საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/3/601 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი პაპუაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 24 დეკემბერი 2014 |
პლენუმის შემადგენლობა:
გიორგი პაპუაშვილი – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
კონსტანტინე ვარძელაშვილი – წევრი;
ზაზა თავაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
ოთარ სიჭინავა – წევრი;
ლალი ფაფიაშვილი – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის და ამავე კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც გამორიცხავს გამართლებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №601) მიმართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები - მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე და გიორგი შავლიაშვილი). კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2014 წლის 4 ივლისს.
2. კონსტიტუციურ წარდგინებაში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად მითითებულია: „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ საკასაციო საჩივრის სუბიექტები არიან ამავე კანონის 518-ე მუხლში მითითებული პირები. 518-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ: სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
5. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება გამართლებულ ბორის ივანოვის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივლისის განაჩენით ბორის ივანოვი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის საფუძველზე, იგი გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. ამასთან, განაჩენის მიხედვით, ბორის ივანოვის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა. აღნიშნული განაჩენი მსჯავრდებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი და ბორის ივანოვი გამართლდა. თუმცა ამავე განაჩენის თანახმად, გირაოს სახით გადახდილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა.
8. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ ბორის ივანოვმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხის - 100000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში და მოითხოვა ამ თანხის დაბრუნება.
9. წარდგინების ავტორის მტკიცებით, სადავო ნორმების საფუძველზე, გამართლებულ პირს ეკრძალება სააპელაციო და საკასაციო საჩივრის შეტანა, რაც ზღუდავს მისი კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას. წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ გამართლებულ პირს, მიუხედავად მისი უდანაშაულოდ ცნობისა, შესაძლებელია, ჰქონდეს გარკვეული ინტერესი, რომ საქმე გადაისინჯოს ზემდგომ სასამართლოში. გარდა ამისა, გადასინჯვის მოტივი შეიძლება გახდეს ნებისმიერი გარემოება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება პირის მიერ დანაშაულის ჩადენას თუ ჩაუდენლობას, არამედ სხვა ისეთ საკითხებს, რომლებიც ეხება მის ინტერესებს, რომლებიც განაჩენის ნაწილია და რომელთა გადაწყვეტაც სწორედ განაჩენით მოხდა.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
11. წარდგინების ავტორი საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
12. 2014 წლის 17 სექტემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახსნა-განმარტებით მიმართა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების უფლების გარეშეც, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებობს გამართლებული პირის უფლებების დაცვისთვის ალტერნატიული მექანიზმები. კერძოდ, ამ უკანასკნელისთვის გათვალისწინებულია რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განმარტავს, რომ, როდესაც ხდება პირის უდანაშაულობის დადგენა, ის ავტომატურად ითვლება უკანონოდ მსჯავრდებულად ან ბრალდებულად. გარდა აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ გამამართლებელი განაჩენი თავისთავად წარმოადგენს გადაწყვეტილებას პირის რეაბილიტაციის თაობაზე და შემდგომში ხდება მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოცულობისა და ფორმის შესახებ საკითხის გადაწყვეტა.
13. საქართველოს პარლამენტი, საკუთარ ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ გირაოს შეფარდების შემთხვევაში, თუკი პირობების დარღვევის გამო, გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხება სახელმწიფოს ბიუჯეტში, გამამართლებელი განაჩენის პირობებში, ფულადი თანხა უკან უნდა დაბრუნდეს.
14. გარდა აღნიშნულისა, პარლამენტი მიიჩნევს, რომ გამართლებულ პირს, რეაბილიტაციით გათვალისწინებული საკითხების გარდა, გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების სხვა ინტერესი ვერ ექნება. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ალტერნატიულ მექანიზმად, შესაძლოა, განხილულ იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, უზრუნველყოფილია რეაბილიტირებული პირისთვის შესაბამისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
15. დასახელებული არგუმენტების საპასუხოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის გამართლება თავისთავად არ გულისხმობს აღკვეთის ღონისძიებად გამოყენებული პატიმრობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არამართლზომიერებას ან მის უკანონო ხასიათს. ამასთანავე, გამამართლებელი განაჩენი ვერ გააბათილებს ყველა იმ მოქმედებას, რომელიც სისხლისსამართლებრივი დევნის ან სასამართლო პროცესის განმავლობაში განხორციელდა. უზენაესი სასამართლოს პოზიციით, თითოეულ დასახელებულ საპროცესო მოქმედებას გააჩნია გამოყენებისა და შეფარდების დამოუკიდებელი, კანონით გათვალისწინებული საფუძვლები და შესაბამისი გარემოებების არსებობისას ითვლება კანონიერად.
16. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საკუთარ ახსნა-განმარტებაში ასევე აღნიშნა, რომ გირაოს სახით გადახდილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას გააჩნია იმპერატიული ხასიათი, რომლის შესრულებაც მოსამართლის ვალდებულებას წარმოადგენს იმ შემთხვევაში, თუკი ბრალდებული დაარღვევს გირაოს გამოყენების წესს. აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში სასამართლოსთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება გამამართლებელი განაჩენი იქცეს იმის გარანტად, რომ თავად გირაოს გამოყენების წესის დარღვევის ფაქტი შეიცვალოს და შესაბამისი თანხა გამართლებულ პირს დაუბრუნდეს.
17. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გამართლებული პირისთვის ზიანის ანაზღაურების უფლების მისანიჭებლად დასახელებული ნორმა აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას მოითხოვს სასამართლოს მიერ მის უკანონო განხორციელებას, რასაც გამამართლებელი განაჩენი თავისთავად არ გულისხმობს. სასამართლო განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება უკანონოდ ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუკი მისი ასეთად აღიარება და დადგენა მოხდება წარმოების იმავე წესით (სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოების პირობებში).
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო არ იზიარებს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ახსნა-განმარტებას სადავო საკითხებთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, წარმოადგენს თუ არა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 546-ე მუხლით დადგენილი რეგულაცია ჩარევას კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვის უფლებაში და ეწინააღმდეგება თუ არა იგი კონსტიტუციის მოთხოვნებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებით განმტკიცებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულყოფილ რეალიზაციას ფუძემდებლური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის.
3. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობის თაობაზე „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება #1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
4. საკონსტიტუციო სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).
5. სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველესი მოთხოვნაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).
6. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ერთობლიობამაც უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ადამიანების რეალური შესაძლებლობა, სრულყოფილად და ადეკვატურად დაიცვან, აღიდგინონ საკუთარი უფლებები, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლება-თავისუფლებებში ჩარევისას, დაიცვას ადამიანი სახელმწიფოს თვითნებობისაგან. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლების თითოეული უფლებრივი კომპონენტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით საკმარისი პროცედურული უზრუნველყოფა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის N3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-59).
7. სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი უფლებრივი კომპონენტია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა. სასამართლოსადმი მიმართვა არ იქნება სრულყოფილი უფლებადაცვითი საშუალება, თუ პირი არ იქნება აღჭურვილი სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი მოიცავს არა მარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვას, არამედ ზემდგომ ინსტანციებში საჩივრის შეტანის უფლებასაც (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის N2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). კონსტიტუციის 42-ე მუხლი პირს აღჭურავს გარანტიით, რომ გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამ გზით იცავს მას დაუსაბუთებელი და უკანონო სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად უფლების დარღვევისაგან.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ასრულებს პრევენციულ ფუნქციას და, ერთი მხრივ, წარმოადგენს უფლების დაცვის ეფექტურ მექანიზმს და უზრუნველყოფს შესაძლო შეცდომების თავიდან აცილებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობას. ამასთანავე, გასაჩივრების უფლების სრულყოფილი რეალიზაცია ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
9. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას და მოიაზრებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სასამართლო წესით სრულყოფილი და ეფექტური დაცვის შესაძლებლობას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებული უფლების სასამართლო წესით დაცვის სისტემა მოიცავს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლო ინსტიტუციებისადმი ხელმისაწვდომობის უფლებას. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციით გათვალისწინებულ უმნიშვნელოვანეს სასამართლო ინსტიტუციას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადგილი სასამართლო ხელისუფლებაში თავად კონსტიტუციითვეა განსაზღვრული. საქართველოს კონსტიტუციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო არის საკასაციო სასამართლო. უზენაეს სასამართლოსადმი, როგორც კონსტიტუციით გათვალისწინებული საკასაციო სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას იცავს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი. შესაძლებელია, საკასაციო სასამართლოსადმი მიმართვის უფლებას სპეციფიკური კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტანდარტები ჰქონდეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლო განსახილველ საქმეზე არ დგას უზენაესი სასამართლოსადმი მიმართვის უფლების ფარგლების ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე.
10. საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებულ მოთხოვნებს ადგენს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისა და სახელმწიფო იძულების ღონისძიებებების გატარების პროცესში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციისათვის. „საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების სასამართლო წესით დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი პირისათვის, რომლის მიმართაც ადგილი აქვს სახელმწიფო იძულების ელემენტების მატარებელი ზომების გატარებას, სამართალწარმოებაში ამ პირის სამართლებრივი სტატუსის მიუხედავად. პირს, რომელსაც სახელმწიფო აკისრებს პასუხისმგებლობას სამართალდარღვევისათვის, უნდა ჰქონდეს გასაჩივრების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).
11. სამართალდარღვევაზე რეაგირებასა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული ურთიერთობების ფარგლებში არსებული უფლების დარღვევის საფრთხეების პრევენციის მიზნით, აუცილებელია, არსებობდეს უფლების დაცვის ეფექტიანი სისტემა. როგორც აღინიშნა, პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პროცესში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამართლიანი სასამართლოს უფლებითა და საპროცესო გარანტიებით სრულყოფილ სარგებლობას. პასუხისმგებლობის დაკისრებისას ინდივიდი არ უნდა წარმოადგენდეს სამართალწარმოების ობიექტს და უნდა აღიჭურვოს დაცვის იმ მექანიზმებით, რასაც სამართლიანი სასამართლოს უფლება მოითხოვს.
12. ამავდროულად, სასამართლოს მიერ ამ პროცესში მიღებული გადაწყვეტილებები პოტენციურად ზღუდავს პირის უფლებას. მართლმსაჯულების განხორციელებისას ვერ გამოირიცხება უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების საფრთხეები. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილებას ემსახურება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. ნორმა, რომელიც ზღუდავს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, რომელიც შეიცავს პირის უფლების შესაძლო დარღვევის რისკებს, წარმოადგენს ჩარევას საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში.
13. განსახილველ საქმეზე სადავო ნორმები კრძალავს გამართლებული პირის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების - განაჩენის გასაჩივრებას. უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ეჭვქეშ იქნა დაყენებული იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ზღუდავს სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებას. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლო უფლებამოსილია, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას. ვინაიდან საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის გადაწყვეტისას უნდა გამოიყენოს როგორც სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გასაჩივრების ამკრძალავი ნორმა, ისე ის ნორმა, რომელიც ზღუდავს განაჩენის გასაჩივრების შესაძლებლობას საკასაციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ორივე ნორმით დადგენილი შეზღუდვის კონსტიტუციურობას.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან ამავე კოდექსის 518-ე მუხლში მითითებული პირები, ხოლო 518-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალი მოიცავს სააპელაციო საჩივრის სუბიექტებს, კერძოდ, ესენი არიან - სახელმწიფო ბრალმდებელი, ზემდგომი პროკურორი, დაზარალებული, მსჯავრდებული, დამცველი, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლები. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მტკიცებით, დასახელებული ნორმები გამორიცხავს გამართლებული პირის მიერ საკასაციო და სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებას. სადავო ნორმების ამგვარ განმარტებას არ ეწინააღმდეგება მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელიც.
15. ზოგადად, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით წყდება პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საპროცესო დოკუმენტით სასამართლო ადგენს, ჩაიდინა თუ არა პირმა ინკრიმინირებული ქმედება და რა სანქცია უნდა დაეკისროს მას. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრების უფლება ეზღუდება გამართლებულ პირს, ე.ი. პირს, რომლის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. გამამართლებელი განაჩენის არსიდან და ბუნებიდან გამომდინარე, არ არსებობს პირისთვის უკანონოდ პასუხისმგებლობის დაკისრების საფრთხე, ვინაიდან სასამართლოს ეს აქტი ეხება სწორედ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას და არა მის დაკისრებას. თუმცა კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მითითებით, გამართლებულ პირს, შესაძლებელია მაინც გააჩნდეს განაჩენის გასაჩივრების ინტერესი. ეს ინტერესი შესაძლებელია იყოს განაჩენით გადაწყვეტილი ნებისმიერი საკითხი, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება მის მიერ დანაშაულის ჩადენას, თუმცა პოტენციურად, შეიძლება ზღუდავდეს მის უფლებებს.
16. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის მიერ მითითებულ საქმეზე, იმის მიუხედავად, რომ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა და მის მიმართ დადგა გამამართლებელი განაჩენი, ამ განაჩენით შეიზღუდა მისი უფლება, კერძოდ, მის მიერ გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. საქმის მასალების ანალიზით ირკვევა, რომ განაჩენის გამოტანამდე პირს შეფარდებული გირაო შეეცვალა პატიმრობით, ხოლო გამამართლებელი განაჩენით გირაოს სახით გადახდილი თანხა გადაირიცხა ბიუჯეტში.
17. საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენი გირაოს თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის საფუძვლად მიუთითებს 1998 წლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 168-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანებით, გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე ბრძანებით, გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. სასამართლომ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ პირის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხა უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოდგენს ამ საკითხზე საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილების კანონიერების ანდა შესაბამისი სამართლებრივი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება, თუმცა, დასახელებული შემთხვევა წარმოადგენს იმის დადასტურებას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული გამამართლებელი განაჩენით, შეიძლება შეიზღუდოს გამართლებული პირის უფლებები და კანონიერი ინტერესები.
18. პირისათვის სამართლიანი სასამართლოს უფლების გარანტიებით აღჭურვა ემსახურება უფლებების ადეკვატური, ეფექტიანი და საკმარისი საპროცესო მექანიზმებით უზრუნველყოფას. არცერთი საპროცესო მექანიზმი არ უნდა იქნეს განხილული, როგორც თვითმიზანი. ნებისმიერი გარანტია ემსახურება უფლების დარღვევის საფრთხის აღკვეთასა და უფლებებში აღდგენას. მაშასადამე, არც გადაწყვეტილების გასაჩივრება წარმოადგენს თვითმიზანს. იგი ემსახურება პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ადეკვატურ დაცვას გადაწყვეტილების ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების გზით. ამავდროულად, განაჩენის გასაჩივრება არ წარმოადგენს უფლების დაცვის ერთადერთ და შეუცვლელ საშუალებას. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა ითვალისწინებს უფლების დაცვის საკმარის ალტერნატიულ სასამართლო მექანიზმებს, რომლებიც ადეკვატურად და სრულყოფილად იცავს პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაძლებელია არც იქნეს განხილული, როგორც ჩარევა სამართლიანი სასამართლოს უფლებაში.
19. მოპასუხის საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, არსებობს გამართლებული პირის უფლების დაცვის ალტერნატიული მექანიზმი და გამართლებულ პირს შეუძლია აღიდგინოს დარღვეული უფლებები გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების გარეშე. კერძოდ, გამართლებულ პირს აქვს შესაძლებლობა, დარღვეული უფლება აღიდგინოს 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედებების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების გზით. მოპასუხის მოსაზრებით, გამართლებულ პირს, რომელსაც გამამართლებელი განაჩენით შეეზღუდა უფლებები, შეუძლია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს განაჩენით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
20. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი არ დაეთანხმა საქართველოს პარლამენტის პოზიციას და აღნიშნა, რომ ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებიდან და მცდარია. ის გარემობა, რომ პირი გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, არ ნიშნავს, რომ მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი საპროცესო მოქმედება უკანონოა და არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების საფუძველი.
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს კონსტიტუციური წარდგინების ავტორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილ განმარტებას. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 221-ე მუხლის თანახმად, საქმის შედეგის მიუხედავად, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, რომელიც პირს მიადგა უკანონოდ ან დაუსაბუთებლად დაკავების, დაპატიმრების ანდა სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის მოთავსების შედეგად, აგრეთვე, თანამდებობიდან გადაყენების, ჩხრეკის, ამოღების, ქონებაზე ყადაღის დადების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, შემოწმების, სამართალწარმოების ორგანოების სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად, რომლებმაც ბრალდებულსა თუ სხვა პირს ქონებრივი, ფიზიკური ან მორალური ზიანი მიაყენა. ზიანის ანაზღაურების საფუძველია უკანონო ან დაუსაბუთებელ მოქმედებათა შედეგად დამდგარი ზიანი. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მართებულად მიუთითებს, რომ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა თავისთავად არ ნიშნავს, რომ განაჩენამდე მიღებული ყველა აქტი და განხორციელებული ყველა ქმედება უკანონოა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-229-ე მუხლებით დადგენილი რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების წინაპირობას კი კონკრეტული ღონისძიებებისა თუ აქტების უკანონოდ ცნობა წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ შემთხვევაში არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გამოყენებულ იქნეს რეაბილიტაციის მექანიზმი. გასაჩივრების გარეშე სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უკანონოდ ცნობისა და მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მექანიზმი კანონით არ არის დადგენილი. როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების ანალიზი ცხადყოფს, არსებობს შესაძლებლობა, რომ პირის მიერ უფლების დაცვა ვერ მოხერხდეს მოპასუხის მიერ დასახელებული მექანიზმის გამოყენებით და გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების გარეშე პირმა ვერ მოახერხოს დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღდგენა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების მექანიზმი ვერ გამოდგება, ისეთ საპროცესო მექანიზმად, რომელიც სრულად ჩაანაცვლებს გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრებას.
22. კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა გამართლებულ პირს უკრძალავს განაჩენის სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებას. ამასთანავე, კონსტიტუციურ წარდგინებაში აღწერილი შემთხვევა ცხადყოფს, რომ გამამართლებელი განაჩენი, შეიძლება ზღუდავდეს გამართლებული პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს და არ არსებობდეს უფლების ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით დაცვის შესაძლებლობა. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია, რომელიც განაჩენის აპელაციისა და კასაციის უფლებას ზღუდავს, უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციიის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ჩარევად.
23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უფლებას სამართლიან სასამართლოზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამედროვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ არის აბსოლუტური. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთანავე, სამართლიან სასამართლოზე უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა უნდა დაიცვას გონივრული ბალანსი შეზღუდვის გამოყენებულ საშუალებებსა და კანონიერ მიზანს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 21 დეკემბრის N2/6/264 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „უნისერვისის“ კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის N2/3/286 გადაწყვეტილება საქმეზე „???მოქალაქე ოლეგ სვინტრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის N2/2/558 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ილია ჭანტურაია საქართვველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ანალოგიურად, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც არ არის აბსოლუტური და დასაშვებია შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად მიზნის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით.
24. საქართველოს პარლამენტის პოზიცია განსახილველ სადავო ნორმებთან დაკავშირებით მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ რეაბილიტაციისა და ზიანის ანაზღაურების მექანიზმზე მითითებით შემოიფარგლა. მოპასუხის წერილობით ახსნა-განმარტებაში არ არის ახსნილი, თუ რა ლეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურება გამართლებული პირის მიერ განაჩენის გასაჩივრების უფლების შეზღუდვა.
25. ამასთანავე, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს, შესაძლოა, სასამართლო სისტემის აშკარად უსაფუძვლოდ ინიცირებული სამართალწარმოებით გადატვირთვის თავიდან აცილება წარმოადგენდეს. ბუნებრივია, მართლმსაჯულება არ უნდა გადაიტვირთოს იმ პირების საჩივრებით, რომელთაც სრულიად არ გააჩნიათ დავის ინტერესი.
26. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პროცესის ეკონომიურობა და სასამართლოს ხელოვნური გადატვირთვის თავიდან აცილება უმნიშვნელოვანესია მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფისთვის. მაშასადამე, სამართლიანი სასამართლოს უფლება შეიძლება შეიზღუდოს ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნებით. თუმცა ჩარევის თანაზომიერების შეფასებისთვის მხედველობაშია მისაღები როგორც ჩარევის ინტენსივობა, ისე იმ უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის მნიშვნელობა, რომლის დაცვის შესაძლებლობაც არის შეზღუდული” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-69). როგორც აღინიშნა, სამართლიანი სასამართლოს უფლების შემზღუდველი ნორმა არა მხოლოდ ლეგიტიმური მიზნების მიღწევას უნდა ემსახურებოდეს, არამედ მისი მზღუდავი ეფექტი დაცული სიკეთის თანაზომიერი უნდა იყოს.
27. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ გამართლებულ პირებს შესაძლოა ჰქონდეთ გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრების კანონიერი ინტერესი. როგორც უკვე აღინიშნა, განაჩენის გასაჩივრების უფლების სრულყოფილ რეალიზაციას გამართლებული პირებისათვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც გამამართლებელი განაჩენით იზღუდება მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. განაჩენის გასაჩივრების უფლების გარეშე არსებობს რისკი, რომ პირები დარჩნენ უფლების დაცვის სამართლებრივი მექანიზმის გარეშე, რაც არა მხოლოდ სამართლიანი სასამართლოს უფლებას უქმნის საფრთხეს, არამედ - იმ უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს, რომელთა დასაცავადაც პირი მიმართავს სასამართლოს და რომელთა შეზღუდვასაც შესაძლოა გამამართლებელი განაჩენი იწვევდეს.
28. ამგვარად, გამამართლებელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებლობის შეზღუდვა იმ შემთხვევაში, როდესაც ამავე განაჩენით იზღუდება პირის სხვა უფლებები ან კანონიერი ინტერესები, წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს უფლებაში ინტენსიურ ჩარევას და ხელს უშლის ამ უფლებით სრულყოფილად სარგებლობასა და უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტიანად დაცვას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მხოლოდ პროცესის ეკონომიურობა ვერ გამოდგება უფლების ამგვარი შეზღუდვის საპირწონედ. „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების ლეგიტიმური მიზნების დაცვა ალოგიკურია, თუ ამის შედეგი ისევ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეუძლებლობაა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 3/1/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-90).
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმებით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვა არათანაზომიერია და 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 546-ე მუხლი მიჩნეულ უნდა იქნეს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოდ.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 42-ე მუხლის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტების, 44-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N601 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნული საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 518-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფს გამართლებულის მიერ განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას და ამავე კოდექსის 546-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უგულებელყოფს გამართლებულის მიერ განაჩენის საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას.
2. არაკონსტიტუციური ნორმები იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდეს 15 დღის ვადაში.
პლენუმის წევრები:
გიორგი პაპუაშვილი
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი