საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/10/659 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ სიჭინავა, ლალი ფაფიაშვილი, ზაზა თავაძე, თამაზ ცაბუტაშვილი, |
თარიღი | 23 დეკემბერი 2015 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ზაზა თავაძე - სხდომის თავმჯდომარე;
ოთარ სიჭინავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ლალი ფაფიაშვილი - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების, აგრეთვე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტისა და 361-368 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №659) მომართა საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძემ. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2015 წლის 23 ივლისს.
2. №659 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2015 წლის 23 დეკემბერს.
3. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, 39-ე მუხლი, 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 82-ე მუხლის პირველი პუნქტი, 83-ე მუხლის პირველი პუნქტი, 88-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 და 39-ე მუხლები; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16, მე-17 და მე-18 მუხლები.
4. მოსარჩელე მხარე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადება. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება ხდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, თუმცა შესაძლოა მოსამართლის უვადოდ დანიშვნამდე კანონით გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმებს აგრეთვე წარმოადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტი და 361-368 მუხლები. 36-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლის თანამდებობაზე განწესება ხდება 3 წლის ვადით, ხოლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლის საქმიანობის შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე ენიჭება უფლებამოსილება, გადაწყვიტოს გაამწესებს თუ არა მას მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ. რაც შეეხება 361-368 მუხლებს, ისინი ადგენენ 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების ცალკეულ პროცედურებსა და პრინციპებს.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს განამტკიცებს. 29-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებას, დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო კონსტიტუციის 39-ე მუხლის შინაარსი შემდეგი სახისაა: „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან“.
6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადა იწურება 2019 წელს. მისი აღნიშვნით, საკუთარი სამოსამართლეო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის პერიოდისათვის მას ექნება 20 წლიანი გამოცდილება მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნისა, თუმცა რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის სურვილის შემთხვევაში, ის სადავო ნორმის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნება 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით. ანალოგიური წესი გავრცელდება მასზე იმ შემთხვევაშიც, თუკი უფლებამოსილების ამოწურვამდე მოისურვებს კონკურსში მონაწილეობის მიღებას. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები უშუალოდ არღვევს მისი, როგორც მოსამართლის უფლებებს.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებისათვის შესაძლებელი გახდა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, თუმცა ამგვარი რეგულაცია წარმოადგენს, ცვლილების განხორციელებამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2003 წლის 26 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილების (№1/1/138,171,179,209) იგნორირებას, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილებით სასამართლომ გააუქმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის ნორმები, რომლებიც უშვებდა მოსამართლის 18 თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნას.
8. მოსარჩელის მითითებით, მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ შეიცვალა საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის რედაქცია, თუმცა სასამართლომ სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, რომლის რედაქცია დღესაც უცვლელია.
9. გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელე დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის სხვადასხვა თავებში ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებების არსებობას და ხაზს უსვამს, რომ თავად 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციური ჩანაწერი წარმოადგენს არაკონსტიტუციური შინაარსის შემცველ ნორმას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან გამოვლენილი თვითნებობის ილუსტრირებაა.
10. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ის ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მოყვანილი გადაწყვეტილებით დაადგინა, ვინაიდან მოსამართლეთა თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა უნდა წარმოადგენდეს ზოგად წესს, ხოლო 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა - გამონაკლისს. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებული რეალობით, ნებისმიერი მოსამართლე ინიშნება გამოსაცდელი ვადით, რაც გულისხმობს, რომ კონსტიტუციით დადგენილი გამონაკლისი იქცა ზოგად წესად. მოსარჩელის აზრით, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, სულ მცირე, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება გადაწყვეტა, კონკრეტულად რომელი მოსამართლე უნდა დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით და ამგვარ წესს არ უნდა ჰქონდეს ბლანკეტური ხასიათი.
11. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს მათი თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნა წარმოადგენს, ხოლო მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა ამცირებს მათი დამოუკიდებლობის ხარისხს. ამ კონტექსტში, მოსარჩელის აზრით, იზღუდება მისი, როგორც მოქალაქის უფლებებიც, ვინაიდან სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში ის გარანტირებული უნდა იყოს, რომ მის საქმეს განიხილავს სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლე. ამ უფლების რეალიზაციას კი მნიშვნელოვნად ამცირებს სადავო ნორმებით დადგენილი რეგულაცია.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის როგორც 29-ე მუხლის პირველ პუნქტს, ასევე 39-ე მუხლს.
13. მოსარჩელე საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ ამ კონსტიტუციური დებულებით დაცულია არა მხოლოდ თანასწორ პირებს შორის დისკრიმინაციული დიფერენცირების აკრძალვა, არამედ ასევე არსებითად არათანასწორი პირების მიმართ თანაბარი მიდგომა. მისი აზრით, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით, ხდება კონკრეტული პირის გამოცდილებისა და მისი წარსულში მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობის გაუთვალისწინებლად. შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ექვემდებარება როგორც ახლად დანიშნული, ისე, პირობითად, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეც, რაც მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცულ სფეროში გაუმართლებელ ჩარევას.
14. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას, მიმოიხილავს მსოფლიოში აღიარებულ ავტორიტეტულ იურისტთა მოსაზრებებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სასამართლოთა პრაქტიკას, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციათა რეკომენდაციებსა და მათ სამართლებრივ დოკუმენტებს.
15. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ გააჩნია თავად კონსტიტუციურ ნორმათა კონსტიტუციურობის შეფასების კომპეტენცია. რის გამოც, №659 კონსტიტუციური სარჩელი არ უდნა იქნას არსებითად განსახილველად მიღებული, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
16. მოპასუხის განმარტებით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის შინაარსი არ შეცვლილა მის 86-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად. მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლომ 29-ე მუხლის განმარტება სწორედ კონსტიტუციის მეხუთე თავის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის არა უვადოდ, არამედ 10 წელზე ნაკლები ვადით დანიშვნის შესაძლებლობას, რომელთან შესაბამისობაშიც არის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სადავო ნორმები.
17. ამასთან, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია სადავო ნორმების საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართების დასადასტურებლად.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №659 კონსტიტუციური სარჩელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევის ერთ-ერთი წინა პირობაა, რომ მასში წარმოჩენილი იყოს შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და შესაბამის კონსტიტუციურ უფლებას შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელში მიუთითოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს სადავო ნორმის საფუძველზე მისი უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვას და უკავშირდება კონსტიტუციის მითითებული მუხლებით დაცულ სფეროს.
2. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 361-368 მუხლების კონსტიტუციურობას. აღნიშნული ნორმებით გაწერილია ის პროცედურები, რომელთა მიხედვითაც ხორციელდება სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეთა შეფასება, მათ მიერ მოსამართლის თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით ყოფნის პერიოდში, შემდგომში მათი თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მოსარჩელე გაუმართლებლად მიიჩნევს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ზოგადად და ამასთან, მისი აზრით, ამგვარი წესის არსებობის შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს ზოგადი წესიდან გამონაკლისის სახე. შესაბამისად, მისთვის გაუმართლებელია მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესებისას გამოსაცდელი ვადის სადავო ნორმით განსაზღვრული ინსტიტუტი. იგი მიუთითებს, რომ იმ პირებთან მიმართებით რომელთაც დანიშვნის მომენტში აქვს სამოსამართლეო საქმიანობის გამოცდილება შესაძლებელია, მათი შეფასება მოხდეს წარსული საქმიანობიდან გამომდინარე და არ არსებობს შეფასების მიზნით გამოსაცდელი პერიოდის გამოყენების საჭიროება. კონსტიტუციური სარჩელიდან არ იკვეთება და მოსარჩელე მხარე დამატებით არ ასახელებს, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის შემდგომ, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადაწყვეტილების მისაღებად, კანონმდებლობაში არსებული კონკრეტული პროცედურები რა არგუმენტაციით უნდა იქნეს მიჩნეული არაკონსტიტუციურად ან რა ასპექტში ლახავს მათი მოქმედება საქართველოს კონსტიტუციის დასახელებულ დებულებებს.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, №659 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 361-368 მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების საფუძველი.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არ არის არც ერთი არგუმენტი სადავო ნორმების კონსტიტუციის დასახელებულ მუხლთან შემხებლობის შესახებ. მოსარჩელე არ უთითებს იმას, თუ რატომ არის სადავო ნორმები არაკონსტიტუციური კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით ან აღნიშნული მუხლით დაცულ რომელ უფლებრივ ასპექტს ეწინააღმდეგება იგი. გარდა ამისა, მოსარჩელე არ უთითებს და არ ახდენს მისი იმ უფლების იდენტიფიცირებას, რომელიც სადავო ნორმათა მოქმედებით ირღვევა და არ არის გადმოცემული საქართველოს კონსტიტუციით.
5. გამომდინარე აღნიშნულიდან, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან, დაუსაბუთებელია, რის გამოც, არსებობს ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
6. როგორც აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისთვის ის უნდა პასუხობდეს გარკვეულ, კანონით დადგენილ მოთხოვნებს. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე კი, ერთ-ერთ ასეთ მოთხოვნას წარმოადგენს, რომ კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საკითხი უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
7. №659 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადება. კონსტიტუციური ჩანაწერის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე აღნიშნა, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას“. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება საქართველოს კონსტიტუციაზე იერარქიულად ქვემოთ მდგომი ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შემოწმებით. კონსტიტუციის ნორმა, ,,...თავად ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და იგი შინაარსობრივი თვალსაზრისით, ვერ იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების ობიექტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნებოდა კონსტიტუციის ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებასთან’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/3/523 განჩინება საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გერონტი აშორდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
8. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს კონსტიტუციური დებულების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე, რის გამოც არსებობს №659 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას.
9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №658 კონსტიტუციური სარჩელი სხვა მხრივ აკმაყოფილებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის; 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5 და მე–8 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №659 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან და 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №659 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 36-ე მუხლის 41 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლთან მიმართებით.
3. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №659 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 361-368 მუხლების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
4. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №659 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მეორე წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 39-ე მუხლთან მიმართებით.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გაეგზავნოს მხარეებს.
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია:
ზაზა თავაძე
ოთარ სიჭინავა
ლალი ფაფიაშვილი
თამაზ ცაბუტაშვილი