სასამართლოს მეგობრის მოსაზრება:ავტორი- თსუ იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები: თამარ ქოქრაშვილი, ნინო ნადირაშვილი, მარიამ გაზდელიანი, ლაშა გვალია, თამარ ყიფიანი, ია ქურიძე
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac543 |
თარიღი | 7 ივნისი 2013 |
თქვენ არ ეცნობით დოკუმენტის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ ტექსტური დოკუმენტი
საქმის დასახელება, რომელთან დაკავშირებითაც არის შეტანილი სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
„შპს „მეტალინვესტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", კონსტიტუციური სარჩელი №543 |
"სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტთა ერთი ჯგუფი (თამარ ქოქრაშვილი, ნინო ნადირაშვილი, მარიამ გაზდელიანი) თვლის, რომ საკონსტიტუციო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მეორე ჯგუფი (ლაშა გვალია, თამარ ყიფიანი, ია ქურიძე) თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს. იმ მაგისტრანტთა მოსაზრება, რომელიც თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ნინო ნადირაშვილი მარიამ გაზდელიანი თამარ ქოქრაშვილი
1. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. ამავე კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: ,, თუ ხელშეკრულების დადებისას კონტრაგენტისათვის ცნობილი იყო მეწარმე სუბიექტის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს შეუძლია ასეთი ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე. იგივე წესი გამოიყენება, თუ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი და კონტრაგენტი განზრახ მოქმედებენ ერთად, რათა ზიანი მიადგეს იმ მეწარმე სუბიექტს, რომელიც წარმოდგენილია წარმომადგენლით.“ მოცემულ შემთხვევაში უნდა განვსაზღვროთ რამდენად შეესაბამება ხანდაზმულობის ვადის ათვლა საქართველოს კანონმდებლობას. 2. მეწარმე სუბიექტი ორგანიზებულია იმდაგვარად, რომ მას ჰყავს როგორც წარმომადგენლობითი უფლებსმოსილების განმახორციელები პირები, ამასთანავე ზედამხედველობის განმახორციელებლი ორგანოები. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება,, როგორც წესი მინიჭებული აქვს საწარმოს დირექტორს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის გათვალისიწნებული. ამასთანავე განსხვავებით იმისა თუ რომელი ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმითაა დარეგისტრირებული საწარმო, მას ჰყავს პარტნიორთა კრება ან სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ახორციელებს მმართველობის უფლებამოსილებებს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას. ბუნებრივია, ყველა გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გონივრული განსჯისა და ყველა გარემოების სათანადოდ აწონ-დაწონვის შედეგად, ეს ყოველივე კი უნდა ემსახურებოდეს საწარმოს საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელებას და ასევე საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, თუ არა, სულ მცირე, გაუარესებისგან დაცვას მაინც. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონმდებლობა ითვალისწინებს ხელმძღვანელებისა და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობას („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9(6) მუხლი, 56-ე მუხლი). 3. გარიგების არსზე კი ვკითხულობთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ „გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ“. მას შემდეგ, რაც მოხდება გარიგების დადება, გარიგების თითოეულ მხარეს ენიჭება გარკვეული უფლებები და მოვალეობები ერთმანეთის მიმართ. ორივე მხარე იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ მოთხოვნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეასრულოს მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულების შეუსრულებლობას მოყვება მთელი რიგი გართულებები, რაც სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით რეგულირდება, იქნება ეს ზიანის ანაზღაურება, ხელშეკრულების შეწყვეტა, ხელშეკრულების ბათილობა თუ სხვა. 4. როდესაც მხარეებს შორის იდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რაიმე სახის ხელშეკრულება, ჩვენს შემთხვევაში წარმომადგენლის მეშვეობით, აუცილებელია წარმომადგენლობა გამომდინარეობდეს კანონიდან (ჩვენს შემთხვევაში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 (1,3) მუხლი) ან წარმოშობილი იყოს დავალების საფუძველზე. მაშინ, როდესაც საწარმოს სახელით ხელშეკრულებას დებს მისი დირექტორი, რომელსაც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შეზღუდული ჰქონდა ხელმძღვანელობის უფლებამოსილება აქ, რათქმაუნდა იბადება კითხვა, რამდენად ჯდება დირექტორის ეს ქმედება საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ნორმებში. რამდენად იქნება მომგებიანი საწარმოს საქმიანობისათვის ასეთი გარიგების არსებობა და მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დაკისრება? ბუნებრივია, უმეტეს შემთხვევაში, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ საწარმოს არანაირად არ აწყობდეს გარკვეული ვალდებულებების აღება, რათა მოგვიანებით ამ ვალდებულებებმა არ შეაფერხონ მისი სამეწარმეო საქმიანობა და ხელი არ შეუშალონ საწარმოს ეკონომიკური მდგომარეობის განვითარებას. თუმცა, კანონმდებლობა გონივრულ ვადას აძლევს საწარმოს მსგავსი პრობლემის არსებობის შემთხვევაში თავდაცვითი ღონისძიებების განხორციელებისა. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილ მეწარმე სუბიექტს ხელშეკრულების დადებიდან თვრამეტი თვის განმავლობაში შეუძლია განაცხადოს გარიგების ბათილობის თაობაზე, უზრუნველყოფს საწარმოს უფლებების დაცვას და ეს თვრამეტთვიანი ვადა სავსებით საკმარისია ამ უფლების განხორციელებისათვის. მოგეხსენებათ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა თუ სააქციო საზოგადოების საქმიანობაში და მმართველობაში პარტნიორთა საერთო კრებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პარტნიორთა საერთო კრებაზე განხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა მაგალითად: ა) წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა; ბ) საწარმოს სარეგისტრაციო განცხადების მონაცემებსა და წესდებაში ცვლილებების მიღება; გ) ფილიალების შექმნა და ლიკვიდაცია; დ) ინვესტიციების შესახებ, რომელთა ღირებულება ცალკე ან მთლიანად ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ე) ვალდებულებათა აღება, რომლებიც ცალკე ან მთლიანად აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ვ) ვალდებულებათა უზრუნველყოფა, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას და რომელთა ღირებულება აღემატება საზოგადოების აქტივების ღირებულების 50%-ს; ზ) პროკურის გაცემა და გაუქმება; თ) წლიური შედეგების დამტკიცება; ი) აუდიტორის არჩევა; კ) საწარმოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია. ,,მეწარმეთა შესახებ კანონის“ 55-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოთვლის სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და კომპეტენციებს. მოცემული მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორისაგან საზოგადოების ანგარიში, ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს საზოგადოების ფინანსური დოკუმენტაცია, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების სალარო და ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა. მოცემული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე ნათლად ჩანს სამეთვალყურეო საბჭოს უფლებები. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანონმდებელი ერთგვარ დისკრეციას ანიჭებს მეწარმე სუბიექტს მოითხოვოს დირექტორისაგან საზოგადოების ანგარიში, გააკონტროლოს დოკუმენტაცია და ა.შ. აღნიშნული განპირობებულია თავად მეწარმე სუბიექტის ბუნებით, ვინაიდან მისი მაღალი როლისა საზოგადოებაში, მასვე ევალება დიდი პასუხისმგებლობის მოეპყრას თავისი საქმიანობას და განახორციელოს იგი კეთილსინდისიერად და ორგანიზებულად. 5. ამგვარად, იმის ალბათობა, რომ მსგავსი გარიგების თაობაზე საწარმოს, წარმადგენილმა მეწარმე სუბიექტმა თვრამეტი თვის განმავლობაში ვერ შეიტყოს ძალიან მცირეა და ეს თვრამეტთვიანი ვადა არის სავსებით საკმარისი საწარმოს მიერ თავდაცვის უფლების განხორციელებისათვის. ამასთანავე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საწარმოს გააჩნია თავისი ბუღალტრული დოკუმენტაციაც და ყველა სახის უფლებები თუ ვალდებულებები შესაბამისი სახით უნდა გატარდეს. ხელმძღვანელის მიერ როდესაც იდება რაიმე სახის ხელშეკრულება, თუნდაც 3 წლის მერე შესასრულებელი, ამით საწარმოს წარმოეშვება ან რაიმე სახის უფლება ან ვალდებულება. შესაბამისად, ის მაინც უნდა გატარდეს მიმდინარე წლის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ვალდებულებებისა თუ უფლებების შესაბამის გრაფაში. 6. გერმანიის კანონმდებლობის მსაგავსად ,„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონიც კონტროლის ერთ-ერთ ფორმად აწესებს სააუდიტო შემოწმებას. აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით „ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ანგარიშვალდებულ საწარმოში, რომლის ფასიანი ქაღალდები სავაჭროდ არის დაშვებული ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე, ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საწარმოში, ან საწარმოში რომლის პარტნიორთა რაოდენობა აღემატება 100-ს, აუდიტის ჩატარება სავალდებულოა. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად იწვევს აუდიოტორს, რომელიც საზოგადეობისაგან, მისი დირექტორებისა და პარტნიორებისაგან სამართლებრივად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.“ როგორც ვხედავთ უმეტეს შემთხვევაში სააუდიტო შემოწმების ჩატარება სავალდებულოა, წელიწადში ერთხელ. შესაბამისად კიდევ უფრო მცირდება დირექტორის შანსი, 18 თვის განმავლობაში დამალოს საწარმოს საწინააღმდეგოდ გაფორმებული ხელშეკრულება. გასათვალისწინებელია ისიც რომ აუდიტორი დამოუკიდებელია საწარმოსაგან სამართლებრივად და ეკონომიკურად.მისი სახით ე.წ გარე კონტროლი ერთვება საქმეში, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. 7. გარდა ზემოთაღნიშნული კონტროლის საშუალებებისა ნებისმიერ პარტნიორს შეუძლია პირადად გაეცნოს საზოგადოების საქმეებს და ამ მიზნით შეამოწმოს საზოგადოების წიგნები და საბუთები.აღნიშნულს უფლებას შეესაბამება დირექტორის ვალდებულება დაუყონებლივ გასცეს მოთხოვნილი ინფორმაცია. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 36-ე, 46-ე,53-ე მუხლის მე-3(მე5 პრიმა). სამოქალაქო კანონმდებლობა მეწარმე სუბიექტს მისი სამართლებრივი სტატუსიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირთან შედარებით მეტ ვალდებულებებს აკისრებს. მაგალითისთვის განვიხილოთ სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ნასყიდობის ხელშეკრულებისას თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი. აღნიშნული ვალდებულების დაკისრება გამომდინარეობს მეწარმე სუბიექტის ინფორმირებულობისა და განსაკუთრებული სამართლებრივი მდგომარეობიდან. 8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ საწარმომ დროულად ვერ შეიტყოს ხელშეკრულების თაობაზე, ძალიან დაბალია და თუკი დირექტორმა მაინც მაოხერხა და დამალა მის მეირ დადებული ხელშეკრულება, უკვე სისხლის სამრთლის დანაშაულთან გვექნება საქმე და თუნდაც თვრამეტი თვე გავიდეს მაინც მოხდება შესაბამისი რეაგირება. იმ მაგისტრანტთა მოსაზრება, რომელიც თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: ლაშა გვალია თამარ ყიფიანი ია ქურიძე
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის კონსტიტუციურ სამართლებრივი მიმოხილვა 1. განსახილველი ნორმის კონსტიტუციურ სამართლებრივი ანალიზისას უნდა გამოიყოს პრობლემატური თემები, რომელთა შესახებ მსჯელობა დაგვეხმარება ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმებაში. 2. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი იქნება დავადგინოთ ზღუდავს თუ არა მოცემული ნორმა საკუთრების უფლებას. განსახილველი მუხლი ადგენს გარკვეულ სახელშეკრულებო რეგულირებას, რომლის მიხედვითაც საწარმოს, იმ გარიგების ბათილობის მოთხოვნა, რომელიც დადებულია ხელმძღვანელობითი ნაკლის პირობებში, შეუძლია განახორციელოს გარიგების დადებიდან 18 თვის განმავლობაში. საკუთრების უფლების ჩამორთმევა გამოირიცხება, შესაბამისად შესაძლოა სახეზე იყოს საკუთრების უფლების შეზღუდვა. ნორმის შემადგენლობიდან გამომდინარე, პრაქტიკაში შესაძლებელია წარმოიშვას შემთხვევები, როდესაც იურიდიული პირის ქონება განიკარგოს არაუფლებამოსილი პირის მიერ და ამის შესახებ საწარმომ არაფერი იცოდეს, შესაბამისად 18 თვის გასვლის შემდეგ გარიგების დადებიდან, მესაკუთრეს აღარ შეეძლება საკუთრების უფლების დაბრუნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი გულისხმობს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შექმნას ისეთი საკუთრებითი წესრიგი, რაც ხელს შეუწყობს მესაკუთრის მიერ საკუთრებით მშვიდობიან და უსაფრთხო სარგებლობას. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის პირველი დამატებით ოქმის 1-ელი მუხლიდან, რომლის პირველი წინადადების მიხედვით ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. 3. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ზღუდავს საკუთრების უფლებას, რადგან ადგენს ისეთ საკუთრებით ფარგლებს, რომლის პირობებში შესაძლებელია მესაკუთრემ დაკარგოს უფლება თავისი ნების საწინააღმდეგოდ. შეზღუდვა კი ვლინდება გარიგების ბათილობის მოთხოვნისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტის განსაზღვრისას, ზოგადი წესებისაგან განსხვავებული რეგულირების შემოღებაში. საკითხის მოცემულ გადაწყვეტაში შემოტანილია ობიექტური ელემენტი. 4. ზოგადად სამართლისათვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო კანონიერი უფლების განუხორციელებლობა უცხო მოვლენა არ არის. მეორეს მხრივ კიკანონმდებელი ითვალისწინებს რა კანონიერ მოთხოვნათა პრიორიტეტულობას, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებას უკავშირებს სუბიექტურ ელემენტს - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო დარღვეული უფლების შესახებ. ეს ასე, რომ არ იყოს სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას და პოზიტიური წესრიგი, რაც ორიენტირებულია უფლებათა გარანტიების შექმნაზე, ქაოსად გადაიქცევა. 5. განსახილველი ნორმით, დადგენილია ზოგადი წესისაგან განსხვავებული მიდგომა. გარკვეული წესისაგან გამონაკლისის დაწესება უჩვეულო ნამდვილად არ არის. თუმცა, გამოსარკვევია ყველა შემთხვევაში უდევს თუ არა საფუძვლად ასეთი გამონაკლისის დაწესებას აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება და ლოგიკურ-სამართლებრივი დასაბუთება. კანონმდებლობის ისეთ დანაწესს, რომელიც წარმოადგენს გამონაკლისს ზოგადი წესისგან და ამავდროულად ქმნის შესაძლებლობას საკუთრების უფლების შეზღუდვისა მყარი და სამართლებრივად მტკიცე არგუმენტაცია უნდა გააჩნდეს. 6. მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია სადავო ნორმა განვიხილოთ მიზნობრივი თვალსაზრისით და დავადგინოთ რა აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას ემსახურება იგი. შესაძლებელია მოცემული რეგულირების მიზანს სამეწარმეო ბრუნვის ინტერესების დაცვა წარმოადგენდეს. თუ დავუშვებთ, რომ მეწარმე სუბიექტმა იდავოს გარიგების ბათილობაზე იმ მომენტიდან, როდესაც მან ეს შეიტყო, შესაძლებელია სამეწარმეო ურთიერთობები და ბაზარი ქაოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუმცა აღნიშნული მხოლოდ ვარაუდია. საკითხის უკეთ შესასწავლად უპრიანი იქნება პარალელის გავლება ფიზიკურ პირებთან მიმართებით. სამოქალაქო ბრუნვა არსებობს ასევე ფიზიკური პირების მონაწილეობით და მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადის ათვლა ძირითადად დაკავშირებულია სუბიექტურ ელემენტთან. სამოქალაქო ბრუნვის ინტერესები არანაკლებად ვლინდება ფიზიკურ პირთა ურთიერთობების რეგულირებაში, თუმცა პრობლემები ნაკლებ წარმოიშობა, იმ პირობებში როცა კანონიერ მოთხოვნათა მიმართ დადგენილი ვადის ათვლა პირისათვის იწყება უფლების დარღვევის შეტყობის მომენტიდან ან იმ მომენტიდან, როცა გარკვეული ობიექტური პირობების არსებობისას უნდა შეეტყო ამის შესახებ. მეწარმე სუბიექტებთან მიმართებით კი შეიძლება ითქვას, რომ ობიექტურ კრიტერიუმად მიჩნეულია იურიდიული პირის ბუნება და გარკვეული საკანონმდებლო რეგულირებანი, რომლებმაც თავისი არსით ხელი უნდაშეუწყონ საწარმოს მხრიდან ნაკლიანი გარიგების დადების ფაქტის გაგებას, თუმცა რამდენად უზრუნველყოფენ ხსენებული ნორმები ამ ფუნქციის შესრულებას ქვემოთ განვიხილავთ. კანონმდებლის პოიზიციიდან გამომდინარე, არსებობს ალბათობის მაღალი მაჩვენებელი იმისა, რომ მეწარმე სუბიექტმა გაიგოს გარიგების შესახებ 18 თვის განმავლობაში. შესაბამისად, მოცემული ნორმა ეფუძნება გარკვეულ ვარაუდს. ჩვენი აზრით, სამართალში ობიექტური ელემენტის არსებობა და აქედან გამომდინარე, გარკვეული უფლებების განხორციელების საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ უნდა იქნეს გადაწყვეტილი და არა ნორმით, რომელიც ზოგად რეგულირებას გვთავაზობს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში მაღალია რისკი, იმისა, რომ უსაფუძვლოდ შეიზღუდოს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებები. 7. განსახილველი ნორმის მიზანს სამეწარმეო ბრუნვის სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს, თუმცა დავინახეთ, რომ სამოქალაქო ბრუნვაში სადაც ფიზიკური პირები მონაწილეობენ, სუბიექტური ელემენტის პირობებშიც შესაძლებელია საჯარო წესრიგის დაცვა. აქედან გამომდინარე, ცალსახა მტკიცება იმისა, რომ ნორმა სამეწარმეო ბრუნვის სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს არ შეიძლება. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებელი ვალდებულია იურიდიულ პირთა მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხელი შეუწყოს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას და არ შექმნას ისეთი საკუთრებითი წესრიგი რაც შექმნის საკუთრების უფლების უსაფუძვლო შეზუდვის შესაძლებლობას. 8. ჩვენი აზრით, პრობელამ არ არსებობს უშუალოდ 18 თვიან ვადასთან მიმართებით. რაც შეეხება ჩვენს საწინააღმდეგო პოზიცია, რომელიც ეფუძნება იურიდიული პირის ბუნებიდან გამომდინარე იმ არგუმენტს, რომ მეწარმე სუბიექტისათვის 18 თვე სავსებით საკმარისია უფლებამოსილების ნაკლის პირობებში დადებული გარიგების შეტყობისათვის, ჩვენი აზრით, არ ეწინააღმდეგება ჩვენ მიერ შემოთავაზებულ რეგულირებას იმ თვალსაზრისით, რომ ,,როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო’’ ფორმულირებით მარტივად განისაზღვრებახანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტი. მოცემულ შემთხვევაში ვერ ვხედავთ დასაბუთებულ საფუძველს იმისა, რომ ვადის დენა დაიწყოს გარიგების დადებიდან და არა მისი შეტყობიდან 18 თვის ვადაში. 9. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ საკუთრების უფლების შემზღუდველი ნორმის დანაწესი არაკონსტიტუციურად მიგვაჩნია. კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარე კანონმდებლის ვალდებულება გულისხმობს ისეთი სამართლებრივი წესრიგის დადგენას, რაც უზრუნველყოფს კერძო საკუთრების და საჯარო ინტერესების ჰარმონიულ თანაარსებობას, რითაც გამორიცხული იქნება ერთი მხარის უფლებების უსაფუძვლო შეზღუდვა. შესაბამისად, იურიდიული პირის ბუნების ანალიზის შედეგად დაწესებული ნორმა ვერ უზრუნველყოფს იმ ჰარმონიის დაცვას რაც კონსტიტუციის 21-ე მუხლიდან გამომდინარეობს. მიგვაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რელევანტური საფუძველი იმ გამონაკლისის საკანონმდებლო რეგლამენტაციისა, რაც შემოთავაზებულია მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტში, ვინაიდან მეწარმე სუბიექტებთან მიმართებაში გარიგების ბათილობის მოთხოვნისათვის, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების მომენტად ობიექტური ელემენტის შემოღება არ არის ის საშუალება, რაც უზრუნველყოფს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. მიგვაჩნია, რომ ის მექანიზმი, რომელიც კანონმდებელმა შეიმუშავა მოცემული რეგულირებით არ შეიძლება ჩაითვალოს აუცილებელ “იარაღად” იმ მიზნის მიღწევისათვის რაც მას უდევს საფუძვლად. შესაბამისად, გაუმართლებელია კონსტიტუციით გარანტირებული უფლების ისეთი შეზღუდვა, რომელიც არ არის აუცილებელი და გარდაუვალი. მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომ ნორმის შემადგენლობით განსაზღვრულია ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური ელემენტი და ამით დადგენილია ისეთი საკუთრების ფარგლები, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრების უფლებას. უნდა აღინიშნოს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტურ კრიტერიუმთან დაკავშირებით ზოგადი წესის დადგენა, კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით განსაკუთრებულად ძლიერ არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს და არა იმის ვარაუდს, რომ იურიდიული პირი თავისი ბუნებიდან გამომდინარე შეიტყობს გარიგების არსებობის შესახებ. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს არათანაზომიერი ტვირთის დაკისრებასთან, კერძოდ კანონმდებელი ავალდებულებს იურიდიულ პირს იცოდეს/შეიტყოს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება შეზღუდული პირის მიერ დადებული გარიგების შესახებ. 10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი არის არაკონსტიტუციური, ეწინააღმდეგება რა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის I პუნქტს, კერძოდ, საკუთრების უფლების გარანტირებულობის პრინციპს და ადგენს არათანაზომიერ ტვირთს კანონიერი მესაკუთრისათვის. |