საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/8/622 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, |
თარიღი | 25 ნოემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ქეთევან ერემაძე – წევრი;
მაია კოპალეიშვილი – წევრი;
მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან, მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან და 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვარს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №622) მიმართა საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძემ. №622 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 27 იანვარს.
2. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 25 ნოემბერს.
3. №622 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში, ელექტრონულ ფორმატში ჩანაწერები ინახება მუდმივად.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულია, რომ ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია და ასევე, განსაზღვრულია აღნიშნულ უფლებაში შესაძლო ჩარევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
6. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე ედიშერ გოდუაძე 2007 წლის 31 ოქტომბერს ფოთის საქალაქო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის, ე.ი. ექიმის რეცეპტის გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის. სახდელის დადებიდან 5 წლის შემდეგ მოსარჩელე სათანადო ნარკოლოგიური გამოკვლევების შედეგად მოხსნილი იქნა ნარკოლოგიური აღრიცხვიდან. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან საინფორმაციო ბანკში კვლავ რჩება ინფორმაცია მოსარჩელისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.
7. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობა გამოიხატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიან საინფორმაციო ბანკში პირისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის შესახებ ინფორმაციის უვადოდ შენახვის შესაძლებლობის არსებობაში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა გამორიცხავს პირის შესაძლებლობას, მიმართოს სახელმწიფოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის წაშლის მოთხოვნით, მონაცემების შენახვიდან გონივრული ვადის გასვლის შემდგომ.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ვინაიდან პიროვნების თავისუფალი განვითარება იმავდროულად გულისხმობს პირის მიერ გარესამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას. სადავო ნორმა ინდივიდს არ ანიჭებს შესაძლებლობას, მოითხოვოს წარსულში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ მის მიმართ არსებული ინფორმაციის განადგურება, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლიდან გამომდინარე, ადამიანს აქვს უფლება, რომ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას მისი პიროვნების გაიგივება არ ხდებოდეს კონკრეტულ სამართალდარღვევასთან.
9. მოსარჩელე განმარტავს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, ვინაიდან პირად ცხოვრებაში ჩარევა სახელმწიფოს მიერ ხდება მუდმივად და არა შეზღუდული, მკაცრად გაწერილი ვადით. მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციის მე-20 მუხლის მოთხოვნას წარმოადგენს კანონმდებლობით პირად ცხოვრებაში თვითნებური შეჭრისაგან დაცვის გარანტიების მკაცრი განსაზღვრა, მათ შორის, ისეთი გარანტიის, როგორიც არის პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა, რომლის კონტროლის შესაძლებლობაც სასამართლოს ექნება. იმავდროულად, პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევის დასადგენად, მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო გამოიყენებს ან გაავრცელებს თუ არა პერსონალურ მონაცემებს, ჩარევის ფაქტი არსებობს სახელმწიფოს მიერ ამგვარი მონაცემების შეგროვების და შენახვის მომენტიდან. შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ, ამ ინფორმაციის შენახვა და განსაკუთრებით, მისი გამოყენება, ჩაითვლება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებაში ჩარევად, ვინაიდან ამგვარი ინფორმაცია სენსიტიურია ინდივიდისთვის და არსებობს მისი საიდუმლოების დაცვის გონივრული მოლოდინი.
10. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის რეგულირების ობიექტია სახელმწიფო დაწესებულებაში დაცული კერძო ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის ტექსტიდან პირდაპირ არ იკითხება სახელმწიფოს ვალდებულება, განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ პერსონალური მონაცემების განადგურების შესახებ, მოსარჩელის აზრით, იგი კონსტიტუციის დებულებიდან არაპირდაპირ მაინც გამომდინარეობს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვის კონსტიტუციური უფლება გულისხმობს ინფორმაციის დაცვას არა მხოლოდ კერძო პირებისგან, არამედ სახელმწიფო მოსამსახურეებისგანაც. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შეგროვებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პერსონალური მონაცემების შენახვა აუცილებელი აღარ არის ლეგიტიმური მიზნების არარსებობის გამო, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და უფლებამოსილ ორგანოებს მონაცემებზე წვდომის შესაძლებლობა მაინც რჩებათ. სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ ადამიანის მონაცემებზე წვდომის შეწყვეტის ერთადერთი გზას ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან მონაცემების წაშლა წარმოადგენს.. ამასთან, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეზღუდვა უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული, მოცემულ შემთხვევაში კი შეზღუდვა დადგენილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც დამოუკიდებლად ქმნის ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს.
11. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა შესაძლოა ემსახურებოდეს განსაზღვრული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის პრევენციას, მოქალაქის შესაბამისობის დადგენას საჯარო სამსახურში დასაკავებელ თანამდებობასთან და სხვა. ამასთან, გამოსაყენებელი ღონისძიება მიზნის მისაღწევად ვარგისია. აღნიშნულის მიუხედავად, სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის ორ დამატებით მოთხოვნას, გამომდინარე იქიდან, რომ სადავო ნორმა ბლანკეტურად, ერთმანეთისგან თვისობრივად და საშიშროების თვალსაზრისით განსხვავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგენს ერთნაირ შეზღუდვას. ასევე, არ არსებობს მონაცემის პირველადი, ავტომატური დამუშავებიდან განსაზღვრული პერიოდის გასვლის შემდეგ ან მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით, მონაცემთა შენახვის შესახებ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვის მექანიზმი. შესაბამისად, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნას იმის გამო, რომ ადგენს მონაცემების ყოვლისმომცველ და არადიფერენცირებულ შენახვას, ხოლო მიზნის მიღწევა შესაძლებელია პირის უფლებების ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით. იმავდროულად, დაცული არ არის ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია და ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე დამატებით იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და საერთაშორისო პრაქტიკას სადავო საკითხთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1)
2. №622 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციის ხსენებული დებულება არეგულირებს ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაციის გაცემის წესს, კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ეს ნორმა იცავს პირის ფუნდამენტურ უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული, მის ჯანმრთელობასთან, ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამხელისაგან დაცვა. ამ უფლებას სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება შეესატყვისება – არ დაუშვას აღნიშნული მონაცემების ხელმისაწვდომობა, გარდა კონსტიტუციით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/3/406,408 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი მიუთითებს „...„ოფიციალურ ჩანაწერებში“ უკვე არსებული ინფორმაციის მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომობის შინაარსობრივ ფარგლებზე და ასეთი ინფორმაციის გაცემის წესზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის №1/5/625,640 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, სადავო ნორმის კონსტიტუციის ხსენებულ დებულებასთან არაკონსტიტუციურად ცნობასთან მიმართებით, ეფუძნება იმ გარემოებას, რომ შესაბამის თანამდებობის პირებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაციის შეგროვებიდან გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, კვლავ ჰქონდეთ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა. აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმის რეგულირების სფეროს წარმოადგენს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის შენახვის ვადის ხანგრძლივობა, თუმცა, ნორმა არ მოიცავს არანაირ მითითებას ინფორმაციაზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირთა წრესთან ან ამგვარი ინფორმაციის გაცემის წესთან დაკავშირებით. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №271 ბრძანება იმავდროულად განსაზღვრავს ერთიანი საინფორმაციო ბანკიდან ინფორმაციის გაცემის წესს, წინაპირობებს, უფლებამოსილ პირთა წრეს და ვადებს, რომელთა განმავლობაშიც ამგვარი ინფორმაციის გაცემა დასაშვებია. ცხადია, რომ აღნიშნული წესი კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, შესაძლოა დამოუკიდებლად გახდეს მსჯელობის საგანი, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლო შეზღუდულია მოსარჩელის მიერ განსაზღვრული სასარჩელო მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეაფასოს, ცალკე აღებული, საინფორმაციო ბანკში მონაცემთა შენახვის ვადა რამდენად შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევას.
4. როგორც უკვე აღინიშნა, კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზანია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა კერძო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სათანადო რეგულირების დადგენის გზით. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეიძლება მოიცავდეს მონაცემთა მუდმივად შენახვის წესი, იმავდროულად, მონაცემთა გაცემის წესსა და წინაპირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი №622 სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
5. №622 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 და მე–18 მუხლების, 21–ე მუხლის პირველი პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30–ე და 31–ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №622 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №622 კონსტიტუციური სარჩელი (საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოდუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა