შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1-3/1/543 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - კონსტანტინე ვარძელაშვილი, ქეთევან ერემაძე, მაია კოპალეიშვილი, |
თარიღი | 4 აპრილი 2013 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. კონსტანტინე ვარძელაშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
2. ქეთევან ერემაძე – წევრი;
3. მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: ლილი სხირტლაძე.
საქმის დასახელება: შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 21 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №543) მიმართა შპს „მეტალინვესტმა“. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2012 წლის 26 სექტემბერს.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა 2013 წლის 4 აპრილს.
3. კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტი.
4. მოსარჩელე სადავოდ ხდის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
5. სადავო ნორმის თანახმად, „თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია ასეთი ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით“.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
7. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმის არსებული რედაქციით, პირებს, რომლებსაც შეზღუდული აქვთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უძრავ–მოძრავი ქონების გასხვისებაზე, შეუძლიათ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ მოახდინონ საწარმოს, როგორც მთლიანი, ისე ნაწილობრივი გასხვისება, თუ მათ მიერ 18 თვის განმავლობაში გახმაურებული არ იქნება საცილო გარიგება, რაც არარად აქცევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. მოსარჩელის მტკიცებით, მესაკუთრე - მეწარმე სუბიექტი მოკლებულია შესაძლებლობას, განაცხადოს საცილო გარიგების ბათილობა იმ მომენტიდან, როდესაც მისი დადების შესახებ მისთვის ცნობილი გახდა ან უნდა გამხდარიყო, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ვინაიდან გარიგება მიეკუთვნება სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობის სფეროს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში სადავო ნორმის ჩანაწერი გარიგების ბათილობასთან დაკავშირებით სრულიად ზედმეტია. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. აღნიშნული დანაწესი სრულად შეესაბამება საკუთრების დაცვისა და ხელშეუვალობის საყოველთაოდ აღიარებულ კონსტიტუციურ პრინციპს, შესაბამისად, სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას და ლახავს მეწარმე სუბიექტის კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
9. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლს, რომლითაც გარანტირებულია ადამიანის უფლება, ისარგებლოს საკუთრებით ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. №543 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით არსებული რეგულირება არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას.
2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, შესაძლებელია, საკუთრების ჩამორთმევა (ექსპროპრიაცია) კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, იმ საქმეებზე, რომელშიც მოსარჩელე მხარე თავის მოთხოვნას აყენებდა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მხოლოდ პირველ პუნქტთან მიმართებით და, ამასთან, ასაბუთებდა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების გარეშე საკუთრების უფლების შეზღუდვას, სასამართლო მიუთითებს, რომ აუცილებელია მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა იმავდროულად საქართველოს კონსტიტუციის მე-2 პუნქტთან მიმართებითაც დააყენოს. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლების შეზღუდვის ინსტიტუტი და შესაბამისი კონსტიტუციურ–სამართლებრივი რეგულირება მოცემულია საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის მე–2 პუნქტში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის N#2/3/412 განჩინება საქმეზე `საქართველოს მოქალაქე შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II,პ.8). „აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საზოგადოებრივი საჭიროების კონსტიტუციურ შინაარსსა და საკუთრების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი არეგულირებს. შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ნორმებით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვის პროპორციულობა, მისი მიზანშეწონილობა ან, თუნდაც საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის საკითხი მხოლოდ კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე შეფასდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 31 ოქტომბრის № 2/5/528 განჩინება საქმეზე „პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი საქართველო და საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ბულბულაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II, პ.4)
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს არსებული პრაქტიკით, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად არ მიიღება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე კონკრეტულად არ ითხოვს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, რომლებშიც განმტკიცებულია საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლები და წესი.
5. საკუთრების ძირითადი უფლება დაცულია კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით. ამავდროულად, აღნიშნული კონსტიტუციური დებულების სტრუქტურა აგებულია იმგვარად, რომ პირველ პუნქტში დაცული უფლების შეზღუდვის საფუძვლები და წესი განმტკიცებულია მომდევნო პუნქტებით. 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა საკუთრების უფლების შეზღუდვისა და საკუთრების ჩამორთმევის ლეგიტიმური საფუძვლების, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ფარგლების დასადგენად, საკუთრების უფლების შეზღუდვისა და ჩამორთმევის თანაზომიერების შეფასებისათვის.
6. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ, ვინაიდან საკუთრების უფლება დაცულია კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, სადავო ნორმის კონსტიტუციის 21-ე მუხლთან შეფასებისთვის ყოველთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, მოსარჩელე კონკრეტულად მიუთითებს თუ არა 21-ე მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტზე, როგორც საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის თუ საკუთრების ჩამორთმევის საფუძვლებზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტაცია საკმარისია და სასამართლოსთვის ცხადს ხდის მის საკუთრების უფლებაში სადავო ნორმით ჩარევას შეზღუდვის ან ჩამორთმევის გზით, 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე ფორმალურად მითითების არარსებობა არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე საკუთრების უფლების ძირითადი არსის მარეგლამენტირებელ კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. რამდენადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის სამართლებრივი პოზიცია განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პირველი კოლეგია საქმეს „შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, დავის საგანზე „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“, საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით, გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის და 211 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. საქმე „შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, დავის საგანზე „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით“ (№543 კონსტიტუციური სარჩელი), საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის განხილვის მიზნით, გადაეცეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
კოლეგიის წევრები:
კონსტანტინე ვარძელაშვილი
ქეთევან ერემაძე
მაია კოპალეიშვილი