პაატა ზანგურაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/18/1497 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 30 აპრილი 2020 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 მაისი 2020 18:27 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: პაატა ზანგურაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 23 აპრილს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1497) მიმართა საქართველოს მოქალაქე პაატა ზანგურაშვილმა. №1497 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2020 წლის 24 აპრილს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2020 წლის 30 აპრილს.
2. №1497 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული გასატარებელი ღონისძიებების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების თანახმად, „საგანგებო მდგომარეობის ვადით იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, თუ სატრანსპორტო საშუალების სალონის მოწყობა აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით კი, „ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით“.
5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა თავისუფალი გადაადგილების უფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს კი საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით, რომელიც მტკიცდება საქართველოს პარლამენტის მიერ და ორგანული კანონის ძალის მქონე აქტია. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ისევე, როგორც საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მთავრობა არ არის უფლებამოსილი, საკუთარი მიხედულებით დაადგინოს, გააფართოოს ან შეავიწროვოს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვის არეალი, არამედ იგი ვალდებულია, მხოლოდ აღასრულოს საგანგებო მდგომარეობის შესახებ გამოცემული და პარლამენტის მიერ დაკანონებული აქტები.
6. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული სამართლებრივი აქტები შეიცავს ადამიანის უფლებათა მომეტებული შეზღუდვის რისკებს, ამიტომაც, მათი დამტკიცება საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოადგენს ამ რისკის შემცირების კონსტიტუციურსამართლებრივ გადაწყვეტას. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებითა და დეკრეტით სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაში, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული ის ორგანო, რომელსაც დელეგირებით ენიჭება გარკვეული უფლებამოსილება, ასევე ამ უფლებამოსილების ფარგლები, რათა არალეგიტიმურად და თვითნებურად არ მოხდეს ადამიანის უფლებათა შეზღუდვა. მოცემულ შემთხვევაში კი, პარლამენტის მიერ დამტკიცდა პრეზიდენტის ისეთი ბრძანება და დეკრეტი, რომლებიც მოკლებულია კონკრეტიკას და კონსტიტუციურ უფლებათა შეზღუდვის მანდატს სრულად გადასცემს საქართველოს მთავრობას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ამგვარი პროცედურა ნიშნავს პარლამენტის მიერ საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაზე - საგანგებო მდგომარეობის დროს მიღებულ აქტებზე კონტროლის განხორციელებაზე უარის თქმას.
7. მოსარჩელის პოზიციით, საქართველოს მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით თავისუფალი გადაადგილების კონსტიტუციურ უფლებაში ჩარევა, იმ პირობებში, როდესაც მასზე არ ხორციელდება საპარლამენტო კონტროლი, ვერ ჩაითვლება კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვად და, შესაბამისად, დარღვეულია ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი ფორმალური მოთხოვნები.
8. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმა არც მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მისი პოზიციით, გარკვეულ პერიოდში პირთა ნებისმიერი ფორმით გადაადგილების აკრძალვის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს ახალი კორონავირუსის გავრცელების შემცირება და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა, თუმცა სადავო ნორმა ამ მიზნის მიღწევის აშკარად არათანაზომიერი საშუალებაა. მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში ოჯახში საშუალოდ ცხოვრობს 3.7 ადამიანი, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის გამო კი ისინი ვერ სარგებლობენ ავტომობილით და ეკრძალებათ ერთად გადაადგილება. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა დაუსაბუთებელია, რამდენადაც ოჯახის წევრები ისედაც ერთად ცხოვრობენ და ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ არ შეიძლება ამ პირებმა ისარგებლონ ერთი ავტომობილით და დამატებით რა რისკებს წარმოშობს ამგვარი გადაადგილება.
9. მოსარჩელე ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს პირის მძღოლის გვერდით სავარძელში განთავსების აკრძალვასაც. მისი პოზიციით, გაუგებარია, თუ რა საფრთხეს შეიცავს მძღოლის გვერდით ჯდომა, მაშინ როდესაც უკანა სავარძლებში დასაშვებია ორი პირის განთავსება.
10. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. №1497 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე შუამდგომლობს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, თუ არ მოხდება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება, შესაძლოა, მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი სანქცია, რამდენადაც იგი ერთხელ უკვე არის დაჯარიმებული სადავო ნორმით გათვალისწინებული წესის დარღვევისათვის. ამასთან, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება აუცილებელია, რამდენადაც იგი საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნებსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. №1497 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების“ მე-7 პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. სადავო ნორმის თანახმად, იკრძალება სატრანსპორტო საშუალებით სამზე მეტი პირის გადაადგილება და მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება.
3. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თავისუფალი გადაადგილების უფლება. კერძოდ, ოჯახის წევრები, რომელთა რაოდენობაც სამზე მეტია, ვერ სარგებლობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებით და ამით ფერხდება მათი თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა. ამასთან, მოსარჩელე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსების აკრძალვას.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და საქართველოდან გასვლის უფლება. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ის ლეგიტიმური მიზნები, რომელთა მისაღწევადაც შესაძლოა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული თავისუფალი გადაადგილების უფლება პიროვნული ავტონომიისა და თვითგამორკვევის მნიშვნელოვანი კომპონენტია (იხ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის №2/10/1212 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოსა და კანადის მოქალაქე გიორგი სპარტაკ ნიკოლაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამ უფლებით დაცულია პირის შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისამებრ, ნებისმიერ დროს გადაადგილდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, დატოვოს ქვეყნის საზღვრები და თავისუფალი ნების შესაბამისად აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.
5. თავისუფალი გადაადგილების უფლება ორგანულ კავშირშია მთელ რიგ ძირითად უფლებებთან და აქტიურ გავლენას ახდენს მათ სრულყოფილ რეალიზაციაზე და პირიქით, ზოგიერთი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს გადაადგილების შეფერხება და გარკვეული ბარიერების შექმნა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამასთან, „ბუნებრივია, ერთი და იგივე სამართლებრივი ურთიერთობა შესაძლოა, კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით დაცულ სფეროში მოექცეს ისევე, როგორც კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლებით დაცული სფეროები გარკვეულწილად ფარავდეს (მოიცავდეს) ერთმანეთს. თუმცა, კონსტიტუციის განსხვავებული ნორმებით დაცული უფლებების ფარგლების ხელოვნური გაფართოება, უფლებებს შორის კონსტიტუციით გავლებული ზღვრის წაშლა, ვერც უფლების დაცვას მოემსახურება და ვერც კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს უზრუნველყოფს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის №1/7/561,568 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11).
6. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს უფლების შეზღუდვა და უფლების შეზღუდვიდან მომდინარე ეფექტები. საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით დაცული რომელიმე უფლების შეზღუდვა ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გავლენას ახდენს სხვა კონსტიტუციურ უფლებაზე. თუმცა ეს თავისთავად არ ნიშნავს თავად ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას, მის შეზღუდვას. საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა უნდა შეაფასოს იმ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, რომლის შეზღუდვისკენაც არის იგი მიმართული, და არა იმ უფლებასთან, რომლის შეზღუდვაც გვერდითი ეფექტის სახით მოჰყვება მას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/21/872 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სოფიკო ვერძეული, გურამ იმნაძე და გიორგი გვიმრაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ „გარკვეული უფლების რეალიზება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა უფლებით სრულყოფილად სარგებლობის შეზღუდვასთან. თითოეულ მსგავს შემთხევაში კონსტიტუციის ამა თუ იმ დებულების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, დადგინდეს რომელი უფლების დაცული სფეროსკენ არის მიმართული სადავო ნორმით დადგენილი წესი. მაგალითად, როდესაც საქმე ეხება სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით ბაჟის დაწესებას, აშკარაა, რომ ხსენებული რეგულაცია სამართლიანი სასამართლოს უფლების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებაა და არ მიემართება საკუთრების უფლებას, თუნდაც დავა საკუთრებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდეს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/5/1249 განჩინება საქმეზე „ერაყის რესპუბლიკის მოქალაქეები - შეჰაბ აჰმედ ჰამუდი ჰამუდი და აჰმედ შეჰაბ აჰმედ აჰმედ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს სადავო ნორმის შინაარსი და მიზანმიმართულება.
8. „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებით დამტკიცებულია „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში დადგენილი წესების უმეტესი ნაწილი მიმართულია პირთა თავშეყრის, ერთსა და იმავე სივრცეში მობილიზებისა და კონტაქტის შემცირებისაკენ. მაგალითად, ზემოხსენებული დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით, ხოლო საჯარო სივრცე ეს არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს. ამ ნორმის შინაარსიდან დგინდება, რომ იგი მიმართულია შეზღუდოს 3-ზე მეტი პირის შეკრება ნებისმიერ სივრცეში, რომელიც არ განეკუთვნება კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს, რათა მაქსიმალურად შემცირდეს დიდი რაოდენობის ადამიანთა თავშეყრა და მათი ერთმანეთთან კონტაქტი. ამავე მიზანს ემსახურება სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვაც 3-ზე მეტი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებასთან დაკავშირებით.
9. რა თქმა უნდა, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციები თუ შეზღუდვები შესაძლოა, გარკვეულწილად, აბრკოლებდეს გადაადგილების თავისუფლებას, რადგანაც ამგვარი ტრანსპორტის უპირველესი დანიშნულება პირთა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაყვანაა, თუმცა ავტოტრანსპორტთან მიმართებით ნებისმიერი რეგულაციის დაწესება არ ნიშნავს, რომ ეს შეზღუდვა მიმართულია პირთა მიმოსვლის შეზღუდვისაკენ და, რიგ შემთხვევებში, ეს შედეგი წარმოადგენს სხვა კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის გვერდით ეფექტს. მაგალითად, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს სურდეს, რომ უსაფრთხოების ღვედის გარეშე იმგზავროს, თუმცა ღვედის გამოყენების ვალდებულება არ ნიშნავს, რომ პირს ეზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით დაცული უფლება, მხოლოდ იმიტომ, რომ შეზღუდვა დაკავშირებულია გადაადგილების ამა თუ იმ საშუალებასთან.
10. განსახილველ შემთხვევაშიც, სადავო ნორმა უზრუნველყოფს, რომ ერთ სივრცეში, კონკრეტულად კი, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, არ განთავსდეს 3-ზე მეტი პირი. ამგვარმა რეგულაციამ, შესაძლოა, გვერდითი ეფექტის სახით, გაართულოს პირთა ერთი პუნქტიდან მეორეში გადაადგილება ან ამისათვის უფრო მეტი რესურსის გაღება გახდეს საჭირო, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ სადავო ნორმით დადგენილი წესი გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ნორმის მიზანია გამორიცხოს სხვადასხვა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, რითაც შესაძლოა იზღუდებოდეს, მაგალითად, საკუთრების ობიექტის სრული რესურსით გამოყენების შესაძლებლობა, პირადი ცხოვრება ან სხვა რომელიმე კონსტიტუციური უფლება, თუმცაღა, მოცემულ შემთხვევაში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ სხვა კონსტიტუციური უფლებების შესაძლო შეზღუდვის თანმდევი, გვერდითი ეფექტია.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განმტკიცებულ თავისუფალი გადაადგილების უფლებას შორის, რის გამოც №1497 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1497 კონსტიტუციური სარჩელი („პაატა ზანგურაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი