საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/9/658 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 39-ე მუხლთან და 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ომარ ჯორბენაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის, წარმომადგენელი თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №658) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 23 ივლისს.
2. №658 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 27 ოქტომბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
4. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას. დასახელებული სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.
5. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, 39-ე მუხლსა და 86-ე მუხლის მე-2 პუნქტს. კონსტიტუციის 29-ე მუხლი განამტკიცებს საჯარო სამსახურის განხორციელების უფლებას, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“. კონსტიტუციის 39-ე მუხლით საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც მასში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. რაც შეეხება კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტს, მისით დადგენილია მოსამართლეთა უფლებამოსილების ვადებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთან, აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს, რომ „მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით“.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით აკრძალულია იმ საკითხების კანონის ფორმით რეგულირება, რომელთა მოწესრიგებაც ორგანული კანონით არის გათვალისწინებული. მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, რომელიც 2013 წლის 17 ნოემბერს, ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდგომ შევიდა ძალაში, იმპერატიულად არის დადგენილი მოთხოვნა, რომ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონის ფორმით გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე.
7. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, იურიდიული ძალა დაკარგა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონმა, რომელიც წარმოადგენს „ჩვეულებრივ“ კანონს. ხსენებული ცვლილების შემდგომ კი საქართველოს პარლამენტი ვალდებული იყო, მასთან შესაბამისობაში მოეყვანა კანონმდებლობა, მათ შორის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი მოეწესრიგებინა ორგანული კანონით.
8. მოსარჩელე აპელირებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმადაც, ერთი მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა ამგვარად მოწესრიგების ვალდებულებასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონის მიღება შესაძლებელია საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კანონით შეუძლებელია ჩანაცვლებულ იქნეს კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნა და მისით დარეგულირდეს ორგანული კანონით მოსაწესრიგებელი საკითხები.
9. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული ტერმინი „გათავისუფლება“, თავის თავში გულისხმობს დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ პროცედურას, ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა შედეგით დასრულდება აღნიშნული პროცესი. უფლებამოსილმა სუბიექტმა შესაძლოა პასუხისმგებლობის სახედ გამოიყენოს როგორც საყვედური, ისე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, რის გამოც, ტერმინი „გათავისუფლება“ თავის თავში აერთიანებს, მათ შორის, დისციპლინური წარმოების ყველა ეტაპს.
10. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ უნდა ხდებოდეს იმაზე დაბალი სტანდარტის გამოყენება, ვიდრე ეს გათვალისწინებულია მათი დანიშვნის პროცედურისათვის. არსებული კანონმდებლობით კი, როდესაც მოსამართლის დანიშვნა ორგანული კანონის, ხოლო გათავისუფლება - კანონის საფუძველზე ხდება, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა.
11. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს და 39-ე მუხლს.
12. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და მისი პასუხისმგებლობის საკითხები მოწესრიგებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ხოლო სადავო ნორმატიული აქტი იმ პროცედურებს არეგულირებს, რომელთა დაცვითაც უნდა მოხდეს მოსამართლისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად არის დარეგულირებული არსებული კანონმდებლობით.
13. ამასთან, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო კანონის შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე და 39-ე მუხლებთან, ვინაიდან ერთი მხრივ, მას არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტაცია თუ რა იწვევს მის თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, ხოლო მეორე მხრივ, არ უთითებს მისი რომელიმე ისეთი უფლებრივი ასპექტის შელახვას, რაც არ არის მოცემული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით.
14. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი იდავოს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, ვინაიდან ეს უკანასკნელი განეკუთვნება საქართველოს კონსტიტუციის არა მეორე, არამედ მეხუთე თავს.
15. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ №658 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, სასამართლოს პრაქტიკაში ჩამოყალიბდა ის მოთხოვნები, რაც წაეყენება კონსტიტუციურ სარჩელს მის დასაბუთებულობასთან დაკავშირებით. სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური სარჩელი, რომლის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი განიხილება, შემოწმდეს სწორედ აღნიშნული მოთხოვნების მიხედვით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 6 თებერვლის განჩინება №1/1/564 საქმეზე „შპს „მაგთიკომი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-1).
2. მოცემულ საქმეზე მოსარჩელე არის საქართველოს მოქალაქე. შესაბამისად, მას უფლება აქვს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული ნორმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს (ისევე როგორც ამავე ნორმებით გათვალისწინებულ სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს) მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვთ უფლება, მიმართონ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ მიაჩნიათ, რომ ნორმატიული აქტით ან მისი ნაწილით დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ დააფიქსირა, რომ აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის საჭიროა, მოსარჩელე მოითხოვდეს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ნორმებთან მიმართებით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის განჩინება N1/3/480 საქმეზე „პოლიტიკური მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განჩინება N2/5/492 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის განჩინება N1/5/517 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯუმბერ თავართქილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის განჩინება N1/2/541 საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
3. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტს. საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული მუხლი არ არის მოთავსებული საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში. კონსტიტუციის 86-ე მუხლი განთავსებულია საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე, სასამართლო ხელისუფლების თავში და მისი მე-2 პუნქტით განისაზღვრება მოსამართლის თანამდებობაზე განმწესების ძირითადი დებულებები, მოსამართლის განმწესების ვადებთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე მისი შერჩევის, დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების წესის კონსტიტუციითა და ორგანული კანონით დარეგულირების ვალდებულება.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე განიხილოს ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, მოსარჩელე არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს საკონსტიტუციო სასამართლოში „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებასთან შესაბამისობის თაობაზე.
5. წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არ პასუხობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, რომელიც ადგენს, რომ „კონსტიტუციური სარჩელი ... განსახილველად არ მიიღება, თუ შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ“. შესაბამისად, სახეზეა №658 კონსტიტუციური სარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
6. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.
7. №658 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვს სადავო ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. კონსტიტუციის აღნიშნული დებულების თანახმად, „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შემხებლობის შესახებ. მოსარჩელე არ უთითებს იმას, თუ რატომ არის სადავო ნორმები არაკონსტიტუციური კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით ან აღნიშნული მუხლით დაცულ რომელ უფლებრივ ასპექტს ეწინააღმდეგება იგი.
8. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც სადავო ნორმატიული აქტის საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან შესაბამისობის შემოწმებას შეეხება, დაუსაბუთებელია, რის გამოც, არსებობს, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №658 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის; 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №658 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №658 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან და 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი