საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N2/5/658 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 16 ნოემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 ნოემბერი 2017 20:35 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 1 მაისი 2018 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე ომარ ჯორბენაძე; მოპასუხის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №658) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 23 ივლისს. №658 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2015 წლის 27 ოქტომბერს. 2015 წლის 23 დეკემბრის №2/9/658საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქმის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2016 წლის 19 ივლისს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
3. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას. დასახელებული სამართლებრივი აქტი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს.
4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განამტკიცებს საჯარო სამსახურის განხორციელების უფლებას, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.
5. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონით აკრძალულია იმ საკითხების კანონის ფორმით რეგულირება, რომელთა მოწესრიგებაც ორგანული კანონით არის გათვალისწინებული. მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, რომელიც 2013 წლის 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდგომ შევიდა ძალაში, იმპერატიულად არის დადგენილი მოთხოვნა, რომ მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ორგანული კანონის ფორმით გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე.
6. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებით, იურიდიული ძალა დაკარგა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონმა, რომელიც წარმოადგენს „ჩვეულებრივ“ კანონს. ხსენებული ცვლილების შემდგომ კი საქართველოს პარლამენტი ვალდებული იყო, მასთან შესაბამისობაში მოეყვანა კანონმდებლობა, მათ შორის, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი მოეწესრიგებინა ორგანული კანონით.
7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურთან დაკავშირებულ ზოგად დებულებას, ხოლო 86-ე მუხლი - სპეციალურს, რომელიც უშუალოდ მოსამართლეებს მიემართება. ამასთან, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა გულისხმობს სახელმწიფოს სამსახურის პირობების კანონმდებლის - საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრას, ხოლო კონსტიტუციაში არსებული სპეციალური ჩანაწერები, გარკვეული თანამდებობის პირების მიმართ, სპეციალურ წესს ითვალისწინებს. სწორედ ამგვარ თანამდებობის პირებს წარმოადგენენ მოსამართლეები, რომელთა თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს არეგულირებს კონსტიტუიციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტი. განსახილველ საქმეში დასახელებული კონსტიტუციური დებულებები ერთობლიობაში უნდა იქნეს განხილული. შესაბამისად, მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების მომწესრიგებელი წესები უნდა დადგინდეს ორგანული კანონით.
8. მოსარჩელე აპელირებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე, რომელთა თანახმადაც, ერთი მხრივ, საქართველოს ორგანული კანონის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა ამგვარად მოწესრიგების ვალდებულებასაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კანონის მიღება შესაძლებელია, საქართველოს გამგებლობაში არსებულ ნებისმიერ საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი. დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ კანონით შეუძლებელია ჩანაცვლებულ იქნეს კონსტიტუციის იმპერატიული მოთხოვნა და მისით დარეგულირდეს ორგანული კანონით მოსაწესრიგებელი საკითხები.
9. მოსარჩელის აზრით, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოხსენიებული ტერმინი „გათავისუფლება“, თავის თავში გულისხმობს დისციპლინური სამართალწარმოების ნებისმიერ პროცედურას, ვინაიდან წინასწარ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რა შედეგით დასრულდება აღნიშნული პროცესი. უფლებამოსილმა სუბიექტმა შესაძლოა პასუხისმგებლობის სახედ გამოიყენოს როგორც საყვედური, ისე მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, რის გამოც, ტერმინი „გათავისუფლება“ თავის თავში აერთიანებს დისციპლინური წარმოების ყველა ეტაპს, დისციპლინური დევნის დაწყებიდან, საბოლოოდ, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე.
10. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას არ უნდა ხდებოდეს იმაზე დაბალი სტანდარტის გამოყენება, ვიდრე ეს გათვალისწინებულია მათი დანიშვნის პროცედურისათვის. არსებული კანონმდებლობით კი, როდესაც მოსამართლის დანიშვნა ორგანული კანონის, ხოლო გათავისუფლება - კანონის საფუძველზე ხდება, ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნა.
11. შესაბამისად, მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმატიული აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს.
12. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების წესი და მისი პასუხისმგებლობის საკითხები მოწესრიგებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რომელიც განსაზღვრავს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებს.
13. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმატიული აქტით განისაზღვრება მხოლოდ მოსამართლისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის არსებული პროცედურული საკითხები. ამასთან, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის არც ერთი დებულება არ იწვევს მოსამართლის თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოაჩინა სადავო ნორმატიული აქტის „ჩვეულებრივი“ კანონის ფორმით არსებობის კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული ძირითადი უფლების შემზღუდველი ხასიათი.
14. მოპასუხე დამატებით აღნიშნავს, რომ მოსამართლისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლების განხორციელების პროცედურული ასპექტების ორგანული კანონით მოწესრიგების ვალდებულების არსებობისას აუცილებელი იქნებოდა არა მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების, არამედ, აგრეთვე კორუფციული სამართალდარღვევის შინაარსის ორგანული კანონით გაწერა, ვინაიდან შესაძლოა, თავად კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენაც დაედოს საფუძვლად მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებას.
15. ამდენად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ №658 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №658 კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის კანონით (№256-IIს), ცვლილებები შევიდა სადავო ნორმატიულ აქტში, მოხდა რიგი ნორმების ამოღება ან ახალი რედაქციით ჩამოყალიბება. „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ შესაძლოა განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). შესაბამისად, ძალადაკარგულია სადავო ნორმატიული აქტის დასახელებული ნორმების კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის დროს მოქმედი რედაქცია.
2. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმებში ცვლილებები განხორციელდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის თანახმად, როდესაც „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობას.
3. №658 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 23 დეკემბრის №2/9/658 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოსამართლის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები უნდა რეგულირდებოდეს ორგანული კანონით. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების მომენტისთვის არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების, მისი განხორციელების პირობების თუ თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების კონსტიტუციურობა ფასდებოდა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით ერთობლივად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის №1/4/614,616 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიგა ბარათაშვილი და კარინე შახპარონიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის № 2/1/572 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). სწორედ მოსამართლის სამსახურიდან გათავისუფლების წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმების მიზნით მოხდა სარჩელის არსებითად განსახილველად მიღება.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილებით, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გამიჯნა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებული უფლებების შინაარსი, შესაბამისად, თითოეული პუნქტისთვის განისაზღვრა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დაცული სფეროები. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).
5. როგორც №658 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის (2015 წლის 22 ივლისი), ისე ამ საქმეზე შესაბამისი საოქმო ჩანაწერის მიღების (2015 წლის 23 დეკემბერი) მომენტისთვის, მოსარჩელის მიერ სადავოდ მიჩნეული პრობლემა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ფასდებოდა როგორც საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ, ასევე მის მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ვინაიდან სასამართლოს მიდგომა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან მიმართებით განსხვავებულად ჩამოყალიბდა, №658 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, სასარჩელო მოთხოვნა ახალ პრაქტიკასთან მოიყვანოს შესაბამისობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ საქმეზე სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა შეფასდება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
6. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცულია საქართველოს მოქალაქის მიერ სახელმწიფო თანამდებობის დაკავებისა და მის ფარგლებში საქმიანობის განხორციელების უფლება. კონსტიტუციის ამ დანაწესის მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული ინდივიდის შრომითი უფლების დადგენა. ის ქმნის მნიშვნელოვან საფუძველსა და გარანტიას დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისა და დემოკრატიული სახელმწიფოს რეალურად ჩამოყალიბების პროცესში. „დემოკრატია, უშუალო გაგებით, გულისხმობს რა ხალხის მმართველობას, შესაბამისად, ის, თავისთავად, გულისხმობს მოქალაქეთა უფლებას, მიიღონ მონაწილეობა ხელისუფლების როგორც ფორმირებაში, ისე განხორციელებაში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/3/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
7. საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „„კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამავე დროს, ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსამართლის თანამდებობა სახელმწიფო თანამდებობას წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისათვის. „მოსამართლე სახელმწიფო ორგანოში - სასამართლოში ასრულებს უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიულ საქმიანობას - მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამრიგად, აშკარაა, რომ მოსამართლის თანამდებობა კონსტიტუციის მიზნებისთვის განხილულ უნდა იქნეს იმ სახელმწიფო თანამდებობად, რომლის დაკავებისა და საქმიანობის განხორციელების კანონით განსაზღვრული პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15). ამდენად, სახელმწიფო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სტანდარტები ასევე ვრცელდება მოსამართლეებზე.
8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „…კონსტიტუციის 29-ე მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთან, დასახელებული კონსტიტუციური დებულება ასევე იცავს „მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის გადაწყვეტილება №3/2/574 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
9. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, აგრეთვე საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს. აღნიშნული კანონი წარმოადგენს მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხების მარეგულირებელ აქტს. ამასთან, სადავო ნორმატიული აქტით მოწესრიგებულ საკითხებს შორის არის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური გადაცდომის სახეები, დისციპლინური სახდელისა და დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების ფორმები, ასევე, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის მომწესრიგებელი ნორმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ სადავო ნორმატიული აქტის ის ნორმები, რომლებიც ადგენენ მოსამართლის სამსახურიდან გათავისუფლების წესს და პირობებს, ზღუდავენ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცულ პირის უფლებას და, შესაბამისად, საჭიროებენ კონსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას.
10. ზოგადად, ადამიანის უფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას როგორც უფლების შეზღუდვის ფორმალური, ასევე მატერიალური მოთხოვნები. „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობა შინაარსობრივი, მატერიალური თვალსაზრისით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს მხოლოდ სადავო ნორმების ფორმალური კუთხით შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციასთან.
11. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია იმპერატიულად მოითხოვს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესის კონსტიტუციითა და ორგანული კანონით განსაზღვრას. ვინაიდან, სადავო ნორმატიული აქტი წარმოადგენს საქართველოს კანონს და ითვალისწინებს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელ წესებს, მოსარჩელე ასკვნის, რომ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებს. მოსარჩელის აზრით, სადავო კანონით მოწესრიგებული საკითხები უნდა იყო დარეგულირებული საქართველოს ორგანული კანონით.
12. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის ტექსტიდან არ იკვეთება რაიმე სახის ფორმალური მოთხოვნა აღნიშნული უფლების ორგანული კანონით შეზღუდვის აუცილებლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელის პოზიცია სრულად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტში არსებულ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, „მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით“. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ, უპირველესად, უნდა განსაზღვროს ურთიერთმიმართება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლსა და საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტს შორის.
13. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები განმარტების შედეგად არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, განსახილველ საქმეზე მსჯელობისას და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლით დაცული სფეროს განმარტებისას საკონსტიტუციო სასამართლო აგრეთვე გაითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის სხვა რელევანტურ დებულებებსაც.
14. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სახის თანამდებობის პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი მოთხოვნები არ არის ერთნაირი. გარკვეული კატეგორიის სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ მოთხოვნები განსაკუთრებით მკაცრია, რასაც თავად ამ თანამდებობათა კონსტიტუციური სტატუსი, დანიშნულება თუ განსახორციელებელი ფუნქციები განაპირობებს. „ბუნებრივია, განსხვავებულია სხვადასხვა სტატუსის მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიმართ წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის კონსტიტუციური გარანტიები. მაგალითისთვის, მოსამართლის, სახალხო დამცველის, პარლამენტის წევრისა და მთავრობის წევრის (მინისტრის) სხვადასხვაგვარი ფუნქციისა და კონსტიტუციურ-სამართლებრივი როლის შესაბამისად, აღნიშნული სუბიექტები უნდა იქნენ განხილული როგორც განსხვავებული დაცვის გარანტიებით აღჭურვილი სახელმწიფო თანამდებობის პირები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
15. მოსამართლე წარმოადგენს მართლმსაჯულების განმახორციელებელ სახელმწიფო თანამდებობის პირს, რომლის მიერ საკუთარი ფუნქციების მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად და მაღალი პროფესიონალიზმით განხორციელებაზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ნებისმიერ სახელმწიფოში კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოს და, ზოგადად დემოკრატიის არსებობა და მათი სრულყოფილი რეალიზაცია. საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავი სწორედ სასამართლო ხელისუფლებას ეთმობა და ცალკე არეგულირებს ზოგადად სასამართლო ხელისუფლებასთან, მის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან და პერსონალურ ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ ფორმალურ თუ მატერიალურ გარანტიებს.
16. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის საკანონმდებლო ხელისუფლების, მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18). „კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების რეალიზაციას, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციის მოთხოვნებს“ (mutatis mutandis) (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის №2/1/572 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა კანონმდებლის მიმართ არის, სახელმწიფო თანამდებობის განხორციელების უფლების შეზღუდვისას დაიცვას არა მხოლოდ თანაზომიერების პრინციპი, არამედ ყველა ის ფორმალური მოთხოვნა, რაც თავად კონსტიტუციით არის გარანტირებული.
17. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის განმარტება უნდა მოხდეს სისტემურად, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტთან კავშირში, რათა შესაძლებელი გახდეს ძირითადი უფლებების დამდგენი და ინსტიტუციური კონსტიტუციური დებულებების საერთო სულისკვეთების აღქმა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-21). წარმოდგენილი განმარტებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით დაცული უფლების განმარტება, მათ შორის, ფორმალური გარანტიების კონტექსტში, არ უნდა მოხდეს იზოლირებულად. მოსამართლის თანამდებობაზე საქმიანობისა და თანამდებობიდან გათავისუფლების ფორმალური გარანტიების განმარტება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების კონტექსტში.
18. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და ორგანული კანონით“. მასთან ერთად, ფორმალურ მოთხოვნას ადგენს აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს, რომ „მოსამართლის ჩამოცილება საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მისი ვადამდე გათავისუფლება ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანა დაიშვება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში“. ხსენებული კონსტიტუციური დებულებები ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების როგორც ორგანული კანონით, ისე კანონით მოწესრიგებას. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტოს ხსენებულ კონსტიტუციურ დებულებათა შინაარსი და დაადგინოს, სახეზეა იდენტური საკითხის ორგვარი კონსტიტუციური გადაწყვეტა (როგორც ორგანული კანონით, ისევე კანონით დარეგულირების მოთხოვნა) თუ თითოეულ დანაწესს საკუთარი განსხვავებული და დამოუკიდებელი რეგულირების სფერო გააჩნია.
19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ „კონსტიტუციურ ტერმინებს აქვთ ავტონომიური სამართლებრივი მნიშვნელობა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-63; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის N2/4/532,533 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის N2/2/579 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია რობაქიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). მათი შინაარსის განსაზღვრაზე გავლენას ვერ მოახდენს ამ ტერმინთა ქვემდგომ ნორმატიულ აქტებში არსებული დეფინიცია.
20. საქართველოს კონსტიტუციის ზემოთ მითითებულ ორივე დებულებაში საუბარია მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე, თუმცა მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება მათში გამოყენებულ ტერმინებზე. ამგვარ ტერმინებს წარმოადგენს, ერთი მხრივ, თანამდებობიდან გათავისუფლების „შემთხვევები“, რომლის რეგულირებაც კანონით არის გათვალისწინებული და თანამდებობიდან გათავისუფლების „წესი“, რომელიც ორგანული კანონით უნდა მოწესრიგდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური უფლებების შინაარსზე, ისევე როგორც კონსტიტუციური უფლების აღსაწერად გამოყენებულ ტერმინთა მნიშვნელობაზე, ზეგავლენას ვერ მოახდენს ის, თუ როგორ ხდება კანონმდებლობით მათი რეგლამენტაცია. ... კონსტიტუციური ტერმინის განმარტებისას, სასამართლომ შეიძლება იხელმძღვანელოს უფლების არსით, რომელთან მიმართებაშიც არის გამოყენებული ესა თუ ის ტერმინი, კონსტიტუციური ნორმ(ებ)ის სტრუქტურით, კონსტიტუციის სხვა ნორმებში მოცემული მსგავსი ტერმინების შინაარსის ანალიზით და სხვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის №3/2/646 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში მოცემულ ტერმინთა შინაარსის დადგენისას,მნიშვნელოვანია თავად კონსტიტუციის ტექსტის სისტემური წაკითხვა, მისი სტრუქტურული ანალიზი.
21. მსგავსი ტერმინების გამოყენების მხრივ საინტერესოა საქართველოს კონსტიტუციის რიგი ნორმების ანალიზი. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერება ან მათი აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. ანალოგიურ სტრუქტურას იყენებს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტიც, რომელიც ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტი: „ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის თანამდებობაზე განწესებაში“. ამა თუ იმ ურთიერთობის აღსაწერად კონსტიტუცია დასახელებულ ტერმინებს („შემთხვევები“ და „წესი“) იყენებს კუმულაციურად. აღნიშნული ჩანაწერები მიანიშნებს, რომ კონსტიტუციის ტექსტში მათ არა სინონიმური, არამედ განსხვავებული, ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი, ურთიერთშემავსებელი მნიშვნელობა გააჩნიათ. ხსენებული ორი ტერმინის კუმულაციურად გამოყენებით კონსტიტუცია მიანიშნებს, რომ ორგანულმა კანონმა უნდა განსაზღვროს ის, თუ რა შემთხვევაში და როგორ ხორციელდება ესა თუ ის ქმედება.
22. მსგავსი შემთხვევის მაგალითად ასევე შესაძლოა მითითებულ იქნეს როგორც საქართველოს კონსტიტუციის 50-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი. დასახელებული დებულებები ეხება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების საკითხს და ადგენს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა და პოლიტიკური გაერთიანებისთვის მხარდაჭერა დადასტურებული უნდა იყოს ამომრჩეველთა ხელმოწერებით, „ორგანული კანონით დადგენილი წესით“. საქართველოს კონსტიტუციის ეს ნორმები თავადვე განსაზღვრავს უფლების წარმოშობის საფუძველს - დადასტურებულ ამომრჩეველთა ხელმოწერების არსებობას, ხოლო მათი შეგროვების წესის (პროცედურების) რეგლამენტაციას მიანდობს ორგანულ კანონს. ბუნებრივია, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების წარმოშობის საფუძველს დამატებით ორგანული კანონით აღიარება აღარ სჭირდება. ამდენად, ჩანაწერი: „ორგანული კანონით დადგენილი წესით“ ამ შემთხვევაში მიუთითებს პროცედურულ საკითხებზე, რომელთა დაცვითაც უნდა იქნეს შესრულებული, შეგროვებული და შემდგომში წარდგენილი ეს ხელმოწერები.
23. სამართლებრივი თვალსაზრისით, ტერმინ „შემთხვევა“-ში მოიაზრება კონკრეტული გარემოებები, რომლებიც წარმოადგენენ ამა თუ იმ ქმედების განხორციელების წინაპირობას. მოცემულ შემთხვევაში ტერმინი „შემთხვევა“ საფუძვლის იდენტური ტერმინია და გულისხმობს იმ საფუძველს, რომლის არსებობის დროსაც არის დასაშვები მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. იმავდროულად, ტერმინი „წესი“, გარკვეულ პროცესუალურ ნორმათა ერთობლიობაზე მიუთითებს. ის რიგი ქმედებების განხორციელებისთვის დადგენილ ფორმალურ, პროცესუალურ წესრიგს გულისხმობს, რომლის დაცვითაც შესაძლებელი არის შესაბამის ქმედებათა განხორციელება. საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის მე-2 პუნქტსა და 86-ე მუხლის მე-2 პუნქტებში გადმოცემული ტერმინები სწორედ ზემოთ ხსენებული შინაარსით უნდა განიმარტოს.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას წარმოადგენს მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების მომწესრიგებელი პროცედურული საკითხების ორგანული კანონით მოწესრიგება. ამავე დროს, მნიშვნელოვანია განისაზღვროს, უშვებს თუ არა საქართველოს კონსტიტუცია კანონის ფორმით იმ საკითხების დარეგულირების შესაძლებლობას, რომელთა მოწესრიგებაც თავად კონსტიტუციის თანახმად მოითხოვება ორგანული კანონით. მაგალითად, რამდენად არის შესაძლებელი, პარლამენტმა ორგანული კანონით დაადგინოს, რომ მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესი კანონით წესრიგდება.
25. ორგანული კანონი, თავისი არსით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს. საქართველოს კონსტიტუცია ამომწურავად განსაზღვრავს საკითხთა ნუსხას, რომელიც აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს ორგანული კანონით. ხსენებულ საკითხთა განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი მიღებისათვის განსხვავებული, ჩვეულებრივ კანონთან შედარებით მაღალი ლეგიტიმაცია არის მოთხოვნილი. „ორგანული კანონის კონსტიტუციური დატვირთვა ... მის მაღალ კონსტიტუციურ მნიშვნელობაზე მიუთითებს. მისი ასეთი დანიშნულებით არის განპირობებული პარლამენტის მიერ ორგანული კანონის პროექტის მისაღებად უფრო მაღალი უმრავლესობის მოთხოვნაც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-121).
26. გარდა აღნიშნულისა, „ორგანული კანონის მისაღებად ჩვეულებრივზე უფრო მაღალი კვორუმის არსებობა უკავშირდება გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკურ პროცესს. აღნიშნულის მიზანია, კონსტიტუციითვე განსაზღვრულ საკითხებზე პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას არსებობდეს ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა შორის ფართო კონსენსუსი. საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული აქტის ლეგიტიმაცია განისაზღვრება არა სამართლებრივი დასაბუთებით, არამედ პარლამენტის წევრთა ხმების რაოდენობით. შესაბამისად, რაც უფრო მაღალი კვორუმია განსაზღვრული კონკრეტული საკანონმდებლო აქტის მისაღებად, მით უფრო მაღალია მისი ლეგიტიმაციის ხარისხიც“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი(დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი), საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი, საქართველოს მოქალაქეები - ნინო კოტიშაძე, ანი დოლიძე, ელენე სამადბეგიშვილი და სხვები, აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ღვინიაშვილი, ირმა ნადირაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-124). შესაბამისად, კონსტიტუციური მითითება, რომელიც კანონმდებელს განუსაზღვრავს გარკვეული საკითხების ორგანული კანონით მოწესრიგების ვალდებულებას, გულისხმობს, რომ მის მიერ დადგენილი საკითხები სწორედ იმ მაღალი კვორუმით, შესაბამისად, მაღალი ლეგიტიმაციით, ორგანული კანონის ფორმით უნდა იქნეს მიღებული.
27. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამა თუ იმ საკითხის ორგანული კანონით ან კანონით მოწესრიგებაზე მითითება, თავისთავად, არ გამორიცხავს პარლამენტის შესაძლებლობას, მოახდინოს საკითხის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება სხვა ორგანოზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-75-78). გარკვეულ შემთხვევაში აღნიშნული განპირობებულია ამა თუ იმ საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირების საჭიროებით და, შესაბამისად, თავსებადია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან.
28. ამდენად, კონკრეტული საკითხის ორგანული კანონით მოწესრიგებაზე მითითება, სრულად არ გამორიცხავს ამ სფეროს რეგულირების პროცესში პარლამენტის გარდა სხვა ორგანოების ჩართულობას. თუმცა ხსენებული მსჯელობა არ გამოდგება ორგანული კანონით მოსაწესრიგებელი საკითხების კანონით მოწესრიგების გასამართლებლად, თუნდაც კონკრეტული საკითხის კანონით მოწესრიგების შესაძლებლობაზე თავად ორგანული კანონი მიუთითებდეს. კონსტიტუციურ ლოგიკას სრულად მოკლებულია პარლამენტის მიერ ორგანული კანონით მოსაწესრიგებელი საკითხების შედარებით დაბალი ლეგიტიმაციის აქტით მოწესრიგების უფლებამოსილების „საკუთარ თავზე დელეგირება“. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 46-ე მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესი განისაზღვრება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით“, არ გამოდგება სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლთან ფორმალური შესაბამისობის სამტკიცებლად.
29. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, სადავო ნორმატიული აქტი აწესრიგებს თუ არა მოსამართლეების თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებს. სადავო კანონის პირველივე მუხლი განმარტავს თავად კანონის მიზანს, კერძოდ, „მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს, დისციპლინური სახდელის სახეებს, დისციპლინური სამართალწარმოებისა და მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების წესს, საერთო სასამართლოებში დისციპლინური საქმეების განხილვისა და მათზე გადაწყვეტილების მიღების წესს“. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებს. ამასთან, დისციპლინური სახდელები გათვალისწინებულია მე-4 მუხლის პირველი პუნქტით. ამგვარ სახდელებს წარმოადგენს შენიშვნა, საყვედური, მკაცრი საყვედური, მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება და საერთო სასამართლოს მოსამართლეთა რეზერვში ჩარიცხული მოსამართლის რეზერვიდან ამორიცხვა.
30. სახდელის სახით მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება, გათვალისწინებულია ნებისმიერი სახის დისციპლინური გადაცდომისთვის. სადავო კანონის 541 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, როგორიც არის საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება, მოსამართლეთა თათბირის ან პროფესიული საიდუმლოების გამჟღავნება და დისციპლინური უფლებამოსილების მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელის შეშლა ან მისდამი უპატივცემულობა გათვალისწინებულია მხოლოდ მსუბუქი სახის სახდელები, როგორიც არის შენიშვნა ან საყვედური. თუმცა ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სამი ან სამზე მეტი დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, გამოიყენოს უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი“. ამავე კანონის 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს, რომ „თუ ადრე ჩადენილი დისციპლინური გადაცდომისათვის დაკისრებული სახდელი გაქარწყლებული არ არის, როგორც წესი, მოსამართლეს ეკისრება უფრო მკაცრი დისციპლინური სახდელი“. ამდენად, დისციპლინური სამართალწარმოება შესაძლოა დასრულდეს ნებისმიერი შედეგით, მათ შორის მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებით.
31. ნათელია, რომ დისციპლინური გადაცდომის სადავო კანონით გაწერილი ნებისმიერი შემთხვევა შესაძლოა, გახდეს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, სადავო კანონით განსაზღვრული ნებისმიერი პროცედურა, რომელიც უკავშირდება დისციპლინურ სამართალწარმოებას, მათ შორის საქმის გარემოებების გამორკვევას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ისე სადისციპლინო კოლეგიის მიერ, აგრეთვე შესაბამისი სახდელის დაკისრებას, წარმოადგენს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის დადგენილ წესს.
32. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-2 და მე-3 თავები, შესაბამისად, განსაზღვრავს დისციპლინური საქმის გამოკვლევისა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ დისციპლინური საქმის განხილვის წესებს. ამასთან, სადავო ნორმატიული აქტის მე-5 თავი აწესრიგებს დისციპლინურ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების წესს. ამდენად, ხსენებული სადავო ნორმები ადგენენ მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების კანონით მოწესრიგება, ფორმალური საფუძვლით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის II, III და V თავების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, ცნობილი უნდა იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
33. ამასთან, სადავო კანონის სხვა ნორმებით დარეგულირებულია დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლები, მოსამართლის გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს სადიციპლინო პალატაში გასაჩივრების, ამ პალატაში საქმის განხილვის, დისციპლინური სახდელის გაქარწყლების, დისციპლინურ საქმეთა შენახვის პროცედურები და სხვა საკითხები, რომლებიც არ არიან უშუალო კავშირში მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურებთან, შესაბამისად, არ გააჩნიათ ფორმალური წინააღმდეგობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
34. სადავო აქტის შესაბამისი ნორმების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად ცნობის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს მიერ დასახელებულ საკითხთა კონსტიტუციასთან შესაბამისობის მოწესრიგებამდე შეუძლებელი გახდება მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება. მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის შეუძლებლობა არ წარმოადგენს არც მოსარჩელის მოთხოვნას და არც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობის მიზანს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონმდებელს უნდა მიეცეს გონივრული ვადა, რათა მან კონსტიტუციის მოთხოვნათა შესაბამისად მოაწესრიგოს მოსამართლეთა სამსახურიდან გათავისუფლების წესი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს მოქმედი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის II, III და V თავების სადავო ნორმები, კერძოდ, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტები, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები, მე-20, 21-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე მუხლები, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 31-ე, 32-ე, 33-ე მუხლები, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 35-ე მუხლი, 36-ე მუხლის პირველი პუნქტი, 37-ე მუხლის პირველი პუნქტი, 38-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები, მე-40 მუხლი, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 43-ე, 44-ე, 45-ე, 47-ე მუხლები, 48-ე მუხლის პირველი პუნქტი, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი, 50-ე მუხლი, 52-ე მუხლი, 54-ე, 541, 55-ე მუხლები, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 57-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 59-ე მუხლი, 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები, 76-ე და 77-ე მუხლები, მე-80 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2018 წლის 1 მაისიდან.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, 45-ე მუხლის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 30-ე, 31-ე, 32-ე და 33-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №658 („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:
ა). „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 22 ივლისს მოქმედი რედაქცია) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის, მე-7 მუხლის, მე-8 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, მე-9, მე-11, მე-12 მუხლების, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-14 და მე-15 მუხლების, მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, მე-19 მუხლის, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, 46-ე მუხლის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, 51-ე და 53-ე მუხლების, 56-ე მუხლის პირველი პუნქტის, 57-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, 58-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესს.
ბ). „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-20, 21-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე მუხლების, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე, 32-ე, 33-ე მუხლების, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-40 მუხლის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე, 44-ე, 45-ე, 47-ე მუხლების, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის, 52-ე მუხლის, 54-ე, 541, 55-ე მუხლების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 57-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 59-ე მუხლის, 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 76-ე და 77-ე მუხლების, მე-80 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესს.
2. კონსტიტუციური სარჩელი №658 („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის I, IV, VI, VII, VIII, IX და X თავების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების, მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, მე-20, 21-ე, 23-ე, 24-ე, 25-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე მუხლების, 30-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე, 32-ე, 33-ე მუხლების, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 35-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, მე-40 მუხლის, 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 43-ე, 44-ე, 45-ე, 47-ე მუხლების, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის, 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, 50-ე მუხლის, 52-ე მუხლის, 54-ე, 541, 55-ე მუხლების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 57-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების, 58-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 59-ე მუხლის, 75-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 76-ე და 77-ე მუხლების, მე-80 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2018 წლის 1 მაისიდან.
4. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი