საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N659 |
ავტორ(ებ)ი | ომარ ჯორბენაძე |
თარიღი | 22 ივლისი 2015 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) საკონსტიტუციო სარჩელის ფორმა და შინაარსი წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) უფლებამოსილი პირი კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის "ვ" ქვეპუნქტი, "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. მოგახსენებთ, რომ წარმოვადგენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს. ჩემი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადა იწურება 2019 წელს. შესაბამისად, ჩემს უშუალო უფლებებს ხელყოფს სადავოდ ქცეული კანონის ჩანაწერი გამოსაცდელი ვადის დაწესების შესახებ, რადგანაც, თუ მე გადავწვეტ, 10 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ კონკურში მონაწილეობას, დღეისათვის სადავო კანონიდან გამომიდინარე და დამკვიდრებული პრაქტიკის (100% ნულთან) შესაბამისად, მე უნდა დავინიშნო სამ წლიანი ვადით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის მექნება 20 წლიანი სამოსამართლო გამოცდილება. გარდა ამისა, მე უფლება მაქვს დღესვე მივიღო კონკურსში მონაწილეობა (თუ ამას ასე გადავწყვეტ) მაგალითად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ან ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად (ამის პრეცენტენტი უკვე არსებობს, რომ საბჭომ სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნა მოსამარლედ პირი, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამოწურული 10 წლიანი ვადა). ანუ აღნიშნული კანონი ჩემი, როგორც მოსამართლის უფლებებს არღვევს არა ჰიპოთეტურად, მომავალში, არამედ დღესვე. გარდა ამისა, აღნიშნული კანონი არღვევს ჩემს, არა მხოლოდ როგორც მოსამართლის, არამედ როგორც მოქალაქის უფლებებს, რადგანაც ისევე როგორც ნებისმიერ პირს, მე შეიძლება დამჭირდეს სასამართლოსთვის მიმართვა ნებისმიერ ჰიპოთეტურ საკითხზე (მაგ. რაიმე სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავა) და მე, როგორც მოქალაქეს უფლება მაქვს, ჩემი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლემ. წინამდებარე სარჩელის მხოლოდ ჩემს მიერ შემოტანა, თუ კარგად დაფიქრდებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს მოსაზრებას, რომ სამი წლის ვადით დანიშნული მოსამართლეები იმყოფებიან კანონსაწინააღმდეგო, ანტკონსტიტუციური და მათი დამოუკიდებლობის დამაზიანებელი ზემოქმედების ქვეშ.
გ) საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობა წარმოდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი ექვემდებარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადობას, რადგან "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხს.
დ) იგივე საკითხზე ხელახლა მიმართვის აკრძალვა წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არ ყოფილა განხილილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
ე) საკონსტიტუციო რეგულაციის არსებობა წარმოდგენილ საკონსტიტუციო სარჩელში მითითებული სადავო საკითხი რეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-14, 29-ე, 39-ე და 86-ე მუხლებით.
ვ) სარჩელის შეტანისთვის დადგენილი ვადა კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრული არ არის კონსტიტუციური სარჩელის შეტანის ვადა.
ზ) იერარქიული ხარვეზი ნორმატიული აქტების იერარქიაში არ არსებობს გასაჩივრებულ ნორმატიულ აქტზე მაღლა მდგომი, სადავო საკითხის მარეგულირებელი, სამართლებრივი აქტი. |
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მიუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა (ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი 2003 წლის 26 თებერვლის 1/1/138,171,179,209 გადაწყვეტილებით ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად სცნო იმ დროს მოქმედი საქართველოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 85-ე მეორე პრიმა მუხლის პირველი პუნქტი მოსამართლეთა ე.წ. გამოსაცდელი ვადით 18 თვიანი დანიშვნის შესახებ. მიუხედავად ამისა დღეს მოქმედი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის მე-4 პრიმა ერთი პუნქტის მიხედვით, კანდიდატი სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მოსამართლე თანამდებობაზე გამწესდება 3 წლის ვადით. ყველა შემდგომი მუხლი (36-ე 1-8 პრიმა მუხლები) ითვალისწინებს სხვადასხვა პროცედურებს სამწლიანი ვადით დანიშვნისა და ამ სამწლიანი ვადის გავლის დროს მოსამართლის საქმიანობის შემოწმების შესახებ. აღნიშნული მიმაჩნია საკონსტუტიციო სასამართლოს ზემოთაღნიშნული გადაწყვეტილების იგნორირებად(რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) უთანაბრდება კონსტიტუციის დარღვევას.
აქ სრულად მოვიყვან საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების დასაბუთებას და შემდეგ მოგახსენებთ აზრს იქცა თუ არა „კონსტიტუციურად“ გამოსაცდელი ვადით მოსამართლის დანიშვნა კონსტიტუციის 86-ე მუხლში შესაბამისი ჩანაწერის გაჩენით:
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის შედეგად, - კონსტიტუციური სარჩელების მონაცემების, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლების, მოწმის ჩვენებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ეკისრება ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება", თავისი სამართლებრივი (უფლებრივი) მდგომარეობით წარმოადგენს მოსამართლეს. ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად ,,მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები", შეუძლებელია ასეთი სასამართლოს არსებობა-ფუნქციონირება მოსამართლის გარეშე. სადავო 852 -ე მუხლის პირველ პუნქტს დაუსაბუთებლად შემოაქვს მართლმსაჯულების განხორციელების სივრცეში ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირის ცნება და უსაფუძვლოდაა იგი დაპირისპირებული მოსამართლის ცნებასთან. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ სამართლებრივი კატეგორიის ბუნებას განსაზღვრავს არა მისი სახელწოდება, არამედ მისი შინაარსი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ამა თუ იმ პირზე დაკისრებული ფუნქცია. მოსამართლე და ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი ფუნქციურად იდენტურ სუბიექტებს წარმოადგენენ. ერთიც და მეორეც ახორციელებს მართლმსაჯულებას და ამ თვალსაზრისით მათ შორის არაა რაიმე განსხვავება. არ არსებობს რაიმე დიფერენციაცია მათ მიერ განსახილველ საქმეთა შორის. უფრო მეტიც, ისინი ერთპიროვნულადაც და ზოგჯერ კოლეგიალურად იხილავენ საქმეებს და იღებენ გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი სასამართლო აქტებს ხელს აწერს, როგორც მოსამართლე. ასევე აღსანიშნავია ის რომ, როგორც ერთი, ისე მეორე დებს მოსამართლის ფიცს. სხვა მხრივაც შეიმჩნევა მათი ფუნქციური ერთიანობა. მდგომარეობას ვერ ცვლის ის ფაქტი, რომ მოსამართლედ გამწესება ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, "სამოსამართლო უფლებამოსილების" დაკისრება კი - მისი განკარგულებით. ორივე შემთხვევაში პირი მოსამართლეობს და მისი დანიშვნის ფორმა არ ცვლის ამ საქმიანობის შინაარს. ყოველივე ეს მიგვანიშნებს მოსამართლის სუბიექტის იმ ხელოვნურ გაორებაზე, რაც სადავო მუხლიდან გამომდინარეობს ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირის ცნების შემოტანით. ეს გარემოებანი გვაფიქრებინებს, რომ 852-ე მუხლის პირველი პუნქტის შინაარსიდან გამომდინარე, სახეზეა მაინც მოსამართლის თანამდებობა - მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის თანამდებობას ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის თანახმად იკავებს კონკურსში გამარჯვებული პირი. სადავო ნორმა ფაქტობრივად მოსამართლედ ყოფნის უფლებას აძლევს იმ პირსაც, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ან ატესტაცია, ან კიდევ იმათაც, რომელთაც არ გაუვლიათ საკვალიფიკაციო ატესტაცია.
II. საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სადავო 852 -ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული მოსამართლეები არ შეიძლება ჩაითვალონ ასევე გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებად, როგორც ამაზე მიგვანიშნებს მოწმე. ასეთი დასკვნის შესაძლებლობას არ იძლევა არც საქართველოს კონსტიტუცია და არც ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონი. თუმცა, სადავო ვადით დანიშნული პირები, ფაქტობრივი სინამდვილიდან გამომდინარე, გარკვეულ საგამოცდო მდგომარეობაში კი იმყოფებიან. როგორც ეს საქმის განხილვიდან გამოჩნდა, 10 წლის ვადით შემდგომ მათი მოსამართლეებად გამწესების საკითხის გადაჭრისას ყურადღება მიექცევა იმას, თუ როგორ ასრულებედნენ ისინი თავიანთ მოვალეობებს "სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას." საქართველოს კანონმდებლობით, საგამოცდო ვადით მოსამართლის გამწესება, რა სახითაც არ უნდა მოხდეს იგი, აშკარა თუ შენიღბული ფორმით, კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება იქნება. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ამას აქვს ადგილი, იკვეთება მისი გადასინჯვის ტენდენცია. ბუდაპეშტში 1998 წლის 13-15 მაისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოცი ქვეყნის მოსამართლეთა ასოციაციების თავმჯდომარეებისა და წევრების შეხვედრის აქტის მიხედვით, ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის თვალსაზრისიდან გამომდინარე, ზოგიერთ ქვეყანაში არსებული მოსამართლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნის, აგრეთვე, მოსამართლეობის კანდიდატად შეზღუდული ვადით დასახელების პრაქტიკა ყურადღებით უნდა გადაისინჯოს".
III. სასამართლო კოლეგია თვლის, რომ სადავო 852 -ე მუხლის პირველი პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომლის თანახმად ,,საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს." როგორც ზემოთ მოტანილი მსჯელობიდან გამოჩნდა, ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი ფაქტობრივად იკავებს მოსამართლის თანამდებობას. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის მეორე წინადადების თანახმად ,,მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნის, თანამდებობიდან განთავისუფლების წესი განისაზღვრება კანონით." ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი წესრიგდება ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით. კანონით გათვალისწინებული წესი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, ,,მოსამართლის თანამდებობაზე გამწესება ხდება არანაკლებ 10 წლის ვადით." ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,საქართველოს ყველა მოსამართლის უფლებამოსილების ვადაა 10 წელი", მე-4 პუნქტის დებულებით კი ,,მოსამართლის გამწესება შესაბამისი ან ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოში შესაძლებელია მხოლოდ მისი სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ფარგლებში." აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ერთ-ერთი მოთხოვნაა მოსამართლის თანამდებობის დაკავება იმ სახით, როგორც ამას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადება. კერძოდ, არანაკლებ 10 წლის ვადით. კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა იმპერატიულ ხასიათს ატარებს და არ იძლევა რაიმე გამონაკლისის შესაძლებლობას. ასეთ ვითარებაში, როცა ორგანული კანონით ეს ვადა ეხება საქართველოს ყველა მოსამართლეს, სადავო 852-ე მუხლის პირველი პუნქტი უშვებს ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების" დაკისრების, სინამდვილეში მოსამართლედ დანიშვნის შესაძლებლობას 10 წლამდე ვადითაც. კერძოდ, ასეთ ვადას, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებებიდან ჩანს, 18 თვე წარმოადგენს. საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს, რომ ამ ვადით სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელების დაკისრება ხდება სადავო 852-ე მუხლის პირველ პუნქტზე მითითებით. იუსტიციის საბჭოს 2003 წლის 5 თებერვლის წერილიდან (N149-01) ირკვევა, რომ დღემდე სადავო 852-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამოსამართლო უფლებამოსილება დაკისრებია 116 პიროვნებას, რომელთაგან 47 უკვე დანიშნულია მოსამართლედ, ხოლო 52-ს კვლავ დაკისრებული აქვს სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელება 18 თვის ვადით. თუ გავითვალისწინებთ ასევე იუსტიციის საბჭოს ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამად საოლქო, რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში სულ არის მოსამართლის 271 საშტატო რაოდენობა და მათგან მოსამართლის თანამდებობაზე 10 წლით დანიშნულია მხოლოდ 167 მოსამართლე, 18 თვით მათი დანიშვნის ფაქტი გამონაკლისის ფორმით კი არ გამოიყურება, როგორც ამას ამტკიცებს მოპასუხე მხარის წარმომადგენელი, არამედ წესის სახე მიუღია. სწორედ ამ გარემოებაზე მიუთითებს მოსარჩელე მხარე, როცა ამტკიცებს, რომ განსახილველი ნორმის მასობრივად გამოყენებამ და წესად დანერგვამ მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით უგულვებელყო კონსტიტუციის 86-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს არამარტო ზოგადი ნორმები, იგივე - ნორმა-პრინციპები, არამედ საგამონაკლისო ნორმებიც. საერთო წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას თვით კონსტიტუცია უნდა იძლეოდეს.
IV. სადავო - 852-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე სამოსამართლო უფლებამოსილების შეზღუდული ვადით დაკისრება უარყოფითად მოქმედებს მოსამართლის დამოუკიდებლობაზე. მოსამართლის თანამდებობაზე ხანგრძლივი ვადითა და უვადოდ დანიშვნა მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს მის საქმიანობაში უკანონო ჩარევისაგან თავის დასაცავად. ვადა ამ შემთხვევაში გვევლინება იმ ფაქტორად, რომელიც მოსამართლეს განუმტკიცებს დამოუკიდებლობის შეგნებას, მისი საქმიანობის სწორედ ხანგრძლივი დროის მანძილზე ხელშეუვალობის გამო. ამ დამოუკიდებლობის სერიოზული საფუძველია ისიც, რომ კონსტიტუციური ვადით გამწესებული მოსამართლე წარმოადგენს არამარტო სამოსამართლო უფლება-მოვალეობებით აღჭურვილ თანამდებობის პირს, არამედ იგი შესაბამისად სარგებლობს აგრეთვე ჯეროვანი სოციალური დაცვით. ,,სამოსამართლო უფლებამოსილების განმახორციელებელი" პირი კი 10 წლით გამწესებულ მოსამართლეებთან შედარებით ნაკლები სოციალური დაცვით სარგებლობს.
გაეროს მიერ მიღებული აქტის, კერძოდ ,,სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების" მიხედვით, ,,მოსამართლეთა თანამდებობაზე ყოფნის ვადა, მათი დამოუკიდებლობა, ანაზღაურება, მსახურების პირობები, პენსიები და საპენსიო ასაკი დაცული უნდა იყოს კანონით." კანონი კი შესაბამისობაში უნდა იყოს კონსტიტუციასთან.
V. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის პოზიცია - მართალია, მან არ დაუჭირა მხარი სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობას, მაგრამ, ამასთან ერთად სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თუკი სადავო აქტის გაუქმება გამოიწვევდა საქმის განხილვის შეწყვეტას, შეიძლება პარლამენტს ემსჯელა ამის თაობაზე. ეს ფაქტობრივად უნდა ნიშნავდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტითა და მეორე პუნქტით, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, ,,საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
I. დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქეების - ირაკლი ლეკვეიშვილის, კობა გოცირიძის, კობა კობახიძის და საქართველოს სახალხო დამცველის ნანა დევდარიანის კონსტიტუციური სარჩელები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტი;
II. ,,საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის 852-ე მუხლის პირველი პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
III. ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს 2003 წლის 1 ივნისამდე;
IV. გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
V. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
VI. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
VII. გადაწყვეტილება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდეს 7 დღის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ თავის დროზე არაკონსტიტუციურად ცნო კანონის შესაბამისი ნორმა არა კონსტიტუციის 86-ე მუხლთან მიმართებაში, არამედ კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებაში. კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი არ შეცვლილა ანუ კვლავ არსებობს ის საფუძვლები რითაც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოსამართლეთა ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნა. ერთადერთი ცვლილება რაც მას შემდეგ ამ მიმართებით კონსტიტუციაში განხორციელდა არის 86-ე მუხლის მეორე პუნქტის ჩანაწერი, მოსამართლის უვადოდ განწესებამდე კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. ისმის შეკითხვა აქცია თუ არა ამ ჩანაწერმა „კონსტიტუციურად“ მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნა, ჩემი აზრით არა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არსიდან გამომდინარე თვით ეს კონსტიტუციური შესწორება ანტიკონსტიტუციურია, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ იგნორირებას და ეფუძნება მხოლოდ ერთადერთ „პრინციპს“ - ვფლობ საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში და რასაც მინდა იმას ჩავწერ კონსტიტუციაში. როგორც აღვნიშნეთ, 29-ე მუხლის პირველი პუნქტი არ შეცვლილა, ასევე კონსტიტუციაში არსებობს 39-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. მიმაჩნია, რომ 86-ე მუხლში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად 3 წლიანი ვადით მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების მითითება ეწინააღმდეგება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე კონსტიტუციის 29-ე და 39-ე მუხლებს.
არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის რამდენიმე შესაძლოებლობა.
1. მთლიანად უარი თქვას ჩემი სარჩელის დაკმაყოფილებაზე;
2. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და არაკონსტიტუცურად იქნეს ცნობილი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ყველა ის ნორმა რაც უკავშირდება სამ წლიანი ვადით მოსამართლის დანიშვნას და შემდგომ პროცედურებს 29-ე და 39-ე მუხლთან მიმართებაში;
და
3. სარჩელი დაკმაყოფილდეს მთლიანად, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის ყველა ის ნორმა რაც უკავშირდება სამ წლიანი ვადით მოსამართლის დანიშვნას და შემდგომ პროცედურებს და ასევე არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი კონსტიტუციის 86-ე მუხლის ჩანაწერი მოსამართლეთა სამ წლიანი ვადით დანიშვნის შესაძლებლობის შესახებ კონსტიტუციის 29-ე და 39-ე მუხლთან მიმართებაში.
მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს მესამე გადაწყვეტილება, რადგანაც არ შეიძლება კონსტიტუციის მეორე თავის რომელიმე მუხლით დააწესო რაიმე უფლების დაცვის გარანტია, ხოლო კონსტიტუციის სხვა თავის სხვა მუხლით უგულებელყო აღნიშნული უფლება და დააწესო სულ სხვა რეგულაცია. ეს დაახლოებით უთანაბრდება მაგ: იმას, რომ კონსტიტუციის მე-15 მუხლით დადგენილია, რომ სიკვდილით დასჯა აკრძალულია და მიუხედავად ამისა, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ ისარგებლოს იმით, რომ ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას და კონსტიტუციის რომელიმე სხვა თავში დააწესოს გამონაკლისი და ჩაწეროს, რომ სიკვდილით დასჯა დასაშვებია რაიმე გარემოებების არსებობისას. რათქმა უნდა აღნიშნული ჩანაწერი არაკონსტიტუციური იქნება იმიტომ, რომ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ზოგად პრინციპებს, კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ უფლებებს და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებით დაცულ უფლებებსა და თავისუფლებებს.
სარჩელის დაუკმაყოფილბელობის შემთხვევაში, განვიხილავ შესაძლებლობას განცხადებით მივმართო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და გარწმუნებთ ევროკონვენციიდან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, ევროსასამართლოსთვის სულ ერთია საქართველოს კონსტიტუციის რომელ თავში წერია ადამიანის უფლებათა შემზღუდავი, თუ დისკრიმინაციული ნორმა - მე-2, თუ რომელიმე სხვა თავში. მთავარია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინოს კონვენციის ან ევროსასამართლოს პრაქტიკის საწინააღმდეგო ნორმის არსებობა.
თავის დროზე საკონსტიტუციო სასამართლომ 18 თვიანი ვადით დანიშვნა არაკონსტიტუციორად ცნო ძირითადად იმ საფუძვლით, რომ 18 თვიანი დანიშვნა, თუნდაც იგი კონსტიტუციის შესაბამისი ყოფილიყო, იქცა წესად ხოლო 10 წლიანი ვადით დანიშვნა გამონაკლისად. დღეს არსებული რეალობით სამი წლის ვადით მოსამართლის დანიშვნა იქცა აბსოლუტურ წესად და არ არსებობს არცერთი გამონაკლისი უვადოდ მოსამართლის დანიშვნისა. ანუ თუნდაც საკონსტიტუციო სასმართლომ ჩათვალოს, რომ იგი ვერ განიხილავს სამი წლის ვადით მოსამართლის დანიშვნის კონტიტუციურობას, ვინაიდან აღნიშნულის თაობაზე ჩანაწერი მითითებულია 86-ე მუხლში საკონსტიტუციო სასამართლოს ყურადღებას მივაქცევ იმას, რომ კონტუტციის 86-ე მუხლის თანახმად, მოსამართლის უვადად დანიშვნა არის წესი, ხოლო 3 წლიანი ვადით დანიშვნა შეიძლება იყოს გამონაკლისი, ხოლო დღეისათვის ყველა მოსამართლე დანიშნულია გამოსაცდელი ვადით და არ არსებობს არცერთი პრეცედენტი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის, ამას ადასტურებს სარჩელზე თანდართული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვითაც უვადოდ დანიშვნის საკონსტიტუციო ნორმის ამოქმედებიდან დღემდე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნულია 46 პირი, ხოლოდ უვადოდ არცერთი. ანუ კონსტიტუციით დადგენილი წესი იქცა აბსოლუტურ ნულად, ხოლო გამონაკლისი 100 პროცენტიან წესად. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაავალდებულოს პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში დეტალურად გაიწეროს რა შემთხვევაში ინიშნება მოსამართლე უვადოდ, რომელიც უნდა იყოს წესი და რა შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს სამი წლის ვადით, რომელიც უნდა იყოს გამონაკლისი. ხოლო დღეისათვის ორგანულ კანონში მითითებულია მხოლოდ სამ წლიანი ვადით დანიშვნის წესი, პროცედურა და ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები, თუ რა შემთხვევაში და წესით შეიძლება დაინიშნოს მოსამართლე უვადოდ.
მიმაჩნია, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის სადავოდ ქცეული ჩანაწერი მოსამართლეთა 3 წლიანი, ე.წ. გამოსაცდელი ვადით დანიშვნის შესახებ წარმოადგენს დისკრიმინაციული ხასიათის ნორმას, რითიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ჩანაწერთან. როგორც მოგეხსენებათ, დისკიმინაციას წარმოადგენს არა მხოლოდ არათანაბარი დამოკიდებულება თანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ, არამედ ასევე თანაბარი დამოკიდებულება არათანაბარ მგომარეობაში მყოფი პირების მიმართ. კერძოდ, კანონის სადავო ჩანაწერი სამ წლიანი გამოსაცდელი ვადის მოსამართლის დანიშვნას ითვალისწინებს მიუხედავად იმისა, კანდიდატი ახლადდანიშნული მოსამართლეა, თუ უკვე ათი და მეტი წლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლე. გამოსაცდელი ვადით დანიშვნის პროცედერას გადის ყველა მოსამართლე, მათ შორის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები (მაგ. მაია სულხანიშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად საქართველოს უმაღლესი საბჭოს წევრი იყო 2006-2007 წლებში).
გასათვალისწინებელია, რომ გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეთა შემოწმება წარმოადგენს საბჭოს ფუნქციას. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრი, მათ შორის, არამოსამართლე წევრები, იქცნენ "მოსიარულე რევიზორებად", რომლებიც ამოწმებენ გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის საქმიანობას. მოსამართლეთა რაოდენობის ზრდის ტენენციის გათვალისწნებით საბჭო ვერ აუვა ყველა ახლადდანიშნული მოსამართლეების შემოწმებისთვის საჭირო სამუშაოს, ფიზიკურად ვერ შეძლებს ამდენი მოსამართლის შემოწმებას და დაკარგავს თავის ძირითად ფუნქციას.
გარდა ამისა, გარე დაკმვირვებლისთვის შესაძლებელია შეიქმნას განცდა, რომ სამ წლიანი გამოსაცდელი ვადით მოქმედი მოსამართლეები დამოუკიდებლობის უფრო ნაკლები ხარისხით ახორციელებენ სამოსამართლო საქმიანობას, ვიდრე ის მოსამართლეები, ვინც უკვე გაიარა აღნიშნული პერიოდი და დაინიშნა უვადოდ.
"სასამართლო ხელისუფლება უნდა სარგებლობდეს ნდობით არა მხოლოდ კონკრეტულ დავაზე მხარეების მხრიდან, არამედ მთლიანად საზოგადოების მხრიდან. აქედან გამომდინარე, მოსამართლე რეალურად არა მხოლოდ ნებისმიერი არასათანადო კავშირისაგან უნდა იყოს თავისუფალი, არამედ ის ასეთი კავშირისაგან თავისუფალი გონიერი დამკვირვებლის თვალშიც უნდა იყოს." (ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) დასკვნა №1 (2001), მე-12 პუნქტი).
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის თანაბრად მაღალი ხარისხის საკანონმდებლო და ფაქტობრივი უზრუნველყოფა არ წარმოადგენს მოსამართლეთა პირადი ინტერესების დაცვის, არამედ ყველა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებელ წინაპირობას.
"გარე დამოუკიდებლობა მინიჭებული აქვთ მოსამართლეებს არა როგორც პრეროგატივა ან
პრივილეგია მათი პირადი ინტერესების, არამედ კანონის უზენაესობისა და იმ პირების
ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ვინც ეძებს და მოელის მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას.
მოსამართლეების დამოუკიდებლობა უნდა განიხილებოდეს, როგორც თავისუფლების, ადამიანის
უფლებათა პატივისცემისა და კანონის მიუკერძოებელი გამოყენების გარანტია. მოსამართლეების
მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა არის არსებითი სასამართლოების წინაშე მხარეთა
თანასწორობის უზრუნველსაყოფად." (ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)12, მე-11 პუნქტი)
მოსამართლეთა უფლებების შესახებ ყველა საერთაშორისო აქტში და ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებში მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გარანტად დასახელებული ორი ძირითადი გარემოება. ეს არის (1) მოსამართელთა უვადოდ დანიშვნა და (2) მოსამართლეთა სათანადო სოციალური უზრუნველყოფა (ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec(2010)12; ევროპის საბჭოს მინისტრათა კომიტეტის რეკომენდაცია N:R(94)12, 44-ე პარაგრაფი; მოსამართლეთა საყოველთაო ქარტია, 1999; ევროპული ქარტია მოსამართლეთა სტატუტის შესახებ, 1998).
"მოსამართლე თანამდებობაზე უნდა ინიშნებოდეს სამუდამოდ ან სხვა პერიოდით და პირობებით ისე რომ არ მოხდეს სამოსამართლო დამოუკიდებლობის ხელყოფა" (მოსამართლეთა საყოველთაო ქარტია, 1999; )
P. S. საკითხი იმდენად ცხადად და უმარტივესად მიგვაჩნია, რომ საჭიროდ არ ვთვლით მის ზედმეტ დასაბუთებას და ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომაც მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უსწრაფესად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.
P.P.S. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია ზემოთაღნიშნუილი სარჩელის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვაც საკონსტუტიცო სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ოღონდ იმპირობით, რომ წინასწარ გამოგვეგზავნება მოპასუხეების მოსაზრებები და მოგვეცემა მათზე პასუხის გაცემი შესაძლებლობა.
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა