სოფიო გარუჩავა და ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/2/1257,1280 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 17:37 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: სოფიო გარუჩავა და ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – თამარ ავალიანი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – მაკა ფერაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბერს და 6 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელებით (რეგისტრაციის №1257 და №1280) მომართეს სოფიო გარუჩავამ და ნინო ხოსროშვილმა. №1257 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 18 სექტემბერს, ხოლო №1280 კონსტიტუციური სარჩელი - ამავე წლის 8 დეკემბერს. კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 28 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელებში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-2 პუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი.
3. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის შესაძლებლობას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.
4. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის სიცოცხლის უფლებას, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას. მე-20 მუხლის პირველი პუნქტით კი დაცული იყო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს ადამიანის ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა.
5. №1257 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2009 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. მან არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვა მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, ამ უკანასკნელის მხრიდან სისტემატურად განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამო, თუმცა ამგვარი შემაკავებელი ორდერი პოლიციის მიერ გამოცემულ იქნა მხოლოდ 2016 წლის 6 ივლისს და შემდგომ დამტკიცებულ იქნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ.
6. №1280 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელის დედა მოკლული იქნა მისივე მეუღლის მიერ. აღნიშნული პირი სისტემატურად ძალადობდა საკუთარ მეუღლესა და მის შვილებზე, მათ შორის, მოსარჩელეზეც. მათ არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვეს მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემა, მის მიერ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის აღსაკვეთად, თუმცა პოლიციის წარმომადგენლებმა არ მიმართეს საჭირო ზომებს მოძალადის შესაკავებლად, რასაც საბოლოოდ მის მიერ ჩადენილი მკვლელობა მოჰყვა.
7. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ან უარი თქვას მის გამოცემაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ოჯახში ძალადობის ფაქტი იდენტიფიცირებულია და არსებობს მისი განმეორების შესაძლებლობა. სადავო ნორმა პოლიციელს ანიჭებს შესაძლებლობას, ბოროტად გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება, საკუთარი სუბიექტური შეხედულებების ან მოძალადესთან რაიმე სახის კავშირის არსებობის გამო, უარი თქვას შემაკავებელი ორდერის გამოყენებაზე და შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით, რაც არ წარმოადგენს მსხვერპლის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს და არანაირი იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მოსარჩელეთა მტკიცებით, საქართველოში დაფიქსირებულია არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებისათვის გამოიყენა მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება და ეს შემთხვევა ფატალურად დასრულდა.
8. კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს შემდგომ ამტკიცებს სასამართლო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამგვარი ორდერის დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილი პოლიციელის დისკრეციული უფლებამოსილების გაუქმებით, სავარაუდო მოძალადეს არ ეზღუდება დაცვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე. სადავო ნორმის არსებობის პირობებში კი, საქმე შესაძლებელია საერთოდ ვერ მივიდეს სასამართლომდე, რაც დაცვის გარეშე ტოვებს მსხვერპლს და შესაძლებელია, საფრთხე შეუქმნას ამ უკანასკნელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოსარჩელეთა მოსაზრებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი დამოკიდებული უნდა იყოს მის ადეკვატურ ნორმატიულ მოწესრიგებაზე და არა პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე.
9. №1257 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობითა და მათი კანონის წინაშე თანასწორობის უზრუნველყოფით. სახელმწიფოს მიერ ამ ვალდებულებების შესრულებისას განხორციელებული ნებისმიერი თვითნებური ქმედება წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის ღირსების უფლებასთან. სადავო ნორმა ლახავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ ინტერესებსა და ღირსებას, იწვევს დაუცველობის, უმწეობის და უიმედობის განცდას, რადგან ამ უკანასკნელთ ტოვებს პოლიციის მიერ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების კეთილსინდისიერად გამოყენების იმედად. შედეგად, ირღვევა მოსარჩელის ღირსების ხელშეუვალობის უფლება.
10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფოს, გარდა ნეგატიური ვალდებულებისა, ასევე გააჩნია ადამიანის ღირსების, მისი სიცოცხლისა და პირადი ცხოვრების დაცვის პოზიტიური ვალდებულებაც, რათა ისინი დაიცვას კერძო პირთა მხრიდან მათი უფლებების ხელყოფისაგან. სადავო ნორმის მოქმედების პირობებში კი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მასზე დაკისრებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, რაზეც მეტყველებს ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის მძიმე სტატისტიკური მონაცემები.
11. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, სადავო ნორმაში გამოყენებული სიტყვა „შესაძლებელია“ მიუთითებს პოლიციის წარმომადგენლის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემის ზოგად უფლებამოსილებაზე და არა მისთვის მინიჭებულ განუსაზღვრელ დისკრეციაზე. სადავო ნორმას მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი დეკლარაციული ხასიათი გააჩნია და საკანონმდებლო ნორმათა ერთიან კონტექსტში წაკითხვის პირობებში ნათელი ხდება, რომ პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, თუკი დასტურდება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი. კერძოდ, სადავო კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი პირდაპირ ავალდებულებს პოლიციის თანამშრომელს, ძალადობის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ამდენად, სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული შინაარსი.
12. საქმეზე მოწმის სტატუსით მოწვეულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ აუცილებელია, პოლიციის წარმომადგენელს გააჩნდეს გარკვეული ხარისხის დისკრეცია შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან შესაძლებელია, ძალადობის ფაქტის შემდგომ დიდი დრო გავიდეს, კონფლიქტი ამოწურული იყოს და ობიექტურად აღარ არსებობდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემის საჭიროება. ასეთ შემთხვევაში პოლიციის წარმომადგენელს არ უნდა დაეკისროს მისი გამოცემის ვალდებულება. ხოლო ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც იდენტიფიცირებულია ძალადობის ფაქტი და არსებობს მისი განმეორების რისკი, უფლებამოსილი პირი ვალდებულია, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს, ბოლომდე აღმოფხვრას მოძალადისადმი პოლიციის წარმომადგენლის მიერ სიტყვიერი გაფრთხილების მიცემის არასწორი პრაქტიკა.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელებში მოსარჩელე მხარე ითხოვს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და მე-20 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულება ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმის კონსტიტუციურობას შეაფასებს მოქმედი კონსტიტუციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც იდენტური/მსგავსი შინაარსი გააჩნია.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტი განამტკიცებდა ადამიანის სიცოცხლის უფლებას, მე-17 მუხლის პირველი პუნქტი - ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენებას. მე-20 მუხლის პირველი პუნქტით კი დაცული იყო ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ადამიანის ღირსების ხელშეუვალობისა და არასათანადო მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების აკრძალვა უზრუნველყოფილია მე-9 მუხლით. მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულია ადამიანის სიცოცხლის უფლება, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, №1257 და №1280 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ სადავოდ არის გამხდარი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით, კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლთან, მე-10 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის №2/6/475 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე ძიმისტარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). მოსარჩელის ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს დასახელებული ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. კანონმდებლობის ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უარს ამბობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი ჩაითვლება დაუსაბუთებლად და არ მიიღება არსებითად განსახილველად.
4. „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს შემაკავებელი ორდერი ან დამცავი ორდერი“. მოსარჩელეთათვის პრობლემურია სადავო ნორმის საფუძველზე განსაზღვრული დისკრეციული უფლებამოსილების არსი შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. კერძოდ, მათი მითითებით, ძალადობის ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ვალდებული უნდა იყოს, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, რათა დაიცვას მსხვერპლი ძალადობის განმეორებით განხორციელებისგან.
5. საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი მოქმედი საკანონმდებლო რეალობის ფარგლებში უნდა გადაწყვიტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „... სადავო ნორმა არ [უნდა] იქნეს განხილული სხვა, მასთან კავშირში მყოფი ნორმებისგან იზოლირებულად, რადგანაც ამგვარმა მიდგომამ საკონსტიტუციო სასამართლო შეიძლება მიიყვანოს მცდარ დასკვნებამდე...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-6). სხვაგვარად, ნორმის შინაარსზე ხშირად ახდენს გავლენას კანონის სხვა დებულებები. ამდენად, გასაჩივრებული ნორმით დადგენილი წესის გააზრებისთვის აუცილებელია მისი სისტემურად წაკითხვა.
6. აღსანიშნავია, რომ საქმის განმწესრიგებელი სხდომის დასრულების შემდგომ განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში. კერძოდ, „„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 30 მაისის №2394-IIს კანონის საფუძველზე, ზემოხსენებული კანონის მე-10 მუხლს დაემატა 11 პუნქტი. ამავე კანონის მე-10 მუხლს ასევე დაემატა 12 პუნქტი „„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის №5024-Iს კანონის საფუძველზე.
7. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა შემაკავებელი ორდერის გამოცემის წინაპირობები და სადავო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები. სადავო კანონის მე-10 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე განისაზღვრა პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის ვალდებულება, მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით გამოსცეს შემაკავებელი ორდერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლებით (108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 137-ე და 138-ე მუხლებით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით, 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით, 1441−1443 და 151-ე მუხლებით, 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით და 3811 მუხლით) გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობის შემთხვევაში.
8. გარდა ამისა, ამავე კანონის მე-10 მუხლის 12 პუნქტის საფუძველზე დარეგულირდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სახეზე არ არის გამოძიების დაწყებისა და, შესაბამისად, ამავე მუხლის 11 განსაზღვრული შემაკავებელი ორდერის გამოცემის სავალდებულო საფუძველი. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აფასებს ქალის მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის განმეორების რისკს და ამ რისკის სიმძიმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
9. „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 13 ივლისის №81 ბრძანებით გაწერილია განმეორებითი ძალადობის რისკის შეფასების სქემა, რაც გადამწყვეტი ფაქტორია პოლიციის წარმომადგენლის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას. კერძოდ, დასახელებული ბრძანების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმეორებითი ძალადობის რისკებისა და რისკის სიმძიმის შეფასება ხორციელდება შემაკავებელი ორდერის ოქმში ასახული სავარაუდო მსხვერპლისათვის დასმული კითხვების საშუალებით. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე შეიძლება იყოს დაბალი, საშუალო და მაღალი, რომლის განსაზღვრა ხდება შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებული კითხვებისთვის მინიჭებული ქულების საფუძველზე“. ამასთანავე, განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმის განსაზღვრა პირდაპირ არის დაკავშირებული პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შემაკავებელი ორდერის გამოცემაზე გადაწყვეტილების მიღებასთან. კერძოდ, ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „როცა სახეზეა განმეორებითი ძალადობის მაღალი ან საშუალო რისკი, ორდერი გამოიცემა 1 თვის ვადით, ხოლო როცა სახეზეა დაბალი რისკი, ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს უფრო მცირე ვადითაც“.
10. ამასთანავე, დასახელებული ბრძანების დანართი №2 შეიცავს იმ კითხვების ჩამონათვალს, რომლებიც პოლიციის წარმომადგენელმა უნდა დაუსვას სავარაუდო მსხვერპლს და მიღებული პასუხების შესაბამისად შეაფასოს განმეორებითი ძალადობის რისკის სიმძიმე. აღნიშნული კითხვების შინაარსი შეეხება სავარაუდო მსხვერპლის სუბიექტურ დამოკიდებულებას მომავალში ძალადობის საფრთხის რეალურობასთან დაკავშირებით, წარსულში შესაძლო ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას, ამ ქმედებათა ხასიათის სიმძიმეს და სხვა რელევანტური საკითხების გამოკვლევას, რომელთა არსებობაც შესაძლებელია გავლენას ახდენდეს განმეორებითი ძალადობის განხორციელების რისკის სიმძიმის განსაზღვრაზე.
11. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეალობის პირობებში ნათლად ჩანს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების სახით შემაკავებელი ორდერის გამოცემის დისკრეცია სრულად მინდობილი არ არის პოლიციის უფლებამოსილ წარმომადგენელზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, იგი მკაცრად შემოსაზღვრულია არაერთი რეგულირებით. კერძოდ, პირველ რიგში, სისხლის სამართლის კონკრეტული მუხლებით გამოძიების დაწყების ან გამოძიების მიმდინარეობისას პოლიციის წარმომადგენელს შემაკავებელი ორდერის გამოცემის პირდაპირი ვალდებულება ეკისრება. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც სახეზე არ არის მისი სავალდებულო წესით გამოცემის წინაპირობები, პოლიციის წარმომადგენელი ვალდებულია, გამოიკვლიოს ყველა რელევანტური გარემოება, რაც ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკის შეფასების საშუალებას მისცემს და სწორედ აღნიშნული რისკის სიმძიმის განსაზღვრის შემდგომ მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება შემაკავებელი ორდერის გამოცემის ან მის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ.
12. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე მოსარჩელე მხარის დასაბუთება მიემართებოდა პოლიციელის წარმომადგენლისათვის მინიჭებული განუსაზღვრელი ფარგლების მქონე დისკრეციული უფლებამოსილების ბუნებას და სახელმწიფოს მიერ მასზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულების არასათანადოდ შესრულებას. როგორც უკვე აღინიშნა, მოქმედი საკანონმდებლო რეალობის გათვალისწინებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან მიმართებით პოლიციის წარმომადგენლის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლები მკაცრად შემოსაზღვრულია. ასეთ პირობებში სადავო ნორმამ ზოგადი, დეკლარაციული ხასიათი შეიძინა, რომელიც ადგენს ასეთი უფლებამოსილების გამოყენების ზოგად საფუძველს, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობები რეგულირდება სხვა ნორმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურია შემაკავებელი ორდერის გამოცემის კონკრეტული წინაპირობები, მან უნდა იდავოს სწორედ ამ წინაპირობების დამდგენი ნორმების კონსტიტუციურობაზე.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული შინაარსი. არსებული საკანონმდებლო რეალობა არ მიუთითებს სადავო ნორმის მოსარჩელეთა მიერ მითითებული შინაარსით გამოყენების შესაძლებლობაზე. ამდენად, კონსტიტუციურ სარჩელებში წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს, შესაბამისად, №1257 და №1280 კონსტიტუციური სარჩელები დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 19 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1257 და №1280 კონსტიტუციური სარჩელები („სოფიო გარუჩავა და ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე