საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2-3/4/659 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, |
თარიღი | 18 ნოემბერი 2016 |
გამოქვეყნების თარიღი | 18 ნოემბერი 2016 11:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №659) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 23 ივლისს. №659 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 23 დეკემბერს. 2015 წლის 23 დეკემბრის №2/10/659 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ხდება 3 წლის ვადით, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლის საქმიანობის შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე ენიჭება უფლებამოსილება, გადაწყვიტოს გაამწესებს თუ არა მას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადა იწურება 2019 წელს. მისი აღნიშვნით, საკუთარი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მას ექნება 20 წლიანი გამოცდილება მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისა, თუმცა რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის სურვილის შემთხვევაში, ის, სადავო ნორმის საფუძველზე, დაინიშნება 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით. ანალოგიური წესი გავრცელდება მასზე იმ შემთხვევაშიც, თუკი უფლებამოსილების ამოწურვამდე მოისურვებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა უშუალოდ არღვევს მისი, როგორც მოსამართლის უფლებებს.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებისათვის შესაძლებელი გახდა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, თუმცა ამგვარი რეგულაცია წარმოადგენს, ცვლილების განხორციელებამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 26 თებერვალს მიღებული №1/1/138,171,179,209 გადაწყვეტილების იგნორირებას, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის ნორმები, რომლებიც უშვებდა მოსამართლის 18 თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას.
7. მოსარჩელის მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ შეიცვალა საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია, თუმცა სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის რედაქცია დღესაც უცვლელია.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა უნდა წარმოადგენდეს ზოგად წესს, ხოლო 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა - გამონაკლისს. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებული რეალობით, ნებისმიერი მოსამართლე ინიშნება გამოსაცდელი ვადით, რაც გულისხმობს, რომ კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი იქცა ზოგად წესად. მოსარჩელის აზრით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, სულ მცირე, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება გადაწყვეტა, კონკრეტულად, რომელი მოსამართლე უნდა დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით და ამგვარ წესს არ უნდა ჰქონდეს ბლანკეტური ხასიათი.
9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს მათი თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა წარმოადგენს, ხოლო მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ამცირებს მათი დამოუკიდებლობის ხარისხს. ამ კონტექსტში, მოსარჩელის აზრით, იზღუდება მისი, როგორც მოქალაქის უფლებებიც, ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში ის გარანტირებული უნდა იყოს, რომ მის საქმეს განიხილავს სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე. ამ უფლების რეალიზაციას კი მნიშვნელოვნად ამცირებს სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია.
10. მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ ამ კონსტიტუციური დებულებით დაცულია არა მხოლოდ თანასწორ პირებს შორის დისკრიმინაციული დიფერენცირების აკრძალვა, არამედ ასევე არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანაბარი მიდგომა. მისი აზრით, სადავო ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, ხდება კონკრეტული პირის გამოცდილებისა და მისი წარსულში მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობის გაუთვალისწინებლად. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ექვემდებარება როგორც ახლად დანიშნული, ისე, პირობითად, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც, რაც მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში გაუმართლებელ ჩარევას.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, მიმოიხილავს მსოფლიოში აღიარებულ ავტორიტეტულ იურისტთა მოსაზრებებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოთა პრაქტიკას, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებსა და მათ სამართლებრივ დოკუმენტებს.
12. მოპასუხის განმარტებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის შინაარსი არ შეცვლილა მის 86-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად. მისი აზრით, 29-ე მუხლის განმარტება სწორედ კონსტიტუციის მეხუთე თავის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის არა უვადოდ, არამედ 10 წელზე ნაკლები ვადით დანიშვნის შესაძლებლობას, რომელთან შესაბამისობაშიც არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სადავო ნორმა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №659 კონსტიტუციური სარჩელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ №659 კონსტიტუციური სარჩელის განაწილების დროს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ხსენებული სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენდა საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის კომპეტენციას. შესაბამისად, №659 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ.
2. 2016 წლის 3 ივნისის „„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის (№5161-რს; 03/06/2016, ვებგვერდი, 04/06/2016) საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმების კონსტიტუციურობა, №659 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №659 („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი