულებო ფურცელი არ ცვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ის მხოლოდ ადასტურებს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში ყოფნის ან დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ფაქტს. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ სამართლებრივ გარემოებაზე, რომ სასამართლოს აქტი შესასრულებლად სავალდებულო ძალას არ იძენს სააღსრულებო ფურცლის გაცემის ან აღმასრულებლის მხრიდან რაიმე სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შემდეგ. მოსარჩელის მითითებით, ამგვარი ლოგიკა სასამართლოს აქტს პრეიუდიციულად აქცევს სააღსრულებო ფურცლის მიმართ, რაც ეწინააღმდეგება როგორც სასამართლოს აქტების სავალდებულოობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპს, ისე თვით სააღსრულებლო ფურცლის დანიშნულებას. ეს უკანასკნელი წარმოადგენს არა სასამართლოს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, არამედ მხოლოდ ამონაწერს ამგვარი აქტიდან. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სასამართლოს აქტის აღსრულება არ შეიძლება სააღსრულებო ფურცლის გამოცემას ან აღმასრულებლის მიერ განხორციელებულ რაიმე ქმედებას უკავშირდებოდეს.
10. №596 საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ სააღსრულებო წარმოების შეჩერება წარმოადგენს გადაწყვეტილების შეჩერების ნაირსახეობას, სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების უფლებამოსილება კი, მხოლოდ თავად სასამართლოს უნდა ჰქონდეს. შესაბამისად, დაუშვებელია, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს უფლება, შეაჩეროს სასამართლოს მიერ მიღებული აქტის მოქმედება.
11. მოსარჩელე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, დამატებით იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
12. მოპასუხე მხარემ ხაზი გაუსვა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის თანაზომიერების პრინციპის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააღსრულებო სამართალში, რომელიც შემხებლობაშია ისეთ ძირითად უფლებებთან, როგორებიცაა: საკუთრება, თავისუფლება, საცხოვრებლისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელშეუვალობა და სხვა, აუცილებელია ბალანსის დადგენა წარმოების მონაწილეთა დაცულ პოზიციებს შორის. აღნიშნულის მიღწევა კი შესაძლებელია, მხოლოდ რეალური ნეიტრალურობის გზით. შესაბამისად, სადავო ნორმებით ხდება აღსრულების შეჩერება განსაკუთრებულ შემთხვევებში აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, სწორედ მითითებული ბალანსის დაცვის მიზნით.
13. მოპასუხის განცხადებით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, რა თქმა უნდა, მოიცავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს ადმინისტრაციული უწყებების მიერ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულებას. თუმცა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება შეიზღუდოს.
14. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მტკიცებით, სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, სადავო ნორმებით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა თუ განსაკუთრებული ვითარების, რომლებიც იდენტური შინაარსის მქონე ცნებებია, კანონში ამომწურავად გაწერა. სადავო ნორმებით, აღსრულების ეროვნული ბიურო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს განსაკუთრებული შემთხვევის არსებობას, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად შესაძლო საფრთხეს და სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს იმ ვადას, რა ვადითაც უნდა შეჩერდეს აღსრულება.
15. მოპასუხე მხარემ ასევე განაცხადა, რომ აღსრულების შეჩერება კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს გადაწყვეტილების კანონიერებას და არ წარმოადგენს აღუსრულებლობის წინა პირობას. შეჩერება არის დროებითი ღონისძიება, რომელიც უნდა გაუქმდეს იმ განსაკუთრებული შემთხვევის ამოწურვისთანავე, რის გამოც შეჩერდა აღსრულება.
16. მოპასუხის მოსაზრებით, აღსრულების შეჩერება გამიზნულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გადაწყვეტილების დაუყოვნებელმა აღსრულებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვათა უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა ან საფრთხის ქვეშ დააყენოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. ორივე მითითებული მიზანი წარმოადგენს სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შეზღუდვის გამოსადეგ მიზანს. ამასთან, ის გარანტიები, რაც ჩადებულია კანონმდებლობაში სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვის საპირისპიროდ, როგორიცაა სასამართლოს მიერ შემოწმებადი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის დისკრეციული უფლებამოსილება, წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველ პუნქტს და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქმეზე სპეციალისტად მოწვეული აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის იურისტის განმარტებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განსაზღვრავს, თუ რა ვადით იქნება გონივრული აღსრულების შეჩერება. იმისთვის, რომ აღსრულების შეჩერება განუსაზღვრელი ვადით არ მოხდეს, პირს გააჩნია ეფექტური სამართლებრივი ბერკეტი ადმინისტრაციული სამართალწარმოების სახით. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ექვემდებარება სასამართლოს მიერ შემოწმებას გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. აღნიშნული გამომდინარეობს არა სადავო ნორმებიდან, არამედ - დისკრეციული უფლებამოსილების განმარტებიდან, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლები. აღნიშნული მუხლები კი, სადავო ნორმებთან ერთად, არის ის, რის საფუძველზეც საერთო სასამართლოს აქვს მკაფიო კრიტერიუმები, რაზე დაყრდნობითაც მას შეუძლია შეაფასოს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანების კანონიერება, რაც არაერთხელ მომხდარა პრაქტიკაში.
19. სპეციალისტის მტკიცებით, იმ შემთხვევაში, როდესაც აღსრულების წარმოება შეჩერებულია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, გარკვეული ვადის გასვლის შემდგომ, გადაამოწმოს, ხომ არ შეიცვალა ის გარემოება, რის გამოც შეჩერდა წარმოება. თუკი გარემოება შეცვლილია და დაბრკოლება აღმოფხვრილი, ძალდაკარგულად ცხადდება თავმჯდომარის გადაწყვეტილება და, შესაბამისად, გრძელდება აღსრულების პროცედურა. ხოლო, რაც შეეხება ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პროკურატურის მომართვას, აღსრულების ეროვნული ბიურო არც ვალდებულია და არც უფლებამოსილი, შეამოწმოს სისხლის სამართლის კონკრეტული საქმის დეტალები.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველი დავის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ" ქვეპუნქტით და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვებით: „…გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე" დადგენილი რეგულაცია ეწინააღმდეგება თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლება ორგანულ კავშირშია კონსტიტუციით განსაზღვრული სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპთან და ამ უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობის შესახებ. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
4. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე მიუთითა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
5. სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი მოთხოვნაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით, საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
7. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/3/601 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“., II-9).
8. ამავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის, სასამართლოს პროცესის სრულყოფილად და კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისი პროცედურებით წარმართვის ან/და ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით. იმისთვის, რომ პირმა სრულყოფილად ისარგებლოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით, სახელმწიფო ვალდებულია, შეიმუშაოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შესაბამისი პროცედურები/რეგულაციები, რომლებიც თანაბრად დაიცავს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლებებს ან/და კანონიერ ინტერესებს.
9. სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულების შესაძლებლობა, სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირს არ ექნება სათანადო საკანონმდებლო გარანტიები, რომ მის სასარგებლოდ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება დროულად და ჯეროვნად აღსრულდება.
10. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველგვარი აზრი ეკარგება უფლების, მით უფრო - დარღვეული უფლების ნებისმიერ დონეზე აღიარებას, თუკი არ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის N1/14/184,228 გადაწყვეტილება საქმეზე „სააქციო საზოგადოებები – „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ (ყოფილი „თბილგაზოაპარატი“) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"., II-4).
11. განსახილველ საქმეზე სადავო ნორმების კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია, აღნიშნული ნორმების შინაარსის, მათი მოქმედების სფეროსა და ფარგლების განსაზღვრა.
12. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს “განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით“, ხოლო ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სადავო სიტყვების თანახმად, „...გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე“.
13. აღნიშნული ნორმები არეგულირებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია, შეაჩეროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. სადავო ნორმებში, გამოყენებულია 2 სხვადასხვა ტერმინი, კერძოდ: განსაკუთრებული შემთხვევა და განსაკუთრებული ვითარება.თუმცა როგორც მოპასუხე მხარემ, ასევე საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ ფორმალური ტერმინილოგიური სხვაობის მიუხედავად, აღნიშნული უფლებამოსილება გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც განსაკუთრებულ პირობებში, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, შეუძლია, თავისი ინიციატივით, შეაჩეროს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ამ პირობების აღმოსაფხვრელად საჭირო ვადით. აღნიშნული ნორმების რეგულირების სფეროები იმით განსხვავდება, რომ სადავო 36-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს შეჩერების ზოგად უფლებამოსილებას, ხოლო ამავე კანონის 70-ე მუხლის სადავო სიტყვების შემთხვევაში, აღნიშნული უფლებამოსილება უკავშირდება სპეციალურ შემთხვევას, აღსრულების კონკრეტულ ეტაპს - იძულებითი აუქციონის ჩატარებას. სწორედ იძულებითი აუქციონის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს შეუძლია, აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე - პროკურორის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
14. ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულად და ეფექტურად აღსრულების შესაძლებლობას, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმები იწვევს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში და ექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას.
15. აღსანიშნავია, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, აღსრულებას ექვემდებარება როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე - სხვა ტიპის სამართლებრივი აქტები. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შესაბამისობის დადგენისას შეაფასებს მხოლოდ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების კონსტიტუციურობის საკითხს.
16. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია სასარჩელო მოთხოვნით. მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე სადავოდ ხდის არა ზოგადად აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ნებისმიერი აღსრულების შეჩერების შესაძლებლობის კონსტიტუციურობას, არამედ - აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის იმ კონკრეტულ უფლებამოსილებას, რომელიც მას საშუალებას აძლევს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.
17. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგი გარემოებების გამო: ა) აღსრულების შეჩერების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს მხოლოდ სასამართლოს და დაუშვებელია, ამ უფლებამოსილების ადმინისტრაციული ორგანოსთვის მინიჭება; ბ) სადავო ნორმებით განსაზღვრული ტერმინები განსაკუთრებული შემთხვევა (განსაკუთრებული ვითარება) ბუნდოვანია და ამომწურავად არ განსაზღვრავს აღსრულების შეჩერების კონკრეტულ გარემოებებს; გ) სადავო ნორმებით დადგენილი აღსრულების შეჩერების ვადა, შესაძლოა, იყოს არაგონივრულად ხანგრძლივი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.
18. მოცემულ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას, დასახელებული არგუმენტები გააანალიზოს ცალ-ცალკე, შეამოწმოს მათი საფუძვლიანობა და პასუხი გასცეს მათ.
19. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ არის აბსოლუტური. დემოკრატია ეყრდნობა რა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, „უფლებათა უმრავლესობის შეზღუდვა აუცდენელია, რადგან მათი რეალიზაცია ხშირად წარმოშობს ღირებულებათა კონფლიქტს... მაშინ როდესაც ინტერესების დაპირისპირება აუცდენელია, წარმოიშობა მათი ჰარმონიზაციის, სამართლიანი დაბალანსების აუცილებლობა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება NN1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-45). „თანამედროვე სახელმწიფოს სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის პრიორიტეტების სწორად და სამართლიანად განსაზღვრა, ხელისუფლებისა და ადამიანის ურთიერთობის გონივრულად დაბალანსებული სისტემის შექმნა. ეს, პირველ რიგში, გამოხატულებას პოვებს ყოველი კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების ადეკვატურ საკანონმდებლო განსაზღვრაში“ (2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-5).
20. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება შესაძლოა შეიზღუდოს დემოკრატიულ სახელმწიფოში აუცილებელი და კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, აღნიშნულ უფლებაში ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის ნათლად ფორმულირებული წესის საფუძველზე, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი და პროპორციული/თანაზომიერი საშუალებით.
21. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდ 2012 წლის 26 ივნისის #3/1/512 გადაწყვეტილება „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“, II-60).
22. ადამიანის უფლებაში ჩარევა არ უნდა იყოს თვითმიზანი, იგი უნდა ემსახურებოდეს განსაზღვრული, არსებითად ღირებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. „თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით შეიძლება შეფასდეს კანონმდებლის მხოლოდ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალებათა კონსტიტუციურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის #1/2/411 გადაწყვეტილება „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“ , II-9).
23. ამასთან, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის #3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-15.).
24. მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უნდა შეეძლოს მხოლოდ სასამართლოს და აღსრულების პროცესის ნებისმიერი სხვაგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
25. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების დროული, ეფექტური და ჯეროვანი აღსრულება. ამასთანავე, აღნიშნული მოთხოვნა ვერ იქნება აბსოლუტური ხასიათის. საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს აღსრულების როგორც შეწყვეტა, ასევე შეჩერება ან/და გაუქმება. ისევე როგორც გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია, აღსრულება პრაქტიკულად შეუძლებელიც კი გახდეს.
26. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. მეორე მხრივ, შესაძლებელია, არსებობდეს შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ობიექტურად შეუძლებელიც კი იყოს.
27. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სასამართლო კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ობიექტურ გარემოებათა არსებობისას, გამოსცეს დროებითი დასაბუთებული აქტი აღსრულების შეუძლებლობის და შეჩერების შესახებ და დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს შეჩერების გადაწყვეტილების მოსაპოვებლად.
28. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის და საქმეზე სპეციალისტად მოწვეული აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კანონმდებლობით სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების უფლებამოსილების ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადაცემა თავისთავად ვერ იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს უნდა იყოს დროებითი ხასიათის, მოიცავდეს მხოლოდ იმ გონივრულ დროს, რაც ობიექტურად საჭიროა დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის. საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე უნდა მიიღოს თვით სასამართლომ.
29. ზოგადად, სადავო უფლებამოსილების აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელება, შესაძლოა ემსახურებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვან საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს, როგორიცაა, მაგალითად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, მათ შორის, პროკურორის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების დროულად და სწრაფად მიღება, შეჩერების პროცედურების მოქნილობა, ეფექტურობა და სხვ., რაც, საბოლოო ჯამში, უნდა ემსახურებოდეს არამხოლოდ კრედიტორის, არამედ აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა პირის უფლების ან/და კანონიერი ინტერესის დაცვას.
30. თუმცა ღირებული ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობა არ ათავისუფლებს კანონმდებელს ვალდებულებისგან, შეიმუშაოს აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული მკაფიო, განჭვრეტადი და არაორაზროვანი საკანონმდებლო რეგულაციები. ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების ამ კომპონენტის შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა გამოიყენოს უფლებაში ჩარევის ყველაზე ნაკლებად მზღუდავი და პროპორციული საშუალება.
31. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით განსაზღვრული ტერმინი განსაკუთრებული ვითარება (განსაკუთრებული შემთხვევა) არის ზოგადი ხასიათის და განუზომლად ფართო დისკრეციას ანიჭებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
32. მოპასუხე მხარის განმარტებით, აღსრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ყველა განსაკუთრებული შემთხვევის კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრა. სადავო ნორმებით, აღსრულების ეროვნული ბიურო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, აფასებს განსაკუთრებული შემთხვევის არსებობას, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად გამოწვეულ შესაძლო საფრთხეს და სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას აღსრულების შეჩერების თაობაზე. იმავე პოზიციას იზიარებს საქმეზე სპეციალისტად მოწვეული აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი.
33. მოპასუხე მხარე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული აღსრულების შეჩერების გადაწყვეტილება არის დროებითი ღონისძიება, არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის წინა პირობას, მხოლოდ განსაკუთრებულ (ფორს-მაჟორულ) შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს და აღნიშნული შემთხვევის ამოწურვისთანავე - გაუქმდეს. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმების მოქმედი რედაქცია უზრუნველყოფს აღსრულების პროცესში მონაწილე ყველა მხარის უფლების თანაბარ დაცვას და არ არსებობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალება.
34. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „კანონის სიზუსტე, განჭვრეტადობა და ხელმისაწვდომობა მოიცავს იმ აუცილებელ პირობასაც, რომ უფლების შეზღუდვაზე უფლებამოსილი პირების დასაშვები მოქმედების ფარგლები იყოს კონკრეტული, გასაგები, მკაფიო. ... კანონისადმი ასეთი მოთხოვნა აუცილებელია უფლებაში ჩარევაზე უფლებამოსილი პირის (ორგანოს) შეზღუდვის და შემდგომი კონტროლის უზრუნველყოფისთვის, რადგან ამ თანამდებობის პირებს კონკრეტული საჯარო ინტერესის მიღწევა სამართლებრივი სახელმწიფოსგან აქვთ დაკისრებული. სამართლის უზენაესობის პრინციპთან შესაბამისობისათვის კანონი უნდა უზრუნველყოფდეს უფლების ეფექტური დაცვის შესაძლებლობას ხელისუფლების მხრიდან თვითნებური ჩარევისაგან. ეს, პირველ რიგში, გულისხმობს, რომ თავად კანონით, დეტალურად, სიცხადის საკმარისი ხარისხით განისაზღვროს საჯარო ხელისუფლების უფლებამოსილება ამ სფეროში. შესაბამისად, კანონი არ უნდა იძლეოდეს შესაძლებლობას, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ დამოუკიდებლად დაადგინოს საკუთარ ქმედებათა დიაპაზონი. ...ზოგადად, მოთხოვნები კანონმდებლის მიმართ მით უფრო მკაცრია, რაც უფრო ინტენსიურია ჩარევა ადამიანის უფლებებში. კანონმდებელს აკისრია ვალდებულება, საჯარო ხელისუფლება უზრუნველყოს სახელმძღვანელო მიმართულებებით, რომლებიც განჭვრეტადს ხდიან მის მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, აუცილებლობას თუ გარდაუვალობას, სისწორესა და მართლზომიერებას, იმავდროულად, მოქალაქეს უქმნიან წარმოდგენას, თუ რა ზომები იქნება მის მიმართ გატარებული. ... ამიტომ კანონმდებელი ვალდებულია, საჯარო ხელისუფლებას მაქსიმალურად ნათლად დაუდგინოს ფარგლები, რომლებშიც მან უნდა იმოქმედოს“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება N1/3/407 საქმეზე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე _ ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II - 14).
35. სასამართლო იზიარებს მოპასუხის და სპეციალისტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსაკუთრებული შემთხვევის (განსაკუთრებული ვითარების), როგორც აღსრულების შეჩერების წინა პირობის კანონმდებლობით ამომწურავად განსაზღვრა, შესაძლოა, შეუძლებელიც კი იყოს.
36. ამავდროულად, კანონმდებელი ვალდებულია, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მაქსიმალურად განჭვრეტადი წესები დაადგინოს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების განსაკუთრებულ შემთხვევად (განსაკუთრებულ ვითარებად) მიჩნევის შესახებ კანონმდებლის ნება კონსტიტუციური მოთხოვნის ადეკვატური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საკმარისად მკაფიოდ ჩამოაყალიბებს ზოგად კრიტერიუმებს და სახელმძღვანელო პრინციპებს, რის საფუძველზეც უნდა იმოქმედოს შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანომ ან/და პირმა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას.
37. სადავო ნორმების მოქმედი რედაქციის პირობებში, კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს განსაკუთრებულ შემთხვევას (განსაკუთრებულ ვითარებას), რომლის ფარგლებშიც აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე აჩერებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. სადავო ნორმები არ შეიცავს საკმარის სახელმძღვანელო პრინციპებს და ზოგად კრიტერიუმებს, რათა გამოირიცხოს თავმჯდომარის თვითნებობა ან, უბრალოდ, მისგან შეცდომის დაშვების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის დაუსაბუთებელი შეფერხება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ზრდის სამართალშემფარდებლის მიერ საკუთარი უფლებამოსილების არასწორი ინტერპრეტაციის საფრთხეს, თვითნებობის ალბათობას, რისი კანონზომიერი შედეგიც იქნება პირის კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
38. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მხოლოდ განსაკუთრებულ, არაორდინალურ შემთხვევებში უნდა მოხდეს, მაგალითად, როდესაც გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელია. შესაბამისად, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ისევე როგორც სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეეტილების კანონიერების შემოწმებისას, უნდა ჰქონდეთ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაფიო, ნათელი და არაორაზროვანი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.
39. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის სადავო 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს აღსრულების შეჩერების თაობაზე სასამართლოსადმი მიმართვას და ამ შემთხვევაში აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სწორედ სასამართლო. ამასთან, სადავო ნორმებით განსაზღვრული არ არის, რა ვადით და რა წინა პირობების არსებობისას არის შესაძლებელი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, რაც იწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების იმაზე მეტად შეზღუდვას, ვიდრე ეს საჭიროა დემოკრატიულ სახელმწიფოში ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად.
40. საქმეზე სპეციალისტად მოწვეულმა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება, ხშირ შემთხვევაში, განპირობებულია მყისიერი საჭიროებით, როდესაც არსებობს განსაკუთრებული ვითარება და აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას დროის მცირე მონაკვეთში. ამასთანავე, სპეციალისტმა წარმოადგინა შესაბამისი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები, პრაქტიკაში ძალიან იშვიათად გამოიყენება.
41. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება საკმარისი არ არის იმის სამტკიცებლად, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას სასამართლო ვერ მიიღებს. კერძოდ, თუ ობიექტურად არსებობს გადაუდებელი, მყისიერი რეაგირების აუცილებლობა, მაშინ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შეიძლება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩეროს მხოლოდ იმ გონივრული ვადით, რაც ობიექტურად აუცილებელია დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების მოსაპოვებლად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არ დაადგენს აღსრულების შეჩერების საჭიროებას, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უნდა გაგრძელდეს.
42. აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევის ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. ერთი მხრივ, კანონმდებელი ვალდებულია, მკაფიოდ გაწეროს იმ განსაკუთრებულ შემთხვევათა სახელმძღვანელო პრინციპები და კრიტერიუმები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება. მეორე მხრივ, სადავო ნორმებით გათვალისწინებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ სასამართლომ. ხოლო, გამონაკლის შემთხევაში, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებით შეჩერება სასამართლო კონტროლის განხორციელებას კი არ გამორიცხავს, არამედ დროში გადაანაცვლებს მხოლოდ იმ ვადით, რაც საჭირო იქნება დაუყოვნებლივ სასამართლოსადმი მიმართვისათვის და სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
43. აღნიშნულ პროცესში სასამართლოს, როგორც ნეიტრალური, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს ჩართულობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებურად მოქმედების და შეცდომის დაშვების რისკებს. მეორე მხრივ კი, აღნიშნული არ იქნება დაუძლეველი ტვირთი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, ვინაიდან პრაქტიკაში აღნიშნული კომპეტენცია იშვიათად გამოიყენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, მას კვლავ დარჩება შესაძლებლობა მოახდინოს მყისიერი რეაგირება.
44. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები, მართალია, ემსახურება ლეგიტიმურ მიზნებს, მაგრამ არ წარმოადგენს ამ მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ და პროპორციულ საშუალებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების და 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს კონსტიტუციური სარჩელი N596 (საქართველოს მოქალაქე ნათია ყიფშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „ზ" ქვეპუნქტის და ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე" ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესაძლებლობას სასამართლო კოტროლის გარეშე.
3. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა