საქართველოს მოქალაქე მაია ასაკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/3/514 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 13 ივლისი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა -წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე მაია ასაკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: ა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-5 ნაწილის შემდეგი სიტყვის ,,ჭკუასუსტობის“, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვების: ,,სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის ნების გამოვლენა“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1289-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვების: ,,დაიცვან მისი უფლებები და ინტერესები“, ამავე კანონის 1290-ე მუხლის, 1293-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილის სიტყვების: ,,აგრეთვე ქმედუუნაროდ ცნობილ მოქალაქეთა“, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის შემდეგი სიტყვების: ,,რის გამოც მას არ შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი,“ ამავე კანონის 327-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16, 39-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის სიტყვების ,,ან ჭკუასუსტობის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 23 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №514) მიმართა საქართველოს მოქალაქე მაია ასაკაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტად გადმოეცა 2011 წლის 27 ივნისს
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 12 ივლისს.
3. №514 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მთელ რიგ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სასამართლოს მიერ პირის ქმედუუნაროდ აღიარებასთან დაკავშირებულ პროცედურებს მეურვისა და მზრუნველის როგორც პირის კანონიერი წარმომადგენლის უფლება-მოვალეობებსა და საკუთრივ ქმედუუნაროდ აღიარებულ პირთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, სადავო ნორმების თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული მეურვე და მზრუნველი, რომელიც ინიშნება პირის კანონიერ წარმომადგენლად, განსაკუთრებული წარმომადგენლობის გარეშე წარმოადგენს სამეურვეო/ სამზრუნველო პირს მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში, ასევე ამ პირის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დებს ყველა აუციელებელ გარიგებას. გარდა ამისა, სადავო ნორმების მიხედვით, სულით ავადმყოფობის ან ჭკუასუსტობის გამო, სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირს ეკრძალება დაქორწინება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ 2008 წლის 7 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ირაკლი ქემოკლიძე, დაბადებული 1989 წლის 26 იანვარს და მის მეურვედ დაინიშნა მაია ასაკაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შემოტანილია მაია ასაკაშვილის სახელით, ვინაიდან მეურვე სამეურვეო პირის ინტერესებს წარმოადგენს მესამე პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან და სასამართლოსთან ურთიერთობაში. შესაბამისად, მეურვე უფლებამოსილი სუბიექტია, სამეურვეო პირის სახელით იდავოს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
6. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირს სრულად ეკრძალება, ისარგებლოს სამოქალაქო უფლებებით. მოსარჩელის მტკიცებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ, უმეტეს შემთხვევაში, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირს, მართალია არ შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს გარკვეულ საკითხთან მიმართებით, თუმცა იგი სრულად არ კარგავს უნარს, სათანადოდ აღიქვას და ნათლად გამოხატოს თავისი ნება კონკრეტულ სამოქალაქო ურთიერთობებთან დაკავშირებით.
7. მოსარჩელის აზრით, კანონმდებელმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თავად გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირებს შორის არის არსებითი განსხვავება, კერძოდ, მაღალი ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში, შესაძლებელია ადამიანი მოკლებული იყოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას ყველა საკითხთან დაკავშირებით სამუდამოდ, შესაბამისად, გამართლებულია სამეურვეო პირის ნების მთლიანად ჩანაცვლება მეურვის/მზრუნველის ნებით, მაგრამ სხვა კატეგორიის გონებრივი ჩამორჩენილობის შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით ინარჩუნებდნენ გადაწყვეტილების მიღების უნარს. სადავო ნორმები არ ითვალისწინებს ამგვარ განსხვავებას და გონებრივი ჩამორჩენილობის ნებისმიერი ხარისხის მქონე პირს, ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინების გარეშე ართმევს ყველა გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
8. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს გონებრივი ჩამორჩენილობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას. სადავო ნორმები ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას ერთი მხრივ გონებრივად ჩამორჩენილ ქმედუუნარო სტატუსის მქონე სრულწლოვან პირებსა და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შორის და მეორე მხრივ, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ქმედუუნარო სტატუსის მატარებელ პირებსა და იმ პირებს შორის, რომელთაც აქვთ გონებრივი ჩამორჩენილობა, მაგრამ არ მომხდარა მათი ქმედუუნაროდ აღიარება სასამართლოს მიერ. შესაბამისად, სადავო ნორმები ადგენს განსხვავებულ მოპყრობას ორი ნიშნის საფუძველზე: გონებრივი ჩამორჩენილობის გამო შესაძლებლობის შეზღუდვა და ქმედუუნარო პირის სტატუსი. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმების არსებული რედაქციის თანახმად, ქმედუუნარობის სტატუსის მინიჭებით პირს ეკრძალება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება ცხოვრების ყველა სფეროში, რაც წარმოადგენს გაუმართლებელ ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში. ამასთანავე, მოსარჩელის აზრით, განსხვავებული მოპყრობა გამართლებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ დიფერენციაცია მოხდება მხოლოდ იმ სფეროში და იმ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ადამიანი ნამდვილად მოკლებულია გადაწყვეტილების მიღების უნარს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უნდა დადგინდეს. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კოსნტიტუციის მე-14 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან.
9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, სადავო ნორმები ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, რომელიც განამტკიცებს ადამიანის უფლებას, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ცხოვრების ყველა სფეროსთან დაკავშირებით და განამტკიცებს პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის პრინციპებს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები აღნიშნული პრინციპების საწინააღმდეგოდ ახდენენ ადამიანის პიროვნების განვითარების უფლებაში ჩარევას იმით, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ქმედუუნაროდ აღიარებული პირის სრული გამორიცხვით, მის ნებას ანაცვლებენ მეურვის/მზრუნველის ნებით. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს სამეურვეო პირის ინტერესების შესაბამისად. ამ პრინციპებს იზიარებენ სადავო ნორმებიც, თუმცა, მიუხედავად ამისა, აღნიშნული ნორმებიდან ბუნდოვანია ის, თუ რა იგულისხმება სამეურვეო პირის ინტერესებში. სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს მეურვეს, სამეურვეო პირის ინტერესები განსაზღვროს სუბიექტურად, სამეურვეო პირის ავტონომიურობისათვის გვერდის ავლით და თვით მისი სურვილისა და ნების წინააღმდეგაც კი. ეს უკანასკნელი კი საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის დარღვევას წარმოადგენს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ განსაზღვრავს ტერმინ ,,სამეურვეო პირის ინტერესის“ არსს. აღნიშნული ტერმინის განმარტებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუციის მე-16 მუხლით დადგენილი ავტონომიურობისა და ინდივიდის პიროვნული თვითგამორკვევის უფლება. კერძოდ, როდესაც მეურვე განსაზღვრავს სამეურვეო პირის ინტერესებს, გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამეურვეო პირის ამჟამინდელი და წარსული ნება და სურვილები. გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, მთელ რიგ შემთხვევებში, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამისათვის განივითაროს სათანადო უნარები, რათა ადამიანის ძირითადი თავისუფლებაში ჩარევა განხორციელდეს ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან.
10. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის საფუძველზე დაცულია ყველა ადამიანის უფლება სამართალსუბიექტურობაზე. აღნიშნული უფლება გარანტირებულია საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-16 მუხლით, რომლის თანახმად: ,,თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს ის, უფლება აქვს ცნონ მისი სუბიექტობის უფლება“. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობა მდგომარეობს იმაში, რომ მათ საფუძველზე ადამიანს ეპყრობიან არა როგორც უფლების მატარებელ ,,სუბიექტს“, არამედ ,,ობიექტს,“ რომელსაც მართვა და მოვლა ესაჭიროება. პირის უფლება, კანონის წინაშე აღიარებული იყოს სამართლის სუბიექტად, შესაძლებლობას აძლევს მას, ჰქონდეს სამართლებრივი უფლებები და მოვალეობები. სამართალსუბიექტურობა არ გულისხმობს ყველა შემთხვევაში უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობას. კანონმდებლობა უფლებების დამოუკიდებლად განხორციელების თვალსაზრისით, შესაძლებელია, ითვალისწინებდეს გამონაკლისებს მცირეწლოვნებთან, არასრულწლოვნებთან, გონებრივი ჩამორჩენილობის და სულიერი აშლილობის მქონე პირებთან მიმართებაში, თუმცა სადავო ნორმებით გათვალისწინებული ბლანკეტური აკრძალვა არაპროპორციულად ზღუდავს სამართალსუბიექტობის უფლებას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 39-ე მუხლთან.
11. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე პირს არა აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლებით. სადავო ნორმების არსებული რედაქციის მიხედვით, ქმედუუნაროდ ცნობილი პირის განკურნების ან მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემთხვევაში, პირის ქმედუნარიანობის აღსადგენად სასამართლოსადმი მიმართვის უფლება აქვს: მეურვეს/მზრუნველს, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებასა და ოჯახის წევრს. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების საფუძველზე შესაძლებელია, ზემოხსენებულმა სუბიექტებმა ბოროტად ისარგებლონ თავიანთი უფლებით და პირს არ მისცენ საშუალება, აღიდგინოს ქმედუნარიანობა. მოსარჩელისთვის ასევე გაუგებარია, თუკი მოხდა პირის განკურნება ან მისი ჯანმრთელობა მნიშნველოვნად გაუმჯობესდა, რატომ არ უნდა ჰქონდეს მას უფლება, თავად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქმედუნარიანობის აღდგენა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
12. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირს ჩამორთმეული აქვს ქორწინების უფლება. მოსარჩელის მითითებით, ზოგადად, გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირის ნების ჩანაცვლება ხდება მეურვის ნებით, თუმცა ქორწინების უფლება წარმოადგენს პერსონალურ უფლებას და მისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, მეურვე ვერ გამოავლენს ქორწინების წარმოშობისთვის აუცილებელ ნებას. მოსარჩელის აზრით, პირებს, რომელთაც სურთ დაქორწინდნენ უკეთესად, შეუძლიათ იმის განსაზღვრა, უნდათ თუ არა ოჯახის შექმნა, ხოლო გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე პირისთვის აღნიშნული უფლების სრულად ჩამორთმევა არღვევს კონსტიტუციის 36-ე მუხლით გარანტირებულ ქორწინების უფლებას.
13. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ასევე იშველიებს საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობებსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის, იგი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმადაც, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.
2. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. კანონის აღნიშნული დებულება „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში „action popularis“ შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის N2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). აღნიშნულიდან გამომდინარე, პირს აქვს შესაძლებლობა, იდავოს მხოლოდ უშუალოდ საკუთარი უფლებების დარღვევაზე და არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა“ ქვეპუნქტის “...მიზანს წარმოადგენს კონკრეტული ინდივიდის უფლების დაცვა ან მისი უფლებების აშკარა დარღვევის პრევენცია. სწორედ ამიტომ ფიზიკური პირი არის აღჭურვილი უფლებით, ეჭვქვეშ დააყენოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, თუ მიიჩნევს, რომ ასეთი აქტის მოქმედებით მან უშუალოდ განიცადა ზიანი ან ზიანის მიღების საფრთხე უშუალოდ მისთვის არის რეალური“ (საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2007 წლის 1 მარტის №1/1/413 განჩინება).
3. №514 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია და სარჩელზე ხელს აწერს ირაკლი ქემოკლიძის მეურვე მაია ასაკაშვილი. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ იგი, როგორც მეურვე, სამეურვეო პირის ინტერესებს წარმოადგენს მესამე პირებთან, ადმინისტრაციულ ორგანოსთან და სასამართლოსთან ურთიერთობაში და მეურვე არის უფლებამოსილი სუბიექტი, სამეურვეო პირის სახელით იდავოს კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით. იგი მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მთელი რიგი ნორმები წინააღმდეგობაში მოდის ირაკლი ქემოკლიძის კონსტიტუციურ უფლებებთან, ვინაიდან ზღუდავს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ქმედუუნარო პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს. აღნიშნულ მსჯელობას, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგლამენტირებელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლოში ყველა პირი თავადაა უფლებამოსილი, იდავოს საკუთარი უფლებების დარღვევაზე.
4. საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგლამენტირებელი კანონმდებლობა სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილების თვალსაზრისით ერთმანეთისაგან არ მიჯნავს პირებს მათი გონებრივი თუ სხვაგვარი შესაძლებლობების მიხედვით. უფრო მეტიც, სამოქალაქო კანონმდებლობისაგან განსხვავებით, კონსტიტუციური სამართლაწარმოება საერთოდ არ იცნობს ქმედუუნარობის ინსტიტუტს. შესაბამისად, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სასამართლოსთვის მიმართვის სუბიექტებში იგულისხმება ნებისმიერი პირი, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ქმედუუნაროდ ითვლებიან.
5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიზნებისათვის, თავად მოსარჩელე ქმედუნარიანი პირია, ხოლო სასარჩელო არგუმენტაციიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ იგი დავობს სამოქალაქო კოდექსის მიზნებისათვის ქმედუუნარო პირად აღიარებულ პირთა უფლებების დარღვევაზე. მოცემულ შეთხვევაში იგი გვევლინება არა მისი, არამედ სხვა პირის, ამ შემთხვევაში მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დამცველად. საკონსტიტუციო სამართლაწარმოება არ აღჭურავს პირებს სასამართლოსთვის „action popularis“ საშუალებით მიმართვის და ამ ფორმით სხვისი უფლებების დასაცავად სასამართლო დავის წარმოების უფლებამოსილებით.
6. კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციის ანალიზის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სარჩელი შემოტანილი არ არის იმ პირის მიერ, ვისი უფლებების დარღვევაზეც მიუთითებს სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია. მოსარჩელე გვევლინება არა საკუთარი, არამედ სხვა პირის ინტერესების დამცველად. აღნიშნული ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგლამენტირებელი კანონმდებლობის მოთხოვნებს, რომლებიც გამორიცხავს პირების მიერ სხვისი უფლებების დაცვის მიზნით კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, სახეზეა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მეორე პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, და მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №514 (საქართველოს მოქალაქე მაია ასაკაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
3. განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი