საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/603 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 11 ნოემბერი 2014 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 103-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლსა და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე მხარის წარმომადგენლები - გვანცა ხუნწარიძე და ლიკა წიკლაური; მოპასუხე მხარის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი - ქეთევან კრაწაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 7 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №603) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად გადმოეცა 2014 წლის 8 ივლისს.
2. №603 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2014 წლის 7 ოქტომბერს.
3. №603 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე" ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტი.
4. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №145 დადგენილების 103 მუხლი ადგენს რეინტეგრაციის შემწეობას ჯანმრთელი ბავშვისთვის თვეში 90 ლარის ოდენობით, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვისთვის თვეში 130 ლარის ოდენობით.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი ადგენს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“.
6. მოსარჩელის მტკიცებით, მშობელი და მინდობით აღმზრდელი არსებითად თანასწორი პირები არიან, რადგან ორივე პირს გააჩნია ერთნაირი ვალდებულება, იზრუნოს ბავშვზე. ერთ შემთხვევაში თავად მშობელი იღებს ამის შესახებ გადაწყვეტილებას, ხოლო მეორე შემთხვევაში სახელმწიფო. თუმცა ვალდებულების მოცულობა ერთნაირია, შესაბამისად, მშობელსაც და აღმზრდელსაც ერთნაირი ფინანსური ტვირთი აწვება. ზრუნვის ხარჯის მოცულობა არ იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინაა ბავშის ზრუნვაზე პასუხისმგებელი პირი.
7. მოსარჩელეები „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველ პუნქტზე დაყრდნობით მიუთითებენ, რომ ზრუნვის ხარჯები არ წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ მინდობით აღმზრდელისათვის დანიშნულ ხელფასს და, რომ ეს ანაზღაურება ემსახურება მთლიანად ზრუნვის ხარჯების დაფარვას. შესაბამისად, თუკი თანხა ორივე შემთხვევაში მიემართება ბავშვის მზრუნველობას, მშობელს სახელმწიფო აკისრებს უფრო დიდ ტვირთს, ვიდრე მინდობით აღმზრდელს.
8. მოსარჩელის განცხადებით, მშობლის უფლებას წარმოადგენს უფლება, აღზარდოს საკუთარი შვილი. იმის გამო, რომ სახელმწიფო ბიოლოგიურ ოჯახს არ აძლევს იმავე რესურსს, რასაც მინდობით აღმზრდელს უხდის, მშობელი ამ უფლებას ფაქტობრივად ვერ ახორციელებს. აღნიშნული უფლების შელახვა არის მაღალი ინტენსივობის და ლახავს როგორც მშობლის, ასევე შვილის უფლებას, აღიზარდოს ოჯახურ გარემოში.
9. მოსარჩელის აზრით, არსებული რეგულაცია უთანასწოროდ ეპყრობა არსებითად თანასწორ პირებს, ერთი მხრივ, ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს და, მეორე მხრივ, მინდობით აღმზრდელს.
10. ამასთანავე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმა მეტ სტიმულს უქმნის მინდობით აღმზრდელს, იზრუნოს ბავშვზე, ვიდრე ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახს, რაც ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მის უპირატეს უფლებას - აღიზარდოს ბიოლოგიურ ოჯახში. სადავო ნორმის მიზანია ბავშვის დეინსტიტუციონალიზაცია, ამ მიზნის მისაღწევად კი მშობლისთვის ნაკლებ ხელსაყრელი პირობების შეთავაზება ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არ ზრუნავს ოჯახის კეთილდღეობაზე და ერთიანობაში ამგვარი მოწესრიგება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტსაც.
11. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ დამატებით აღნიშნა, რომ გარდა მშობლისა და მინდობით აღმზრდელის თანასწორობისა, თანასწორნი არიან ბავშვებიც, რომლებიც არიან რეინტეგრაციის ან მინდობით აღზრდის სუბიექტები, რადგან მათ გააჩნიათ თანაბარი საჭიროებანი აღზრდის, განათლებისა და კვებისთვის. არსებული რეგულაციით, ბავშვი, რომელიც უბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახს, არათანასწორ მდგომარეობაშია მინდობით აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვთან, რადგან ვერ იღებს იმ თანხას, რომელიც სახელმწიფომ აუცილებლად დაადგინა მისი ნორმალური განვითარებისათვის მინდობით აღზრდის შემთხვევაში. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბავშვების საჭიროებები არ იცვლება იმის მიხედვით, თუ ვინ აღზრდის მას, მშობელი თუ მინდობით აღმზრდელი.
12. მოსარჩელის მოსაზრებით, თუკი სასამართლო დაადგენს მე-14 მუხლის დარღვევას, ეს ავტომატურად გულისხმობს 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევასაც, რადგან უთანასწორო მოპყრობა ოჯახური კეთილდღეობის უფლების დარღვევასაც იწვევს.
13. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის 36-ე მუხლში იკითხება სახელმწიფოს როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. სადავო ნორმა ეწინააღმდეგება ამ ჩანაწერს, რადგან ოჯახის კეთილდღეობა მოიაზრებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, იზრდებოდეს საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახში და ასევე მშობლის ინტერესს, თავად აღზარდოს საკუთარი შვილი. არსებული რეგულაციით, კერძოდ, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობით, უფლების რეალიზება შეუძლებელია, შესაბამისად, ილახება როგორც მშობლის, ისევე შვილის უფლებები, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესს.
14. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მზრუნველობამოკლებულ ბავშვზე ზრუნვა, ოჯახის ერთიანობის ხელშეწყობა, არ არის სახელმწიფოს კეთილი ნება, ეს მისი ვალდებულებაა, რომელიც კონსტიტუციის 36-ე მუხლიდან გამომდინარეობს. აქედან გამომდინარე, ის, რომ სახელმწიფო ბიოლოგიურ მშობელს, რომელსაც შესაძლოა აქვს სურვილი, დაიბრუნოს ოჯახში ბავშვი და განაგრძოს მასზე მზრუნველობა, გაცილებით ნაკლები შემწეობით ეხმარება, ვიდრე მინდობით აღზრდის ანაზღაურებისას ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მის ვალდებულებას.
15. მოსარჩელე, თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად, იშველიებს საერთაშორისო პრაქტიკას და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
16. მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სარჩელი არ უნდა მიიღოს განსახილველად. აღნიშნული ქვეპუნქტების თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით ან თუკი სადავო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე სრულფასოვანი მსჯელობა შეუძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი იმ ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის.
17. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სარჩელი მიმართულია არსებითად არათანასწორი პირების გათანაბრებისაკენ, საქართველოს კონსტიტუცია კი არათანასწორთა თანასწორობის პრინციპს არ იცნობს. გარდა ამისა, მოპასუხის მოსაზრებით, საკითხზე სრულფასოვანი განხილვა შეუძლებელია ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლზე მსჯელობის გარეშე, რომელიც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.
18. მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მშობელი და მინდობით აღმზრდელი არსებითად თანასწორი პირები არიან, რადგან რეინტეგრაცია და მინდობით აღზრდა თვისობრივად განსხვავებული მიზნების მქონე განსხვავებული ინსტიტუტებია. მშობელს, თავისთავად, მხოლოდ იმიტომ რომ მშობელია, აქვს ბავშვზე ზრუნვის კანონისმიერი ვალდებულება. მინდობით აღმზრდელს, რომელსაც არ აქვს ნათესაური კავშირი აღსაზრდელთან, ხელშეკრულების დადებამდე არ გააჩნია არანაირი ვალდებულება, იზრუნოს ბავშვზე, ხოლო შემდგომ ის ხდება სახელმწიფო სერვისის მიმწოდებელი. გარდა ამისა, მინდობით აღზრდის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში არასრულწლოვანი პირი რჩება სახელმწიფო მზრუნველობაში, რადგან მინდობით აღზრდა წარმოადგენს ბავშვებზე ზრუნვის პროგრამის ერთ-ერთ ქვეპროგრამას. შესაბამისად, არ ირღვევა კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
19. მოსარჩელისგან განსხვავებით, მოპასუხემ აღნიშნა, რომ თანხა, რომელსაც სახელმწიფო იხდის მინდობით აღზრდაში, არ არის მხოლოდ ბავშვის საჭიროებებისკენ მიმართული და რომ ის, თავის თავში მოიცავს მზრუნველის შრომის ანაზღაურებასაც, რაზეც მიუთითებს ,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი.
20. მოპასუხემ განაცხადა, რომ ბიოლოგიური ოჯახისთვის შემწეობის თანხის მინდობით აღზრდის ანაზღაურების თანხასთან გატოლება რისკის შემცველია, რადგან უამრავ ეკონომიკურად გაჭირვებულ ოჯახს შეექმნება სტიმული, მიაბაროს შვილი შესაბამის დაწესებულებაში და მხოლოდ შემწეობის დანიშვნის შემდეგ დააბრუნოს ოჯახში.
21. მოპასუხეთა აზრით, კონსტიტუციის 36-ე მუხლი დეკლარაციული ხასიათისაა და სახელმწიფოს არ აქვს პასუხისმგებლობა, ჩაანაცვლოს მშობლის ვალდებულება. მოპასუხეს მიაჩნია, რომ არ ილახება კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რადგან სახელმწიფო ახორციელებს ოჯახის კეთილდღეობისთვის ხელშეწყობის მიზნით არაერთ პროგრამას, როგორებიცაა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების პროგრამა, დღის ცენტრის პროგრამა, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა და სხვ.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამ მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმას, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა მიანიშნებდეს სადავო ნორმის შინაარსობრივ მიმართებაზე კონსტიტუციის შესაბამის ნორმებთან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის საოქმო ჩანაწერი №1/7/561, 568, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-3).
2. №603 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 103 მუხლით დადგენილი რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობის კონსტიტუციურობა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ამ დებულებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ოჯახის კეთილდღეობის ცნებაში მოიაზრება ბავშვზე ზრუნვის ვალდებულებაც. ბავშვის საუკეთესო ინტერესებში შედის, რომ ის იზრდებოდეს საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახში, ხოლო სახელმწიფოს, სწორედ ოჯახის კეთილდღეობის უფლებიდან გამომდინარე, ეკისრება ვალდებულება, არ დაუშვას ეკონომიკური ფაქტორით შვილის მშობლებთან დაშორება. მისი აზრით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია იმდენად, რამდენადაც ის ამავე დადგენილების 104 მუხლით განსაზღვრულ მინდობით აღზრდის ანაზღაურებასთან შედარებით ადგენს გაცილებით ნაკლები ოდენობის სოციალურ დახმარებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის დარღვევასთან ერთად, ლახავს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ ოჯახის კეთილდღეობის უფლებასაც.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტებით დაცულია განსხვავებული უფლებრივი სფეროები. თითოეულ მათგანს გააჩნია დამოუკიდებელი შინაარსი და ფარგლები. ამასთან, “ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს, ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი, საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-11).
4. №603 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ფარგლებში, სასამართლო არ დგას კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამომწურავი განმარტების საჭიროების წინაშე. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ადგენს, რომ „სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას და ამისათვის განახორციელოს გარკვეული ღონისძიებები. ოჯახური ცხოვრების კეთილდღეობაზე კონსტიტუციური უფლების სრულყოფილი რეალიზაცია მოითხოვს, რომ უზრუნველყოფილ იყოს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს ოჯახური ურთიერთობების სრულყოფილ დაცვას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია ერთი მხრივ თავი შეიკავოს ოჯახურ ურთიერთობებში გაუმართლებელი ჩარევისაგან, ხოლო მეორე მხრივ მიიღოს ქმედითი ზომები ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
5. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან სადავო ნორმის შეფასება, მხოლოდ იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ ის აწესებს რეინტეგრაციის შემწეობასა და მინდობით აღზრდის ანაზღაურებასთან მიმართებით დიფერენცირებულ მიდგომას, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რაც, მოსარჩელის აზრით, იმავდროულად, იწვევს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევას, გამოიწვევდა თანასწორობისა და ოჯახის კეთილდღეობის ძირითადი უფლებების ფარგლების ხელოვნურ გადაფარვას, რაც, თავის მხრივ, მოახდენდა კონსტიტუციურ უფლებათა ფარგლების გაუმართლებელ აღრევას. ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ვერ შეფასდება თანასწორობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც კონსტიტუციის სხვა დებულებებით დაცულ სფეროს განეკუთვნება.
6. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს დაანახვებს ცხად შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმატიული აქტით დადგენილ რეგულირებასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ პირთა მიმართ უთანასწორო მოპყრობაზე მითითება არ არის საკმარისი კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებასთან შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად. მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციურ სარჩელში და არც საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე არ წარმოუდგენია სხვა არგუმენტაცია, რომელიც დაანახვებდა სასამართლოს შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმასა და კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ უფლებას შორის.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №603 კონსტიტუციური სარჩელი, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 103 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №603 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლების, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე და 31-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №603 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 103 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №603 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 103 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი