საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/4/539 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2012 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია – წევრი;
3. ქეთევან ერემაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის’’ 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „...და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”, ასევე ამავე პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №539) მიმართა საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 3 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2012 წლის 20 სექტემბერს.
2. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების „... და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”, ასევე, ამავე პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. სადავო ნორმების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი. დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამის არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10 პროცენტს მაინც მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.
6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც მონაწილეობდა 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, როგორც ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი და კვლავაც სურს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამასთანავე, იგი არ არის რომელიმე პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წევრი და შემდეგ არჩევნებში აპირებს თავისი კანდიდატურის წარდგენას საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით.
7. მოსარჩელის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისი დებულებების თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო თანამდებობის დასაკავებლად. საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილებისა, არსებითად თანასწორია პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებასთან მიმართებით. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტები არჩევნებთან მიმართებით წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის.
8. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული 5000–ლარიანი დეპოზიტის განთავსების ვალდებულება მოქმედებს მხოლოდ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მიმართებით და ამგვარი ვალდებულება არ ეკისრება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. შესაბამისად, სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილების ნიშნით.
9. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს დისკრიმინაციას. საარჩევნო კანონმდებლობა ხშირად არათანაბარ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ, მაგალითად, კვალიფიციურ სუბიექტებს არა აქვთ ვალდებულება, ყოველ არჩევნებზე ხელახლა წარმოადგინონ შესაბამისი ხელმოწერები. მსგავსი განსხვავებული წესები ემსახურება იმ მიზანს, რომ არჩევნებში წარმოდგენილი კანდიდატები და პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობდნენ გარკვეული მხარდაჭერით საზოგადოებაში და საარჩევნო პროცესი დაცული იყოს ერთგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი ობსტრუქციისაგან. მოსარჩელის აზრით, შესაძლებელია, ანალოგიური ლეგიტიმური მიზანი ჰქონდეს სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვასაც, თუმცა მისთვის გაუგებარია, ამგვარი ლეგიტიმური მიზანი რატომ არსებობს მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის და არ არსებობს პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით, მცირე და პერსპექტივის არმქონე პოლიტიკური გაერთიანებებისა და საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის გამართლება მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნით, საჭიროა, ცალსახად გამოიკვეთოს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის 5000 ლარის გადახდის დაკისრების აბსოლუტური აუცილებლობა და „სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის“ არსებობა. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის შემთხვევაში, არ იკვეთება ის აუცილებლობა და „დაუძლეველი ინტერესი“, რომელიც გაამართლებდა მის, მხოლოდ დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებზე გავრცელების სამართლიანობას. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ითვალისწინებს არა სამართლიან დიფერენციაციას, არამედ იწვევს დისკრიმინაციას, ამასთან, არა მხოლოდ პოლიტიკური შეხედულებების, არამედ ქონებრივი მდგომარეობის მიხედვითაც, ვინაიდან მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას, წარადგინოს 5000–ლარიანი დეპოზიტი.
10. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, ვინაიდან სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის გამო, მოსარჩელე ვერ ახერხებს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და, შესაბამისად, ერთმევა შესაძლებლობა, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა.
11. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად ასევე ეყრდნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
12. "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მოსარჩელე ითხოვს სადავო აქტის შეჩერებას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ #539 კონსტიტუციური სარჩელი აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. სადავო ნორმის შეჩერების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელემ სასამართლოს არ წარუდგინა რაიმე არგუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს გამოუსწორებელი შედეგები მოსარჩელე მხარისათვის. შესაბამისად, მოსარჩელის ეს მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
III
სარეზოლუციო ნაწილი
ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21–ე მუხლის მე–2 პუნქტით, 25–ე მუხლის მე–5 პუნქტით, 271 მუხლის პირველი პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით, 21–ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი #539 (საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის პირველი წინადადების სიტყვების ”...და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”, ამავე პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სადავო აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი
2. ვახტანგ გვარამია
3. ქეთევან ერემაძე
4. მაია კოპალეიშვილი