საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/539 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ვახტანგ გვარამია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 11 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
2. ვახტანგ გვარამია - წევრი;
3. ქეთევან ერემაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების “...და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”, ასევე ამავე პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე - ბესიკ ადამია და მისი წარმომადგენელი - მიხეილ შარაშიძე. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თამარ მესხია და თამარ ხინთიბიძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 30 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №539) მიმართა საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამიამ. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 3 აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 7 ნოემბრის საოქმო ჩანაწერით (№1/4/539) კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. საქმის არსებითი განხილვის სხდომა ზეპირი მოსმენით გაიმართა 2013 წლის 26 თებერვალს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
4. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების “... და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”, ასევე, ამავე პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. სადავო ნორმების თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღისა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი. დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შესაბამის არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10 პროცენტს მაინც მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს თანხა გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, “საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც მონაწილეობდა 2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში როგორც ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი და კვლავაც სურს მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამასთანავე, იგი არ არის რომელიმე პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წევრი და შემდეგ არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენას საინიციატივო ჯგუფის მეშვეობით აპირებს.
8. მოსარჩელის განმარტებით, საარჩევნო კოდექსის შესაბამისი დებულებების თანახმად, პასიური საარჩევნო უფლება არის საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო თანამდებობის დასაკავებლად. საქართველოს ყველა მოქალაქე, მიუხედავად რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისადმი კუთვნილებისა, არსებითად თანასწორია პასიური საარჩევნო უფლების განხორციელებასთან მიმართებით. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტები არჩევნებთან მიმართებით წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისათვის.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების ვალდებულება მოქმედებს მხოლოდ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მიმართებით და ამგვარი ვალდებულება არ ეკისრება არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. შესაბამისად, სადავო ნორმა არსებითად თანასწორ პირებს აყენებს განსხვავებულ მდგომარეობაში.
10. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებული მოპყრობის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს დისკრიმინაციას. საარჩევნო კანონმდებლობა ხშირად არათანაბარ სამართლებრივ რეჟიმს ადგენს არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიმართ, მაგალითად, კვალიფიციურ სუბიექტებს არა აქვთ ვალდებულება, ყოველ არჩევნებზე ხელახლა წარმოადგინონ შესაბამისი ხელმოწერები. მსგავსი განსხვავებული წესები ემსახურება იმ მიზანს, რომ არჩევნებში წარმოდგენილი კანდიდატები და პოლიტიკური ჯგუფები სარგებლობდნენ გარკვეული მხარდაჭერით საზოგადოებაში და საარჩევნო პროცესი დაცული იყოს ერთგვარი პოლიტიკურ-სამართლებრივი ობსტრუქციისაგან. მოსარჩელის აზრით, შესაძლებელია, ანალოგიური ლეგიტიმური მიზანი ჰქონდეს სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვასაც, თუმცა მისთვის გაუგებარია, ამგვარი ლეგიტიმური მიზანი რატომ არსებობს მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისთვის და არ არსებობს პოლიტიკური პარტიების, განსაკუთრებით, მცირე და პერსპექტივის არმქონე პოლიტიკური გაერთიანებებისა და საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირებული მიდგომის გამართლება მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნით, საჭიროა, ცალსახად გამოიკვეთოს სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის 5000 ლარის გადახდის დაკისრების აბსოლუტური აუცილებლობა და “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესის” არსებობა. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმის შემთხვევაში არ იკვეთება ის აუცილებლობა და “დაუძლეველი ინტერესი”, რომელიც გაამართლებდა მის მხოლოდ დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატებზე გავრცელების სამართლიანობას. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა ითვალისწინებს არა სამართლიან დიფერენციაციას, არამედ იწვევს დისკრიმინაციას.
11. ამასთან, მოსარჩელემ, როგორც კონსტიტუციურ სარჩელში, ისე საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიუთითა, რომ სადავო ნორმის საფუძველზე არსებითად თანასწორი პირების (ერთი მხრივ, საინიციატივო ჯგუფის და, მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატების) დიფერენცირება ხდება პოლიტიკური და ქონებრივი კუთვნილების ნიშნით. მოსარჩელის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატს არ სურს მისი საქმიანობა ასოცირდებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან, იგი ვალდებულია, გადაიხადოს სადავო ნორმით განსაზღვრული თანხა. მისი მტკიცებით, აღნიშნული შეზღუდვა პირს გარკვეულწილად აიძულებს, გახდეს რომელიმე კონკრეტული პარტიის წევრი და გაუმართლებელ ბარიერს უწესებს კონსტიტუციით გარანტირებული პასიური საარჩევნო უფლების ეფექტურად განხორციელების პროცესში. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა იწვევს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატების დისკრიმინაციას პოლიტიკური კუთვნილების ნიშნით და იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს. იმავდროულად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა უპარტიო ადამიანებისთვის 5000-ლარიანი დეპოზიტის გადახდის დავალდებულებით, მათ ერთგვარად უდგენს ქონებრივ ცენზს და იწვევს დისკრიმინაციას ქონებრივი ნიშნით.
12. მოსარჩელემ საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო ნორმა პრობლემური არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდვა გავრცელდებოდა ყველა კანდიდატის მიმართ თანაბრად და, ამასთან, მას ექნებოდა ალტერნატიული ხასიათი, კერძოდ, თუ პირს მიეცემოდა შესაძლებლობა, თავად აერჩია, ხელმოწერებს შეაგროვებდა თუ საარჩევნო დეპოზიტს გადაიხდიდა. ამასთანავე, მოსარჩელემ აღნიშნავა, რომ მისთვის მისაღებია მხოლოდ ხელმოწერების შეგროვების ვალდებულების არსებობა, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, კანდიდატს უწევს მუშაობა უშუალოდ ამომრჩეველთან და ამ მექანიზმით უზრუნველყოფილია საარჩევნო პროცესის სერიოზულობა.
13. მოსარჩელე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
14. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხებოდა სადავო ნორმების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
15. მოპასუხე მხარის განმარტებით, საინიციატივო ჯგუფისა და პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პირები, რომლებსაც სურთ, გახდნენ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით დეპუტატობის კანდიდატები, არ არიან არსებითად თანასწორები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიზნებისთვის. მოპასუხეს მიაჩნია, რომ საინიციატივო ჯგუფი თავისი არსით განსხვავდება პოლიტიკური პარტიისა და საარჩევნო ბლოკისგან. პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და საერთო მსოფლმხედველობრივ ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილ მოქალაქეთა ნებაყოფლობით დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაერთიანებას. ეს გაერთიანება იქმნება განსაზღვრული მიზნებით, რათა მონაწილეობა მიღოს სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. პოლიტიკურ პარტიას აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა და მისი საქმიანობა განისაზღვრება პარტიის წესდებით. პარტიის ჩამოყალიბების, იურიდიული ქმედუნარიანობის შეძენისა და სამართლებრივი წესით რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილია განსაზღვრული კრიტერიუმები. მისი საქმიანობა, ფინანსები, კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი სამართლებრივად განსაზღვრულია და კონტროლდება სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. საარჩევნო ბლოკი, თავის მხრივ, პოლიტიკური პარტიების მიერ იქმნება. ასეთი ან მსგავსი მოთხოვნების დაკმაყოფილება, კანონმდებლობის თანახმად, არ მოეთხოვება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც სპონტანურად იქმნება წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატების წარსადგენად, შესაბამისად, მაჟორიტარობის კანდიდატების წარმდგენი პირები თვისობრივად ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ამიტომ თავად კანდიდატებიც არ უნდა იქნენ განხილული არსებითად თანასწორებად. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ადგენს არსებითად არათანასწორი პირების მიმართ განსხვავებულ მოპყრობას და, შესაბამისად, არ უნდა შეფასდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
16. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე მხარე სადავო ნორმის შემოღების ლეგიტიმურ მიზნად ასახელებს საარჩევნო პროცესის სერიოზულობის უზრუნველყოფასა და იმის პრევენციას, რომ საარჩევნო პროცესში არ ჩაერთონ კანდიდატები, რომლებიც პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან ამ პროცესს, არ ჰყავთ მხარდამჭერთა საჭირო რაოდენობა და არა აქვთ გამარჯვების რეალური პერსპექტივა. მოპასუხის აზრით, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში, აღნიშნული მიზანი მიიღწევა მათთვის იმ ბარიერების დაწესებით, რაც პარტიის შექმნასა და ფუნქციონირებას უკავშირდება, შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტების მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ისინი მონაწილეობას იღებენ არჩევნებში კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად და სერიოზულად ეკიდებიან საარჩევნო პროცესს. საინიციატივო ჯგუფის შემთხვევაში კი, სწორედ 5000-ლარიანი დეპოზიტის შემოღებით ხდება იგივე ლეგიტიმური მიზნების მიღწევა და საარჩევნო პროცესის სათანადო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.
17. მოპასუხე მხარემ ასევე განმარტა, რომ დეპოზიტის არსებობა არ წარმოადგენს ქონებრივ ცენზს, ვინაიდან კანონმდებლობით დადგენილი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში, კანდიდატს თანხა სრულად უბრუნდება. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ, ვინაიდან თანხის დაბრუნების საკითხი დამოკიდებულია ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობის ხმების მიღებაზე, ამასთან, ერთი მხრივ, თანხის ოდენობა არ არის ხელმიუწვდომლად მაღალი და, მეორე მხრივ, კანდიდატი არ არის შებოჭილი ამ თანხის პირადი სახსრებიდან გადახდით, ამიტომ ადგილი არა აქვს ქონებრივი ნიშნით დიფერენციაციას.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სადავო ნორმები კონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
19. 19. მოპასუხე თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად დამატებით იშველიებს საზღვარგარეთის ქვეყნების საკონსტიტუციო სასამართლოებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას სადავო საკითხებთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. თანასწორობის იდეა არის ერთ-ერთი საყრდენი ღირებულებათა სისტემისა, რომლის დამკვიდრების მიზნით და სულისკვეთებითაც იქმნებოდა სახელმწიფოთა კონსტიტუციები. კანონის წინაშე თანასწორობა - ეს არ არის მხოლოდ უფლება, ეს არის კონცეფცია, პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატიული ღირებულებები. “კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტური უფლების დამდგენი ...ნორმა წარმოადგენს თანასწორობის უნივერსალურ კონსტიტუციურ ნორმა-პრინციპს, რომელიც, ზოგადად, გულისხმობს ადამიანების სამართლებრივი დაცვის თანაბარი პირობების გარანტირებას. კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფის ხარისხი ობიექტური კრიტერიუმია ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უპირატესობით შეზღუდული სამართლის უზენაესობის ხარისხის შეფასებისათვის. ამდენად, ეს პრინციპი წარმოადგენს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს როგორც საფუძველს, ისე მიზანს” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
2. დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მთავარ არსს, დანიშნულებას და გამოწვევას წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფა - ფუნდამენტური უფლებებითა და თავისუფლებებით სრულყოფილად სარგებლობის გზით თავისუფალი თვითრეალიზაციის შესაძლებლობის გარანტირება. ამასთან, სახელმწიფო ასეთ გარანტიას უნდა წარმოადგენდეს მთლიანად საზოგადოებისთვის, თითოეული ადამიანისათვის, რადგან თავისუფლების იდეა გაუფასურდება, თუ ის არსებითად ერთნაირი შინაარსის მატარებელი და ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იქნება ყველასთვის. ნებისმიერი უფლების აღიარება აზრს დაკარგავს, მასზე თანაბარი წვდომის (ხელმისაწვდომობის) გარანტირებული შესაძლებლობის გარეშე. ადამიანებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია განცდა, რომ მათ სამართლიანად ეპყრობიან. სწორედ “...თანასწორობის იდეა ემსახურება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფას, ანუ ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. თანაბარი შანსები იქნება თუ არა თანაბრად გამოყენებული, დამოკიდებულია კონკრეტული პირების უნარებზე. უნარების სახელმწიფოს ძალისხმევით გათანაბრების მცდელობა კი, უმეტესწილად, თავად იწვევს დისკრიმინაციას” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
3. ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის ურთიერთკავშირზე არაორაზროვნად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი, რომლის თანახმადაც: “ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. ამ ნორმაში კანონის წინაშე თანასწორობა მოხსენიებულია ადამიანის თავისუფლებასთან ერთად, რაც უდავოდ მიანიშნებს თანასწორობის მნიშვნელობაზე ადამიანის თავისუფლებისათვის - ადამიანის უფლებები ერთნაირად არის თითოეული ადამიანის კუთვნილება, ამიტომ მათ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი ხელმისაწვდომობა მათზე (უფლებებით სარგებლობაზე), მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი თავისუფლების სრულყოფილად შეგრძნება.
4. კანონის წინაშე თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის სწორედ ასეთი ფუნდამენტური მნიშვნელობა ბოჭავს ინტერპრეტატორებს თანასწორობის უფლების განმარტებისას. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის, “ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე “საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ამასთან, “თანასწორობის ძირითადი უფლება სხვა კონსტიტუციური უფლებებისგან იმით განსხვავდება, რომ ის არ იცავს ცხოვრების რომელიმე განსაზღვრულ სფეროს. თანასწორობის პრინციპი მოითხოვს თანაბარ მოპყრობას ადამიანის უფლებებითა და კანონიერი ინტერესებით დაცულ ყველა სფეროში... დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს - არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ დისკრიმინაციას. იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, “თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებას, დადგენას საფუძვლად დაუდო შემდეგი ძირითადი მიდგომა: “დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
7. მოცემული დავის ფარგლებში აუცილებლად უნდა აღინიშნოს თანასწორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა არჩევნების პროცესში, მოქალაქეთა მიერ საარჩევნო უფლებით სარგებლობისას. «არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს «ხალხის მმართველობა», ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში (ირჩევენ რა თავის რჩეულებს ან თავად არიან არჩეული). ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ტარდება არჩევნები, პირველ რიგში, როგორია თავად საარჩევნო კანონმდებლობა, რამდენად შეიცავს ის საკმარის და საჭირო გარანტიებს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგად ქვეყანამ, მისმა მოქალაქეებმა მიიღონ « ხალხის მმართველობა». ეს შედეგი მიღწევადია, თუ არჩევნებში მონაწილეობა რეალურად თანაბრად არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის. თანასწორობა ზოგადად საარჩევნო უფლების არსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. არჩევნების პროცესში სახელმწიფოს აქვს ვალდებულება თანასწორობის უზრუნველმყოფელი პირობების შემოღებისა. ამ პროცესში მისი ძირითადი ფუნქციაა, არ მოახდინოს ვინმეს შეზღუდვა ან პრივილეგირება გონივრული დასაბუთების გარეშე. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, მიაღწიონ ცვლილებებს არჩევნების გზით: ერთი მხრივ, ყველა ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ერთნაირი შესაძლებლობა, აირჩიოს თავისი წარმომადგენელი. ამ თვალსაზრისით თითოეულს უზრუნველყოფილი უნდა ჰქონდეს მთელ საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და მის შედეგებზე გავლენის მოხდენის ერთნაირი გარანტიები; ხოლო, მეორე მხრივ, პოლიტიკურ პარტიებს თუ ცალკეულ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობა, ამომრჩეველს შესთავაზონ რეალური პოლიტიკური არჩევანი. კანონმდებლობა უნდა იძლეოდეს საკმარის გარანტიებს იმისათვის, რომ ... ერთი მხრივ, პოლიტიკურ ძალთა, ხოლო, მეორე მხრივ, მათ მხარდამჭერთა შეჯიბრი პოლიტიკურ პროცესში თანაბარ პირობებში წარიმართოს. საარჩევნო სფეროში თანასწორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმავდროულად, არ გამორიცხავს სახელმწიფოს მიერ დიფერენცირების შემოღების შესაძლებლობას. დიფერენციაცია გარკვეულწილად გასდევს საარჩევნო პროცესს” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). მაშასადამე, საარჩევნო პროცესში თანასწორობის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, დიფერენცირება საარჩევნო პროცესისთვისაც, ისევე როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის, არ არის უცხო. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ის არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი, თვითმიზნური, გაუმართლებელი და, შესაბამისად, დისკრიმინაციული.
8. განსახილველი დავის ფარგლებში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმა, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის, საარჩევნო ბლოკის და ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს შორის, საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში გატარებისათვის მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს ავალდებულებს ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000-ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტის წარდგენას (აღნიშნულ დეპოზიტზე შეტანილი თანხა კანდიდატს სრულად უბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის არჩევნებში მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების 10 პროცენტს მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თანხა ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში), იწვევს თუ არა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის მსურველ პირთა დისკრიმინაციულ დიფერენციაციას.
9. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმა იწვევს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების, როგორც არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას და დისკრიმინაციას პოლიტიკური და ქონებრივი ნიშნით.
10. მოპასუხის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით გათვალისწინებული სამივე სუბიექტი - პოლიტიკური პარტია, საარჩევნო ბლოკი და საინიციატივო ჯგუფი ერთი და იგივე მიზნისათვის იღწვის და ერთსა და იმავე სამართლებრივ ჩარჩოში ექცევა, მათი ბუნებიდან და სამართლებრივი სტატუსიდან გამომდინარე, ისინი უნდა განვიხილოთ როგორც არსებითად არათანასწორი პირები. “საინიციატივო ჯგუფი თავისი არსით სრულიად განსხვავდება პოლიტიკური პარტიისაგან. პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და საერთო მსოფლმხედველობით ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილ მოქალაქეთა ნებაყოფლობით დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაერთიანებას. ეს გაერთიანება იქმნება განსაზღვრული მიზნებით, რომ მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. პარტიას აქვს ორგანიზაციული სტრუქტურა, საქმიანობა განისაზღვრება პარტიის წესდებით და ჩამოყალიბებისა და იურიდიული ქმედუნარიანობის შეძენისათვის მას სჭირდება სამართლებრივი წესი რეგისტრაციისთვის, განსაზღვრული კრიტერიუმების და ბარიერების გადალახვა. პარტიის საქმიანობა, მისი ფინანსები და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის საკითხი სამართლებრივად განსაზღვრულია და კონტროლდება სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. საარჩევნო ბლოკიც ... პოლიტიკური პარტიების გაერთიანების შედეგად იქმნება. ასე რომ, მისი ჩამოყალიბებისათვის მსგავსი კრიტერიუმები არის დადგენილი, როგორც პოლიტიკური პარტიების მიმართ. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პოლიტიკურ პარტიას თუ საარჩევნო ბლოკს მთელი რიგი პროცედურების გავლა უწევს. სახელმწიფოს მიერ მათ მიმართ კანონმდებლობით განსაზღვრული საკმაოდ ბევრი მოთხოვნა გააჩნია, მაგალითად, სარეგისტრაციო პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ხმების ოდენობა და ა. შ.... რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფს, კანონმდებელი მათ მიმართ არ აწესებს რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნებს, გარდა რეგისტრაციისათვის საჭირო რამდენიმე პირის ხელმოწერისა და 5000-ლარიანი გირაოს გადახდის ვალდებულებას...”. მაშასადამე, მოპასუხის აზრით, ასეთი პირების არსებითად თანასწორად განხილვის შეუძლებლობას განაპირობებს სხვაობა მათ წარმდგენ სუბიექტებში. კერძოდ: ერთი მხრივ, არის პოლიტიკური პარტია, რომლის მიმართ კანონით წარდგენილი სარეგისტრაციო თუ სხვა მოთხოვნები განაპირობებს მის მეტ სიმყარეს და სერიოზულობას, ხოლო, მეორე მხრივ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სპონტანურად იქმნება კონკრეტული მიზნისთვის. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან, “სრულიად ადეკვატურია იქიდან გამომდინარე, რომ სუბიექტები არსებითად განსხვავებულნი არიან ერთმანეთისაგან”.
11. საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ პოზიციას შემდეგ გარემოებათა გამო: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნებში მონაწილეობისას პასიური საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტები არსებითად თანასწორები არიან საარჩევნო პროცესის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, მათ პოლიტიკური პარტია წარადგენს თუ საინიციატივო ჯგუფი, რადგან ისინი ერთი და იგივე პრინციპზე დაყრდნობით, ერთი სისტემის ფარგლებში, ერთი და იგივე მიზნის მისაღწევად იღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარმდგენი სუბიექტები განსხვავებულები არიან - პოლიტიკური პარტია, ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი თვისებრივად განსხვავებული წარმონაქმნებია როგორც ორგანიზაციული ფორმით, ისე საქმიანობის შინაარსით, მიზნებით, ფუნქციონირების ხანგრძლივობითა და დღის წესრიგით, ეს გავლენას ვერ მოახდენს მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების არსებითად თანასწორად განხილვის აუცილებლობაზე. მოცემულ შემთხვევაში, როგორც პარტია (ან ბლოკი), ისე საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენენ მხოლოდ შესაძლებლობას, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში, პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის და ამ გზით არჩევნებში მონაწილეობისათვის. ამიტომ, ცხადია, დეპუტატობის ამ კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი სასტარტო პირობები და სამართლებრივი ბერკეტები, შესაძლებლობები ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესში წარმატების მიღწევისთვის. ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, არსებითად თანაბარი შესაძლებლობების გარანტირება აუცილებელია მთლიანად საარჩევნო პროცესში, შესაბამისად, კონსტიტუციური გარანტიები ამოქმედებას იწყებს არა უშუალოდ პასიური საარჩევნო უფლების მქონე სუბიექტების საარჩევნო კონკურენციის ეტაპიდან, არამედ თავად პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობაზე საქართველოს მოქალაქეთა თანაბარი წვდომის გარანტირების ეტაპიდან. თუ ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, გარკვეული ჯგუფები, მოქალაქეები საერთოდ ვერ შეძლებენ საკუთარი პასიური საარჩევნო უფლების გამოყენებას.
12. მართალია, სადავო ნორმა იწვევს არსებთად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას, მაგრამ სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს, ხდება თუ არა მათი დიფერენცირება პოლიტიკური ნიშნით, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებს. კერძოდ, მისი აზრით, “განსხვავებული სამართლებრივი მიდგომის ერთადერთ მიზეზს წარმოადგენს ის გარემოება, რომ კონკრეტული სუბიექტი, შესაბამის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად და იგი არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წევრს. მაშასადამე, თუ კონკრეტულ სუბიექტს სურს, რომ ერთი და იგივე სამართლებრივ ურთიერთობაში ... მონაწილეობა მიიღოს არა როგორც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა, მაშინ მას ეკისრება ვალდებულება, წარმოადგინოს 5000-ლარიანი დეპოზიტის არსებობა. ...…ამგვარი დიფერენციაციის საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ის, რომ კონკრეტული სუბიექტის პოლიტიკური შეხედულება, შესაძლებელია განსხვავდებოდეს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური შეხედულებებისაგან და ამ მიზეზით, შესაბამის პირს არ ჰქონდეს სურვილი, რათა მისი პოლიტიკური ამბიციები და მიზნები უკავშირდებოდეს არჩევნებში მონაწილე რომელიმე პარტიას”.
13. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელე სადავო ნორმის საფუძველზე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამოწვევის შესაძლებლობას უკავშირებს მისსავე პერსონალურ გამოცდილებას, მაგალითს - მას პირადად არ სურდა არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ასოცირება, მაგრამ, ვინაიდან დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობის უფლების მოპოვებისთვის მას 5000 ლარი არ ჰქონდა, მიიჩნია, რომ სადავო ნორმა აიძულებდა, გაეკეთებინა არჩევანი რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღებდა მონაწილეობას არჩევნებში. თუმცა მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა ვერ დაასაბუთეს, რომ ზუსტად ასეთი შედეგის დადგომა არის ნორმის მიზანმიმართულება, ან ზოგადი კანონზომიერება, თავისთავადი შედეგი, ვერ დაასაბუთეს, რომ სადავო ნორმა საარჩევნო დეპოზიტის შემოღებით, შესაბამისი ფულადი სახსრების არმქონე პირებს აიძულებს პოლიტიკური შეხედულების კორექტირებას და კონკრეტული პოლიტიკური ძალებისადმი ლოიალობას არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის უფლების მოპოვების სანაცვლოდ. მათი მსჯელობიდან არც ის არგუმენტაცია გამოიკვეთა, რომ კანონმდებელი, საარჩევნო დეპოზიტის დაწესებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ “სჯის” დამოუკიდებელ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებისადმი მათი ნეიტრალური ან უარყოფითი დამოკიდებულების გამო.
14. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ დიფერენციაცია ხდება პოლიტიკური ნიშნით. ერთი მხრივ, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ კანდიდატის წარდგენა, თავისთავად და აუცილებლად არ გულისხმობს ამ პირის კუთვნილებას მისი წარმდგენი პოლიტიკური ძალისადმი, მათი პოლიტიკური შეხედულებების იდენტობას. ასეთი პირი შესაძლოა არა მხოლოდ ამ კონკრეტული პარტიის წევრი არ იყოს, არამედ საერთოდ იყოს აპოლიტიკური, თუმცა, იმავდროულად, წარმატებული ამა თუ იმ სფეროში, გამოირჩეოდეს კონკრეტულ დარგში მაღალი პროფესიონალიზმით, კვალიფიკაციით, რის გამოც, მისი პარლამენტში საქმიანობა რომელიმე პოლიტიკურ ძალას საჭიროდ მიაჩნდეს. მეორე მხრივ, პირის დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობის სურვილი თავისთავად არ ნიშნავს მის არა მხოლოდ აპოლიტიკურობას, არამედ არ გამორიცხავს მის სიმპათიებს, მათ შორის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალების მიმართ და მათი პოლიტიკური შეხედულებების გაზიარებას. გარდა ამისა, ამა თუ იმ პოლიტიკური ძალისგან გამიჯვნის სურვილი არ გამორიცხავს ზოგადად არჩევნებში და, ე.ი. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მსურველთა უფლებას, თავად შექმნან პოლიტიკური პარტია საკუთარ პოლიტიკურ პლატფორმაზე, საკუთარი მიზნებითა და პოლიტიკური დღის წერიგით და ამ გზით მოხვდენენ იმ მაჟორიტარობის კანდიდატების რიცხვში, რომლებსაც პარტია ან პოლიტიკური ბლოკი წარადგენს. ის, რომ კანდიდატს წარადგენს საინიციატივო ჯგუფი, სხვადასხვა საფუძვლით, მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული და არ უკავშირდებოდეს მაინცდამაინც მის პოლიტიკურ შეხედულებას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა არ იწვევს პირთა პოლიტიკური ნიშნით შევიწროებას, თუმცა ის საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან შედარებით, მეტ ტვირთს აკისრებს, რადგან ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, დამატებით უწესებს საარჩევნო დეპოზიტის შეტანის ვალდებულებას. ანუ სადავო ნორმა, მართალია, არაპოლიტიკური ნიშნით, მაგრამ მაინც იწვევს არსებითად თანასწორი პირების მიმართ დიფერენცირებულ მოპყრობას და, შესაბამისად, საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შეფასებას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლომ არაორაზროვნად ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ფარგლებთან დაკავშირებით. კერძოდ: “ისტორიულად კონსტიტუციებში ხდებოდა იმ ნიშნების ჩამოთვლა, რომელთა მიხედვით, ადამიანთა ჯგუფებს აერთიანებდა მათთვის დამახასიათებელი პირადი, ფიზიკური თვისებები, კულტურული ნიშნები ან სოციალური კუთვნილება. ამ ნიშნების კონსტიტუციებში ჩამოთვლა ხდებოდა ზუსტად მათ საფუძველზე ადამიანების დისკრიმინაციის დიდი გამოცდილების არსებობის და, ამასთან, ასეთი მოპყრობის გაგრძელების შიშის გამო (საპასუხოდ)”. თუმცა იმავდროულად, სასამართლომ აღნიშნა, რომ “კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნების ამომწურავად მიჩნევა თავისთავად გამოიწვევს სასამართლოს მიერ იმის დადასტურებას, რომ ნებისმიერი სხვა ნიშნით დიფერენციაციის შემთხვევები არ არის დისკრიმინაციული, რადგან არ არის დაცული კონსტიტუციით. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა არ იქნებოდა სწორი, რადგან თითოეული მათგანის კონსტიტუციის მე-14 მუხლში მოუხსენიებლობა დიფერენციაციის დაუსაბუთებლობას ვერ გამორიცხავს ... დიფერენცირებული მიდგომა შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ ჩამოთვლილი ნიშნების მიხედვით და არა მხოლოდ, თუნდაც ამ ნიშნებზე დაყრდნობით, კონკრეტული კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის პროცესში. დისკრიმინაციის აკრძალვა სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ მის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია შეესაბამებოდეს თანასწორობის ძირითად არსს - არსებითად თანასწორებს მოეპყროს თანასწორად და პირიქით. აქედან გამომდინარე, თანასწორობის ძირითად არსთან კონფლიქტში მყოფი ნებისმიერი ნორმა უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
16. პირებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით, ერთი მხრივ, უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, გადაწყვიტონ კანონით შემოთავაზებული რომელი გზა აირჩიონ ამისთვის - პოლიტიკური პარტიის/საარჩევნო ბლოკის თუ დამოუკიდებელი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენის გზით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. კანონმდებლობით ასეთი არჩევანი ყველასთვის თანაბრად არის შეთავაზებული, ამასთან, ნებისმიერი, ვინც აირჩევს ერთ ან მეორე გზას, მათზე თანაბრად გავრცელდება კანონის კონკრეტული მოთხოვნები თითოეულ ამ გზასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, პირებს, უკვე გაკეთებული არჩევანის შემდგომ, უნდა ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობა, ზუსტად მათი არჩევანის მიხედვით (მათ მიერ არჩეული გზით) გახდნენ პასიური საარჩევნო უფლების სუბიექტები. მაშასადამე, მათ, როგორც არსებითად თანასწორ პირებს, უნდა ჰქონდეთ არსებითად თანაბარი შესაძლებლობები, ერთი და იგივე სისტემის ფარგლებში, პასიური საარჩევვნო უფლებით სარგებლობის ხელმისაწვდომობაზე.
17. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას, რომ სადავო ნორმით ხდება არსებითად თანასწორი პირების (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებისა და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების) დიფერენცირება ქონებრივი ნიშნით. უდავოა, რომ გასაჩივრებული ნორმა ადგენს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანაბარ მოპყრობას, მაგრამ ამ პირების დიფერენცირება დაკავშირებულია განსხვავებული სუბიექტების მიერ მათი წარდგენის ფაქტთან და არაფერი აქვს საერთო წარმდგენი სუბიექტების ქონებრივ მდგომარეობასთან. მართალია, არსებითად თანასწორ პირთა ჯგუფებიდან მხოლოდ ერთისთვის საარჩევნო დეპოზიტის წარდგენის ვალდებულების დაკისრება, თავისი შინაარსით, ფინანსური ვალდებულების დაკისრებას გულისხმობს, მაგრამ საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც და რის გამოც ასეთი ქონებრივი ხასიათის ვადლებულების შემოღება ხდება, დაკავშირებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ გარემოებასთან, რომ კონკრეტული კანდიდატების წარდგენა ხდება საინციატივო ჯგუფის და არა პოლიტიკური პარტიის/ბლოკის მიერ.
18. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე საქმეზე აღნიშნა, რომ თანასწორობის უფლების თავისებურებებიდან გამომდინარე, დიფერენციაციის დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებისას მას თითოეული მათგანისადმი ვერ ექნება იდენტური, ერთგვაროვანი მიდგომა. როგორც აღინიშნა, “კონსტიტუციის მე-14 მუხლი უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გაუმართლებელი დიფერენცირებული მოპყრობისაგან. თუმცა, მეორე მხრივ, დიფერენცირებული მოპყრობის ყველა შემთხვევა (ნებისმიერი ნიშნით, ნებისმიერ უფლებებში) ერთნაირი სიმძიმის ვერ იქნება. შესაბამისად, თითოეული მათგანის ერთნაირი სტანდარტითა და იდენტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით შეფასების შემთხვევაში, სასამართლომ, თანასწორობის უფლების დაცვის მოტივით, შესაძლოა, მას მიზანი შეუცვალოს, გაზარდოს რისკი დიფერენცირებული მოპყრობის პრაქტიკულად ყველა შემთხვევის არაკონსტიტუციურად მიჩნევისა და იმაზე მეტად შეზღუდოს კანონმდებელი, ვიდრე ამას კონსტიტუციის მე-14 მუხლი მოითხოვს. კანონის წინაშე თანასწორობის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, მასში ჩარევისას სახელმწიფოს მიხედულების ფარგლები განსხვავებულია, განსაკუთრებით იმის მიხედვით, რა ნიშნით ან საზოგადოებრივი ცხოვრების რომელ სფეროში ახდენს ის პირთა დიფერენციაციას. შესაბამისად, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც განსხვავებულია ... უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ისტორიულად ცვლადია შეფასებები და შეფასებების ინსტრუმენტები იმისა, რა არის “ბუნებრივი”, “გონივრული” და “აუცილებელი” ამ სფეროში. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი კანონმდებელს შეზღუდვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის თავისუფლებას უტოვებს იქამდე, სანამ ხელმისაწვდომია დიფერენცირებული მოპყრობის ობიექტური დასაბუთება” (2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: “ახალი მემარჯვენეები” და “საქართველოს კონსერვატიული პარტია” საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”).
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებისთვის დაადგინა განსხვავებული კრიტერიუმები. კერძოდ, მე-14 მუხლთან მიმართებით საკონსტიტუციო სასამართლო ნორმის კონსტიტუციურობას აფასებს: 1) მკაცრი შეფასების ტესტით; ან 2) “რაციონალური დიფერენციაციის ტესტით”. განსხვავებულია მათი გამოყენების წინა პირობები, საფუძვლები.
20. მკაცრი შეფასების ტესტს სასამართლო იყენებს “კლასიკური, სპეციფიკური” ნიშნებით დიფერენციაციისას და ასეთ შემთხვევებში ნორმას აფასებს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით. მკაცრი ტესტის გამოყენების საჭიროებას სასამართლო ადგენს ასევე დიფერენციაციის ინტენსივობის ხარისხის მიხედვით. ამასთან, დიფერენციაციის ინტენსივობის შეფასების კრიტერიუმები განსხვავებული იქნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, დიფერენციაციის ბუნებიდან, რეგულირების სფეროდან გამომდინარე. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან. თუ დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია, სასამართლო გამოიყენებს მკაცრ ტესტს, ხოლო ინტენსივობის დაბალი მაჩვენებლის შემთხვევაში _ “რაციონალური დიფერენციაციის ტესტს” (რაციონალური საფუძვლით შემოწმების ტესტი).
21. მიუხედავად იმისა, რომ არსებითად თანასწორი პირების (ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების) მიმართ არათანაბარი მოპყრობა არ ეფუძნება “კლასიკურ ნიშანს” (როგორც გაირკვა, დიფერენცირება არ ხდება არც პოლიტიკური და არც ქონებრივი ნიშნით), სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმის კონსტიტუციურობა მაინც უნდა შეფასდეს “მკაცრი ტესტის” მიხედვით, რადგან სადავო რეგულაცია პირებს საგრძნობლად, არსებითად აცილებს თანაბარი სასტარტო პირობებისაგან, კერძოდ კი, ცალკეულ შემთხვევაში, ის საერთოდ გამორიცხავს პირთა შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ფარგლებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით.
22. მკაცრი ტესტის მიხედვით, ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, სადავო ნორმის შემოღების ლეგიტიმური მიზანი. მოპასუხის აზრით, “საარჩევნო დეპოზიტი შეიძლება მივიღოთ როგორც სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი ერთ-ერთი ბარიერი არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და აგრეთვე პრევენცია იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ ნაკლებად სერიოზულმა და ნაკლებად მოტივირებულმა კანდიდატებმა, რომელთაც არა აქვთ არჩევნებში გამარჯვების რეალური განზრახვა. საარჩევნო პროცესში მონაწილეობის ფინანსებთან დაკავშირებამ შეიძლება აგრეთვე უარი ათქმევინოს გამარჯვების ნაკლები შანსის მქონე კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე და რეალურად უფრო კონკურენტულ გარემოში მოხდეს არჩევნების ჩატარება”.
23. მართალია, ერთი მხრივ, დემოკრატიული პროცესების ჯანსაღი განვითარებისათვის პარტიული პლურალიზმი და კანდიდატთა სიმრავლე საარჩევნო პროცესში სასურველი, მეტიც, აუცილებელია, თუმცა, მეორე მხრივ, ეს პროცესი, დემოკრატიის მიზნების მიღწევისთვის, დაცული უნდა იყოს ხელოვნურობისაგან. არჩევნების მომწესრიგებელი კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს ამომრჩეველთა ნამდვილი ნების გამოვლენასა და მის ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებში. წარმომადგენლობითი ორგანო ხალხის ნამდვილი ნების შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საკუთარი პასუხისმგებლობით გააკეთონ გააზრებული და ინფორმირებული არჩევანი. თუმცა ამისათვის აუცილებელია არა მხოლოდ თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით სრულყოფილ და ადეკვატურ ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არამედ, ასევე, თავად კანდიდატთა გააზრებული და პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესისადმი - კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა საყოველთაო და თანაბარი შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში პასიური საარჩევნო ხმის უფლებით, გულისხმობს არა მხოლოდ მათი საქართველოს პარლამენტის წევრად გახდომის სურვილის რეალიზების შესაძლებლობას, არამედ, იმავდროულად, აუცილებლად გულისხმობს, რომ ასეთი სურვილი ეფუძნებოდეს ადამიანების რეალურ განზრახვას, მზაობას, იყვნენ მთელი ქვეყნის მოქალაქეთა წარმომადგენლები და მათი ნების გამტარებელნი საკანონმდებლო ორგანოში.
24. ბუნებრივია, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ამომრჩეველი იღებს და ის მხოლოდ მისი აზრით ღირსეულ და მისი მოთხოვნების ადეკვატურ კანდიდატზე გააკეთებს არჩევანს, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს მას ამ პროცესში, როგორც ნების ფორმირების, ისე გამოხატვისა და შედეგებზე ადეკვატურად ასახვის უზრუნველმყოფელი გარანტიების შექმნის გზით, მათ შორის, უნდა გაანეიტრალოს ის საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას საარჩევნო პროცესისადმი და შედეგებისადმი არასერიოზულად განწყობილი პირების მონაწილეობით და ამ გზით საარჩევნო პროცესის ხელოვნურად გადატვირთვით. კერძოდ, რამდენადაც ბევრი არაპერსპექტიული, არასერიოზულად განწყობილი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, იმდენად გაძნელდება ამომრჩევლისთვის არჩევნების შედეგის განსაზღვრა, სრულყოფილად ინფორმირებული, გაცნობიერებული და პასუხისმგებლობიანი არჩევანის გაკეთება, საარჩევნო კამპანია შესაძლოა იყოს დესტრუქციული, რაც გამოიწვევს ამომრჩეველთა დაბნევას; შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ მათი ხმები დაიკარგება ან “გაუფასურდება”; შესაძლოა მეტი საფრთხე შეექმნას პოლიტიკური ძალების პროპორციულ განაწილებას საკანონმდებლო ორგანოში და სხვა. ყოველივეეს კი არ წაადგება (ხელს არ შეუწყობს) დემოკრატიას.
25. ზუსტად ამიტომ დემოკრატიული სახელმწიფოს კანონმდებლობა პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობისათვის შესაძლოა პირს უყენებდეს მთელ რიგ მოთხოვნებს, რომლებიც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესისადმი პასუხისმგებლობის ამაღლებას, ე.წ. “უპერსპექტივო” კანდიდატების საარჩევნო პროცესისგან ჩამოშორებას, შედეგად, სახელმწიფო სახსრების არაგონივრული ხარჯვის თავიდან აცილებას და, საბოლოო ჯამში, საარჩევნო უფლების ეფექტურ განხორციელებას, ამ უფლებით ბოროტად სარგებლობის პრევენციას. შესაბამისად, სწორედ ეს გარემოებები განიხილება ლეგიტიმურ მიზნებად, რომელთა მიღწევის გზებად დემოკრატიულ სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ, ხშირ შემთხვევაში, შერჩეულია კანდიდატების მიერ საარჩევნო დეპოზიტის ან ამომრჩეველთა გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების წარდგენის ვალდებულება.
26. მაშასადამე, საარჩევნო დეპოზიტის დაწესებას აქვს ლეგიტიმური მიზანი და ეს თავად საარჩევნო უფლებით ეფექტურად სარგებლობის, რეალიზაციის და, საბოლოოდ, არჩევნების შედეგებზე ხალხის ნამდვილი ნების ასახვის უზრუნველყოფაა. სახელმწიფო ამ მიზნის მიღწევისთვის ფართო მიხედულების ზღვრით სარგებლობს, რადგან ძალზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების პროცესი მთლიანობაში (და ამ თვალსაზრისით მისი თითოეული პროცედურული ეტაპი) უზრუნველყოფდეს ხალხის მმართველობას - ერთი მხრივ, საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის მონაწილეობის შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მათი ნების რეალურ ასახვას შედეგებში.
27. იმავდროულად, კონსტიტუციით გათვალისწინებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად კანონმდებელმა უფლებაში ჩარევის თანაზომიერი გზა უნდა აირჩიოს. ამისთვის კი კანონმდებლის მიერ შერჩეული რეგულაცია უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. “ვინაიდან ნებისმიერი სამართლებრივი წესრიგი მიზნისა და საშუალების მიმართებაზეა აგებული, ეს ავალდებულებს სახელმწიფოს, მიზნის მისაღწევად გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომლითაც როგორც მიზნის მიღწევა იქნება გარანტირებული, ასევე თანაზომიერების პრინციპი იქნება დაცული” (საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411 საქმეზე “შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ”).
28. მოცემულ შემთხვევაშიც გადაწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ საარჩევნო პროცესის სიჯანსაღის, დემოკრატიულობისა და ხალხის ნების ნამდვილობის დაცვის, ხელშეწყობის მიზანს არ შეეწიროს ცალკეული ადამიანების კონსტიტუციური უფლება, სხვა კანდიდატების თანასწორად, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა პასიური საარჩევნო ხმის უფლებით.
29. დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის კანონმდებელმა გაითვალისწინა როგორც ამომრჩეველთა ხელმოწერების, ისე საარჩევნო დეპოზიტის წარდგენის ვალდებულება, ამასთან, ეს უკანასკნელი მოთხოვნა (საარჩევნო დეპოზიტის წარდგენის ვალდებულება) დაადგინა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის.
30. ზოგადად, უფლებაში ჩარევის ეს გზა - საარჩევნო დეპოზიტის გადახდის ვალდებულება - დასაშვებია, რადგან ის წარმოადგენს მიზნის მიღწევის ვარგის, გამოსადეგ საშუალებას, ანუ იძლევა დასახელებული მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ამას არც მოსარჩელე უარყოფს. კერძოდ, ერთი მხრივ, ის ეთანხმება დასახელებული საჯარო მიზნების ლეგიტიმურობას და ამ ინტერესების დაცვის საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, ამასთან, მეორე მხრივ, არ ეწინააღმდეგება ამ ლეგიტიმური მიზნებით ზოგადად საარჩევნო დეპოზიტის არსებობის გამართლებას, რის გამოც, ის საარჩევნო დეპოზიტის ინსტიტუტის, როგორც ასეთის, არაკონსტიტუციურად ცნობას არ ითხოვს. მაგრამ მოსარჩელისთვის გაუგებარია, აუხსნელია ასეთი რეგულაციის მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ დაწესება.
31. საარჩევნო დეპოზიტის მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის დაწესების გამართლებისათვის მოპასუხეს უნდა წარმოედგინა სარწმუნო არგუმენტები იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ამ სეგმენტის მიმართ, პარტიისა და საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატებისგან განსხვავებით, მხოლოდ ამომრჩეველთა ხელმოწერების წარდგენა დასახელებული მიზნის მიღწევის საკმარისი საშუალება არ არის, ანუ უნდა ემტკიცებინა ამ პირთა მიმართ საარჩევნო დეპოზიტის გარდაუვლად გამოყენების საჭიროება.
32. ამასთან დაკავშირებით, მოპასუხეს რაიმე ახალი გარემოება (არგუმენტი) არ დაუსახელებია. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხე მხარის ძირითადი არგუმენტაცია ეფუძნება ლოგიკას, რომ პოლიტიკური პარტიები, მათი შექმნისა და საქმიანობისადმი კანონმდებლობით წაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილების აუცილებლობიდან გამომდინარე, თავისთავად უფრო მყარი და სერიოზული სუბიექტებია საინიციატივო ჯგუფებთან შედარებით, რის გამოც, მოპასუხე მათ არ განიხილავს არსებითად თანასწორ პირებად და იმავდროულად მიიჩნევს, რომ “...თუ არ იქნება გირაოს მოთხოვნები დაწესებული საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ, მაშინ პოლიტიკური პარტიები გარკვეულწილად არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან იმ პირებთან შედარებით, რომლებიც წარდგენილნი იქნებიან საინიციატივო ჯგუფის მიერ”.
33. როგორც მოცემულობის, იმის დაშვება, რომ პარტიისა და ბლოკის მიერ წარდგენილ კანდიდატებს არჩევნებისადმი უფრო სერიოზული დამოკიდებულება ექნებათ, ვიდრე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, მიგვაჩნია, რომ საფუძველშივე მცდარია. ეს არგუმენტი სასამართლომ უკვე არ გაიზიარა დასახელებული პირების არსებითად არათანასწორ პირებად მტკიცების ეტაპზე და ის არარელევანტურ საფუძვლად მიიჩნია ამ საკითხის გადაწყვეტისთვის. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ რეგისტრაციის პროცედურისა და კანონით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, პარტიებიც შეიძლება იყვნენ კონკურენტუნარიანი და არაკონკურენტუნარიანი, არჩევნების პროცესში მონაწილობისას შედეგზე ორიენტირებული და ასეთი მიზნის გარეშე, ამიტომ, მათ მიერ კანდიდატების წარდგენაც შესაძლოა ასეთივე პრინციპებს ეფუძნებოდეს. ისევე, როგორც თანაბრად არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები შესაძლოა ძალზე სერიოზულად ეკიდებოდნენ ამ პროცესს ან უბრალოდ ძალებს სინჯავდნენ საკუთარი რეალური შესაძლებლობების გაანალიზების და სწორად შეფასების გარეშე. მაშასადამე, ორივე ჯგუფში არსებობს საარჩევნო პროცესისადმი სერიოზულად განწყობილი და “შემთხვევითი” კანდიდატების წარდგენის ალბათობა. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში თანაბრად არსებობს აუცილებლობა ე.წ. “არასერიოზული” კანდიდატების წარდგენის საფრთხეების მინიმალიზებისა, განეიტრალებისა, ოღონდ ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს, როგორც მიზნის მიღწევა, ისე კონკრეტული უფლებით სარგებლობა, გამოყენებულ იქნეს მიზნის მიღწევის ყველაზე მინიმალისტურად მზღუდავი და პროპორციული საშუალება, ამასთან, არცერთ მათგანს არ დაეკისროს მეორესთან შედარებით გაუმართლებლად უფრო მძიმე ტვირთი.
34. მოცემულ შემთხვევაში კი ამ ინსტიტუტის მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებზე გავრცელებით, ერთი მხრივ, თითქოს საეჭვო ხდება დასახელებული მიზნის სრულყოფილად მიღწევა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “შემთხვევითი” კანდიდატების წარდგენის ალბათობა არსებობს როგორც პოლიტიკური პარტიების, ისე საინიციატვო ჯგუფის მხრიდან, შესაბამისად, ორივე შემთხვევაში არსებობს საჭიროება საარჩევნო პროცესის და საარჩევნო უფლების დაცვისთვის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო დეპოზიტის ინსტიტუტი არის ერთ-ერთი გზა დასახელებული მიზნის მიღწევისა, საარჩევნო დეპოზიტის არსებული რეგულაცია, რომელიც მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს აკისრებს დეპოზიტის შეტანის ვალდებულებას, თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მას, როგორც მიზნის მიღწევის ვარგის საშუალებას. თუმცა, მეორე მხრივ, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომრჩეველთა ხელმოწერების წარდგენის ვალდებულებასაც როგორც პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ისე საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატებისათვის და ეს ბერკეტი მიჩნეულია საკმარის გარანტიად პარტიის მიერ წარდგენილი კანდიდატების სერიოზულობის სამტკიცებლად (პარტიის რეგისტრაციასთან ერთად), ლოგიკურად ჩნდება იმის დამატებით დასაბუთების მოთხოვნილება, აუცილებლობა, რომ დასახელებული ლეგიტიმური მიზნები საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებთან მიმართებით, საარჩევნო დეპოზიტის გადახდის გარეშე, ვერ მიიღწევა. ასეთი არგუმენტაცია კი მოპასუხემ ვერ წარმოადგინა.
35. მაშასადამე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, ვერ წარმოადგინა სარწმუნო არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის არსებობს უპირობო აუცილებლობა მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ დამატებითი მოთხოვნის - საარჩევნო დეპოზიტის დაწესებისა, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ვერ იქნება მიჩნეული როგორც უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავი საშუალება, რადგან საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატების მიმართ საარჩევნო დეპოზიტი გამოიყენება ამავე მიზნის მიღწევის სხვა საშუალებასთან (ამომრჩეველთა ხელმოწერების წარდგენა) ერთად, რომელიც პარტიის/ბლოკის მიერ წარდგენილი კანდიდატების შემთხვევაში საკმარის გარანტიად არის მიჩნეული მიზნის მიღწევისთვის. შესაბამისად, სადავო ნორმა გაუმართლებლად მძიმე ტვირთს აკისრებს კანდიდატების მხოლოდ ერთ ჯგუფს. საარჩევნო დეპოზიტის მხოლოდ დამოუკიდებელ კანდიდატებზე გავრცელება უფლებაში გადამეტებული, საჭიროზე უფრო ძიმე ჩარევის გზით, დისკრიმინაციულია მათ მიმართ.
36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზოგადად, სახელმწიფო უნდა სარგებლობდეს მიხედულების ფართო ზღვრით ისეთი უმნიშვნელოვანესი სფეროს მოწესრიგებისას, როგორიცაა საარჩევნო პროცესის დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობით ჩატარების უზრუნველყოფა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეფექტურ გზად მიჩნეულია, მათ შორის, საარჩევნო დეპოზიტიც. თუმცა, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მისი კონკრეტული შინაარსი იყოს ისეთი, რომ რეალურად ემსახურებოდეს ამ მიზნის მიღწევას და არა პირიქით, გამორიცხავდეს მას. ამ ინსტიტუტმა არ უნდა გამოიწვიოს უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა, მათ შორის, არ უნდა იყოს ისეთი შინაარსის, რაც არსებითად, საგრძნობლად, მნიშვნელოვნად დააცილებს პირებს უფლებით სარგებლობის თანაბარი შანსებისგან, ისეთი კონტრასტის გამოწვევის ჩათვლით, როგორიცაა უფლებით სარგებლობის შეუძლებლობა. დეპოზიტზე წინასწარ თანხის შეტანა არ შეიძლება იყოს განზრახ შექმნილი ბარიერი საარჩევნო კანდიდატებისთვის. ამასთან, დეპოზიტის ოდენობა არ უნდა იყოს არათანაზომიერად მაღალი, უნდა იყოს გონივრული და იმ მიზნით პირობადებული, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს თავისი პასიური საარჩევნო უფლება, ის არ უნდა იწვევდეს საარჩევნო უფლების პრივილეგიად ტრანსფორმირებას. ასევე მნიშვნელოვანია ალტერნატივის არსებობა, ხელმოწერების შეგროვების სახით (რომლითაც შესაძლებელია დადასტურდეს კანდიდატების მინიმალური მხარდაჭერის არსებობა ელექტორატში), რადგან ეს შეამცირებდა იმის რისკს, რომ საარჩევნო კანდიდატურის დაყენება დამოკიდებული ყოფილიყო პირის ფინანსურ მდგომარეობაზე. მაშასადამე, ერთი მხრივ, დეპოზიტის ფინანსური ვალდებულების დადგენა შესაძლოა გამართლებული იყოს პასიური საარჩევნო უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ, მეორე მხრივ, ის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას არათანაზომიერ საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს. არჩევნების, როგორც სახელმწიფოს მართვაში მოქალაქეთა მონაწილეობის უშუალო გზის დემოკრატიულობის უზრუნველყოფა თავად არ უნდა გადაიქცეს მოქალაქეთა ამ უფლების უგულებელმყოფელი, გამომრიცხველი. არჩევნების დემოკრატიულობაზე ზრუნვას აზრი და გამართლება არ ექნება, თუ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
37. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობის საკითხს, მოსარჩელემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს დებულებები მისთვის პრობლემატურია მხოლოდ პირველ დებულებასთან კონტექსტში. მოსარჩელის სიტყვებით, პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მეორე და მესამე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნას საფუძველი ეცლება. შესაბამისად, მოსარჩელე ამ წინადადებების დამოუკიდებლი შინაარსით კონსტიტუციურობის შეფასებას არ მოითხოვს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ა” ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7, მე-8 პუნქტების, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამიას კონსტიტუციური სარჩელი №539 საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვები “...და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000- ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”.
2. შეწყდეს სამართალწარმოება №539 სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.
3. შეწყდეს სამართალწარმოება №539 სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის “საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 116-ე მუხლის მე-7 პუნქტის სიტყვების “...და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ცესკოს მიერ მითითებულ ანგარიშზე 5000- ლარიანი დეპოზიტის განთავსების დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი”, ასევე ამავე პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
4. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან.
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
8. გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” 15 დღის ვადაში.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ვახტანგ გვარამია
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი